ჩემი მრავალგზის ნაცადი, მდიდარი გამოცდილება მარწმუნებს, რომ მშობლები მთავარ როლს თამაშობენ ყველა იმ ბავშვის სულიერ ცხოვრებაში, რომლებიც შემდგომ ფსიქონევრასთენიკებად ყალიბდებიან. ერთი მშობლის გადამეტებული სიყვარული და სიძულვილი მეორის მიმართ ფსიქიკური გაუწონასწორებლობის გამომწვევი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზთაგანია და ადრე ჩამოყალიბებული და შემდგომ გამომჟღავნებული ნევროზის სიმპტომების დამახასიათებლად გამოგვადგება, ოღონდ იმის თქმა როდი მინდა, ფსიქონევროპათები სხვა, ნორმალურად განვითარებული ადამიანებისგან მკვეთრად განსხვავდებიან და აბსოლუტურად ახალსა და მხოლოდ მათთვის დამახასიათებელ თვისებებს ამჟღავნებენ-მეთქი. უფრო სარწმუნოა, და ეს ნორმალურ ბავშვებზე შემთხვევითი დაკვირვებითაც დასტურდება, რომ მშობლების მიმართ თავიანთი გადამეტებული სიყვარულით თუ მტრული დამოკიდებულებით ნევრასთენიკები უფრო აშკარად გვიჩვენებენ იმას, რაც ბავშვების უმრავლესობის სულში ნაკლებ მკაფიოდ და ნაკლებ ინტენსიურად ხდება. ძველმა სამყარომ დაგვიტოვა ამ მოსაზრების დამადასტურებელი ერთი მითი, რომლის ამაღელვებელი ძალა და საყოველთაო ზემოქმედება მხოლოდ ბავშვების ფსიქოლოგიის აღნიშნული წანამძღვრების საყოველთაო გავრცელებით თუ აიხსნება.
მხედველობაში მაქვს მითი ოიდიპოს მეფეზე და სოფოკლეს ამავე სახელწოდების დრამა. ოიდიპოსი, თებეს მეფის ლაიოსისა და დედოფალ იოკასტეს ძე, დაბადებიდანვე სასიკვდილოდაა განწირული, რადგან ორაკულმა მამამისს ამცნო, შენი ჯერ კიდევ არშობილი ძე შენივე მკვლელი გახდებაო. მიუხედავად ამისა, ოიდიპოსი სიკვდილს გადაურჩება და სხვა მეფის კარზე უფლისწულივით იზრდება, სანამ თავისი წარმომავლობა არ დააეჭვებს და თავად არ მიმართავს ორაკულს; მისგანვე ღებულობს რჩევას, სამშობლოდან უნდა გადაიხვეწო, თორემ მამის მკვლელი და საკუთარი დედის ქმარი შეიქნებიო. თავისი ცრუ სამშობლოდან წამოსული ოიდიპოსი გზად გადაეყრება მეფე ლაიოსს და მოულოდნელად ატეხილ ჩხუბში ჰკლავს მას. შემდეგ მოადგება თებეს, აქ გზა ჩაუხერგავს სფინქსს, ოდიპოსი გამოიცნობს სფინქსის შემოთავაზებულ გამოცანებს, თებელები მადლობის ნიშნად მეფედ ირჩევენ და იოკასტეს ხელსაც უბოძებენ. საკმაოდ დიდხანს გასტანს მისი მშვიდობიანი და ღირსეული მეფობა, თავის უცნობ დედასთან ორი ძე და ორი ასულიც შეეძინება, ასე გრძელდება მშვიდობიანობის ხანა, სანამ ქვეყანაში შავი ჭირი არ იფეთქებს და, თებელები იძულებულნი არ შეიქმნებიან ორაკულს დაეკითხონ. აი, ამ მომენტიდან იწყება, სოფოკლეს ტრაგედია. მაცნეებს მოაქვთ ამბავი, ჭირი მხოლოდ მაშინ ჩაცხრება, როცა ქვეყნიდან ლაიოსის მკვლელს გააძევებენო. მაგრამ სადაა ლაიოსის მკვლელი?
