ალკოჰოლიკის შვილობა, როგორც სინდრომი

0
3130

სადღაც სამოცდაათიანი წლების ბოლოს ფსიქოლოგებმა ახალი ტერმინი შექმნეს – ,,ალკოჰოლიკი მშობლების ზრდასრული შვილები” (ACA – Adult Children of Alcoholics). ესენი არიან ადამიანები, რომლებიც გაიზარდნენ ოჯახებში, სადაც მინიმუმ ერთი მშობელი ალკოჰოლიკი იყო. კვლევები აჩვენებდა, რომ ბავშვებს ასეთი ოჯახებიდან, მიუხედავად იმისა, რომ, ერთი შეხედვით, საზოგადოების ნორმალურ წევრებად ყალიბდებიან, ძალიან ხშირად ზრდასრულ ასაკშიც კი ეტყობათ სახლში არსებულ არაჯანსაღ გარემოში გატარებული წლების კვალი და მთელი ცხოვრება უჭირთ სულიერი სიმშვიდის მოპოვება და პირადი თუ საზოგადოებრივი ცხოვრების მოწესრიგება. 

მსგავსი ტრავმული წარსული უამრავი პიროვნული თუ სოციალური პრობლემების წარმოშობის მიზეზი შეიძლება გახდეს: ნეგატიური, ან გახლეჩილი ,,მეს“ ჩამოყალიბება,  ინფანტილურობა, საკუთარი მოთხოვნილებების უარყოფა, დეპრესიულობა, აგრესიულობა, უნდობლობა, ამბივალენტური გრძნობები,  ურთიერთობის დესტრუქციული მოდელების ჩამოყალიბება და ა.შ.

,,ვფიქრობ, ალკოჰოლური სასმელების ბოთლებზე დაკრული იარლიყები ძალიან უღიმღამოა. ის უფრო მყვირალა უნდა იყოს. შემიძლია შემდეგი შემოგთავაზოთ: ,,ალკოჰოლი გაქცევს ისეთივე ნაძირალად, როგორიც მამაშენი იყო” –
ჯორჯ კარლინი, ალკოჰოლიკი მშობლის ზრდასრული შვილი

მათი ძალიან ცოტას ესმის. ,,რაც მოხდა მოხდა, თავი ხელში უნდა აიყვანო და ცხოვრება განაგრძო“, –  არ შველით. ამას ყველაზე ხშირად თავად ეუბნებიან საკუთარ თავს, მაგრამ რატომღაც უცებ, ისე რომ თავადაც ვერ გაიგეს როგორ, კიდევ ერთხელ აღმოჩნდებიან ხოლმე საკუთარი ბავშვობის სცენარში.

არ არის გამორიცხული ადრეულ ასაკშივე,  თავადაც ალკოჰოლიკი გახდეს. არა იმიტომ რომ ალკოჰოლიზმი მემკვიდრეობითია, არამედ იმიტომ რომ  ფსიქოლოგიურ დონეზე მაინც გადაეცემა ბავშვს ,,ალკოჰოლური ქცევის“ მოდელი. მათ დამოკიდებული ადამიანის ფსიქიკა აქვთ. როდესაც ვინმეთი, ან რამეთი შეპყრობილნი ხდებიან, ქრება ყველა სხვა ალტერნატივა და დრო-სივრცული განზომილება. თითქოს ტრანსში ვარდებიან, ვერ გრძნობენ ზომას და ყველაფერი ავიწყდებათ ამჟამინდელი აკვიატების გარდა. ასე ხდებიან გეიმერები, ვორკაჰოლიკები, შოპაჰოლიკები, სექსოჰოლიკები, ნარკომანები, საკვებზე დამოკიდებულები…

,,ერთად ვსვამდით და ერთად ვეწეოდით.. ეს საშინელებაა. ეს არ არის ის, რაც შეესაბამება როლ მოდელობას. ახლა არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე ჯენლტმენივით. არ ვიცი როგორ უნდა დავლიო მხოლოდ ერთი ჭიქა” –
შაია ლე ბაფი,
ალკოჰოლიკი მშობლის ზრდასრული შვილი

ბავშვობის გამოცდილებიდან გამომდინარე,  თუნდაც აბსოლუტურად ფხიზელი ცხოვრებით ცხოვრობდეს, ყველაფრის თავისებური გაგება ექნება. მან არ იცის, რა არის, როგორი უნდა იყოს  ,,ნორმალური“ ოჯახი, ურთიერთობა, ადამიანი, ქცევა, როგორი უნდა იყოს თვითონ, რამდენი უნდა აპატიოს ადამიანს, რისი უფლება მისცეს მას და საკუთარ თავს, სად იბრძოლოს და სად დათმოს,  რა იგრძნოს და როგორ მოიქცეს. მაგალითად, ვიღაცა შესაძლოა ფიქრობდეს, რომ ,,ნორმალური“ უბრალოდ არ არსებობს და გაექცეს ოჯახის შექმნას, პასუხისმგებლობებსა თუ საკუთარ თავს, ან კიდევ მიაჩნდეს, რომ ყველაფერი, რაც მის ოჯახში ხდებოდა ნორმაა, ყველაფერში თვითონაა დამნაშავე და უპირობოდ იღებდეს ყოველგვარ მოცემულობას – არაჯანსაღ ურთიერთობებს, დამოკიდებულებებს, სულიერ მდგომარეობას…  გამუდმებით ცდილობდეს წარსულში დაბრუნებას და მშობლების გადარჩენას იმ სცენარის გამეორებით, რომლითაც აღიზარდა, რადგან ეს ერთადერთი თამაშია, რომლის წესებიც იცის.

ამიტომ, თავის ხელში აყვანა მხოლოდ მაშინაა ჯანსაღი, როცა საკუთარ ხელებს გრძნობ, საკუთარ თავს იცნობ და იცი, როგორ განაგრძო. აი, ალკოჰოლიკების შვილებს კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,  ძალიან სპეციფიკური წარმოდგენა აქვთ ამ სამყაროზე და ხშირად ცხოვრება ძალიან სხვანაირად ესმით.

საქმე ისაა, რომ ნებისმიერ დისფუნქციურ ოჯახში მცხოვრებ ბავშვს, რადგან წართმეული აქვს ჯანსაღი განვითარებისთვის აუცილებელი გარემო, თვითგადარჩენისთვის უწევს გარკვეული ეგზისტენციალური თვისებების გამომუშავება, რომელიც მთლიანად განსაზღვრავს მათი პიროვნული განვითარების პროცესს და შესაბამისად, ცხოვრებასაც.

