,,მშვიდობით, კარლსონ!“, ანუ როგორ გავუმკლავდეთ მანიპულატორს

0
16808

რა არის მანიპულაცია?

შენ ჩემი დედა უნდა გახდე, – განაცხადა კარლსონმა. – მკითხავ, მინდა თუ არა რამე და მე გიპასუხებ, რომ არაფერი არ მჭირდება. არაფერი, გარდა უზარმაზარი ტორტისა, რამდენიმე ყუთი პეჩენიისა, შოკოლადის მთებისა და კანფეტების უზარმაზარი შეკვრისა.


ასტრიდ ლინდგრენი, ,,სახურავის ბინადარი კარლსონი“

სიტყვა მანიპულაციას ჩვენ ხშირად მისი ფართო მნიშვნელობით ვიყენებთ: ერთი ადამიანი მეორეთი მანიპულირებს, როდესაც თავს ახვევს საკუთარ სურვილებს და აიძულებს მას მოიქცეს ისე, როგორც თავად აწყობს. ასეთ შემთხვევაში ვვარაუდობთ, რომ მსხვერპლი ყველაფერს ხვდება, თუმცა სხვა გზა არ აქვს. კარლსონი, ძვირფასი კარლსონი! მისი სვლები ძალიან ადვილი გასაშიფრია ჩვენთვის, დიდებისთვის, თუმცა ისინი არც არის გათვლილი ჩვენზე.

მომხიბლავი მსუქანი კაცუნა, სტოკჰოლმის სახურავების ბინადარი, ისე ატრიალებდა ბიჭუნას თავის ჭკუაზე, როგორც აწყობდა. რას ეყრდნობოდა მისი თავდაჯერება, ეგოცენტრიზმი და თავხედობა, სხვისი ტკბილეულის სიყვარული და ტყუილები? ბიჭუნას მარტოდ დარჩენის შიშს. გახსოვთ როგორ ჟღერდა კარლსონის მუქარა, რომლითაც ის ცდილობდა თავისი გაეტანა? ,,არა, ასე არ ვთამაშობ!“

რა თქმა უნდა, ეს ადამიანით მანიპულირების  ყველაზე უწყინარი ვარიანტია, რადგან მეორე აცნობიერებს, რაც ხდება და სწორად აფასებს სიტუაციას. როდესაც ადამიანი ყველაფერს ხვდება, თავისუფლების გარკვეული ხარისხიც აქვს: შეუძლია გააკეთოს არჩევანი, მიიღოს ზომები და კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.

ფსიქოლოგიური კუთხით, გაცილებით დამანგრეველია ფარული მანიპულირება, რომელიც ცნობიერებისთვის შეუმჩნეველია. მანიპულირების სწორედ ეს ტიპია გავრცელებული ადამიანურ ურთიერთობებში. უსიამოვნო განცდა, რომელიც მეგობართან საუბრის შემდეგ გრჩება, გაურკვეველი წარმომავლობის დანაშაულის გრძნობა მშობლების ვიზიტის შემდგომ, კომპრომისი საქმიან პარტნიორთან, რომელზეც გაუგებარია რატომ წახვედით, თუმცა უკვე ვეღარაფერს გამოასწორებთ… ვინმესთვის ეს უცნობია? და ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ის სხვა შესანიშნავად ფლობს მანიპულირების ხელოვნებას და საკუთარი მიზნებისთვის გიყენებთ. ხშირად სრულიად გაუცნობიერებლად. თუმცა  ხშირად და არა ყოველთვის.

მანიპულირების მამა და დედა – კონტროლი და ძალაუფლებაა. საბოლოო ჯამში, ყველა მანიპულატორს ერთი მიზანი აქვს: იქონიოს სხვაზე  ძალაუფლება. რაც უფრო დიდი ძალაუფლება აქვს, მით უფრო მძიმდება მანიპულირების ხარისხი და მით უფრო ნაკლებად გრძნობს მანიპულატორი საკუთარი მოტივების დაფარვის აუცილებლობას.  ხომ საშინლად ჟღერს? არადა  ასეთი უწყინარი დასაწყისი შეიძლება ჰქონდეს:

ევა: ადამ, საყვარელო, მგონი, გინდა რომ კენკრა შემიგროვო…

ადამი: მგონი, ზუსტად ეგ მინდა…


სპექტაკლი ,,ღვთაებრივი კომედია“

* * *

ჟენია: მოსკოვში, ცარიელ ბინაში მელოდება ქალი, რომელიც მიყვარს. მე კიდევ აქ ვარ, ლენინგრადში…

ნადია: და მან არ იცის სად ხართ?

ჟენია: არა, წარმოდგენა არ აქვს!

ნადია: მაშინ დაურეკეთ!

ჟენია: როგორ დავურეკო, ტალონი არ მაქვს…

ნადია: კრედიტით დაურეკეთ, ავტომატით…

ჟენია: მადლობა! თქვენ გამგები ადამიანი ხართ…


ტელეფილმი ,,ბედის ირონია, ანუ გაამოთ“

ეს გამორჩენის მიღების მიზნით მანიპულირების ყველაზე უბრალო შემთხვევაა. ადამიანებს ურჩევნიათ  კი არ ითხოვონ, არამედ დაელოდონ როდის შესთავაზებენ, ან ისე გააკეთონ რომ მიიღონ ეს შეთავაზება, რაც შეიძლება მალე. ზუსტად ამას გულისხმობდა ვოლანდიც: ,,არასოდეს, არაფერი ითხოვოთ! განსაკუთრებით მათგან, ვინც თქვენზე ძლიერია. თავად შემოგთავაზებენ და ყველაფერს თავად მოგცემენ“.  ვოლანდი მარგარიტას მანიპულირებას ასწავლიდა, თუმცა მარგარიტამ ეს აქამდეც მშვენივრად იცოდა…  ალბათ ამიტომაც აღარ ჩაღრმავებია ვოლანდიც დეტალურად ამ საკითხს.

ამ შემთხვევაში მანიპულატორის მოტივის გაგება მარტივია: მთხოვნელის პოზიცია სუსტია. უარის მიმღებლის – კიდევ უფრო. თუნდაც არ გითხრან უარი, ორივე მხარემ მშვენივრად იცის, ვინ გაუმართა ხელი და ვინ ისარგებლა ამით. თუნდაც არ დაგაყვედრონ, მაინც არაა სასიამოვნო ვალში ყოფნა. თუკი ადამიანი თავად სთავაზობს მეორეს რამეს, შემდგომი გართულებები მინიმუმამდეა დაყვანილი, ხოლო მანიპულატორი იღებს იმას, რაც სჭირდება. მისი მიზანია შეუმჩნევლად მიგიყვანოთ საჭირო აზრამდე. როგორ? სხვადასხვანაირად.