„სად უნდა ვეძიოთ იგი,
ძველი დანაშაულის ძნელსაცნობი, შავბნელი კვალი?“
(სტრ. 108…)
აქედან მოყოლებული, პიესაში მხოლოდ ის ხდება, რომ ფსიქოანალიზის მსგავსად ნაბიჯ-ნაბიჯ იძაბება და დიდი ოსტატობით ჭიანურდება მხილების პროცესი. ნელ-ნელა ირკვევა, რომ თვით ოიდიპოსი ყოფილა ლაიოსის მკვლელი და ისიც, რომ იგი მოკლულისა და იოკასტეს ძეა. უნებურად ჩადენილი საზარელი დანაშაულისაგან შეძრწუნებული ოიდიპოსი თვალებს დაითხრის და სამშობლოდან გადაიხვეწება. ორაკულის წინასწარმეტყველება ახდა.
„ოიდიპოს მეფე“ ეგრეთ წოდებული ბედისწერის ტრაგედიაა. მისი ტრაგიკული ზემოქმედება ემყარება წინააღმდეგობას ღმერთების ძლევამოსილ ნებასა და უბედურებადანათლული ადამიანის ამაო გაძალიანებას შორის. ამ ტრაგედიიდან ღმერთების ნებისადმი მორჩილება უნდა ისწავლოს და საკუთარი უძლურება შეიგნოს შეძრწუნებულმა მაყურებელმა. აქედან გამომდინარე, თანამედროვე პოეტებმაც სცადეს გამოეწვიათ მსგავსი ტრაგიკული ზემოქმედება და თავიანთ გამონაგონ სიუჟეტში ჩააწნეს იგივე წინააღმდეგობა, მაგრამ მაყურებელი აუღელვებლად შესცქეროდა, როგორ ამაოდ უძალიანდებოდნენ უდანაშაულო ადამიანები ბედისწერას, წყევლა თუ ორაკულის წინასწარმეტყველება მაინც სრულდებოდა, ერთი სიტყვით, გვიანდელი ეპოქის ბედისწერის ტრაგედიები შთაბეჭდილებას ვეღარ ახდენდნენ მაყურებელზე.
რაკი „ოიდიპოს მეფე“ არანაკლებ აძრწუნებს თანამედროვე მაყურებელს, ვიდრე მის თანამედროვე ბერძნებს აძრწუნებდა, ეტყობა, ბერძნული ტრაგედიის ზემოქმედების ძალა იმალება არა ბედისწერასა და ადამიანის ნებას შორის გაჩენილ წინააღმდეგობაში, არამედ იმ მასალის უჩვეულობაში, რის საფუძველზეც ეს წინააღმდეგობა ხორციელდება. ალბათ, ჩვენში არსებობს რაღაც შინაგანი ხმა, რომელიც მზადაა „ოიდიპოსში“ აღიაროს ბედისწერის წარმმართველი ძალა, მაშინ როცა ფრანც გრილპარცერის „მკითხავსა“ და ბედისწერის სხვა ტრაგედიებში ასახულ ძალადობას შემთხვევითობად მივიჩნევთ. დიახ, ასეთ მომენტს მართლაც შეიცავს ოიდიპოს მეფის ისტორია. მისი ბედი მხოლოდ იმიტომ გვაღელვებს, რომ იგი ჩვენც შეიძლებოდა გვრგებოდა წილად, რადგან ორაკულს ჩვენც მასავით დაწყევლილი ვყავართ ჯერ კიდევ დაბადებამდე. როგორც ჩანს, ყოველ ჩვენგანს უწერია, პირველი სექსუალური ლტოლვა დედის მიმართ გაუჩნდეს.