ცხოვრება დინოზავრთან

ჯანეტ ვოიტიცი, ალკოჰოლიკის ბავშვებზე დაწერილი წიგნის ავტორი, ალკოჰოლიკის ოჯახში ყოლას დინოზავრის ოთახში ყოლას ადარებს. მის ნებისმიერ განძრევაზე ირყევა სახლი და ბინადრები მთელი ძალით ცდილობენ ამოავსონ ბზარები და გაამყარონ კედლები. შიგნით ცხოვრება შეუძლებელია, მაგრამ არც წასასვლელია სადმე. სულ ფხიზლად უნდა იყო რომ შემთხვევით კუდი არ მოგხვდეს, ან თათი არ დაგაბიჯოს.

ხშირად ისეც ხდება, რომ ეს დინოზავრი ერთგვარი ტაბუ,  საიდუმლოა. საიდუმლოა არა მეზობლებისთვის, არამედ თვითონ ოჯახის წევრებისთვის, რადგან:

  1. თავად ალკოჰოლიკი უარყოფს რომ დამოკიდებულია (,,სულ შეუძლია დაანებოს“),
  2. მისი პარტნიორიც არ აღიარებს პრობლემას (,,გამოსწორდება“), ცდილობს ,,მოარჩინოს“, გადაარჩინოს (რაც მას თანადამოკიდებულად აქცევს) და ქმნის ,,ნორმალური ოჯახის“ ფასადს,
  3. ბავშვი ვალდებულია თავი შეიკავოს საკუთარი გრძნობების გამოხატვისგან და არავის მოუყვეს იმაზე, რაც ოჯახში აშინებს. თუკი ილაპარაკებს იქნება მშობლების მოღალატე, ოჯახის საიდუმლოების გამცემი და დაკარგავს სიყვარულს.

გადის დრო, ბავშვი იზრდება, შესაძლოა გამოეყოს მშობლებს, გაწყვიტოს მათთან კავშირი, თუმცა დინოზავრს უკვე მის ფსიქიკაში აქვს დაბუდებული და საკუთარ თავში ფეხაკრეფით სიარული, საკუთარი თავის ნგრევა და გამუდმებით ხელახლა შენება ან შეკეთება უწევს.

როგორია დინოზავრთან ცხოვრება?  არ გაქვს უფლება სახლში მოიყვანო თანატოლები, რადგან არავინ უნდა ნახოს მთვრალი მამა/დედა და გაიგოს  ,,საიდუმლო“, შესაძლოა ვერ მოამზადო დავალება, ვერ წახვიდე ზეიმზე, წვეულებაზე, რადგან სახლში რიგითი ,,სპექტაკლი“ იმართება და ,,ამის დრო არ არის“, თანაც არ გაქვს უფლება გაბრაზდე, ყველაფერი უნდა აპატიო და გიყვარდეს, მიუხედავად იმისა, რომ გტკენს. თუ ბრაზობ,  ცუდი ხარ. თუ წყენას გამოხატავ, უარესი ხდება.  შენი ნებისმიერი პრობლემა უმნიშვნელოა დინოზავრის მასშტაბებთან შედარებით და უნდა გაჩუმდე, შენთვის უნდა შეინახო (,,როგორ არ გრცხვენია“).

მშობლებს შენთვის არ სცხელათ.  თუ ორივე ალკოჰოლიკია, ლოთობით იქნებიან გართულები, ხოლო თუ ერთ-ერთი, მაშინ ერთი ლოთობით, მეორე კი – მისი გადარჩენით. მათ თავიანთი თამაში აქვთ, რომელშიც ბავშვი მხოლოდ მანიპულირების იარაღი შეიძლება იყოს. შენ ნაადრევად გიწევს გაზრდა, ისეთი რამეების კეთება, რისთვისაც მზად არ ხარ. გიწევს მშობლობლობა გაუწიო საკუთარ მშობელს, ან  დაუთმო ის ყურადღება და მზრუნველობა, რომელიც მეორე მშობლისგან გეკუთვნის. მნიშვნელოვანი ხარ მაშინ, როდესაც საჭირო ხარ, ყურადღებას გაქცევენ მაშინ, როდესაც სხვას არ სჭირდება, სხვა შემთხვევაში, მხოლოდ პრობლემებს ქმნი. შენ შენი ინტერესები გვერდზე უნდა გადადო. კომპრომისზე უნდა წახვიდე, თორემ საშინელება მოხდება.

,,წესიერად მოიქეცი, თორემ ისევ დალევს“, ,,დანებებული მქონდა, მაგრამ ისე გამომიყვანე წყობიდან, მაიძულე დამელია“ …. – დამოკიდებულებების მქონე ადამიანის ოჯახში ურთიერთობები ეწყობა გამოყენებისა და მანიპულირების პრინციპზე და ყველაფერს ლაიტმოტივად გასდევს სირცხვილი და დანაშაულის გრძნობა.

დაწესებულია ორმაგი სტანდარტები. მოითხოვენ, რომ სიმართლე თქვა და თუ იტყვი მოგხვდება. ერთი და იგივე ქმედებისთვის, ხან ჯილდოს იღებ, ხან სასჯელს, ხანაც საერთოდ იგნორს. გპირდებიან, რომ ყოველთვის შენ გვერდით იქნებიან, მაგრამ როცა დახმარებას ითხოვ, შენთვის არ სცალიათ. არასოდეს იცი, რა იქნება ხვალ. შეკითხვაზე ხშირად გპასუხობენ ,,ვნახოთ“, შევხედოთ“, ,,გააჩნია, რა სიტუაცია იქნება“ და ხშირად გამოგიცდია შეუსრულებელი პირობით გამოწვეული იმედგაცრუებაც.  მომავალი არაპროგნოზირებადია. მიზეზ-შედეგობრიობის ჯაჭვი დარღვეულია. შენ არ იცი, რას უნდა ელოდო, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია ალკოჰოლიკი ადამიანის გუნება-განწყობაზე და მდომარეობაზე. არავითარი ლოგიკა სასჯელსა და ჯილდოში არაა. გამუდმებით ცდილობ გამოიცნო როგორი უნდა იყო და როგორ მოიქცე შესაბამისად. სწავლობ სხვების თვალებში წაიკითხო  და  დაასკვნა, კარგი ხარ თუ ცუდი.