მანიპულაციამ შესაძლოა არ იმუშავოს – ყველა ერთნაირად დამყოლი არაა. თუკი პირდაპირი თხოვნა საჭიროებს პირდაპირ უარს, მანიპულაცია შეგიძლია ,,გაატარო“. იგნორირება უფრო ადვილია, ვიდრე პირდაპირი უარი (ისევე როგორც პირდაპირ თხოვნა უფრო რთულია, ვიდრე ირიბად მიყვანა სასურველ აზრამდე). სწორედ ეს არის ფასი, რომელსაც იხდის ამ სახის მანიპულატორი: წარმატების შემთხვევაში ,,უფასოდ“ იღებს რაც სურს, წარუმატებლობის შემთხვევაში კი ვერავის დაადანაშაულებ – არც არაფერი უთხოვია.

ცხოვრებისეული ანეგდოტი:

-ალო, დიმა, გესმის?

– კი, რა ხდება?

– ბილეთები ვიყიდეთ!

-გავიგე, მერე?

– თხუთმეტში ჩამოვდივართ, 5 საათზე… მატარებელი 32, ვაგონი 6, ადგილები 11-12..

-კარგი. გასაგებია. ჩავიწერე!

– ოჰ, არა, დახვედრა არაა საჭირო… არ შეწუხდეთ… ჩვენ თვითონ…

როგორ ხდება?

ყველაფერი ტექნიკის ამბავია. როგორ მივიყვანოთ ადამიანი საჭირო აზრამდე? კარნეგს ამ კითხვაზე მხოლოდ ნაწილობრივ აქვს პასუხი გაცემული:  გააკეთო ისე, რომ ადამიანს თავად მოუნდეს ეს. ვინაიდან კარნეგი საქმიანი ადამიანებისთვის წერდა, პატიოსანი წესებით თამაშის წესებს გვთავაზობს: ჩამოუთვალო ადამიანს შეთავაზებული პროექტის ყველა უპირატესობა და განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი იმას, რაც ამ კონკრეტული ადამიანისთვის არის მნიშვნელოვანი. ის უნდა დააინტერესო. დაანახო აშკარა სარგებელი. რა თქმა უნდა, თუკი თანამოსაუბრე იდიოტი არ არის, მაშინ ამ გზით აშკარა ნაგავის შესაღება არ გამოგივათ. თამაში აქ თანაბარ პირობებში მიმდინარეობს.

მაგრამ თუკი სარგებელი არც ისე აშკარაა? ან მეტიც, რაზე დაყოლიებასაც ცდილობენ, ზიანის მეტს არაფერს მოგიტანთ? როგორ ახერხებენ ამ დროს გაიტანონ თავისი? როგორ გამოსდით, რომ ყვეყოველგვარი შეწინააღმდეგების გარეშე ისმენთ უსიამოვნო რამეებს, აკეთებთ იმას, რაც არ გინდათ რომ გააკეთოთ და იქცევით საკუთარი ნების საპირისპიროდ? როგორ ხდება რომ თქვენით მანიპულირებენ?

მანიპულაციის გზები:

ისინი განსხვავდებიან შინაგანი სტრუქტურის დეტალებითა და მოქმედების საერთო მექანიზმებით. მანიპულაციის ყველაზე უხეში ფორმა არის:

შანტაჟი

კარლსონი: არა, მე ასე არ ვთამაშობ! უხასიათოდ ვარ! თუმცა თუკი რამე მცირედ საჩუქარს მივიღებ, შესაძლოა, ცოტა გავმხიარულდე…


ასტრიდ ლინდგრენი, ,,სახურავის ბინადარი კარლსონი“

სამწუხაროდ, ცხოვრებაში ფსიქოლოგიური შანტაჟისკენ მიდრეკილი ადამიანები კარლსონივით მომხიბლავები ნამდვილად არ არიან.

შანტაჟის ფორმულა ასეთია – ,,თუკი შენ არ… , მაშინ მე…“. ამგვარი მანიპულაცია რთულია გაუცნობიერებლად ჩაატარო, თუმცა ასეთებიც ხდება.

შენიღბული შანტაჟის მაგალითი ერთი ფილმიდან: დედა ეუბნება ქალიშვილს –  ,,შეგიძლია როცა გინდა მაშინ დაბრუნდე, მაგრამ უნდა იცოდე, რომ როცა 7 საათზე სახლში არ ხარ, მე გული მტკივდება.“

რატომაა ეს შანტაჟი? იმიტომ რომ თუკი არაცნობიერ მესიჯს ცნობიერის ენაზე გადავთარგმნით მივიღებთ ამას: ,,თუკი შენ 7 საათზე არ მოხვალ, ინფარქტით მოვკვდები“. თანაც ეს ყველაფერი წარმოითქმება სუსტი ხმითა და საწყალი სახით. ეს არის ზუსტად ის დეკორაცია, რომელიც გამოიყენება ცნობიერებისთვის სინამდვილის ნაწილობრივ დასამალად (თუმცა ამაზე მერე). მიზანი – საკუთარ ქალიშვილზე კონტროლი. ქალიშვილის რეაქცია ამხელს, რომ ,,ფოკუსმა“ არც ისე კარგად იმუშავა. ის პასუხობს: ,,დედა, მოდი რვის ნახევარზე დაგეწყოს ტკივილი“. ამ მაგალითში კიდევ ერთი საინტერესო დეტალია – ფრაზის დასაწყისი –  ,,შეგიძლია დაბრუნდე, როცა გინდა“, მასში ნაგულისხმები აზრის საპირისპიროა.  თუმცა ამაზე ქვემოთ.

