გერმანელ ფსიქოანალიტიკოსს კარენ ჰორნს ხშირად აყენებენ ფემინიზმის სათავეებთან. იგი პირველი იყო, ვინც ფსიქოანალიზში ფალოცენტრიზმი გააკრიტიკა და ქალის ფსიქოლოგიაზე ქალის პოზიციიდან ისაუბრა.
მიუხედავად იმისა, რომ ფროიდს ბევრ საკითხში ეთანხმებოდა, იყო თემები, რომელზეც განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა. ჰორნი შეეცადა, ახლებურად მოეხდინა ფროიდის იდეების ფორმულირება. ადლერთან ერთად ჩამოყალიბა ნეოფროიდული თეორია და შემოგვთავაზა ადამიანის ფსიქიკის ჰოლისტური და ჰუმანისტური ხედვა, რომელიც ხაზს უსვამდა კულტურულ და სოციალურ განსხვავებებს მსოფლიოს მასშტაბით. სხვა ნეოფროიდიანელებთან ერთად, ჰორნიც მიიჩნევდა, რომ სექსუალობა და აგრესია არ იყო ადამიანში წამყვანი დეტერმინანტი. უკვირდა ფსიქოანალიტიკოსების ტენდენცია, მიენიჭებინათ ესოდენ დიდი მნიშვნელობა მამაკაცის სასქესო ორგანოსთვის. მან გადაამუშავა ფროიდის ოიდიპოსის კომპლექსი და განავითარა მოსაზრება, რომ ადამიანის მოთხოვნილება მიეკროს ერთ მშობელს და მეორეზე ეჭვიანობდეს, მხოლოდ შფოთვის შედეგია და მშობლებსა და ბავშვებს შორის ურთიერთობის არევითაა გამოწვეული.
ჰორნი აკრიტიკებდა ფროიდის ცნებას „პენისის შურის“ შესახებ. მისი აზრით, ფროიდი, უბრალოდ, შეცდა ქალების ეჭვიანობაზე კაცების გენეტიკურად ჩადებულ ძალაუფლებასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე წლების განმავლობაში წერდა ნაშრომებს, რომელიც საბოლოოდ გააერთიანა წიგნში ,,ქალის ფსიქოლოგია.
ჰორნი შეეცადა ეჩვენებინა, რომ გოგონებსა და ქალებს თანდაყოლილი დამახასიათებელი ბიოლოგიური კონსტიტუცია და განვითარების პატერნები გააჩნიათ, რომელიც ქალის პოზიციიდან გამომდინარე უნდა იქნას გაგებული და არა როგორც მამაკაცებთან შედარებით ქალთა არასრულფასოვნებით წარმოებული, ან/და როგორც მამაკაცისგან ქალის განსხვავებულობის შედეგი, მაშინ როცა ფსიქოანალიზი წარმოადგენდა მამაკაცური გენიის (ფროიდი) პროდუქტს, რომელიც ქალებს უბრალოდ არასრულფასოვან მამაკაცებად მიიჩნევს და მოწოდებული იყო, როგორც მეცნიერული წარმოდგენა ქალის ბუნებაზე.
ჰორნი ამტკიცებდა, რომ საზოგადოება უბიძგებს ქალს, იყოს დამოკიდებული კაცზე მათი სიყვარულის, პრესტიჟის, სიმდიდრის, ძალაუფლების, სამსახურის და მფარველობის გამო. საზოგადოებაში ქალები აღიქმებიან, როგორც სილამაზისა და მომხიბვლელობის ობიექტები, რაც ეწინააღმდეგება ყოველი ადამიანის თვითაქტუალიზაციის ცხოვრებისეულ მიზანს. ჰორნის მიხედვით, ქალები საზოგადოების მხრიდან დაფასებას მხოლოდ შვილებისა და დიდი ოჯახის ყოლის მეშვეობით ახერხებენ.