,,ხშირად მიფიქრია, რომ რამაც მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა ჩემს ზრდასრულ ცხოვრებაზე, იყო ალკოჰოლიკთან ერთ ჭერქვეშ მცხოვრები ბავშვის ყოველდღიურობა, რომელმაც გაღვიძებისას არ იცოდა, რა შეიძლება მომხდარიყო.. არ იცოდა როგორ ჩაივლიდა მისი დღე, რადგან ეს ყველაფერი დამოკიდებული იყო ვიღაც სხვაზე და იმაზე, დალევდა თუ არა ის..”
შარლიზ ტერონი,
ალკოჰოლიკი მშობლის ზრდასრული შვილი

აზშ სინდრომის მქონე ადამიანი გარეგნულად აბსოლუტურად ჯანსაღად შეიძლება გამოიყურებოდეს, რადგან მიეჩვია პრობლემების ,,გარეთ არ გატანას“, მაგრამ მისი შინაგანი სამყარო სავსეა ტკივილით. ისინი ბავშვობიდანვე მიეჩვივნენ დარჩენას იქ, სადაც მათი დარჩენა არ იყო მიზანშეწონილი, ატანას იმის, რაც აუტანელია, შერცხვენას მაშინ, როდესაც თვითონ არაფერ შუაშია და საკუთარი თავის დადანაშაულებას ყველაფერ იმაში, რაც მისი ბრალი არ იყო. ეს პატერნი ზრდასრულობაშიც რჩება..

იგი ცხოვრობს განცდით, რომ  ისეთი არ არის, როგორიც სხვებია. მარტოსულია. აუთსაიდერი.  აქვს საიდუმლო, რომელსაც თუ გაამხელს მიუღებელი იქნება. იძულებული ხდება მოირგოს ნიღაბი და არ შეიმჩნიოს რა აწუხებს.  ეჩვენება, რომ ვერავინ გაუგებს. აქედან გამომდინარე, ის ადამიანებისგან გაუცხოებული ხდება და უჭირს სიახლოვე, ინტიმური ურთიერთობების აწყობა.

აქვს ეგზისტენციალური დანაშაულის გრძნობა.  ყველაფერში ყოველთვის თვითონაა დამნაშავე, მაშინაც კი როცა ვიღაც ცუდადაა. ის ვერ იდგა მოწოდების სიმაღლეზე, ვერ დაუდგა გვერდში შესაბამისად, მან ვერ გააბედნიერა ვერაფრით, მან ვერ მისცა რაღაც და ამიტომ აქვს ვიღაცას პრობლემები, ან ამიტომ მიატოვეს, ან ამიტომ მიაყენეს შეურაცხყოფა, ან ამიტომ იხოცებიან ბავშვები აფრიკაში… შესაძლოა ვიღაც იმიტომ მოკვდა, რომ ეს არის ეგოისტი და თავისი თირკმელი არ დაუთმო… იმხელა პასუხისმგებლობას გრძნობს ახლობლების (და ხშირად სამყაროს) ბედზე, რომ ჰგონია მის გარეშე ცა ჩამოიქცევა. აქედან გამომდინარე, ხშირად ხდება მანიპულატორებისა და შანტაჟისტების მსხვერპლი.

უყვარს უპირობოდ. ანუ უყვარს მიუხედავად ყველაფრისა. ჯანსაღი აზრის მიუხედავადაც კი. ერთგული რჩება მაშინაც კი, როცა ამას არ იმსახურებენ – კარიერასა თუ პირად ცხოვრებაში  – არ აფასებენ, არ სცემენ პატივს, კაპიკებს უხდიან, სცემენ, მაგრამ თუ არ აგდებენ, ესე იგი ატანა შეუძლია. 

ხშირად იტყუება, თუკი სიმართლის თქმა ვინმეს ნეგატიურ გრძნობებს გამოიწვევს და ამ გზით თავიდან ირიდებს კონფლიქტს. თანაც, წარმოდგენა არ აქვს, რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს ნეგატიური გრძნობები. მუდმივად სჭირდება სხვებისგან იმის დადასტურება, რომ ყველაფერს სწორად აკეთებს და მაინც არაფერში დარწმუნებული არ არის.   უჭირს საკუთარი თავის სწორად შეფასება და მთლიანად დამოკიდებულია გარშემომყოფების რეაქციაზე. გამუდმებით დაეძებს აღიარებას, მტკივნეულად რეაგირებს კრიტიკაზე და ცდილობს გაამართლოს სხვების იმედები და მოლოდინები.

არ აქვს სამოქმედო გეგმა. გაურკვეველია, რა შედეგი შეიძლება მოყვეს მის ქმედებას, გამუდმებით შფოთავს, არ არის დარწმუნებული საკუთარ თავში  და ამიტომ ხშირად იმპულსურად, გამართლებაზე მოქმედებს. მიუხედავად ამისა, მიღებული შედეგებისთვის აუცილებლად საკუთარი თავისგან ითხოვს პასუხს, როცა არ უმართლებს, ერთვება დანაშაულის გრძნობა და თვითგვემაში ვარდება, იმის გამო რომ დაკარგა კონტროლი სიტუაციაზე, საკუთარ თავსა და ცხოვრებაზე.

არ შეუძლია მოდუნება და ცხოვრებით სიამოვნების მიღება. არის სრულიად შეუბრალებელი კრიტიკასა და თვითკრიტიკაში.  პატარა წარუმატებლობის გამო თავს ხელმოცარულად გრძნობს. რასაც არ უნდა აკეთებდეს, შეუბრალებლად განსჯის თავს და სულ აქვს შეგრძნება, რომ რაღაც მაინც ისე ვერ გააკეთა, როგორც საჭირო იყო, ან მოლოდინი, რომ ერთხელაც ,,ჩაფლავდება“.

ის უკმაყოფილოა საკუთარი მოსწრებითა და მიღწევებით. საკუთარ კომპეტენციასა თუ უნარებში დაეჭვებულმა შესაძლოა ხელიდან გაუშვას ისეთი შანსი, როგორიც ცხოვრებაში ერთხელ ეძლევა ადამიანს. მოკიდოს ხელი საქმეს და შუა გზაში მიატოვოს.