ზოგადად,  ეს აზრის ჩამანაცვლებლები ძალიან საინტერესო რამეა. დააკვირდით ადამიანის ქცევას, რომლისთვისაც დამახასიათებელია რაღაც სამეტყველო შაბლონების გამოყენება. ამაში უფრო დიდი აზრია ჩადებული, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

ყველაზე მარტივი მაგალითი. დედა, რომელიც მანიპულირების რომელიმე საშუალებით ჩამოუყალიბებს აზრს ზრდასრულ ქალიშვილს რომელიმე საკამათო საკითხის შესახებ, ყოველთვის ამატებს: ,,მაგრამ მაინც, თვითონაც დაუკვირდი“. და ამას ისე ხშირად ამბობს, რომ ქალიშვილს ხანდახან ეჭვი იპყრობს, თუ შეუძლია თვითონ დამოუკიდებლად, დედის კვალიფიციური დახმარების გარეშე რამეს დაუკვირდეს. სჭირდება მივიდეს სარკესთან და დარწმუნდეს, ნამდვილად აქვს თუ არა თვალები ადგილზე.

შანტაჟი ყოველდღიურ ცხოვრებაში სუფთა სახით იშვიათად გვხვდება. ის არ არის მხოლოდ ბავშვებით სავსე ავტობუსი და შეშლილი ტერორისტი ბომბით. ახალგაზრდა, რომელიც თვითმკვლელობით აემუქრება შეყვარებულს, შანტაჟისტია. ავადმყოფი დედიკო, რომელსაც წნევა უწევს ყოველ ჯერზე, როდესაც მისი გოგოს ახალი თაყვანისმცემელი არ მოსწონს – კიდევ უფრო დიდი შანტაჟისტი. მძევალი აქ  მხოლოდ ერთია – ადამიანი, ვისკენაც მიმართულია ეს ყველაფერი და მისი დანაშაულის გრძნობა.

ცხოვრებისეული ანგდოტი

კლიენტი: ერთხელ დედამ კინაღამ დამჭრა.

თერაპევტი: ანუ?

კლიენტი: ნუ, დანით გამომეკიდა..

თერაპევტი: და თქვენ?

-რა მე?  დავთანხმდი სოვოროვის სამხედრო სკოლაში სიარულზე…


ზეწოლა

მე უნდა ვიცხოვრო ისე, როგორც მე მიმაჩნია საჭიროდ. შენ უნდა იცხოვრო ისე, როგორც მე მიმაჩნია საჭიროდ.


ყოველდღიური ცხოვრებიდან

* * *

ზეწოლა გავრცელებულია მოზარდ შვილებსა და მათ მშობლებს შორის, თუმცა გვხვდება პარტნიორულ და სხვა სახის ურთიერთობებშიც. ის დაახლოებით ასე გამოიყურება: ,,ასე გააკეთე. ასე უკეთესია. გააკეთე. არა, გააკეთე. გააკეთე, მე შენ გეუბნები!“.. ამ გზით მანიპულირება შესაძლებელია მხოლოდ ძალიან პრიმიტიული, ან კიდევ ძალიან სუსტი ადამიანის, რომელიც შეჩვეულია მორჩილებას. ზეწოლა დაუმორჩილებლობის შემთხვევაში შესაძლოა გადაიზარდოს მუქარით გაფორმებულ შანტაჟში: ,,გააკეთე, თორემ…“. ასეთ შემთხვევაში, თითქოს ადვილი გვეჩვენება წინააღმდეგობის გაწევა, თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივია.

ზეწოლა ყოველთვის ასეთი უბრალო არ არის. ხანდახან ის წარმოგვიდგება როგორც გარკვეული სემანტიკური აურის მშენებელი, რომელიც ქმნის კონტექსტს, როცა პირდაპირ არაფერი არ ითქმის, თუმცა ადამიანის ცნობიერში იჭედება და გამუდმებით ერჭობა ნემსებივით. ასეთი ადამიანების დევიზია – ,,ნებისმიერი ტანკი გადაუვლის პატარა მოტოციკლეტს“ და ხშირად ისინი მართლები არიან.

მაგალითად, ოჯახში გაჩნდა ბავშვი. პირველია. პირველი ბავშვების გარშემო სულ ნამდვილი საგიჟეთია. უეცრად აღმოჩნდა, რომ ბებია პამპერსების წინააღმდეგია. გამოხატა, მაგრამ ქალიშვილი არ აჰყვა. მეორე დღეს ვითომ სხვათაშორის ეუბნება, რომ მეზობლის ბავშვს ძალიან უჭირს ღამის ქოთანზე შეჩვევა სწორედ პამპერსების გამო. მესამე დღეს შემთხვევით ტოვებს დაახლოებით ამ შინაარსის სტატიას კომოდზე. გარდა ამისა, ყოველ ჯერზე როდესაც პატარას უცვლის ქალიშვილის გასაგონად ამბობს რაღაც ამგვარს: ,,საწყალო პატარავ, ფეხების შეერთებასაც კი ვერ ახერხებ“… ,,როგორ გიჭირს ალბათ, საყვარელო“… ,,ვნახო გამონაყარი ხომ არ გაქვს“…  და ა.შ.

რა პრეტენზიები უნდა გამოხატო? უბრალოდ მეზობლის ამბავი გითხრა, უბრალოდ  შემთხვევით  რჩება ჟურნალები კომოდზე, უბრალოდ შვილიშვილს ეღუღუნება… აი, ასეთი უწყინარი მოხუცია. თუნდაც არ გაითვალისწინოს ქალიშვილმა მისი აზრი და არ მოუწიოს საწოლიდან წამოხტომა ბავშვის ყოველ ჩასველებაზე, ნერვები მაინც გაუფუჭდება.

ცხოვრებისეული ანეგდოტი

დედა: სალათი მაიონეზით თუ არაჟნით?

ქალიშვილი: არაჟნით.

(5 წუთის შემდეგ)

დედა: ანუ მაიონეზი ვუქნა თუ არაჟანი?

ქალიშვილი: არაჟანი.

(კიდევ 5 წუთის შემდეგ)

დედა: თუ მაიონეზი?

ქალიშვილი: მე არაჟნით მიყვარს, დედა.

(კიდევ 10 წუთის შემდეგ)

დედა: მოკლედ, მაიონეზი თუ არაჟანი?

ქალიშვილი (სიცილით) : მაიონეზი, მაიონეზი, დედა…

გრძნობებით მანიპულირება

ქალი (ეშმაკური მზერით) : იცით, რაღაც ისეთ განწყობაზე ვარ, სიამოვნებით გავატარებდი ჭკვიან, ლამაზ, ელეგანტურ თანამგზავრთან ერთად დღევანდელ საღამოს. გავისეირნებდი ქალაქში, ვივახშმებდი მყუდრო რესტორანში...