ჰორნი მიიჩნევდა, რომ ქალსაც და მამაკაცსაც პროდუქტიულობისკენ აქვთ მისწრაფება. ქალები ამ სურვილს იკმაყოფილებენ ორსულობით და შვილის გაჩენით, რისი საშუალებაც მამაკაცებს არ აქვთ და იძულებულნი არიან ეს მოთხოვნილება ექსტერნალურად დაიკმაყოფილონ.
ჰორნი ავითარებს თეორიას, რომ მამაკაცებსაც შურთ ორსულობის, შვილის გაჩენის უნარისა და დედობის; შურთ ქალის მკერდისა და წოვის პროცესის. მამაკაცებს შურთ ისიც, რომ ქალი საზოგადოებაში ადგილს იმკვიდრებს უბრალოდ არსებობითაც კი, მაშინ, როდესაც მამაკაცი ირჯება, რომ წარმატებას მიაღწიოს.ჰორნის მიხედვით, სწორედ ამ შურის შედეგად, მათ უჩნდებათ ქალის ღირებულების დამცირების არაცნობიერი სურვილი. მეტიც იგი ფიქრობს, რომ საშვილოსნოს შური მამაკაცებთან უფრო ძლიერია, ვიდრე ე.წ. პენისის შური ქალებში, რადგანაც მამაკაცებს გაცილებით მეტად ესაჭიროებათ ქალის ღირებულების დამცირება, ვიდრე ქალებს _ მამაკაცის როლის. პენისის შურის საპირწონედ ჰორნს ფსიქანალიზში შემოაქვს საშვილოსნოს შური. მან ივარაუდა, რომ კაცების პროფესიული ან სხვა ტიპის მიღწევები შეიძლება გავიგოთ, როგორც შთამომავლობის გაგრძელების პროცესში მათი მცირედი როლის კომპენსაცია.
ჰორნი არ უარყოფდა, რომ ქალებს ხშირად შურთ მამაკაცების და უკმაყოფილონი არიან თავიანთი ქალური როლით. იგი ამას უწოდებს მასკულინობის კომპლექსს და შემდეგნაირად განმარტავს: “ეს არის გრძნობათა და ფანტაზიათა ერთობლიობა, რომელიც უვითარდება ქალს დისკრიმინაციის შეგრძნების საპასუხოდ; ეს არის მამაკაცისადმი შური, მამაკაცად ყოფნისა და ქალური როლისგან თავის დაღწევის სურვილი”. თავდაპირველად კარენს სხვა პოზიცია ჰქონდა. მას მიაჩნდა, რომ ქალთან აუცილებლად ყალიბდება მასკულინობის კომპლექსი ოიდიპოსის კომპლექსის შედეგად წარმოქმნილი ბრალეულობის განცდისა და შფოთვისგან თავის დაღწევის მოთხოვნილების გამო. შემდეგ იგი მივიდა დასკვნამდე, რომ ეს კომპლექსი სულაც არ არის გარდაუვალი; რომ ეს არის მამაკაცური დომინანტის მქონე კულტურის პროდუქტი და ამა თუ იმ ოჯახური პირობების შედეგი.მისი აზრით, „პენისის შური“ შეიძლება აღმოცენებულიყო მხოლოდ ნერვულ ქალებთან.
კარენ ჰორნის ნევროზის თეორია
ჰორნის მიაჩნდა, რომ ყველაფერი, რაც ბავშვის უსაფრთხოების განცდას არღვევს, შფოთვის წყაროდ იქცევა. ასეთ პირობებში, როდესაც ბავშვს საბაზისო უსაფრთხოების განცდა ხელიდან აქვს გამოცლილი და უყალიბდება შფოთვა, იზოლაციის და დაუცველობის განცდის სამართავად მრავალფეროვანი სტრატეგიები უყალიბდება. ის შეიძლება მტრულად განწყობილი გახდეს და შურისძიებას მიმართოს, შეიძლება დამჯერი გახდეს და სიყვარულის მიღება სცადოს ყველა ხერხით, არც ისა გამორიცხული ჩამოაყალიბოს არარელისტური, იდეალისტური თვითხატი არასრულფასოვნების გრძნობის კომპანსაციისთვის, ან კიდევ სიბრალული განივითაროს საკუთარი თავის მიმართ, რომ თანაგრძნობა მოიპოვოს. შესაძლებელია ამ სტრატეგიებიდან რომელიმე მათგანზე მოხდეს ფიქსაცია და პიროვნების დინამიკაში კონკრეტულმა სტრატეგიამ ლტოლვის ან მოთხოვნილების ხასიათი მიიღოს. ჰორნი მათ ნევროტულ მოთხოვნილებებს უწოდებს, რადგან ისინი ირაციონალურ ნიადაგზე აღმოცენდება.
