განიკურნე ტკივილისგან, რომელსაც არ იმსახურებ – ფსიქოთერაპიული იგავი პატიებაზე

0
466

,,თუკი ადამიანების საპატიებლად დაველოდებით მათგან პატიების თხოვნას,

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,

საკუთარ თავს სწორედ იმ პიროვნების მძევლად ვაქცევთ, რომელიც ცუდად მოგვექცა.“

ლუის ბ. სმიდსი თეოლოგიის პროფესორი იყო, ავტორი ცნობილი წიგნისა ,,აპატიე და დაივიწყე“, რომელსაც ზოგი ფსიქოთერაპევტი აუცილებლად წასაკითხ ლიტერატურადაც ურჩევს თავის პაციენტებს.

სმიდსის მიხედვით პატიება პროცესია, რომელშიც ადამიანი, ვისაც ცუდად მოექცნენ ირჩევს გათავისუფლდეს წყენისგან და თანაგრძნობით მოეკიდოს ცუდის ჩამდენს.

პატიება არ გულისხმობს ჩადენილის დავიწყებას ან გამართლებას, იურიდიულ შეწყალებას, ან ურთიერთობის აღდგენას. შესაძლებელია აპატიო ადამიანს, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ მიგაჩნდეს მისი ქმედებები მისაღებად, ან სამართლიანად.

მეორე მხრივ, ცარიელი ,,გპატიობ“, ან ,,ბოდიში მიღებულია“ პატიებას არ ნიშნავს. რეალურად, პატიება შესაძლოა მოხდეს ცუდის ჩამდენთან საუბრის გარეშეც კი. პატიება ემოციური ცვლილებაა, რომელიც ხდება იმ ადამიანში, ვისაც ცუდად მოექცნენ.

რა არის პატიება:

  • გადაწყვეტილება, დაძლიო სხვა ადამიანისგან მოყენებული ტკივილი.
  • გათავისუფლდე ბრაზისგან, წყენისგან, სირცხვილისგან და სხვა ემოციებისგან, რაც დაკავშირებულია უსამართლობასთან, მიუხედავად იმისა, რომ სავსებით ლოგიკური განცდებია.
  • თანაგრძნობით მოეკიდო ცუდის ჩამდენს, მიუხედავად იმისა, რომ ამას არ იმსახურებს.

რა არ არის პატიება:

  • ურთიერთობის აღდგენა;
  • უსამართლობის დავიწყება;
  • ცუდის ჩამდენის ქმედების გამართლება;
  • დამნაშავის იურიდიული შეწყალება;
  • ,,გატარება“ შურისძიების სურვილით;

პატიების ფსიქოთერაპიაში არსებობს პატიების ოთხი ეტაპი:

  • საბურველის ახსნის ფაზა. საწყის ეტაპზე, ხდება შენ მიმართ ჩადენილი უსამართლობისა და შენს ცხოვრებაზე მისი გავლენის გაცნობიერება.
  • გადაწყვეტილების ფაზა. შემდეგი ნაბიჯია, იმის გაგება, თუ რა არის პატიება და მისი როგორც ერთ-ერთი ვარიანტის არჩევა, ან უარყოფა.
  • მუშაობის ფაზა. მესამე ეტაპზე დამნაშავის ახლებურად გაგებას იწყებ, რომელიც საშუალებას გაძლევს შედარებით დადებითი გრძნობები ჩამოყალიბდეს როგორც დამნაშავის, ისე საკუთარი თავის მიმართ.
  • გაღრმავების ფაზა. პატიების ბოლო საფხურზე მცირდება უსამართლობასთან ასოცირებული ნეგატიური განცდები. ხდება გამოცდილებაში მნიშვნელობების აღმოჩენა და იმის შემჩნევა, თუ როგორ გაიზარდე ამის შედეგად.

სმიდსის ზემოხსენებულ წიგნში ერთი შესანიშნავი იგავიც გვხვდება, რომელსაც ,,მაგიური თვალები“ ეწოდება. გთავაზობთ მის თარგმანს.

