ნიცშეს რეალური დიაგნოზი და მოგზაურობა ფსიქოზში

ხატებით დატბორილი მდიდარი წარმოსახვა, გამძაფრებული შეგრძნებები, უკიდურესობები, ამაღლებულ განწყობასა და სასოწარკვეთას, ბრაზსა და დანაშაულის გრძნობას შორის მონაცვლეობა, მოჭარბებული გონებრივი აქტივობა და ენერგია, რისკიანობა და ამბიციური, გრანდიოზული გეგმები, რაც ბიპოლარული აშლილობის თანმდევია, მართლაც საოცარი პოტენციალია

0
1052

,,მწირო შემოქმედის გზითა ვლი:

ღმერთი გსურს ჰქმნა შენი შვიდი დემონისაგან“

,,ამასწინათ დამესიზმრა, თითქოს ხელს, რომელიც მაგიდაზე მედო, უცებ მინისებრი, გამჭვირვალე კანი გადაეკრა; გარკვევით ვხედავდი მასში ჩონჩხს, კანის ქსოვილსა და კუნთების მოძრაობას. უცებ შევნიშნე, რომ ხელზე მსუქანი ბაყაყი მეჯდა და მისი გადაყლაპვის დაუძლეველი სურვილი დამეუფლა. ზიზღს ვძლიე და ბაყაყი გადავყლაპე“. ნიცშეს ამ სიზმარს იუნგი თავის ,,მეტამორფოზის სიმბოლოებში“ შემდეგნაირად ხსნის – ,,ნიცშე ახალგაზრდა ქალის გვერდით იჯდა და უყვებოდა, რომ მისი სხეულის გამჭვირვალე ნაწილს რაღაც საზიზღარი და ამაზრზენი დაემართა, და რომ იძულებული იყო, ის შთაენთქა და თავის სხეულში მიეღო. ყველამ ვიცით იმ დაავადების სახელი, რომელმაც მას ნაადრევად მოუსწრაფა სიცოცხლე. სწორედ ეს შეატყობინა გვერდით მჯდომ ქალბატონს“.

იუნგი გაურბის დაავადების დაკონკრეტებას, თუმცა სახელი, რაც იმ დროისთვის ყველამ იცოდა, სიფილისი იყო, რომლის დიაგნოზიც არასწორად დაუსვეს ფილოსოფოსს. როგორც აღმოჩნდა, მისთვის სიცოცხლე არ მოუსწრაფებია სიფილისს. შესაბამისად, სიფილისით არ ყოფილა გამოწვეული არც დემენცია, რომელში ჩაძირულმაც უკანასკნელი თერთმეტი წელი გაატარა.

,,სამყარო თავდაყირა დადგება რამდენიმე წელიწადში: რადგან ძველი ღმერთი დაემხო, ამიერიდან მას მე ვმართავ“ – ეს იყო წერილი, რომლის მიღების შემდეგაც ფრანც ოვერბეკმა სასწრაფოდ დაუგეგმა ვიზიტი ნიცშეს ბაზელის ფსიქიატრიულ კლინიკაში.