კაცი (ინსპირირებული) : რა დამთხვევაა! დღეს საღამოს სრულებით თავისუფალი ვარ…

ქალი (ცივად): თქვენზე არ მითქვამს.

* * *

ხშირად სარგებელი მატერიალური კი არა ფსიქოლოგიურია და ამასთან გამკლავება კიდევ უფრო რთულია – თითქოს არავინ არაფერს გთხოვთ, მით უმეტეს არც გართმევთ. თითქოს ისიც გაურკვეველია, რაშია საქმე. უბრალოდ ხვდებით, რომ ყოველ ჯერზე,  ამა თუ იმ კონკრეტულ  მეგობართან, კოლეგასთან თუ უბრალოდ ნაცნობთან საუბრის შემდეგ დაძაბული, გაღიზიანებული და ენერგიაგამოცილი ხართ. თითქოს რატომღაც არც საკუთარ წარმატებაზე საუბარი გინდოდათ, მაგრამ ჯიუტად გეკითხებოდათ… ეცადეთ რაღაც გეპასუხათ, მაგრამ ამის შემდეგ არც ისე წარმატებული გეჩვენებათ საკუთარი თავი, მეტიც შესაძლოა ხელმოცარულადაც გრძნობდეთ თავს. გეცნობათ? ან კიდევ დედა, ან და, რომელიც გაქვავებული გამომეტყველებით ისმენენ ქალიშვილის ისტორიას დიპლომის ბრწყინვალე დაცვაზე და მოულოდნელად კითხულობენ: ,,და როგორ აპირებ მაგ დიპლომის გამოყენებას, როცა შენს პროფესიაზე მოთხოვნა ძალიან მცირეა?“. ან კიდევ თანამშრომელი რომელიც მისი მეგობრის ახალ შეყვარებულს მოკრავს თვალს და სხვათა შორის ეუბნება: ,,სიმპატიურია, მაგრამ წინა უფრო მაღალი იყო და განიერი მხრები ჰქონდა…“

ვის სჭირდება ჩვენი წარუმატებლობა? პასუხი მარტივია – ხელმოცარულებს. ხდება ხოლმე, რომ მეორე ადამიანისთვის აუცილებელია, რომ თქვენ თავს ცუდად გრძნობდეთ.  ალბათ ყველას გაგიგიათ ის ხუმრობა, რომელშიც ხუმრობა მხოლოდ ნაწილია: ,,მეზობელს ძროხა მოუკვდა, ხომ წვრილმანია, მაგრამ მაინც მესიამოვნაო“…

რაში სჭირდება? ეს არ არის მთავარი კითხვა, მაგრამ მაინც, – სჭირდება, რომ თქვენს  ფონზე თავი უკეთ იგრძნოს. არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელიც მხოლოდ ამ გზით ახერხებს სულიერი სიმშვიდის მოპოვებას. როგორი სევდიანიც არ უნდა იყო,  ხშირად ასე გამოიყურება ურთიერთობა ყველაზე ახლო ადამიანებს შორისაც. ერიკ ბერნს აქვს ამის შესანიშნავი ილუსტრაცია: ოფიციანტი პეპელასავით დაფარფატებს რესტორანში მძიმე ლანგრით ხელში, ვიდრე სასადილოდ მისი მშობლები არ შემოვლენ. როდესაც მათ მაგიდასთან ჩაივლის, მამა კომენტარს უკეთებს: ,,ფრთხილად, არ აცურდე.“

ქალური მეგობრობის თანმხლები, არც ისე იშვიათი, შური და კონკურენციაც სწორედ ამ სერიიდანაა. ხშირად ზოგიერთი ჩვენი ,,დაქალი“  მხოლოდ იმიტომ მოითხოვს  ჩვენი პირადი ცხოვრების დეტალების შესახებ ინფორმაციას, რომ შეადაროს ვინ უფრო კარგადაა და ვის უფრო მეტად უმართლებს ცხოვრების ამ ეტაპზე.  რაც უფრო ცუდად იქნება ჩვენი საქმე, რა თქმა უნდა, მისი აღქმით, მით უფრო გულმხურვალედ თანაგიგრძნობთ. ასეთი მეგობრები ჩვენი სიხარულის და ბედნიერების აღნიშვნას არ ჩქარობენ ხოლმე. როდესაც რაღაც გამოგვდის, იშვიათად ველოდებით მათგან მხარდაჭერას და სიხარულის გაზიარებას. ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებენ.

როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ყველა ჩემოთვლილი ფენომენი მანიპულირებაა. უბრალოდ სარგებელი ასეთ შემთხვევაში ერთი შეხედვით არ ჩანს. ამ თამაშების მიზანი, სარგებელი – თქვენი გაფუჭებული ხასიათი, ცუდი განწყობა, დავარდნილი თვითშეფასებაა, თავად თამაში კი, ნაწილობრივ ორივე მხარისთვის, ცნობიერის პირდაპირი მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს.

ამგვარი სახის გაუცნობიერებელი მანიპულაციები სერიოზულ დარტყმას აყენებს ჩვენს ფსიქიკას რამდენიმე მიზეზით: პირველი მიზეზი ძალიან აშკარა და ხელშესახებია – თვითშეფასების ვარდნა და გაუარესებული განწყობა,  მეორე კი ნაკლებად – გაუცნობიერებელ მანიპულირებას ადამიანი წინააღმდეგობას ვერ უწევს, ვერ ებრძვის, რადგან ვერც ამჩნევს. ის აზრები და გრძნობები, რომლებიც ზიანს აყენებენ ფსიქიკას, იგრძნობა ყრუდ და აღიქმება, როგორც არა გარედან მომავალი, არამედ შიგნიდან და, შესაბამისად, მიიღება 100 პროცენტიანი ნდობით (ანუ იმ ხარისხის ნდობით, როგორი ნდობითაც ვიღებთ არა სხვის, არამედ საკუთარ ფიქრებს, გრძნობებს და შეგრძნებებს). ამიტომაა რთული ასეთი მანიპულირების მავნე შედეგებთან  გამკლავება. პირველ რიგში იმის გაცნობიერება და მიხვედრაა საჭირო, საერთოდ რა მოხდა.

ცხოვრებისეული ანეგდოტი

-აბა, შემიფასე..  ნახე როგორ გავხდი! გახსოვს ეს ჯინსი? უკვე დიდი მაქვს!