მაგიური თვალები

ჭრელანდიის შუაგულში მდებარე სოფელ საყალბიაში ცხოვრობდა გრძელი და ხმელი ხაბაზი სახელად ფაუკი, მაღალზნეობრივი კაცი, გრძელცხვირა და გრძელნიკაპა. ისეთი წესიერი იყო, ისეთი პატიოსანი, თითქოს ზნეობას  ასხურებდა ბასრი ტუჩებიდან ყველას, ვინც მიუახლოვდებოდა; ამიტომ საყალბიელი ადამიანები არჩევდნენ მისგან თავი შორს დაეჭირათ.

ფაუკის ცოლი, ჰილდა, მოკლე და მრგვალი იყო, მრგვალმკლავება, უბემრგვალი და გავამრგვალი.  ჰილდა ზნეობრიობით არ რიყავდა ადამიანებს; მისი ნაზი სიმრგვალე თითქოს, პირიქით, უფრო მიახლოებისკენ იწვევდა მათ, მისი გახსნილი გულის თბილი  სალმის გასაზიარებლად.

ჰილდა პატივს სცემდა თავის მაღალზნეობრივ ქმარს, და უყვარდა კიდეც, რამდენადაც ის ამის ნებას რთავდა; თუმცა ქალის გულს ქმრისგან რაღაც უფრო მეტი სურდა, ვიდრე ღირსშესანიშნავი მაღალზნეობრიობა იყო.

და სწორედ აქ, მისი მოთხოვნილებების სარეცელზე ჩავარდა მწუხარების თესლი. 

ერთ დილასაც, მზის ამოწვერვამდე ცომის მუხლჩაუხრელი ზელვის შემდეგ, ფაუკი სახლში დაბრუნდა და თავის საძინებელში ჰილდას მრგვალ უბეში მონებივრე უცნობი აღმოაჩინა.

ჰილდას მრუშობა მალე ტრაქტირებისა და სამიკიტნოების საჭორაო თემად და საყალბიის კონგრეგაციის სკანდალად იქცა. საყალბიელებმა უწყოდნენ რა ფაუკის მაღალზეობრიობის ამბავი, ყველა იმაზე ჩადიოდა ფსონს, რომ ფაუკი ჰილდას კინწისკვრით გააგდებდა სახლიდან. მათდა გასაკვირად, ფაუკმა თქვა, რომ შეუნდო ცოლს, როგორც ბიბლია ბრძანებს და ცოლად დაიტოვა.

თუმცაღა,  გულის გულში ფაუკმა ვერ შეძლო ჰილდასთვის იმის პატიება, რომ მის სახელს ჩირქი მოსცხო. როცა ცოლზე ფიქრობდა, ბრაზი და ბოღმა იპყრობდა. ჩვეულებრივი მეძავივით შეიზიზღა.  როცა საქმე საქმეზე მიდგა, სიძულვილი იგრძნო ამდენხნიანი ერთგულების პასუხად ღალატის მიღების გამო.

პატიება მხოლოდ იმიტომ გაითამაშა, რომ მაღალზნეობრივი შენდობით ჰილდას დასჯა შესძლებოდა.

თუმცა ზეცაში მისი სიყალბე არ შეიწირეს.

შესაბამისად, ყოველ ჯერზე, როცა კი ფაუკი ცოლის ფარულ სიძულვილს იგრძნობდა, ანგელოზი ეწვეოდა ხოლმე და პაწაწინა,  პერანგისღილისოდენა, არც კი,  კენჭს უგდებდა გულის კუნჭულებში.  ყოველი კენჭის ჩაგდებაზე ფაუკი ისეთივე ლახვრის ჩაცემის ტკივილს გრძნობდა, როგორიც მაშინ იგრძნო, როცა ჰილდას უცნობის განჯინიდან მშიერი გულის დანაყრებისას წაასწრო.

ამგვარად, მან ის კიდევ უფრო მეტად შეიძულა; სიძულვილს ტკივილი მოჰქონდა და ტკივილს -სიძულვილი.