ჰორნი გამოყოფს ნევროტული მოთხოვნილების 10 პატერნს, რასაც ყველა ადამიანი საჭიროებს წარმატებისთვის, თუმცა ყოველი ნევროტიკი მისი პიროვნებისთვის სპეციფიკურ ამა თუ იმ ტენდენციას ავლენს. ეს პატერნები ჰორნიმ 3 კატეგორიაში მოათავსა:
- პირველი კატეგორია არის „პირფერობის“კატეგორია, რომელიც გულისხმობს „ხალხისკენ მიმართულობას“. მოძრაობა რაღაცისკენ: ადამიანი ცდილობს დაძლიოს შფოთვა აკვიატებული მისწრაფებით, რომ ადამიანებმა იგი მიიღონ, მოიწონონ, რათა მან თავი საჭირო ადამიანად იგრძნოს. ბავშვები, რომლების მშობლებთან ურთიერთობისას ხშირად აწყდებიან პრობლემებს, ხშირად მიმართავენ ამ სტრატეგიას. მიტოვებისა და უმწეობის შიში იწვევს შფოთვას. ეს კატეგორია გამოხატავს მოწონებისა და სიყვარულისკენ მისწრაფებას, ბავშვები ეძებენ პარტნიორს, ვისაც მიენდობიან. ამ კატეგორიაში ერთიანდება პირველი ორი ნევროტული მოთხოვნილების პატერნი:
1. სიყვარულისა და მოწონების ნევროტული მოთხოვნილება.
2. პარტნიორი-მეურვის ყოლის ნევროტული მოთხოვნილება.
- მეორე გახლავთ „აგრესია, თავდასხმის“ კატეგორია – სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხალხის წინააღმდეგ მიმართვა. მოძრაობა რაღაცის წინააღმდეგ: ადამიანი გადაწყვეტს, რომ მის გარშემო ყველა მტერია და ცხოვრება სხვებთან ბრძოლაა. მთელი მისი ქცევა მიმართულია იმის დემონსტრირებაზე, რომ მას არავინ სჭირდება და იგი მედგარია. ამ კატეგორიაში მოთავსებული ნევროტული ბავშვები ან ზრდასრულები ხშირად გამოხატავენ გარშემომყოფებისადმი სიბრაზესა და მტრობას. ასეთი ადამიანები მუდმივად საჭიროებენ მათი ძალაუფლების, სხვებზე კონტროლის დამტკიცებას. ისინი ისწრაფიან ყურადღების ცენტრში ყოფნისკენ. სურთ, იწვევდნენ აღტაცებას, ცდილობენ სხვების გამოყენებას და მხოლოდ თავიანთი სურვილების დაკმაყოფილებისკენ არიან მიმართული. ამ კატეგორიაში თავსდება შემდეგი 5 ნევროტული მოთხოვნილების პატერნი:
3. ცხოვრების ვიწროდ შემოსაზღვრის ნევროტული მოთხოვნილება.
4. ძალის (ძალაუფლების) ნევროტული მოთხოვნილება.
5. სხვათა ექსპლუატირების ნევროტული მოთხოვნილება. გამოიყენოს ისინი და იყოს მათზე უკეთესი.
6. საკუთარი პიროვნული მნიშვნელობის აღიარების ნევროტული მოთხოვნილება.