ამაში ჩვენივე სიზმრები გვარწმუნებენ. ისტორია ოიდიპოს მეფისა, რომელმაც თავისი მამა ლაიოსი მოკლა და დედა იოკასტე ცოლად შეირთო, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ბავშვობის ნატვრის აღსრულებაა. ოღონდ ჩვენ მასთან შედარებით ბედმა გაგვიღიმა, რაკი ფსიქონევრასთენიკები არ გავმხდარვართ, ჩვენი სექსუალური გრძნობები ისე ავარიდეთ ჩვენსავე დედებს და მამების მიმართაც დავივიწყეთ ეჭვიანობა. და აი, იმ პიროვნების შემხედვარეთ, რომლის მაგალითზეც ძველთაძველი ბავშვობის ნატვრა შეგვისრულდა, ძრწოლა გვიპყრობს და ისეთივე ძალით ვაწყდებით უკან, რა ძალითაც ეწამებოდა იმ ძველთაძველი ბავშვობის დროიდან ჩვენს სულში აღმოცენებული სურვილები. პოეტი ამ ნაწარმოებში ამხელს ოიდიპოსის დანაშაულს და ამით ჩვენც გვაიძულებს ჩავიხედოთ საკუთარ სულში, სადაც ის იმპულსები, მართალია დათრგუნულია, მაგრამ ჯერ კიდევ ბოგინობენ. აი, რა წინააღმდეგობრივი სიტყვებით გვშორდება ქორო:
„შეხეთ, ეს არის ოიდიპოსი,
ვინც ძნელი გამოცანების გამოცნობა შესძლო,
ვისაც ხელთ ეპყრა ძალაუფლება,
ვის ბედსაც ხოტბას ასხამდნენ და
შურით შესცქეროდნენ თანამოქალაქენი;
შეხეთ, უბედურების რა საზარელ ზვირთებში
შთაინთქა იგი…“ (სტრ. 1524).
ეს გაფრთხილება ჩვენც გვკენწლავს და ჩვენს თავმოყვარეობასაც, ვისაც ბავშვობის შემდეგ ასე დაბრძენებული და ძლიერი გვგონია თავი. ჩვენც, ოიდიპოსისა არ იყოს, ისე ვცხოვრობთ, რომ წარმოდგენა არ გვაქვს, ბუნებამ თავს რომ მოგვახვია ჩვენივე ზნეობის შეურაცხმყოფელი სურვილები და მათი გამოაშკარავების შემდეგ ვცდილობთ თვალი ავარიდოთ ბავშვობაში წარმოდგენილ სურათებს.
ოიდიპოსის მითი რომ იმ უძველესი სიზმრის საფუძველზეა აღმოცენებული, რომელსაც საფუძვლად უდევს პირველი სექსუალური გრძნობების გაჩენის გამო მშობლებთან დამოკიდებულების შეცვლა, ამის დასტურად სოფოკლეს ტრაგედიის ტექსტში მოცემული არცთუ ორაზროვანი მინიშნება გამოგვადგება. ოიდიპოსი ჯერ კიდევ ვერ გარკვეულა, რა ამბავია მის თავს, მაგრამ უკვე შეწუხებული კი არის ორაკულის წინასწარმეტყველების გახსენებით. იოკასტე ცდილობს დაამშვიდოს იგი და სიზმარზე ჩამოუგდებს სიტყვას, ბევრს ესიზმრება საკუთარი თავი დედასთან მწოლიარე, ოღონდ ვინც ამას არავითარ მნიშვნელობას არ მიანიჭებს, იმას ცხოვრების ტვირთი არ ემძიმებაო.