მისთვის პასუხისმგებლობა საშინელი სტრესია, რადგან საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმსაც რომ აკეთებდნეს, ყველაფერი რომ კარგად მიდიოდეს, ბაზისური ნდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობის განცდა იმდენად აქვს შერყეული, მაინც ჰგონია რომ ვერ გაართმევს თავს.  

ეშინია შეჯიბრის, რადგან თავი შეუფერებლად მიაჩნია.  ეშინია დაწინაურებისაც, რადგან ვერ აღიქვამს საკუთარ ღირსებებსა და დამსახურებებს. ხშირად წარუმატებლობის შიში იმდენად დიდია წარმატების მიღწევის სურვილზე, რომ თვითდამაბრკოლებელ ქცევას მიმართავს და იმხელა სტრესს გრძნობს კარს მომდგარი წარმატებისას, რომ ყველაფერს აკეთებს მისგან ,,გასასხლტომად“. იტანჯება როგორც წარუმატებლობის, ისე წარმატების შემთხვევაში.

ეშინია სიყვარულის, სიახლოვის, რადგან საყვარელი და ახლობელი ადამიანებისგან ტკენას არის მიჩვეულები. არ გენდობა, არ სჯერა შენი სიტყვების.  დღეს ასეთი ხარ, მაგრამ ხვალ შესაძლოა სხვანაირი იყო და ამიტომ არჩევს ,,ჩემოდნებზე“ იჯდეს კართან ახლოს, ჭერზე თავის ჩამონგრევის საფრთხისთვის მუდმივ მზადყოფნაში. ან ყველაფერს თმობს, უარს ამბობს საკუთარ თავსა და ინტერესებზეც კი, ოღონდ პარტნიორის შენარჩუნება შეძლოს და მათი ნებისმიერი მოთხოვნა დააკმაყოფილოს, ან ცდილობს თავი დაიცვას მიღებული გამოცდილების გამეორებისგან და გაურბის სერიოზულ ურთიერთობებს, აწესებს ისეთ მაღალ სტანდარტებს რომ ვერავინ დააკმაყოფილებს და მუდმივად მზად არის თავი ბავშვობის სცენარში იგრძნოს და გასხლტეს.

,,ალკოჰოლიკის შვილები არ სწავლობენ გაზრდის პროცესში იმას, რასაც სწავლობენ ჩვეულებრივი ბავშვები. ისინი მშვენივრად ართმევენ თავს კრიზისულ სიტუაციებს, თუმცა არ იციან როგორ გაართვან თავი ყოველდღიურ ცხოვრებას”
ჯანეტ ვოიტიცი

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს კვლევებით დადასტურებული კონკრეტული ჩამონათვალი, რომელიც ალკოჰოლიკი მშობლების ზრდასრულ შვილებს გააერთიანებს და  DSM-V და ICD-10 კლასიფიკატორებში აზშ, როგორც პიროვნული დარღვევა, ან დაავადება აღნიშნული არ არის (დიაგნოზში როგორც წესი იწერება ,,რეაქცია მძიმე სტრესზე და ადაპტაციის დარღვევა“), ფსიქოლოგები გამოყოფენ ამ სინდრომის მქონეთა რამდენიმე ტიპს:  

1.            აუთსაიდერები – ისინი, როგორც წესი, ვერ აცნობიერებენ რომ წარსულში გადატანილს დღემდე ძლიერი გავლენა აქვთ მათზე. რაღაცნაირად უცხოდ გრძნობენ თავს და ძალიან დიდ თვითკონტროლს ავლენენ საზოგადოებაში. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ გარემოცვა უარყოფითად აფასებს.

2.            დეპრესიულები – პერიოდულად მიდიან სპეციალისტთან დეპრესიის სამკურნალოდ, მაგრამ მალევე წყვეტენ თერაპიას, რადგან ეშინიათ უკვე კომფორტის ზონად ქცეული დასწავლილი უმწეობისა და ნეგატიური განწყობიდან გასვლის. ცვლიან წამლებს, რომლებიც ვერ უმსუბუქებენ მდგომარეობას, რადგან ბავშვობის ტრავმების განკურნება ტაბლეტებით შეუძლებელია.

3.            ცხოვრებაზე განაწყენებულნი – აცნობიერებენ, რომ ბავშვობაში ძალიან დაასახიჩრეს. განიცდიან ბრაზს, წყენას, ტკივილს და ხშირად სიძულვილს რომელიმე, ან ორივე მშობლის მიმართ. თავს გრძნობენ მსხვერპლად და მთელ სამყაროს საკუთარი წყენის პრიზმაში აღიქვამენ.

4.            ადიქტურები – რომლებიც ვერ უძლებენ წნეხს და გასამკლავებლად ხდებიან თავადაც ალკოჰოლზე, ან რამე ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებული. ისინი ხშირად ხდებიან ოჯახური ტრადიციების გამგრძელებლები და პირდაპირ აკოპირებენ მშობლების სცენარს.

5.            მესიანიზმის სინდრომით შეპყრობილები – ბავშვები, რომლებიც მიეჩვივნენ მშობლებზე ზრუნვას, ცდილობდნენ მათ გადარჩენას და ახლა ეძებენ ისეთ პარტნიორებს, რომლებსაც თავს მიუძღვნიან, რომლებიც მასზე იქნებიან დამოკიდებულნი და ფაქტობრივად, თანადამოკიდებულნი ხდებიან.

6.            წარმატებულები – საპასუხისმგებლო და მაღალანაზღაურებად პოსტებზე მდგომი პროფესიონალები. სიამოვნებით იმუშავებენ როგორც მაღალი ხელფასის, ასევე მადლობის გამო. აიღებენ ნებისმიერ პასუხიმგებლობას, იმუშავებენ ნებისმიერი სტრესისა და დაძაბულობის პირობებში  და გადაჭრიან ურთულეს ამოცანებს. მათ არაფრის ეშინიათ. მიდიან რისკზე. გარშემომყოფებს აოცებენ კრიზისულ სიტუაციებში სიმშვიდის შენარჩუნების უნარით, რადგან სხვები ვერ იგებენ, რამდენად ეწინააღმდეგება ყველაფერი ის, რასაც ხედავენ იმას, რაც შიგნით ხდება.