7. აღფრთოვანების ობიექტად ყოფნის ნევროტული მოთხოვნილება.
- მესამეს წარმოადგენს „განჯაჭვულობის“ კატეგორია – ანუ, ხალხისგან გამოცალკევებულნი. მოძრაობა რაღაცისგან: ადამიანი რეალობას ზურგს აქცევს, იკეტება, ცდილობს არ ჩაერთოს ემოციურ ურთიერთობებში.ამ კატეგორიის ადამიანებს არ ადარდებთ მშობლების გულგრილობა და ფიქრობენ, რომ უნდა იყვნენ თვითმყოფადები. ისინი ირჩევენ დამოუკიდებლობისა და მარტოობის გზას. ისინი უარს ამბობენ სხვების მიმართ რაიმე გრძნობაზე, განსაკუთრებით, სიყვარულსა და სიძულვილზე.ისინი ცდილობენ გაძლონ იმის გარეშე, რის მიღებაც ვერ მოახერხეს. ბოლო სამი პატერნი ამ კატეგორიაში თავსდება:
8. პირადი მიღწევებისაკენ სწრაფვის ნევროტული მოთხოვნილება.
9. თვითკმარობისა და დამოუკიდებლობის ნევროტული მოთხოვნილება.
10. სრულყოფილების, უნაკლოების ნევროტული მოთხოვნილება.
პრობლემა ისაა, რომ საბაზისო შფოთვის დაძლევის ამ სამ ტენდენციას შორის გარდაუვალი კონფლიქტია. ჰორნის თანახმად, ჯანმრთელ ადამიანს ძალუძს ამ სამ ორიენტაციას შორის კონფლიქტის დაძლევა მათი ინტეგრირების გზით, რადგან ისინი ურთიერთგამომრიცხავნი არ არიან, თუმცა ნევროტიკი უფრო ძლიერი ბაზისური შფოთვის გამო იძულებულია მიმართოს ირაციონალურ, არაბუნებრივ ხერხებს:
- ის აცნობიერებს მხოლოდ ერთ-ერთ ტენდენციას და უარყოფს ან განდევნის დანარჩენს;
- ქმნის მე-ს იდეალიზირებულ ხატს, რომელშიც წინააღმდეგობრივი ტენდენციები გამქრალია, სინამდვილეში კი – ეს ასე არ არის. იდეალიზირებული მე-ს არაჯანსაღ შედეგებად დიდების მოპოვების სურვილი, ავადმყოფური დამოკიდებულება სხვებზე, ან თვითდაკნინება შეიძლება მოგვევლინოს.
- და ბოლოს, შინაგანი კონფლიქტების ექსტერნალიზაცია. შედეგად, ადამიანი ამბობს: „მე კი არ მსურს სხვების ექსპლუატაცია, არამედ სხვებს უნდათ გამიწიონ ექსპლუატაცია.“ ამგვარი ხერხი წარმოშობს კონფლიქტს ადამიანსა და გარე სამყაროს შორის.
ჰორნის შეხედულება ნარცისიზმზე
ჰორნი ფროიდისა და სხვა ფსიქოანალიტიკოსებისგან განსხვევებით ,,პირველადი ნარცისიზმის“ თეორიას მხარს არ უჭერდა. მის პერსპექტივაში ნარცისისტული ხასიათი ტემპერამენტისა და გარემოს ადრეული ზემოქმედების შედეგია. ნარცისული მოთხოვნილებები და ტენდენციები არ შედის ადამიანთა ზოგად მახასიათებლებში და ფსიქიატრიულ მიდგომას საჭიროებს. ნარცისიზმი სინამდვილეში საკუთარ თავზე შეყვარებულობა კი არ არის, არამედ ესაა თვითგანდიდება და ზემაღალი თვითშეფასება, რომელიც საფრთხის შეგრძნებასთან ერთად იბადება. ნარცისიზმი კომპენსატორული მექანიზმია, მაგრამ განსხვავდება თვითიდეალიზაციისაგან. ჰორნის მიხედვით, ყველა დაცვის სტრატეგია გულისხმობს თვითიდეალიზაციას, მაგრამ ნარცისისტული გადაწყვეტის შემთხვევაში, როგორც წესი, შედეგი არის შემწყნარებლობა და არა აღკვეთა. ნარცისიზმის თვითპატივისცემა არ არის ძლიერი, რადგან ის არ ეფუძნება ჭეშმარიტ მიღწევებს.