ღმერთის სიკვდილსა და ნიცშეს ძალაუფლებაზე ჯერ ბევრი არაფერი იცოდა სამყარომ და ბაზელის მედ-პერსონალმა – მით უმეტეს, ნიცშე პრივილეგირებული არ ყოფილა, მეორე კლასის პაციენტებს კი დიდი ყურადღებით არ ეპყრობოდნენ. პროგრესიული დამბლა (სიფილისური ფსიქოზი) იმ დროს საკმაოდ გავრცელებული იყო. მისთვის დამახასიათებელია: უმეტყველო სახე, ჰიპერაქტიური მუხლის რეფლექსი, ხელწერის გაუარესება, მეტყველების მოშლა, სახის კუნთებისა და ენის კანკალი. ,,ენაზე ნადები. გადახრა არ არის. ტრემორი არ არის“ – წერდა ექიმი.  ნიცშეს გამომეტყველებაც, ხელწერაც, მეტყველებაც შენარჩუნებული ჰქონდა და არც რეფლექსების მოშლასა და კანკალს უჩიოდა. თავის ტკივილებიც ბავშვობიდან აწუხებდა, თანაც მხოლოდ მარჯვენა მხარეს. ერთადერთი ფიზიკური პათოლოგია, რომელიც შეიძლებოდა სიფილისთან ყოფილიყო კავშირში, გუგების გუგების რეფლექსი აღმოჩნდა სინათლეზე.  ექიმს არავინ უთხრა, რომ გუგების ასიმეტრია ბავშვობიდან ჰქონდა პაციენტს (პირველად 5 წლის ასაკში დაუსვეს მიოპიის დიაგნოზი და ნელ-ნელა დაკარგა მხედველობა) და მისი უცნაური და ამბიციური იდეები, რაც ასევე არ ყოფილა ახალი (და როგორც დრომ გვაჩვენა, არც მთლად დელუზიური), განდიდების ბოდვად კლასიფიცირდა. 44 წლის ასაკში დემენციის დიაგნოზი არ განიხილებოდა.  ექიმმაც საკმაოდ გავრცელებული სიფილისური ფსიქოზის დიაგნოზი დასვა. ეს დიაგნოზი სასიკვდილო განაჩენს უდრიდა მაშინ –  რამდენიმე კვირიდან მაქსიმუმ 2 წლამდე.  ნიცშემ კი კიდევ 11 წელი იცხოვრა. ეს წარმოუდგენელი რამ იყო და მის თანამედროვეთა შორისაც კი ბევრი ექიმი დიაგნოზის აბსურდულობას ხედავდა და აღნიშნავდა.

ნიცშესთვის აუტოპსია არ ჩაუტარებიათ, თუმცა ავადმყოფობის ისტორიის საფუძველზე ყველაზე სავარაუდო მენინგიომაა. სწორედ ამით იყო გამოწვეული მხედველობის დაკარგვა და თავის აუტანელი ტკივილები, რომლითაც იგი მთელი ცხოვრება იტანჯებოდა. მედიცინის დოქტორი, ფსიქიატრი ევა საიბულსკა ნიცშეს სწორედ მენინგიომით გამოწვეული ბიპოლარული აშლილობის, იგივე მანიაკალურ-დეპრესიული  ფსიქოზის დიაგნოზს უსვამს და ამ აშლილობას როგორც მის შემოქმედებით პოტენციალს ისე განიხილავს.

ხატებით დატბორილი მდიდარი წარმოსახვა, გამძაფრებული შეგრძნებები, უკიდურესობები, ამაღლებულ განწყობასა და სასოწარკვეთას, ბრაზსა და დანაშაულის გრძნობას შორის მონაცვლეობა, მოჭარბებული გონებრივი აქტივობა და ენერგია, რისკიანობა და ამბიციური, გრანდიოზული გეგმები, რაც ბიპოლარული აშლილობის თანმდევია, მართლაც საოცარი პოტენციალია. ფსიქოზის დროს დომინანტური ხდება არაცნობიერი პირველადი პროცესები, რომელიც არ ცნობს რეალობის პრინციპს, სადაც არ არსებობს ქრონოლოგიური დრო, წინააღმდეგობები და, როგორც სიზმარში, ყველაფერი დასაშვებია (ფროიდი). ცნობილი ფაქტია, რომ ნიცშემ ,,ასე იტყოდა ზარატუსტრას“ პირველი სამი თავი სამ-სამი 10 დღიანი ფსიქოზური შემოტევის დროს დაწერა. ეს ალბათ ვერაფრით ვერ ჩაითვლება ნორმად,  თუმცა ბიპოლარული აშლილობა, რაღა თქმა უნდა, ვერ იქნება კრეატიულობის გარანტი. ამ აშლილობის მქონე ადამიანების მხოლოდ 8 % გამოირჩევა განსაკუთრებული შემოქმედებითი ტალანტით, ნიცშეს ფენომენს კი პროცენტებით დათვლა არ სჭირდება. როგორც ჩანს, ფსიქოზი მხოლოდ ათავისუფლებს წარმოსახვას, იძლევა გაბედულებას და ამძაფრებს განცდას, თუმცა ქაოსს, კიდევ სჭირდება რაღაც, რომ ტანჯული ავადმყოფის ნაცვლად ,,საკუთარ ცეცხლის ალში“ ,,მოცეკვავე ვარსკვლავი“ დაიბადოს.