7.            არასრულფასოვნების კომპლექსით – მათი გამორჩევა შეიძლება საკუთარ თავზე მდაბალი წარმოდგენებითა და ურთიერთობებში არაკომპეტენტურობით, რაც გამოწვეულია ბავშვობაში გაჩენილი ,,მე ცუდი ვარ“ ხატით,  პოზიტიური ურთიერთობების გამოცდილების არქონითა და ინტერპერსონალური ბაზისური უნარების (ეფექტური კომუნიკაცია, კონფლიქტების მართვა და ა.შ.) დეფიციტით.

ჩვენ – ალკოჰოლიკის შვილები

არსებობს ალკოჰოლიკი მშობლების ზრდასრული შვილების დახმარების მსოფლიო ორგანიზაცია (ACA WSO). მათ საიტზე განთავსებულია ალკოჰოლიკი მშობლების ზრდასრული შვილების პრობლემების განაცხადი, თვისებების ერთგვარი სია, ‘‘Laundry List’’-ი და მათი დამუშავების გზები. ეს ჩამონათვალი, მართალია, თავდაპირველად აზშ-სთვის შეიქმნა,  ახლა ნებისმიერი ტიპის დისფუნქციურ ოჯახში გაზრდილთათვის  გამოიყენება.

ალკოჰოლიკი მშობლების ზრდასრული შვილების პრობლემების განაცხადი

  1. ჩვენ გავხდით გაუცხოებულები და გვეშინია ავტორიტეტული ფიგურების.
  2. ჩვენ დავკარგეთ საკუთარი იდენტობა და ვცდილობთ სხვებისგან მივიღოთ მითითებები როგორ მოვიქცეთ.
  3. გვეშინია გაბრაზებული ადამიანების და კრიტიკის.
  4. ან ალკოჰოლიკები ვხდებით, ან ალკოჰოლიკზე ვქორწინდებით, ან ორივე, ან კიდევ  ვპოულობთ სხვა ტიპის კომპულსიურ პიროვნებას, როგორიცაა, მაგალითად, ვორკაჰოლიკი, რომ გავითამაშოთ ბავშვობაში დასწავლილი მიტოვების სცენარი.
  5. ჩვენ ვცხოვრობთ მსხვერპლის თვალთახედვით და გვიზიდავს სისუსტე პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებში.
  6. გვაქვს ზედმეტად განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა და ჩვენთვის უფრო მარტივია ვდარდობდეთ სხვაზე, ვიდრე საკუთარ თავზე. ეს საშუალებას გვაძლევს რომ საკუთარ პრობლემებსა და ნაკლოვანებებზე ბევრი არ ვიფიქროთ.
  7. თავს ვგრძნობთ დამნაშავედ, როდესაც ნაცვლად იმისა, რომ სხვას დავუთმოთ, თვითდამკვიდრებას ვცდილობთ და საკუთარი ინტერესებისთვის ვიბრძვით.
  8. დამოკიდებულები ვართ ადრენალინზე.
  9. ერთმანეთში გვერევა სიყვარული და სიბრალული და მიდრეკილი ვართ გვიყვარდეს ის, ვინც გვეცოდება და ვისი გადარჩენაც გვინდა.
  10. ჩვენ ღრმად დავმარხეთ ჩვენი ტრავმული ბავშვობიდან წამოსული გრძნობები და ამის შედეგად დავკარგეთ უნარი ვიგრძნოთ ან გამოვხატოთ რამე, რადგან ეს ძალიან მტკივნეული იყო (უარყოფა).
  11. ჩვენ ძალიან მკაცრად განვსჯით საკუთარ თავს და ძალიან დაბალი თვითშეფასება გვაქვს.
  12. ჩვენ ვართ დამოკიდებული პიროვნებები, რომლებსაც ეშინიათ მიტოვების და ყველაფერს გააკეთებენ ურთიერთობის შენარჩუნებისთვის, რომ ისევ არ გაიარონ ის ტკივილი, რომელსაც ვგრძნობდით იმ  ადამიანებთან ცხოვრებით, რომლებიც მუდმივად მიუწვდომლები იყვნენ ემოციურად და ხშირად ფიზიკურადაც.
  13. ალკოჰოლიზმი ოჯახური დაავადებაა, ჩვენ პარაალკოჰოლიკები ვართ და გვაქვს ალკოჰოლიკის თვისებები, თუნდაც არ ვლოთობდეთ.
  14. ჩვენ რეაქტორები ვართ და არა აქტორები.

პრობლემების განაცხადის მეორე მხარე

  1. თავს ვაღწევთ იზოლაციას და აღარ გვაქვს ადამიანების, მათ შორის ავტორიტეტების არარეალისტურური შიში.
  2. აღარ ვართ დამოკიდებული სხვებზე, რომ გავარკვიოთ ვინ ვართ.
  3. ავტომატურად აღარ გვეშინია გაბრაზებული ადამიანების და კრიტიკას არ ვიღებთ როგორც მუქარას და საფრთხეს.
  4. აღარ გვაქვს მიტოვების რეკრეაციის კომპულსიური მოთხოვნილება.
  5. აღარ ვცხოვრობთ მსხვერპლის მსოფლმხედველობით და აღარც ამ თვისების გამო აღარ გვიჩნდება მიზიდულობა.
  6. აღარ გვჭირდება არაფერი, რაც შესაძლებლობას მოგვცემს საკუთარი ნაკლოვანებები გადავფაროთ.
  7. არ ვგრძნობთ თავს დამნაშავედ, როდესაც ვცდილობთ თვითდამკვიდრებას და ვიცავთ საკუთარ ინტერესებს.
  8. თავიდან ვირიდებთ ემოციურ ინტოქსიკაციას და ვარჩევთ ურთიერთობაზე მუშაობას მუდმივი ნერვიულობის ნაცვლად.
  9. შეგვიძლია ერთმანეთისგან განვასხვავოთ სიყვარული და სიბრალული და არც გადარჩენის აქტი გვგონია სიყვარულის გამოხატულება.
  10. ჩვენ აღარ ვართ საკუთარი ტრავმული ბავშვობის უარყოფაში და ვიბრუნებთ უნარს ვიგრძნოთ და გამოვხატოთ ემოციები.
  11. ვწყვეტთ საკუთარი თავის კიცხვას, თვითგვემას და ვსწავლობთ საკუთარი თავის დაფასებას.
  12.   ჩვენ ვხდებით დამოუკიდებლები და აღარ გვეშინია მიტოვების. ემოციურად მიუწვდომელ ადამიანებზე მიჯაჭვულობის ნაცვლად გვაქვს ჯანსაღი ადამიანთაშორისი ურთიერთობები.
  13. მოვახდინეთ ჩვენში ინტერნალიზებული ალკოჰოლიკისა და პარაალკოჰოლიკის თვისებების იდენტიფიცირება, გაცნობიერება და მისგან გავთავისუფლდით.
  14. ჩვენ აქტორები ვართ და არა რეაქტორები.