-ხოო.. ადრე ზედ გასკდებოდა…

გრძნობებით მანიპულირების ეს მექანიზმი პრიმიტიულია, თუმცა ფორმა საკმაოდ ვერაგული, ნაკლს ვერ უპოვი. გამოთქმული აზრი ერთი შეხედვით ასეთია –  ,,კი, გახდი“.  ქვეტექსტი – ,,შენ მხოლოდ მსუქანი კი არ იყავი, წესიერი ტანსაცმლის შერჩევაც არ შეგეძლო“. მიზანი – თანამოსაუბრეს შეუმჩნევლად ჩაუდო თავში შემდეგი აზრი –  ,,არც ისე კარგად გაქვს ყველაფერი“. გაუცნობიერებელი ფსიქოლოგიური სარგებელი –  ,,მე შენზე უკეთესი ვარ“.

მანიპულირება დანაშაულის გრძნობით


– იმღერე, იმღერე, დათუნიავ, გაერთე და იმხიარულე. ვიღაცას მაინც გამოსდის.

რა მოხდა, იო? რა სევდიანი სახე გაქვს.

– სევდიანი? საიდან მოიტანე? დღეს ხომ ჩემი დაბადების დღეა – შეხედე საჩუქრებს, დაბადების დღის ტორტს…

– საჩუქრები? ტორტი? სად?

– როგორ? ვერ ხედავ?

– ვერა, – უპასუხა პუჰმა.

– ვერც მე, – უთხრა იო-იომ. – ეს ხუმრობაა, – აუხსნა მერე. – ჰაჰა.


მილი, ,,ვინი პუჰი და სხვები“

ერთი მხრივ, მანიპულირების ეს ტიპი გრძნობებით მანიპულირების ნაწილია, თუმცა იმ იმ მიზეზით, რომელიც ქვემოთ გახდება გასაგები, ცალკე განხილვას საჭიროებს.

დანაშაულის გრძნობა მანიპულირების ყველაზე მძლავრი ბერკეტია, რადგან მას ფესვები საკმაოდ ღრმად, ჩვენს ბავშვობაში აქვს გადგმული. სირცხვილი და დანაშაული – ის მთავარი გრძნობებია, რომელიც ადამიანს ცხოველისგან განასხვავებს (და არა სიყვარული, როგორი სასიამოვნოც არ უნდა იყოს ამაზე ფიქრი). კაცობრიობის მთელი ისტორია, ეს არის საზოგადოებრივი აკრძალვების განვითარების ისტორია და კიდევ იმის, თუ რომელ დროს, რა მეთოდებით ირიდებდნენ ადამიანები თავიდან მას ისე, რომ მშობლების და სოციუმის რისხვა არ გამოეწვიათ.

სირცხვილი და დანაშაული – ბერკეტებია, რომელთა დახმარებითაც საზოგადოება მართავს მის წევრებს და მშობლები – საკუთარ შვილებს. გიყურებენ რაღაცნაირ სახით და გეკითხებიან: ,,როგორ არ გრცხვენია“. ნებისმიერი ადამიანი, უკვე 40 წელს გადაბიჯებულიც კი, რეაქციას აძლევს ამ ფრაზაზე –  ეს  ბავშვი იკუნტება  მასში შიშისგან. ბავშვი, რომელსაც ეს ათასჯერ აქვს მოსმენილი.

ჩვენში არსებული  ბავშვები კიდევ უფრო მოწყვლადები არიან ფსიქოლოგიური მანიპულაციების მიმართ. ამგვარად, მანიპულატორი მიდის გზით, რომელზეც ნაკლები წინააღმდეგობა ხვდება: დანაშაულის გრძნობის ბერკეტად გამოყენებით ძალიან მარტივია მოუმზადებელი ადამიანის განიარაღება. ღმერთმა უწყის, რა უბიძგებს ადამიანებს გაუცნობიერებელი დანაშაულის გრძნობისკენ, განსაკუთრებით – სრულიად არაადეკვატური დანაშაულის გრძნობისკენ. ხალხი ამ გრძნობით მთელ ცხოვრებას ისე ატარებს, როგორც არ სურდა და ხან სიყვარულს არქმევს, ხანაც კიდევ ვალდებულებას.

სიფრთხილეა საჭირო რომ თქვენც ეს  ბედი არ გაიზიაროთ. დაიცავით თქვენში არსებული ბავშვი მსგავსი საფრთხისგან. ფსიქოლოგები ხანდახან სევდიანად ხუმრობენ კიდეც ამაზე: ,,კარგია, როდესაც თქვენი რეკეტირი დედაა. მისგან გათავისუფლება ყოველთვის შესაძლებელია. უარესია, როდესაც თქვენ თავად ხართ საკუთარი თავის რეკეტირი“.

ამ ტიპის მანიპულატორებს მიზნის მიღწევის მთელი რიგი ხერხები აქვთ. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული  ე.წ. ,,მსხვერპლის  შესახედაობაა“. დამეთანხმებით, თუკი ადამიანი ჯანსაღად იკვებება, კარგი სიზმრები აქვს, კარგი მადა, კარგი ფერი, ძალიან გაუჭირდება მეორე ადამიანში დანაშაულის გრძნობის გაღვივება. უკეთესია ფერმკრთალი სახე, სუსტი ხმა, გაუბედავი ნაბიჯები და გაცვეთილი ტანსაცმელი.

რა თქმა უნდა, ვუტრირებ, თუმცა გაიხსენეთ, როგორ სხვადასხვაგვარად გამოიყურება და იქცევა ერთი და იგივე ადამიანი, როდესაც ჩვენგან რამე უნდა და როდესაც უკვე აღარ.

კარლსონი, მანიპულირების გენიოსი, ამ მეთოდსაც არ უვლიდა გვერდს: ,,მე ყველაზე ავადმყოფი ადამიანი ვარ მსოფლიოში“- ამბობდა ხოლმე ასეთ შემთხვევაში, ლოგინში ჩაწვებოდა და კოტიტა ხელებს თავზე შემოიწყობდა.