კენჭები მრავლდებოდა. ფაუკის გული კი ისე ძლიერ მძიმდებოდა და მძიმდებოდა ამ ტვირთით, ისე ძლიერ მძიმდებოდა, რომ გულის ფიცარი წინ გადმოეხარა და პირდაპირ რომ გაეხედა, იძულებული ხდებოდა კისერი ზემოთკენ აეჭიმა. ტკივილით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დარჩა.

ერთ ღამეს, ის ანგელოზი ეწვია, რომელიც კენჭებს უგდებდა გულში და აუწყა, რომ ამ ტკივილისგან განკურნება შესაძლებელია. ნატკენი გულისთვის არსებობს მხოლოდ ერთი წამალი, თქვა მან, ერთადერთი. ფაუკს დასჭირდებოდა ჯადოსნური თვალების სასწაული. მას დასჭირდებოდა თვალები, რომელიც შეძლებდა უკან, ტკივილის სათავეებისკენ გახედვას და ჰილდას დანახვას, არა როგორც მოღალატე ცოლის, არამედ სუსტი ქალის, რომელსაც ქმარი სჭირდებოდა. მხოლოდ მაგიური თვალებით რაღაცების ახლებურად შეხედვის გზით იყო შესაძლებელი უწინდელი ჭრილობებისგან მომდინარე ტკივილებისგან განკურნება.

– წარსულს ვერაფერი შეცვლის. – გააპროტესტა ფაუკმა – ჰილდა დამნაშავეა, ამ ფაქტის შეცვლა თვით ანგელოზსაც კი არ ძალუძს.

– დიახ, საწყალო, გულნატკენო ადამიანო, მართალი ხარ, – უპასუხა ანგელოზმა. – წარსულს ვერ შეცვლი, შენ მხოლოდ იმ ტკივილისგან განკურნება შეგიძლია, რომელიც წარსულიდან მოდის. და ისიც მხოლოდ მაგიური თვალების მზერით.

– და სად ვიშოვო ეს თქვენი მაგიური თვალები? – მოიღუშა ფაუკი.

მხოლოდ ითხოვე, ოღონდ ჭეშმარიტად გსურდეს, რასაც ითხოვ და მოგეცემა. და ყოველ ჯერზე, როცა ჰილდას ამ ახალი თვალებით შეხედავ, ერთი კენჭი მოგაკლდება ნატკენი გულიდან.

ფაუკმა მაშინვე თხოვნა ვერ შეძლო, რადგან საკმაოდ შეყვარებოდა თავისი სიძულვილი. თუმცა, საბოლოოდ, გულისტკივილმა მიიყვანა იქამდე, რომ მოუნდა იმ მაგიური თვალების თხოვნა, ანგელოზი რომ დაჰპირდა. ითხოვა და მიეცა.

მალე ჰილდამ ფაუკის თვალსა და ხელს შუა დაიწყო შეცვლა, გასაოცრად და ამოუხსნელად. ფაუკმა მას ისე დაუწყო ყურება, როგორც მასზე შეყვარებულ, გაჭირვებულ ქალს და არა როგორც ავსულ, მოღალატე არსებას.

ანგელოზმა დაპირება შეასრულა; გულიდან კენჭებს სათითაოდ ხსნიდა ფაუკს და კარგა ხანი დასჭირდა ყველა მათგანისგან გათავისუფლებას. ფაუკმა თანდათანობით იგრძნო გულიდან ტვირთის შემსუბუქება; მალე წელში გამართული სიარულიც შეძლო და როგორღაც ცხვირი და ნიკაპი ადრინდელთან შედარებით ნაკლებად ხმელი და ბასრი მოუჩანდა. მან ჰილდას ისევ გაუხსნა გულის კარები, ჰილდაც ისევ დაბინავდა მის გულში და ხელახლა დაიწყო მათი ერთობლივი მოგზაურობა ამჯერად უკვე მოკრძალებული სიხარულის მეორე სეზონში.

დოჩი გოგოს თარგმანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here