,,შემოქმედებითი ადამიანები, ჩემს აღქმაში, იმით გამოირჩევიან, რომ შეუძლიათ იცხოვრონ შფოთვით, მიუხედავად იმისა, რომ ძველ ბერძნულიდან თუ ვისესხებთ ტერმინს, ,,ღვთაებრივ სიგიჟეში” ძალიან ძვირის გადახდა უწევთ: დაუცველობის, საფრთხის, მაღალი მგრძნობელობის… ისინი არ გაურბიან ,,არ ყოფნას” და როდესაც მას მოულოდნელად შეეჩეხებიან, მასთან შეთამაშებით, აიძულებენ რომ შვას ,,ყოფნა”. ისინი აკაკუნებენ სიჩუმეზე საპასუხო მუსიკისთვის. ისინი იქამდე მისდევენ უაზრობას, სანამ არ აიძულებენ მას რომ ნიშნავდეს რამეს.“ – წერს როლო მეი თავის ნაშრომში ,,გაბედო, რომ შექმნა“.

ნიცშე ხშირად აღნიშნავდა, რომ წერდა იმ გამოცდილებიდან, რომელიც არავისთვის გაუზიარებია. საკუთარ მწვერვალებსა და უფსკრულებს შორის მოგზაურობით შთაგონებული პერიოდულად საკუთარ ნაწერებში ფეთქდებოდა და დატოვა კოდები, რომლის გაშიფრვის მცდელობაში ყველა საკუთარ თავს პოულობს ალბათ. საკუთარი თავისკენ გზა კი შემოქმედებითობაზე გადის ნიცშესათანაც.

,,ხოლო შენ მიჰყვები შენი სევდის გზას, რომელი გზაა შენი თავისკენ? მაშინ მაჩვენე შენი უფლება და შენი ძალა ქმნად ამისა“ – ეუბნება ზარატუსტრა შემოქმედების გზაზე შემდგარს. მარტოობის ტანჯვა, რომელიც, მიუხედავად ჯოგისგან გამოყოფისა, კვლავაც რჩება ზიარი სინდისის ქენჯნის სახით, ერთადერთი დაბრკოლება არ არის ამ გზაზე. არც ის, რომ ,,ამას არასოდეს გაპატიებენ“, ,,უსამართლობასა და ბინძურებას გესვრიან“, რადგან შენი შურთ და ,,უკეთუ ვარსკვლავად ყოფნა გსურს მოგიწევს არანაკლებ უნათებდე მათ“. მთავარი მტერი ყოველთვის საკუთარი თავია, შენი შვიდი დემონი, რომელთაგანაც ღმერთი უნდა ,,ჰქმნა“. ზარატუსტრა მათ სახელებსაც ასახელებს. უნდა იყო საკუთარი თავისთვის ერეტიკოსი, გრძნეული, მისანი, სულელი, სკეპტიკოსი, უკეთური და ბოროტმოქმედი.