დანაშაულის გრძნობით მანიპულირების არეალი საკმაოდ ვრცელია –  პრიმიტიული ვერბალური ზეწოლიდან  თითქმის შეუმჩნეველ ფლუიდებამდე პაუზებში,  – გააჩნია მანიპულატორის ინტელექტუალური განვითარების ხარისხს. პრიმიტიულის მაგალითი იქნება რამე ამგვარი: ,,ძვირფასო, შენ საერთოდ არ გიყვარვარ!“, რომელსაც მოსდევს სევდიანი: ,,აი, ნინას რა კარგი ურთიერთობა აქვს თავის  ქალიშვილთან – ყველაფერს დედამისს უზიარებს, ჭურჭელს რეცხავს, ფინანსურად ეხმარება, გათხოვებას არ ჩქარობს..“, ან კიდევ, მაგალითად, სევდიანი: ,,როცა გაჩენდი, მეგონა ალისა გამომივიდოდა საოცრებათა ქვეყნიდან, მაგრამ აი, რა გამომივიდა“…

აი, კიდე რამდენიმე ,,ფოკუსი“ ამ არსენალიდან:  ხელში იღებს საძილე აბებს და ამბობს: შენ არაფერ შუაში ხარ, ყველაფერი ჩემი ბრალია..“; იკრავს ძველი, გაცვეთილი ხალათის ქამარს (ახალი კარადაში აქვს) და ამბობს: არაფერი არ მჭირდება, ოღონდ შენ იყავი კარგად“;  ერთ ხელში კორვალოლის ფლაკონითა და მეორე ხელში ჭიქა წყლით: ,,შეგიძლია დაბრუნდე, როცა გინდა“ და ა.შ.

მოყვანილი მაგალითები, რა თქმა უნდა, გაზვიადებულია და, შესაბამისად, გროტესკული, თუმცა უარესებსაც შეხვდებით ცხოვრებაში.

დანაშაულის გრძნობით მანიპულირების კიდევ ერთი მეთოდი დანაშაულის გრძნობის ვალდებულების გრძნობით ჩანაცვლებაა. ასეთი ტიპის მანიპულატორები გიჟდებიან მორალით სპეკულირებაზე: ,,ღმერთო, როგორ არ გრცხვენიათ? ნამუსი სულ დაკარგეთ?“.  არადა, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ასეთს არც სირცხვილი და არც ნამუსი არ გააჩნია. ასეთ ტიპებს ახასიათებთ გარშემომყოფებს მიაწერონ საკუთარი ნაკლოვანებები (ფსიქოლოგიაში ამ ფენომენს პროექცია ქვია, ხოლო ცხოვრებაში ყველაზე მეტად მიესადაგება შემდეგი ხუმრობა: ,,ეგოისტი არის ადამიანი, რომელიც გამუდმებით ფიქრობს თავის თავზე და საერთოდ არ ფიქრობს ჩემზე“). მათ ეჩვენებათ, რომ მხოლოდ თვითონ ფლობენ ექსკლუზივს გამოავლინონ და იბრძოლონ უსამართლობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, როგორც წესი, საერთოდ არ გააჩნიათ თვითკრიტიკა: არასრულყოფილი სამყაროს გამოსასწორებლად, მათივე აზრით, გამართლებულია ბრძოლის ყველაზე შეუსაბამო მეთოდები. ტყუილებს გულმავიწყობით ნიღბავენ, არაჯანსაღ ცნობისმოყვარეობას – ვერ გაგებით, თავხედობას – უშუალობით ( ,,ჰო, მე არამზადა ვარ! და რა, შენ რით ხარ უკეთესი? მთელი სამყარო ასეთია“, –  ე.შვარცი, ,,ჩვეულებრივი სასწაული“)

დანაშაულის გრძნობით მანიპულირება ყველაზე სახიფათო რამეა ჩვენი ფსიქიკისთვის, რადგან მისგან თავის დაცვისას, იძულებული ვხდებით თავი გავინადგუროთ. დანაშაულის გრძნობა გადამდებია და მომწამვლელი. მის მტანჯველ ტალღებს ახლა წერის დროსაც კი ვგრძნობ.

როგორ დავიცვათ თავი მანიპულაციისგან?

,,თუკი სუნთქვა იზღუდება კისრის გარშემო შემოჭერილი მარყუჟით – დაუყოვნებლივ გაჭერით იგი.“


უბედური შემთხვევებისა და ექსტრემალური სიტუაციების დროს პირველადი დახმარების გაწევის ინსტრუქციიდან

არსებობს ასეთი გავრცელებული აზრი, რომ ფსიქოლოგები რჩევებს არ იძლევიან. ერთი ჩემი მასწავლებელი ცოტა ირონიით უყურებდა ამას: ვინ მოიგონა, რომ ფსიქოლოგები რჩევებს არ იძლევიან? უბრალოდ რჩევა კარგი უნდა იყოს..“. ჰოდა, ასეთი რჩევების შესახებ.

რჩევა პირველი

ერთადერთი სასწაული, რომელიც ჩემთვის ცნობილია – ეს ის ფოკუსებია, რომელსაც ადამიანები ერთმანეთს უტარებენ.


MMPI, კითხვა N387

როდესაც არაერთმნიშვნელოვან სიტუაციაში აღმოჩნდებით და მხოლოდ ეჭვობთ, რომ თქვენით მანიპულირების მცდელობასთან გაქვთ საქმე, პირველ რიგში ნათლად უნდა ჩამოაყალიბოთ რას გრძნობთ. შეფასებისგან თავი შეიკავეთ. უბრალოდ კარგად გაერკვიეთ მასში.  

თავიდან ამის დაწყება საკმაოდ რთულია.  სავარაუდოდ გრძნობთ შიშს. მაგრამ შიშამდე არის კიდევ რაღაც: გაღიზიანება.. და ეს გაღიზიანება ორმხრივია. როდესაც გაღიზიანება შესუსტდება, თქვენ იბნევით და მანიპულაცია იმუშავებს. თუკი თქვენს პარტნიორს სურს გაღიზიანება, გაღიზიანდება. ის მოახდენს თქვენს პროვოცირებას. იმისთვის რომ ,,თამაშიდან გამოვარდეთ“, საჭიროა საკუთარი გრძნობების უკეთესად ფორმულირება.

გაანალიზეთ თქვენი გრძნობები: მანიპულატორს რაღაც სურს. ის გაღიზიანებთ, რომ მერე განაწყენდეს. ამის შედეგად მიღებული თქვენი დანაშაულის გრძნობით, ის (როგორც მინიმუმ) ივსებს ყურადღების დეფიციტს. გარდა ამისა, დანაშაულის გრძნობის ბერკეტად გამოყენება შესაძლებელია რაღაცის მისაღებად, მერე კიდევ რაღაცის მისაღებად, მერე კიდევ და ა.შ.