კიდევ სხვა პრობლემების განაცხადი

  1. ჩვენი შიშების დასაფარად და სხვებისგან თავის დასაცავად ვხდებით სწორედ ის ავტორიტეტული ფიგურები, რომლებიც აშინებს და არ აძლევს თვითგამოხატვის საშუალებას სხვებს.  
  2. იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ სხვა ადამიანებში ათქვეფა და საკუთარი იდენტობის დაკარგვა, ვხდებით რიგიდულად თვითკმარი.  სხვების აზრი და პერსპექტივა არათუ განხილვის, არამედ პატივისცემის ღირსადაც არ მიგვაჩნია.
  3. ვაშინებთ ადამიანებს საკუთარი ბრაზით და ვაკრიტიკებთ იმისთვის, რომ დავამციროთ.
  4. ჩვენ ვცდილობთ დომინირებას და ვტოვებთ ადამიანებს მანამ, სანამ შეძლებენ ჩვენს მიტოვებას. ტკივილის თავიდან ასარიდებლად,  დისტანცირებასა და დისასოცირებას ვუკეთებთ საკუთარ თავს და ასე ვახორციელებთ მიტოვების სცენარს.
  5. ჩვენ ვცხოვრობთ ვიქტიმიზატორის მსოფლმხედველობით და გვიზიდავს ისეთი ადამიანები, ვისი მანიპულირება და კონტროლიც შეგვიძლია.
  6. ჩვენ უპასუხისმგებლოები და ეგოისტები ვართ. ჩვენი გაბერილი თვითშეფასება და საკუთარი მნიშვნელობის განცდა, არ გვაძლევს საკუთარი ნაკლოვანებების დანახვის საშუალებას.
  7. ვცდილობთ სხვებს თავი დამნაშავედ ვაგრძნობინოთ, როდესაც ისინი თვითდამკვიდრებასა და საკუთარი ინტერესების დაცვას ცდილობენ.
  8. საკუთარი შიშების გასაჩუმებლად ვხდებით უგრძნობი და ურეაქციო.
  9. გვძულს ადამიანები, რომლებიც მსხვერპლის როლში არიან და დახმარებას ითხოვენ.
  10. უარვყოფთ, რომ გვტკივა და ჭეშმარიტ ემოციებს ფსევდო-გრძნობების დრამატული გამოხატვით ვახშობთ.
  11. ოჯახის ვერ გადარჩენის გამო გაჩენილი დანაშაულის გრძნობისა და თვითდასჯის თავიდან ასარიდებლად საკუთარი სიძულვილის პროეცირებას ვახდენთ სხვებზე და მათ ვსჯით ჩვენ ნაცვლად.
  12. ვცდილობთ ,,ვმართოთ“ მიტოვებულობიდან წამოსული საშინელი დეპრივაცია, ისეთი ურთიერთობებიდან გაქცევით, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენს ,,დამოუკიდებლობას“.
  13. უარს ვაცხადებთ ვაღიაროთ, რომ დისფუნქციური ოჯახი ჩვენზე დღემდე გავლენას ახდენს, ან რომ საერთოდ დისფუნქციური იყო ჩვენი ოჯახი, ან რომ ინტერნალიზებული გვაქვს ოჯახის დესტრუქციული დამოკიდებულებები და ქცევები.
  14. ჩვენ ვმოქმედებთ ისე, თითქოს არაფრით ვგავართ იმ დამოკიდებულ ადამიანებს, რომლებმაც აღგვზარდეს.

კიდევ სხვა პრობლემების განაცხადის მეორე მხარე

  1. ჩვენ თვალს ვუსწორებთ საკუთარ შიშებს და ვწყვეტთ საკუთარი ძალაუფლებითა და პოზიციით სხვების დამცირებას.
  2. ვაცნობიერებთ, რომ თავშესაფარი, რომელიც ჩვენი შეშინებული და დაშავებული შინაგანი ბავშვის დასაცავად ავაგეთ, გადაიქცა ციხედ და ახლა გვინდა რომ გავრისკოთ და მივცეთ თავისუფლება.
  3. განახლებული თვითშეფასებითა და საკუთარი მნიშვნელობის განცდით ვიაზრებთ, რომ არ გვჭირდება თავის დასაცავად სხვების დამცირება ზიზღით, მასხრად აგდებითა და ბრაზით.
  4. ჩვენ ვიღებთ და ვამშვიდებთ იზოლირებულ და ნატკენ შინაგან ბავშვს, რომელიც მიტოვებული და დავიწყებული გვყავდა და ამით ვასრულებთ მიტოვებისა და გამოჭერის შიშების სხვებზე გათამაშებას.
  5. ვინაიდან მთლიანი და სრულყოფილი ვართ აღარ გვჭირდება სხვების კონტროლი მანიპულირებისა და ძალის მეშვეობით და აღარ გვჭირდება შიშის ხუნდებით მივიჯაჭვოთ ვინმე მარტოობისა და იზოლირებულობის გრძნობის თავიდან ასარიდებლად.
  6. შინაგან სამყაროში მოგზაურობით აღმოვაჩენთ ჩვენს ჭეშმარიტ იდენტობას, როგორც უნარიანი და ღირებული ადამიანის. საკუთარი ნაკლოვანებებისგან გათავისუფლების თხოვნით, ვთავისუფლდებით უპირატესობისა და განდიდების ტვირთისგან.
  7. ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვცდილობთ წავახალისოთ სხვების მცდელობები იყვნენ ასერტულები, იბრძოლონ საკუთარი ინტერესების დასაცავად და თვითდამკვიდრებისთვის.
  8. ჩვენ ვხსნით, ვაცნობიერებთ და გამოვხატავთ ჩვენი ბავშვობის შიშებს და ვთავისუფლდებით ემოციური ინტოქსიკაციისგან.
  9. ჩვენ თანავუგრძნობთ ყველას, ვინც დრამატული სამკუთხედის მახეშია გაბმული და სასოწარკვეთლი ცდილობ იპოვოს გამოსავალი ამ სიგიჟიდან.
  10. ჩვენ ვიღებთ იმ ფაქტს, რომ ბავშვობაში მიღებული ტრავმების გამო, დავკარგეთ უნარი რომ ვიგრძნოთ და ნელ-ნელა ვიბრუნებთ ამ უნარს, ვხდებით მთლიანი ადამიანები ბედნიერების, სიხარულის და თავისუფლების განცდის შესაძლებლობით.  
  11. იმ ფაქტის მიღებით, რომ ჩვენ,  როგორც ბავშვებს, არ გვქონდა ძალა ოჯახის ,,გადასარჩენად“, ვთავისუფლდებით საკუთარი თავის სიძულვილისგან და ვწყვეტთ საკუთარი თავისა და სხვების დასჯას იმისთვის, რომ საკმარისი არ ვართ.
  12. შინაგანი ბავშვის საკუთარ თავში მიღებით და მასთან გაერთიანებით აღარ გვეშინია სიახლოვის, რომელიც ადრე გადაყლაპვისა და გაუჩინარების საფრთხე გვიქადდა.
  13. საკუთარი ოჯახის დისფუნქციურობის გაცნობიერებით, აღარ გვიწევს თავის მოკატუნება, რომ თითქოს არაფერი მომხდარა ისეთი და იმის უარყოფა, რომ გაუცნობიერებლად ჯერაც ბავშვობაში მიღებულ ტრავმებზე ვრეაგირებთ.
  14. ჩვენ ვწყვეტ უარყოფას და ვიწყებთ რაღაცის კეთებას  პოსტ-ტრავმული მიჯაჭვულობების (ადამიანებზე, ნივთიერებებსა თუ სხვა საშუალებებზე) მოსახსნელად, რომელიც რეალობისგან გასაქცევად თუ მის გასამრუდებლად გვჭირდება.