არც ისე რთულია ამ დემონების დაკავშირება იმ მაღალ ადამიანებთან, რომელსაც დასკვნით ნაწილში მწეობისთვის მღაღადებლის საშველად გამოსული ზარატუსტრა საკუთარ ,,სამფლობელოში“ პოულობს და თავის გამოქვაბულში უყრის თავს.  ჯერ მისანს ხვდება, რომელიც ღმერთის სიკვდილს ნიჰილისტად უქცევია და წინასწარმეტყველებს რომ არავითარი ჯილდო არ იქნება. შემდეგ მარჯვენა და მარცხენა მეფენი ჩნდებიან ძღვნად განკუთვნილი ვირით, რომელთა ძველი დიდება წარსულს ჩაბარდა და ბრბოს მმართველობას, არევდარევას, ისევ გლეხების ბატონობა ურჩევნიათ, თუმცა ადამიანებთან ვეღარაფერს პოულობენ საერთოს. შემდეგი სულით პატიოსანია, რომელიც მეცნიერებს გამოქცევია, რადგან  ,,უკეთესია რეგვენობა თავისი თავით, ვიდრე ბრძენობა უცხოთა აზრებით“ და საკუთარი სისხლით წავლობს პარაზიტი წურბელას ტვინს (ვიწრო სპეციალიზაცია), დაეძებს სლიპინა, ხელიდან მსხლტომ ჭეშმარიტებას. ძალიან სასტიკია ზარატუსტრა ჯადოქრის მიმართ, რომელიც წარმოადგენს მგოსანს და ტანჯვას პოეტური მანჭვა-გრეხვით კომედიებად აქცევს, დიდი ვნებების მონანიე ადამიანად წარმოადგენს თავს, თუმცა იცის, რომ ეს ტყუილია და ამის გამო საკუთარი თავი ეზიზღება. შემდეგ ხვდება უსამსახუროდ დარჩენილ სასულიერო პირს, რომელიც მამა ღმერთზე მწუხარებაშია ჩაფლული განდეგილად, რადგან სათნოება აღარ შერჩენიათ ადამიანებს. მერე პოულობს უმზგავსეს  ადამიანს, რომელმაც თავიდან მოიშორა მისი სირცხვილის მოწმე – ღმერთი და ახლა მარტოდ დარჩენილა თავის საიდუმლოებასთან საკუთარი თავის, პატარა ადამიანობის ზიზღით სავსე. ბოლოს კი მოხალისე მათხოვარს აღმოაჩენს, ოდესღაც მდიდარს, რომელმაც ყველაფერი გასცა, თუმცა ,,ღატაკნი ნეტარ აღარ არიან“ – მიწიერ ბედნიერების სწავლას ძროხასავით ცოხნის სწავლით იმედოვნებს. მისი ძღვენი აღარავის სურს. მოწყალების მიღება ხალხს აკნინებს. ,,ბრბო, ბრბო“ ყველა მათგანი ამაღლებულა ბრბოზე და რაღაც უფრო უკეთესის საძიებლად წამოსულა.

ეს ის დემონებია, რომელთან გამკლავებაც ნიცშეს მოუწია ალბათ საკუთარ თავში. მამის სიკვდილის შემდეგ ჯერ რელიგიაში დაეძებდა ჭეშმარიტებას, შემდეგ პოლიტიკაში, მეცნიერებაში, ხელოვნებაში,  ღმერთის მკვლელიც იყო და ნიჰილიზმის წინასწარმეტყველიც, თუკი რამე გააჩნდა, ყველაფერი გასცა. ქმნიდა კერპებს, რომ მერე დაემხო და ,,ახალი ღირებულებები ამოეკვეთა ახალ დაფაზე“. აღწევდა მწვერვალებს, რომ მერე ისევ დაბლა დაშვებულიყო და ძღვნად მოეტანა მიწისთვის ეს ,,დაფები“. ყოველ ახალ ჯერზე ცდილობდა იმაზე მაღლა ასულიყო, ვიდრე მისი დემონები ახერხებდნენ და ალბათ ამიტომაც იყო მისი აზრიც ისე ღრმა, რომ მისი არქეტიპული მტერი – ნიჰილიზმი ვერასოდეს მოერია. მთის (მასკულინური საწყისი –  რაციონალიზმი, აზროვნება) სიმაღლე ხომ ზღვის (ფემინური საწყისი – ინტუიცია, გრძნობები) სიღრმით იზომება. იგი ყოველთვის ახერხებდა ეთქვა – ,,შენ! ან მე!… ხოლო ჩვენ შორის მე უძლიერესი ვარ“. ახერხებდა ,,ხელი ეკრა“ იმისთვის, ,,რაც ეცემა“.   ,,ძალაუფლების ნება“, როგორც თვითძლევა და ნება საკუთარ თავზე, გახდომადობის  (becoming) ამ მარადიულ გამეორებაში შესაძლოა სწორედ ის ელემენტია, რომელიც სჭირდება ქაოსს ,,მოცეკვავე ვარსკვლავის“ დასაბადებლად.

