როგორი მაგარი ტიპიც არ უნდა იყო, ჩვენი განცდების რაღაც ნაწილი ნდობა/უნდობლობის (შიზოიდური ხასიათი), ხოლო მეორე ნაწილი – მზრუნველობისა და ამ მზრუნველობის დაკარგვის ირგვლივ ტრიალებს.
როგორ არის მოწყობილი მიტოვებული ადამიანის შინაგანი სამყარო? მასში არსებობს სიყვარულის მძლავრი სურვილი, რომელსაც თან ახლავს გაცნობიერება იმისა, რომ ამგვარი მზრუნველობის მიღება შეუძლებელია. მიტოვების კომპლექსით შეპყრობილი ადამიანი ღრმად არის დარწმუნებული, რომ სიყვარულში არასოდეს უმართლებს და ის არავის სჭირდება.
ის ვერ იტანს საკუთარ სურვილს. მის წარმოსახვაში ის ძლიერია, შეუძლია ყველაფერზე უარი თქვას და მასაც არავინ სჭირდება, რელურად კი მიტოვებული, ნაწყენი ბავშვია. მარადიული ბავშვი. რადგან მე არ ვგულისხმობ, განშორების და მარტოობის დროებით ეტაპს, მე ვგულისხმობ ხასიათის ტიპს, ,,ორალურ ტიპს“, რომელსაც რამდენიმე სახელი აქვს, მათ შორის ,,მიტოვებულის კომლექსიც“.
მაშ, ასე, მიტოვებულის კომპლექსი. ასეთ ადამიანს ეჩვენება, რომ მასზე არასოდეს ზრუნავდნენ. აქტივირებულია პირველადი დაცვის მექანიზმები (უარყოფა, პროექცია, იდენტიფიკაცია, ხანდახან ამას თან ახლავს განდიდების ბოდვებიც). შიზოიდისგან განსხვავებით, ორალურ ხასიათს არც სჭირდებოდა საწყის ეტაპზე გადარჩენა, მის წინ რეალობა არ დგას, როგორც კოშმარი, ამიტომ დაცვაშიც უფრო დახვეწილია. საკუთარი მოთხოვნები უარყოფილია. კითხვაზე – რა გინდა შენ? ადამიანი ყოყმანობს. მას ,,არ აქვს უფლება“ რამე უნდოდეს. ზრდასთან ერთად სხვა ადამიანების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას იწყებს. იმ მოთხოვნილებების, რომელსაც საკუთარ თავში ყურადღებას არ აქცევს. დაახლოებით ასე განსჯის: ,,მე ვიზრუნებ სხვაზე. თუკი საკმარის მზრუნველობას გამოვიჩენ, აღარ მიმატოვებემ“. მსხვერპლშეწირვა? დიახ, ესეც თავისთავად – სიუჟეტი გვაწყობს.
განსჯა – ბავშვური, შემოქმედებითი, ეიფორიული, ჰიპერაქტიური… ,,მიტოვებულს“ იშვიათად აქვს კომპლექსური ლოგიკური კონსტრუქციები. თვითუარყოფა და ასკეტიზმი – აი, რა მიაჩნია მას საკუთარ ღირსებად. აგრესიასთან და მტრულობასთან კონტაქტი დაკარგულია. მათ ქრონიკული დაძაბულობა აქვთ, რომელიც ბრაზში არასოდეს გადადის. აგზნების დაბალი დონე, მარტოობის შიში და ეჭვი.
შიშის განცდა მათთვის მოქმედების სიგნალი კი არა ტრავმაა, რომელიც პასიურობას ზრდის.
საერთო ჯამში რაღაცით პიროვნების თანადამოკიდებული სტრუქტურის ტიპაჟს გვანან, თუმცა მიტოვებულს შეუძლია დამოუკიდებლად არსებობა. ისინი ბევრს ლაპარაკობენ, ვერბალურად დაჯილდოებულები არიან, ლაპარაკსაც ადრეულ ასაკში იწყებენ. დიახ, საერთოდ ადრე გაიზარდნენ. მათ ბევრი პრობლემა აქვთ სასიყვარულო ურთიერთობებსა და სექსში, რადგან სექსუალობა შეეხება განსხვავებულობას, ისინი კი პარტნიორთან მსგავსებას, მათთან იდენტიფიკაციას ეძებენ. ეს ტაქტილური შეგრძნების სურვილია და არა სექსუალური აქტის. სხვებზე მზრუნველობა ციკლურ ხასიათს ატარებს: როდესაც მზრუნველობა პიკს აღწევს, იღლებიან.
ეს ადამიანები სოციალურ სფეროში დაბალანაზღაურებად სამსახურს და დამხმარე პროფესიებს ირჩევენ. ადრეულ ეტაპზე დედობრივი სიყვარულის დანაკლისის კომპენსირებას, ,,დედობრივ“ როლში ყოფნით ცდილობენ.