       ტონი, 1978 წ.

,,მე არ ვადანაშაულებ მამაჩემს იმაში, რომ წამალდამოკიდებული გავხდი. ჩემთვის წამალი თვითდესტრუქციულ ტენდენციებთან გამკლავების მექანიზმი იყო.. ახლა საკუთარ ტკივილს შემოქმედებით, მეგობრობითა და საკუთარ თავზე ზრუნვით ვმართავ
კელი ოსბორნი
ალკოჰოლიკი მშობლის ზრდასრული შვილი

აზშ თერაპია

აზშ სინდრომი განაჩენი არ არის. არსებობს პრობლემის გადაჭრის ორი გზა. ერთია, სტაბილური, ხანგრძლივი ურთიერთობა. მინიმუმ 5 წელი. თუკი იქნება უზრუნველყოფილი პატივისცემა, დაფასება, ყურადღება, მზრუნველობა და სიახლოვე, ადამიანი განიკურნება, მაგრამ .. არის ერთი ,,მაგრამ“ –  ამ გამოცდილების მქონე ადამიანმა ასეთი ურთიერთობა რომ ააწყოს, ძალიან უნდა გაუმართლოს. მასთან ცხოვრება რთულია.  მისი სიყვარული რთულია. იმხელა ემოციური ბარგი აქვს, იმხელა დაცვები ფსიქიკაში, საერთოდ უჭირს ემოციური კავშირის დამყარება. ხანდახან საერთოს ვერ პოულობს მათთან, ვისაც მსგავსი ტრავმული გამოცდილება არ ჰქონია და მასავით დასახიჩრებული არ არის. ძალიან დესტრუქციულია, ქაოსს მიჩვეული, გაუცნობიერებლად ირგვლივაც ქაოსს ქმნის, ეძებს დამოკიდებულ პარტნიორს, ან თავად ხდება დამოკიდებული, სიტუაცია შეჰყავს ჩიხში და უკეთებს პროვოცირებას განხეთქილებასა და დაშორებას. ,,თავი დამანებე, არ მიმატოვო“ – ეს არის მესიჯი, რომელსაც გამუდმებით უგზავნის პარტნიორს. გარბის და ბრუნდება. გაგდებს და არ გიშვებს. მაჩვზღარბების დილემა გაგიგიათ? ზამთრის სიცივეში მათ ერთმანეთთან სიახლოვე სჭირდებათ, რომ არ გაიყინონ, თუმცა ახლოს მისვლისას ერთმანეთის ეკლები ერჭობათ და სტკივათ. ისინი დარბიან ამ ორ უბედურებას შორის მანამ, სანამ არ მიხვდებიან, რომ საჭიროა ზომიერი დისტანციის დაცვა. ზომიერება კი ალკოჰოლიკის შვილების ძლიერი მხარე ნამდვილად არ გახლავთ. ეს ის თვისებაა, რომელიც უნდა შეიძინოს.

მეორე გზაა  – ფსიქოლოგთან ერთად მუშაობა, თუმცა ამისთვის საჭიროა პირველ რიგში პრობლემის აღიარება, გარეთ გამოტანა და მასზე მუშაობა, რაც არც ისე მარტივია მათთვის, ვისაც კომფორტის ზონად ექცა დინოზავრთან ერთად ცხოვრება, ტაბუ, უარყოფაში ყოფნა და დეპრესია. მათ ხშირად ჰგონიათ რომ ცუდად ყოფნა, ეს ბუნებრივი მდგომარეობაა. შესაძლოა ისე გაატარონ წლები, საერთოდ ვერ გააცნობიერონ  რომ დახმარება სჭირდებათ, ან კიდევ გამუდმებით ეძებდნენ დასახმარებლად გამოწვდილ ხელს მხოლოდ იმიტომ რომ თავისი ბავშვობის ტრავმების ნანგრევებში შეითრიონ იქედან გამოსვლის ნაცვლად.  

თერაპია შესაძლოა წარიმართოს, როგორც ინდივიდუალური ისე ჯგუფური ფსიქოთერაპიის ფორმით. ინდივიდუალური თერაპია ფსიქოლოგთან ერთი-ერთზე  მუშაობაა და დაახლოებით ერთიდან სამ წლამდე დროა საჭირო. რაც შეეხება ჯგუფურს, ის განსაკუთრებით ეფექტურია ამ შემთხვევაში, რადგან ქმნის მინი-სოციუმის მოდელს, რომელში ორიენტაციაც სასწავლი აქვს ამ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდს.