,,თავს თავისუფალს უწოდებ?“ – ეკითხება ზარატუსტრა შემოქმედის გზით მავალს, – ,,მსურს მოვისმინო შენი უფალი აზრი და არა ის რომ უღელი მოგიშორებია. ხარ კი მათგან, რომელთ უფლება აქვთ უღელის მოშორებისა? ვიეთთ დაუკარგავთ უკანასკნელი ღირებულება, ოდეს მორჩილება დაუკარგავთ. თავისუფალი რისგან? – რა საქმე აქვს ამასთან ზარატუსტრას! ხოლო შენ თვალთა ნათელმან მაუწყოს მე: თავისუფალი რისთვის?“

შემოქმედის გზით სიარული, ინდივიდუალიზმი, ამბოხი, მართლაც არის თავდახსნა, კულტურის მარწუხებიდან გათავისუფლება, თუმცა ყოველთვის არსებობს საფრთხე, რომ ,,მონსტრებთან ბრძოლისას მონსტრად იქცე“. ცხოვრების ,,ჰო-ყოფა“ ,,მაღალი ადამიანებისთვის“ ყველაფერზე თანხმობის ეკვივალენტი აღმოჩნდა და ახალი ღმერთი იქმნა ვირისგან, როგორც არსებისგან რომელიც ყველაფერზე ,,იას“ (გერმანულად დიახ) პასუხობს.

ფსიქოზი, როგორც არაცნობიერში მოგზაურობა, შესაძლოა არის პოტენციალი მაიას საბურველი მოხსნა რეალობას და დაინახო ისეთი, როგორიც არის – ყოველგვარ საზრისს მოკლებული, აბსურდული და ირაციონალური, სადაც ყველაფერი დაუსრულებლად მეორდება და სიზიფეს შრომას ემსგავსება, მაგრამ თუკი მოახერხებ ,,შენსზედა შენი ნების აღმართვას“, ცხოვრების აღქმას, არა როგორც რაღაცის, რაც თავს მოგახვიეს ,,ვალდებულების, საბედისწერო განაჩენის და სიყალბის“, თუკი აიღებ პასუხიმგებლობას, მაშინ იგი იქცევა ერთ დიდ ექსპერიმენტად, ,,შემმეცნებლის გამოცდად“ და აღარ დაგჭირდება ,,ღმერთის სიკვდილის“ შედეგად აღმოჩენილი თავისუფლება ხელში შეაჩეჩო ვინმეს. არც პოლიტიკოსებს, არც რელიგიურ პირებს, არც არავის. ახალი ღმერთი კი არ უნდა მოიგონო, თვითონ იქცე შემოქმედად, საკუთარი თავი აქციო შემოქმედებად, პროცესად… ,,ძალგიძს შენთვის სიქველისა და ბოროტის დადგინება და შენსზედა შენი ნების აღმართვა, ვით კანონის? ძალგიძს იყვე მსაჯული და შურისმგებელი შენის კანონისა?“ – ეს არის ალბათ ყველაზე მთავარი კითხვა, რომელსაც ზარატუსტრა სვამს ამ გზაზე. არაცნობიერი შემოქმედებითი პოტენციალია, თუმცა რეალობაში ცხოვრება ცნობიერმა უნდა უზრუნველყოს. დიონისურ კულტს აპოლონური რაციონალიზმით სჭირდება დაბალანსება, რომ ვაკხანალია არ მივიღოთ საზოგადოებრივ თუ ინდივიდუალურ დონეზე. ეს რაღაც ალბათ სიზმრების მართვის მსგავსია.