აშკარა შემთხვევებში, კარგი იქნება თუ ღიად გამოხატავთ საკუთარ გრძნობებს, თუმცა უფრო მეტი ყურადღება საკუთარ თავს დაუთმეთ. რეაგირება მოახდინეთ პატიოსნად – არ უპასუხოთ აგრესიას მყისიერად, არ მოახდინოთ ფორსირება. შეაფასეთ საკუთარი გრძნობები, როგორც რეაქცია, ჰკითხეთ საკუთარ თავს: რა დგას ამის მიღმა? ხშირად სრულიად უაზრო და მეტიც, ზიანის მომტანია მიაფერთხო საკუთარი გრძნობები და შეგრძნებები ადამიანს, რომელიც ესესაა თქვენს გამოყენებას ბერკეტივით ცდილობდა. ხანდახან უბრალოდ საკმარისია თქვენთვის გაიგოთ რაღაც და გააკეთოთ შესაბამისი დასკვნები.  

უსმინეთ საკუთარ თავს, განსაკუთრებული ყურადღებით დაუკვირდით იმ მომენტებს, სადაც მერყეობთ, ღელავთ, ცდილობთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ. თუკი გადაწყვეტილების მიღება თქვენი სუსტი წერტილია,  განიხილეთ ორი მთავარი კონკურენტული თვალსაზრისი (საბოლოო ჯამში ყოველთვის ორია). ვის ეკუთვნის სინამდვილეში ერთ-ერთი მათგანი (ან ეგებ ორივე) ? თქვენ? მეუღლეს? თქვენს უფროს დას? დედას?

თუკი თვითანალიზი ჩიხში შედის, შემდეგი სავარჯიშო სცადეთ. მოეწყვეთ კომფორტულად, დახუჭეთ თვალები. ნათლად ჩამოაყალიბეთ თქვენი დილემა. წარმოიდგინეთ რომ ორივე თვალსაზრისს აქვს ხმა. წარმოიდგინეთ, რომ კამათობენ. თქვენ გარეშე პირი ხართ და უსმენთ. ერთი მათგანის ხმა მარჯვნიდან გესმით, მეორე მათგანის – მარცხნიდან . შესაძლოა წარმოსახვამ ფრთები გაშალოს და ერთმანეთს დასცხონ. ვისი ხმებია ესენი?

დაახლოებით 1-3 წუთიანი ამგვარი მედიტაციის შემდეგ ჩემი კლიენტები აღიარებენ რომ ,,ამოიცნეს“ მოკამათეები. ხდება ისეც, რომ ამ ორი ხმიდან არცერთი არ ეკუთვნის თავად ადამიანს. როდესაც ეს აღმოჩენა გაკეთებულია, დგება ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი: საკუთარი გადაწყვეტილების მიღების პროცესი.

ჩვენი გრძნობები ჩვენი სულიერი მდგომარეობის საუკეთესო ინდიკატორია. ყურადღებით დაუკვირდით მათ. ნუ იქნებით შეხებაში იმ ადამიანებთან, რომელთან ურთიერთობაც გამძიმებთ და მხოლოდ დანაშაულის გრძნობასა და ვალდებულების გრძნობაზე დგას. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ მინიმუმამდე დაიყვანეთ კომუნიკაცია.

არ მისცეთ ადამიანებს უფლება თავი შეგაცოდონ. დაიმახსოვრეთ, რომ ვალდებულების გრძნობას ხშირად დანაშაულის გრძნობაში ურევენ, ეს გრძნობა კი ძალიან საზიანოა, ყოველ შემთხვევაში მაშინ, როდესაც გარედან არის თავს მოხვეული და არა შიგნით დაბადებული, როგორც საკუთარ ცოდვებზე რეფლექსიის ნაყოფი.  მხოლოდ თქვენ გაქვთ უფლება გადაწყვიტოთ, რა არის თქვენი ვალდებულება და ვის წინაშე იგრძნოთ თავი დამნაშავედ. არავის აქვს უფლება ეს გიკარნახოთ.

უფრო მეტად ენდეთ საკუთარ თავს – ეს საუკეთესო დაცვაა ნებისმიერი მანიპულაციისას.

რჩევა მეორე

– შენზე უარესი არ არსებობს.

– მეც მიყვარხარ.


ორი ფსიქოლოგის დიალოგიდან

* * *

უბრალო ,,არა“ შესაძლოა ნიშნავდეს: ,,ეს შეუძლებელია“, ,,კიდევ ერთხელ მთხოვე და დაგთანხმდები“, ,,კიდევ ერთხელ მთხოვე და არ დაგთანხმდები“,  ან კიდევ ,,მოვითხოვ, რომ მომისმინო და გჯეროდეს ჩემი“.


კარლ ვიტაკერი, ფსიქოთერაპევტი

ნუ მიანიჭებთ ძალიან დიდ მნიშვნელობას სიტყვის ფორმალურ მნიშვნელობას. ფსიქოლოგიურ ჭრილში ის ხშირად სრულიად საწინააღმდეგო მნიშვნელობის მატარებელია. ბერნარდ შოუს შესახებ ყვებიან ასეთი ისტორიას: შოუსთან მივიდა ადამიანი, რომელსაც სურდა მისი რამდენიმე ნაწარმოების ეკრანიზაციაზე ნებართვის ყიდვა. შოუ მყარად იდგა გარკვეულ პირობებზე. შევაჭრებისას ვიზიტორმა  მხურვალედ წამოიძახა: ,,უბრალოდ დაფიქრდით! ათასობით ადამიანი გაეცნობა თქვენს შესანიშნავ ნაწარმოებებს!“. ,,მთელი პრობლემაც ეს არის, – უპასუხა შოუმ, – თქვენ ხელოვნებაზე ფიქრობთ, მე კი – მხოლოდ ფულზე“.