განა ჩვენს დროშიც არ ესიზმრება ბევრს, თითქოს დედასთან დაეჭიროს სექსუალური კავშირი და აღშფოთებითა და გაოცებით ჰყვება ხოლმე ასეთ სიზმრებს. ადვილი მისახვედრია, რომ ეს სიზმარია ხსენებული ტრაგედიის გასაღებიც და იმ სიზმრის გაგრძელებაც, მამის სიკვდილს რომ ხედავს ძილში ადამიანი. „ოიდიპოსის“ სიუჟეტი ადამიანის ფანტაზიის რეაქციაა ამ ორ ტიპიურ სიზმარზე, ჰოდა, რაკი მოზრდილ ადამიანებს დასაგმობად მიაჩნიათ ასეთი სიზმრები, ამ მითმაც თავისი შინაარსით გაზვიადებულად უნდა აღძრას შიში და საკუთარი თავის დასჯის სურვილი. მითის გვიანდელი ხორცშესხმის ცდები ისევ და ისევ მასალის მეორად, მცდარ დამუშავებას ემყარება, ავტორები ცდილობენ იგი თეოლოგიური მიზნების სამსახურში ჩააყენონ. (..) ღმერთის ყოვლისშემძლეობის ადამიანურ პასუხისმგებლობასთან შერწყმის ყოველი ცდა, ამ მასალაზე იქნება იგი თუ სხვა მასალაზე აგებული, ბუნებრივია, დასამარცხებლადაა განწირული.
ამავე ნიადაგზეა აღმოცენებული მეორე დიდი ტრაგიკული პოეტური ქმნილება _ შექსპირის „ჰამლეტი“, მაგრამ ერთი და იმავე მასალისადმი განსხვავებულ მიდგომაში თვალსაჩინო ხდება ორი ერთმანეთისგან დიდად დაშორებული კულტურული ეპოქის სულიერ ცხოვრებაში არსებული განსხვავებანი, კერძოდ, აქ იგრძნობდა შეზღუდვისაკენ სწრაფვა. „ოიდიპოსში“ ბავშვის ნატვრა, როგორც სიზმარში ხდება, ზუსტად ისეა დღის სინათლეზე გამოტანილი და ხორცშესხმული, „ჰამლეტში“ კი იგი დათრგუნულია, და ნევროზისა არ იყოს, მის არსებობას მხოლოდ მისი დათრგუნვით გამოწვეული შდეგებით ვგებულობთ. „ოიდიპოსთან“ შედარებით უფრო თანამედროვე დრამა ასეთ უზარმაზარ შთაბეჭდილებას რომ ახდენს, ამან ჩვენდა გასაოცრად გვიჩვენა, რომ თურმე შიძლება გმირის ხასიათი არ გაიხსნას და სავსებით ბუნდოვანი დარჩეს. პიესა აგებულია ჰამლეტის ორჭოფობაზე _ აღასრულოს თუ არა მასზე დაკისრებული შურისძიება, ხოლო ამ ორჭოფობას რა მიზეზები ან რა მოტივები ასაზრდოვებს, ამას ტექსტი არ გვიმხელს. მრავალფეროვანი ახსნა-განმარტებანიც ვერაფერს გვეუბნება ამის თაობაზე. დღეს ჯერ კიდევ ბატონობს ჰამლეტის გოეთესეული გაგება, თითქოს ჰამლეტი იყოს ადამიანის ტიპი, რომელსაც აზროვნების გადამეტებული განვითარების გამო დადამბლავებული აქვს სამოქმედო ენერგია. სხვათა შეხედულებისამებრ კი პოეტმა სცადა დაეხატა ავადმყოფური, მერყევი, ლამის ნევრასთენიის სფეროში გადავარდნილი ხასიათი, თუმცა პიესის სიუჟეტიც კმარა იმის დასტურად, რომ ჰამლეტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიჩნიოთ მოქმედების უნარს მოკლებულ პიროვნებად. ჩვენ მას ორჯერ ვხედავთ მოქმედებაში, ერთხელ, გაფიცხებული როგორ განგმირავს ფარდის უკან მოყურადებულ კაცს, ხოლო მეორეჯერ წინასწარგამიზნულად, ვერაგულადაც კი იქცევა, როცა აღორძინების ეპოქის პრინციპისათვის ჩვეული უდარდელობით ორ კარისკაცს მისთვის გამზადებული სიკვდილის შესახვედრად ისტუმრებს. მაშ, რაღა უშლის ხელს იმ დავალების აღსრულებაში, მამის აჩრდილი რომ უყენებს? აქ კვლავ თავს შეგვახსენებს ის აზრი, რომ ამ დავალების უჩვეულო ბუნებაში იმალება.