საიბულსკა წერს, რომ ნიცშეს ფილოსოფიური ტრაქტატები ომის დღიურებია, არაცნობიერსა და ცნობიერს შორის მუდმივი ფრონტის ხაზზე ნაწარმოები. ეს არის მისი მოგზაურობა ფსიქოზში. იმოგზაურო სიგიჟეში და არ გაგიჟდე, დაყვინთო არაცნობიერში და შეინარჩუნო ცნობიერება, ისარგებლო საკუთარი ტანჯვით, ავადმყოფობით… ალბათ კიდევ ცალკე განსაკუთრებული ფენომენია. ამ  ფენომენის დიაგნოსტირების მცდელობა არ წყდება სხვადასხვა პერსპექტივიდან. შეიძლება იმიტომ, რომ ყველა დაავადების საფუძველში სწორედ ის ეგზისტენციალური კრიზისები ძევს, რომელზე გამარჯვებაც და რომელთან ერთადაც მხიარულად ცხოვრების ფორმულები დაგვიტოვა ამ ,,დღიურებში“. ,,შეუძლებელია იმის გაგება, თუ რამდენად მოახდინა გავლენა ნიცშეს შემოქმედებითობაზე მისმა ფსიქიკურმა დაავადებამ“, – წერს საიბულსკა, – ,,ამისთვის ვინმეს ექსპერიმენტი უნდა ჩაეტარებინა ორ ნიცშეზე, საიდანაც ერთს ექნებოდა დარღვევა და მეორეს არა, ეს კი შეუძლებელი აბსურდულობაა“.

შეუძლებელია ისიც, რომ ნიცშეს ბაყაყზე სიზმრით თავისი დაავადება გაემხილა ახალგაზრდა ქალბატონისთვის. სიზმრების ინტერპრეტაციები სიმბოლოებზე თავისუფალი ასოციაციების მიხედვით ხდება. ეს ჭაობის არსება, როგორც სტაგნაციის და შეზღუდული პერსპექტივის სიმბოლო ხშირად გვხვდება ნიცშეს სხვადასხვა ნაშრომებში. ამას გარდა, იგი დაკავშირებულია ისეთ ადამიანებთანაც, რომლებიც სხვების ქებისგან იბერებიან, იბერებიან და ისე ძალიან ცდილობენ უფრო დიდები გამოჩნდნენ, საბოლოოდ გასკდომა ვერ ასცდებათ. შესაძლოა ნიცშეს ეს სიზმარიც სწორედ ადამიანური ყოფისადმი, შეზღუდულობისადმი ზიზღის ინტეგრაციაა საკუთარ თავში. ადამიანობა მის შესაძლებლობებს საკმარის გასაქანს არ აძლევდა ალბათ.

მაღალ ადამიანებთან შეხვედრის შემდეგ ზარატუსტრას თავისი ჩრდილი აედევნება და ისიც, მარტოობას მოწყურებული გარბის, თუმცა მალე ძალიან კომიკურად მოეჩვენება ეს მდგომარეობა. ,,ხოლო განა ზარატუსტრას უნდა ეშინოდეს თავის ჩრდილისა? და ბოლოს მგონია, მას ფეხებიც უფრო გრძელი აქვს, ვიდრე მე“ … ,,და სწრაფად მობრუნდა და სწრაფად ძირს დასცა თავისი მდევარი და ჩრდილი“.  ეს სუსტი, გაშავებული, ქანცმილელული მოხუცი აღმოჩნდა. ის, ვისაც მასთან ერთად შეუმუსრავს ყველაფერი, რასაც ოდესღაც პატივს სცემდა, ის ვისაც ყოველი ბოროტმოქმედება ერთხელ მაინც გაუვლია, მასთან ერთად ნიჰილიზმში გადავარდნილი, ამაოდ დაეძებდა რამეს, რისთვისაც ღირდა ,,ცხოვრება ან არა ცხოვრება“, ელტვოდა ხიფათებს, ჭეშმარიტებას ,,და თუ რამე იყო სათნოება“ მასში, სწორედ ის, რომ ,,არა აკრძალული ხილისა“ ეშინოდა. ზარატუსტრას ის მისი თავისუფლებისა და უმიზნობის გამო ცოტა შეებრალება კიდეც, ბოროტმოქმედებს ხომ საპყრობილეში სძინავთ ყველაზე მშვიდად, და საკუთარ გამოქვაბულს შესთავაზებს თავშესაფრად.