ჯგუფური თერაპია სამ ეტაპად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია სიღრმისეულად გავიგოთ, ბავშვობის რომელი კონკრეტული ტრავმული გამოცდილება ახდენს გავლენას ჩვენს წარმოდგენებსა და ქცევებზე დღეს და გაანალიზდეს ადამიანებთან ურთიერთობების  ამჟამინდელი ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრის გზები. სხვადასხვა მეოთოდებითა და ტექნიკებით საჭიროა გამოკვლეულ იქნას ოჯახის ისტორია, გაცნობიერდეს ,,წინაპრების სინდრომი“ და მშობლების ოჯახის თავისებურებები, რომელიც აისახა ჩვენს განვითარებაზე და გვაქცია იმად, რაც ახლა ვართ.

ჯგუფური თერაპია საშუალებას გვაძლევს ვიგრძნოთ, რომ არ ვართ აუთსაიდერები, ბევრი რამ გვაქვს საერთო სხვებთან, გვისმენენ, გვიგებენ და გვიღებენ. ჯგუფის წევრები სწავლობენ ერთად ყოფნას იქ, სადაც შეუძლიათ გაიხსნან, გაუმკლავდნენ ძლიერ ემოციებს და იმ განცდებს, რომელიც მძიმე ტრავმული გამოცდილების შედეგად დაგროვილი მოგონებების გახსენებით არის გამოწვეული.

მეორე ეტაპზე ღრმავდება თერაპიული მუშაობა, რომელიც მიმართულია ტრავმატული სიტუაციების შესახებ მოგონებების მაპროვოცირებელი მძიმე ემოციური განცდების კათარზისისკენ. ეს არის მუშაობა სულის დაინფიცირებულ ჭრილობებზე, რომლებიც გვწამლავენ. თერაპიის შედეგად ხდება მისი გასუფთავება, მკურნალობა და რეგენერაცია, რომ ჯანსაღად ფუნქციონირება შევძლოთ.

ამ ფაზაში ძალიან მნიშვნელოვანია ქცევისა და პრობლემების გადაწყვეტის ახალი მოდელების შემუშავება იმ სიტუაციებისთვის, რომელსაც ადრე ვერ ვუმკლავდებოდით, თუმცა არსებითი მაინც ისაა, რომ შეიცვალოს ,,მე ხატი“ საკუთარი პიროვნების უფრო რეალური და პოზიტიური გაგებისკენ, სადაც ის უფრო მოწიფული, დამოუკიდებელი და იმაზე დიდი რესურსების მქონეა, ვიდრე ბავშვობაში იყო. საჭიროა წარსულის იმ სიტუაციებთან მიბრუნება, რომელიც ართულებს და შეუძლებელს ხდის არსებული პოტენციალის გამოყენებას.

მესამე ეტაპი რეალური ცხოვრებისეული ცვლილებების დაგეგმვისა და მიღწევის ფაზაა. უნდა დავიწყოთ შედარებით მცირე ცვლილებებით, იმისთვის რომ ჩაფიქრებულის რეალურობაში დავრწმუნდეთ. თუკი ცვლილებები რეალურია, მაშინ შეგვიძლია ახალი დავგეგმოთ და წინ წავიდეთ, თუკი არა – უნდა გადაიხედოს გეგმა. თერაპევტის როლი ამ ეტაპზე ჯგუფის ცალკეული წევრის გვერდით ყოფნა და მხარდაჭერაა დაგეგმვის პროცესში. 

ჯგუფური თერაპია დაახლოებით 6-იდან 12 თვემდე გრძელდება, თუმცა სტაბილური პიროვნული ცვლილებების მიღწევას მონაწილეები დაახლოებით წელიწადნახევრიდან ორ წლამდე პერიოდში ახერხებენ. მეორე წლიდან უკვე  ჩნდება სამყაროსთან, ცხოვრებასთან და საკუთარ თავთან ურთიერთობაში ცვლილებების ნიშნები, რაც მანიფესტირდება რეალობაში.

ფსიქოთერაპიის შემდგომ  დადებითისკენ იცვლება ,,მე“ ხატი, საკუთარი თავის გაგება და თვითშეფასება ხდება ადეკვატური. სოციალურ სიტუაციებში ჩვენ უფრო თავდაჯერებულები ვხდებით.  ვსწავლობთ საკუთარი თავის ფასს,  ვიწყებთ საკუთარ თავზე პოზიტიურად საუბარს, ვიცავთ საკუთარ საზღვრებს, აღარ გვეშინია ხვალინდელი დღის, აღარ გვეშინია საკუთარი ინტერესებისთვის ბრძოლის, მიტოვების, არ ვგრძნობთ დამნაშავედ თავს იმის გამო, რაც არ დაგვიშავებია, არ ვგრძნობთ სირცხვილს და ა.შ და ა.შ. (სრული სია იხ. ზემოთ)

მთელი ეს ფოკუსი კი ერთი მარტივი რამის გაშინაგნების შედეგად ხდება – შენ გაიზარდე, უკვე დიდი ხარ, შეგიძლია თავად აიღო საკუთარ ცხოვრებასა და ხვალინდელ დღეზე პასუხისმგებლობა. შეგიძლია გადაწყვიტო ვინ იყო და როგორ იცხოვრო. დინოზავრზე აღარ ხარ დამოკიდებული. ნუ გახდები დინოზავრი, ნუ ეძებ დინოზავრს, მხოლოდ იმიტომ რომ მასთან ერთად გაიზარდე. დინოზავრი არ გჭირდება.

,,ცამეტი წლის ასაკში ფსკერს შევეხე… ვიცოდი, რომ მართლა მარტო ვიყავი…. და ეს საშინელი გრძნობა იყო. ამბოხების პერიოდი მქონდა. ვიცლებოდი… ძალიან, ძალიან გაბრაზებული ვიყავი. მერე ერთხელაც მართლა ვკითხე საკუთარ თავს: ,,რაზე ბრაზობ?” იმაზე რომ არ მედგნენ მშობლები მხარში… მაგრამ რაში მაინტერესებს? ბევრს არ ჰყავს მშობლები… წასულები იყვნენ. ვერ გაუმკლავდნენ ვერაფერს და ეს მესმის. მივიღე და გავუშვი ჩემი ბრაზი… “
დრიუ ბერიმორი,
ალკოჰოლიკი მშობლის ზრდასრული შვილი

წაიკითხეთ ასევე: ფსიქოლოგის 11 რჩევა ალკოჰოლიკი მშობლების შვილებს

დოჩი გოგო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here