როგორც წესი,  სიტყვები მხოლოდ ნაწილობრივ გამოხატავენ რეალობას. სრულიად  უსარგებლო  ,,რას გულისხმობდა სინამდვილეში“ ტიპის ანალიზში ძალიან დიდ ენერგიასა და ძვირფას დროს კარგავთ. გარდა ამისა, არსებობს მანიპულატორების განსაკუთრებული ტიპი, რომლისთვისაც მანიპულირების  უმთავრეს მეთოდს წარმოადგენს თანამოსაუბრის  ერთი შეხედვით  გონივრული სიტყვების კორიანტელში   გახვევა (ჩვენი პოლიტიკოსებისა და საქმოსნების საყვარელი მეთოდი) და თავბრუდახვეულის საკუთარი ნების წინააღმდეგ წაყვანა. მსხვერპლი უბრალოდ იძირება სიტყვების ზღვაში და მთელი ენერგია ეხარჯება იმაში, რომ გამუდმებით უსვამს საკუთარ თავს შეკითხვას: რა უნდოდა ამით ეთქვა თანამოსაუბრეს? ეს კითხვა ნელ-ნელა ტრანსფორმირდება სხვა, კიდევ უფრო რიტორიკულ შეკითხვად: ,,მე ხომ არ ვარ სულელი?“ და როდესაც ამ უკანასკნელს მოშორდება კითხვის ნიშანი და გადაიზრდება თვალსაზრისში, ადამიანს შეგიძლია გააკეთებინო ყველაფერი, რაც გინდა. დაახლოებით ამგვარმა გარემოებამ აიძულა ბურატინო დაეთესა ოქროები და დალოდებოდა მოსავალს.

ერთი ახლობლის ქმარი მახსენდება. ყველა კამათში ორ მთავარ არგუმენტს იყენებდა: ,,ამას არ ვგულისხმობდი“ და ,,სწორად ვერ გამიგე“. მისი კუდით დაჭერა სრულიად შეუძლებელი იყო.  და არც არის საჭირო.

ყურადღება მიაქციეთ  მეტყველებაში გამოყენებულ შაბლონებს, საყვარელ გამოთქმებს, ფრთიან ფრაზებს. ხშირად ძალიან ბევრს ამბობენ ადამიანზე, თუკი, რა თქმა უნდა, რაღაცას გულისხმობენ.

მუდმივად განმეორებადი და ენერგეტიკულად დამუხტული სამეტყველო ფორმულები  გარკვეული ფსიქოლოგიური თვალსაზრისის მატარებელია. ერთი ჩემი მეგობარი ძალიან ინფანტილურად და მშობლებზე დამოკიდებულად გაზარდეს. მათ ოჯახში საყვარელი გამოთქმა იყო: ,,უკვე დიდი ხარ, პასუხი თავად უნდა აგო საკუთარ ქმედებაზე“. ასეთივე სიტუაცია იყო კიდევ ერთ ნაცნობ ოჯახში. დედა ხშირად იმეორებდა საკუთარი შვილის შესახებ: ,,ის დედიკოს ბიჭი არაა, თვითონ წყვეტს ყველაფერს“. არადა ამ დროს დედამისის გარეშე ნაბიჯის გადადგმა არ შეეძლო. წელიწადში ერთხელ დასასვენებლად წასული, ყოველ საღამოს სახლში რეკავდა, რომ დედისთვის ანგარიში ჩაებარებინა, როგორ გაატარა დღე. პრაქტიკაში ამ სახის კიდევ უფრო სასაცილო მაგალითები შემხვედრია. მაგალითად, ამ სახის შეტყობინება: დამივიწყე, აღარ დამირეკო აღარასოდეს“. კომენტარი ამას არ სჭირდება, მაგრამ მაინც ადამიანი, რომელსაც სურთ რომ დაივიწყონ, არავის არ უგზავნის არავითარ შეტყობინებას. ადამიანი, რომელსაც არ სურს დაურეკონ, ამის შესახებ სპეციალურად კი არ იწერება, ამბობს მაშინ, როდესაც ურეკავენ. ეს ძალიან აშკარა და გავრცელებული მანიპულირების მაგალითია, რომელსაც ირჩევენ ინფანტილური ადამიანები. სინამდვილეში ნიშნავს შემდეგს: ,,გამიხსენე და დამირეკე, გელოდები. როცა დამირეკავ, ცოტას გავიბრძოლებ, მაგრამ მერე გაპატიებ“.

რჩევა მესამე

არსებობენ ადამიანები, რომელსაც შეუძლებელია დაეხმარო, მაგრამ საჭიროა ეცადო.


მილტონ ერიკსონი, ფსიქოთერაპევტი

შეეცადეთ იყოთ ცოტა უფრო მარტივი. რა უცნაურიც არ უნდა იყოს, რაც უფრო რთულადაა მოწყობილი ადამიანი, მით უფრო ადვილია დააბნიო და აურიო თავგზა ამ აღწერილი მეთოდების დახმარებით. მინდა სწორად გამიგოთ, მე არ მოგიწოდებთ იყოთ სულელი.  მე მოგიწოდებთ შინაგანი სიმარტივისკენ, რომელიც გონიერებას წინ კი არ უსწრევს, არამედ მოსდევს მას. სწორედ ამას გულისხმობდა ერიკ ბერნიც, როდესაც ამბობდა, რომ ხშირად საჭიროა მარსიანელის თვალებით ვუყუროთ სამყაროს.  ლინზა, რომლითაც სამყაროს ვუყურებთ, მარსიანელს უფრო გამჭვირვალე აქვს, რადგან ჩვენზე ნაკლები დრო აქვს გატარებული ამ სამყაროში.

თუკი ეს სტატია იმ შინაგანი შეგრძნებით წაიკითხეთ, რომ ის თქვენ უფრო გეხებათ, ვიდრე სხვებს, მაშინ ეს რჩევა თქვენთვისაა.

უკანასკნელი ილუსტრაცია  ნაწყვეტია ფსიქოთერაპიული საუბრიდან:

თერაპევტი: ფიქრი ხელს გიშლის იმაში, რომ იგრძნო. შენ ინტელექტუალკა ხარ. უნდა ისწავლო როგორ იყო სულელი. შემიძლია რეკომენდაცია გავუწიო შემდეგ მედიტაციას: იყურები კედელს მიღმა, შუშის თვალებით და ცოტა პირდაღებული (აჩვენებს როგორ უნდა ჩამოუვარდეს ყბა). როდესაც ამისგან სიამოვნების მიღებას დაიწყებ, – სხვა ადამიანი გახდები.

ავტორი: პოლინა გავერდოვსკაია

კლინიკური ფსიქოლოგი, გეშტალტ თერაპევტი

თარგმნა: დოჩი გოგომ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here