,,რა არის მიღწეული თავისუფლების ბეჭედი? აღარ განიცადო სირცხვილი საკუთარი თავის წინაშე“. ,,რას ამბობს შენი სინდისი? უნდა იქმნე იმად, ვინც ხარ“ – წერს ნიცშე მხიარულ მეცნიერებაში. განკურნების გზა საკუთარი თავის მიღებაზე გადის. საკუთარი შეზღუდულობის მიღებაზე. ჩრდილი, რომლისაც არ გეშინია, ძალას კარგავს. შენი ბნელი მხარეები შენზე ვეღარ დომინირებენ. თავისუფლებაც საკუთარ თავად ყოფნის გაბედულებაა. ავადმყოფობა შემოქმედებით პოტენციალად იქცევა ამ დროს. ნიჰილიზმი – ცხოვრების ,,ჰო-ყოფის“ აფირმაციად. დემონები ძალად, თუ მათი დამარცხების ნაცვლად, მოათვინიერებ…

,,რაც არ გკლავს, გაძლიერებს“ ეს არის ფრაზა, რომელიც ალბათ ყველაზე პოპულარულია ,,ღმერთი მოკვდას“ შემდეგ ნიცშეს შემოქმედებიდან.  რა იყო ის, რამაც მას მართლა მოუსწრაფა სიცოცხლე? მისანი კითხვაზე რა არის მისი, მხოლოდ მისთვის განკუთვნილი უკანასკნელი ცოდვა, ზარატუსტრას პასუხობს – სიბრალული. ვინ იცის, ეგებ ამან მოუსწრაფა სიცოცხლე მართლაც – ცხენის გამათრახება აღმოჩნდა მისთვის უკანასკნელი წვეთი. უსამსახურო აღმოსავლეთიდან მოსული სასტიკი, ჯოჯოხეთის შემოქმედი და შურისმაძიებელი ღმერთის სიკვდილს ასე აღწერს: ,,ბოლოს მოხუცდა, შერბილდა, განაზდა და სიბრალულით აღივსო, მზგავსი პაპისა ვიდრე მამისა…იჯდა ცეცლის პირად, დაუძლურებულ ფეხებს ითბობდა ქვეყნით მობეზრებული, ნება მოდუნებული და დაიხრჩო ერთ დღეს თავისი მეტად დიდი სიბრალულით.“ გარდაცვალება საბოლოოდ პნევმონიის შედეგად დადგა. ,,შესაძლებელია ეს მოხდა: ესე და სხვაფრივაც. ოდეს ღმერთები იხოცებიან, მრავალგვარი სიკვდილით იხოცებიან“.

დოჩი გოგო

გამოყენებული ლიტერატურა:

ასე იტყოდა ზარატუსტრა, ფრიდრიხ ნიცშე

მხიარული მეცნიერება, ფრიდრიხ ნიცშე

Nietzsche: Bipolar Disorder and Creativity, Eva Cybulska

What was the cause of Nietzsche’s dementia? Leonard Sax

მეტამორფოზის სიმბოლოები, კარლ გუსტავ იუნგი


LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here