ჰამლეტი ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ იმ კაცზე ვერ იძიებს შურს, ვინც მისი მამა გზიდან ჩამოიცილა და დედამისი სარეცელი გაიზიარა. იგი შურს ვერ იძიებს კაცზე, ვინც მის ბავშვობისდროინდელ, გულჩაკლულ ნატვრას შეასხა ხორცი. ზიზღის მაგიერ, რომელსაც შურისძიებისაკენ უნდა ებიძგებინა, ჰამლეტს სულ სხვა გრძნობები უჩნდება და ხელ-ფეხს უბორკავს, იგი საკუთარ თავს კიცხავს და სინდისი ქენჯნას განიცდის, გრძნობს, რომ თვითონ იმ დასასჯელ ცოდვილზე უკეთესი არაფრით არაა. ერთი სიტყვით, მე ცნობიერების სფეროში გადმომაქვს ის, რაც გმირის სულში შეუცნობლად ტრიალებს; თუკი ვინმე ჰამლეტს ისტერიით შეპყრობილს უწოდებს, ეს მხოლოდ ჩემი შეხედულებიდან გამომდინარე შეფასებად შემიძლია მივიჩნიო. ამ აზრს მშვენივრად მიდასტურებს ის სექსუალური გულგრილობა, რამაც მომდევნო წლებში სულ უფრო და უფრო ღრმად მოიკიდა ფეხი მწერლის სულში, სანამ კულმინაციურ წერტილს არ მიაღწია მის „ტიმონ ათენელში“. ცხადია, „ჰამლეტში“ მხოლოდ მწერლის საკუთარი სულიერი ცხოვრება შეიძლებოდა ასახულიყო, დავიმოწმებ შენიშვნას გეორგ ბრანდესის წიგნიდან „შექსპირი (1886), სადაც ნათქვამია, რომ ეს დრამა შექსპირმა მამის სიკვდილის შემდეგ შექმნა (მამამისი გარდაიცვალა 1601). მაშასადამე, მამის სიკვდილით გამოწვეული მწუხარება ჯერ კიდევ ახალია, ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამან გამოუცოცხლა მწერალს მამის მიმართ ბავშვობისდროინდელი გრძნობები და უშუალო შთაბეჭდილებების საფუძველზე შექმნა ეს ნაწარმოები. ისიც ცნობილია, რომ შექსპირის უდროოდ გარდაცვლილ ვაჟს ჰამნეტი (ანუ ჰამლეტი) ერქვა. თუკი „ჰამლეტი“ მშობლებთან ვაჟიშვილის დამოკიდებულებას ემყარება, ქრონოლოგიურად მასთან ახლოს მდგომი „მაკბეტი“ უშვილობის თემაზეა აგებული. სხვათა შორის, ისევე როგორც მოეძებნება ახსნა ყოველ ნევრასთენიულ სიმპტომსა და თვით სიზმარსაც და ამან შეიძლება მის ღრმა გაგებას შეუწყოს ხელი, ასევე შესაძლებელია ჭეშმარიტი მხატვრული ქმნილება მწერლის სულში არსებული არა ერთი და ორი მოტივიდან და განცდიდან მომდინარეობდეს. მე აქ მხოლოდ იმ გრძნობების ახსნას შევეცადე, შემოქმედის სულის ყველაზე ღრმა ფენებში ბუდობს.
გერმანულიდან თარგმნა
მაია ფანჯიკიძემ