„ბრძოლა თვითრეალიზაციისაკენ“ და სელფის თეორია
ჰორნი იზიარებდა აბრაამ მასლოუს შეხედულებებს ადამიანის თვითაქტუალიზაციისკენ სწრაფვასთან დაკავშირებით. მას მიაჩნდა, რომ თუკი ჩვენ გვექნებოდა ზუსტი კონცეფცია ჩვენი სელფის შესახებ, მაშინ შეგვეძლებოდა ჩვენი პოტენციალის გაანალიზება და იმის მიღწევა, რაც გვსურს. ჯანმრთელი ადამიანის მიზანს მთელი სიცოცხლის განმავლობაში წარმოადგენს თვიტაქტუალიზაცია და ამით განსხვავდება იგი ნევროზით დაავადებულისგან, რომელიც შემოფარგლულია ძირითადი მოთხოვნილებებით.
ჰორნის მიხედვით, ჩვენ საკუთარი თავის შესახებ გვაქვს ორნაირი წარმოდგენა: პირველი არის „რეალური მე“ და მეორე „იდეალური მე.“ რეალური მე არის ის, რასაც ჩვენ რეალურად წარმოვადგენთ, ხოლო იდეალური მე კი – პიროვნება, როგორიც გვინდა რომ ვიყოთ. რეალურ მეს გააჩნია ზრდის პოტენციალი, ნებისყოფა, ნიჭის რეალიზაციის უნარი და ა.შ. მაგრამ მას ნაკლოვანებებიც აქვს. იდეალური მე არის ერთგვარი მოდელი, რომელიც რეალურ მე-ს გაუმჯობესებაში, პოტენციალის გამოვლენასა და თვითაქტუალიზაციაში ეხმარება. მაგრამ მნიშვნელოვანია განსხვავებების ცოდნა რეალურ და იდეალურ მეებს შორის.
ნევროზით დაავადებული ადამიანის სელფი იხლიჩება რეალურ და იდეალურ მე-ს შორის. შედეგად, ადამიანებს აქვთ გრძნობა, რომ ისინი ვერ აღწევენ იდეალურ მე-ს. ნევროზით დაავადებული ადამიანების მიერ დასახული მიზნები არარეალისტური და შეუძლებელია. რეალურიმე ამ შემთხვევაში ხდება „უვარგისი, საზიზღარი მე“ და ადამიანი მხოლოდ მას მიიჩნევს ნამდვილად. ამგვარად, ადამიანი ემსგავსება საათის ქანქარას, რომელიც მერყეობს მცდარ „სრულყოფილებასა“ და საკუთარი თავისადმი სიძულვილის გამომჟღავნებას შორის. ჰორნი ამ ფენომენს უწოდებს “უნდას” ტირანიის ქვეშ ყოფნას და ნევროზით დაავადებულის განდიდებისკენ უიმედო ლტოლვას. კარენმა დაასკვნა, რომ თუკი ნევროზების ციკლი არ იქნება რამენაირად დარღვეული, მაშინ ფსიქიკის ეს დამკვიდრებული თვისებები ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე შეუშლის ხელს თვითაქტუალიზაციაში.
ჰორნის ასევე მიაჩნდა, რომ ადამიანებს, რომლებსაც მსუბუქი ნევროზი აქვთ, შეუძლიათ იყვნენ საკუთარი თავის ფსიქოანალიტიკოსები. იგი მუდმივად უსვამდა ხაზს, იმას, რომ საკუთარი თავის შეცნობა არის გაუმჯობესების, გაძლიერების, გამდიდრების ერთ-ერთი მთავარი საშუალება.