ფსიქიკის მთავარი დაცვა: ,,მე არაფერი მჭირდება“. საკუთარი მოთხოვნილებების საკუთარი თავის წინააღმდეგ მიმართვა, რამის მიღების შეუძლებლობა, კმაყოფილების, სიამოვნების განცდის უუნარობა, ქრონიკული შიმშილი, წყურვილი და მარტოობა.
გახსოვთ ტანტალოსი, რომელიც მიწსქვეშა სამეფოში გაუსაძლის შიმშილს და წყურვილს განიცდის? დიახ, ირგვლივ წყალია და ხილი. თუმცა როგორც კი დაიხრება წყლის დასალევად, წყალი ქვემოთ იწევს, ხოლო როდესაც ხილისკენ გაიწვდის ხელს, ვერ წვდება. შიმშილი დისკომფორტს გულისხმობს. შიმშილი მტერი ხდება. იმისთვის რომ გადარჩე, უარი უნდა თქვა შიმშილსა და სხვა მოთხოვნილებებზე.
გაიხსენეთ მიტოვების გამოცდილება და ის გრძნობები, რომელიც გიჩნდებოდათ. ჰკითხეთ საკუთარ თავს: როგორ იცავდით თავს ამ გრძნობებისა და განცდებისგან? თუ გეშინოდათ, რის გეშინოდათ? თუ დანაშაულს გრძნობდით, რაში ადანაშაულებდით საკუთარ თავს? თუკი ბრაზს, ვის მიმართ?
ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს განცდაბი სადღაც, ძალიან შორს გადადეთ. ისე შორს, რომ ვერც გრძნობთ მათ არსებობას, თუმცა შიგნით რაღაცას ეს მაინც ახსოვს და ყოველთვის ემახსოვრება. ასე ყალიბდება ეს კომპლექსი.
და ეს ცხოვრების პირველ წელს ხდება. როგორ? მოდით გადავხედოთ ბავშვის საბაზისო მოთხოვნილებებს:
• სიყვარული (ემოციური კონტაქტი)
• სითბო (ტაქტილური კონტაქტი)
• ზღაპარი (მაგიური განსჯა)
• სტრუქტურა (რეჟიმი, რომელიც სტაბილურობის განცდას იძლევა).
მშობლის და ბავშვის სტრუქტურა სხვადასხვაგვარი იერარქიისაა. მათ შორის უნდა იყოს ზღვარი. როდესაც ჭიპლარი იჭრება ბავშვი დედისგან დამოუკიდებელი, ცალკეული მთლიანობა ხდება – მათ უყვართ ერთმანეთი, თუმცა ისინი სხვადასხვა ადამიანები არიან განსხვავებული მიზნებით. როდესაც ბავშვი სიარულს იწყებს და პირველ აღმოჩენებს აკეთებს, მისთვის მნიშვნელოვანია დედასთან დაბრუნება.
ორალური ხასიათი ყალიბდება მაშინ, როდესაც დედა (ან მისი შემცვლელი) ბავშვის რომელიმე მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებს. ამ დროს ვითარდება თავდაცვა: ,,მე დედას არ ვჭირდები“ და ხდება ინვერსია (როდესაც ბავშვი ამბობს, რომ თვითონაც მიხედავს თავს“) და რევერსია (მზრუნველობის მიღებიდ ერთადერთი მეთოდი მზრუნველობის და დამოკიდებულების ობიექტთან იდენტიფიკაცია ხდება).
ეს ჯაჭვი ასე ლაგდება: მე მინდოდა, მაგრამ ვერ მივიღე, ესე იგი დედას არ ვჭირდები (შესაძლოა ორალურად ჩამოყალიბების ისტორიაში მშობლის ავადმყოფობა, ან სიკვდილიც იღებდეს მონაწილეობას).
მე არაფერი მჭირდება. თბილი გრძნობები, რომელიც დედისადმი იყო მიმართული, მიემართება სხვა ობიექტისკენ (მისკენ, ვისზეც ის დამოკიდებულებას იქმნის), საკუთარი თავისადმი სიყვარული გარდაიქმნება სიძულვილად (დედა ცუდად მექცევა, ამიტომ მეც ცუდად მოვექცევი თავს) და ჩნდება ავტოაგრესია – დედის მიმათ აგრესიის გამოხატვა შეუძლებელია, ის ხომ ისედაც ყველაფერს ხელს კრავს.
ბავშვი იძულებული ხდება მალე გაიზარდოს – ადრიანად იწყებს საუბარს, სიარულს.
რა ემართება ,,მიტოვებული ადამიანის“ სხეულს? ჩამოყრილი მხრები, წინ წაგდებული კისერი და თავი, ჩავარდნილი მკერდი, გართულებული სუნთქვა, სიმძიმე ზურგზე, სპაზმი ყელში (დაგუბებული ცრემლები), შეკრული კრიჭა, რომელიც აგრესიას აჩერებს, მენჯი გამოგდებული, ფეხები დაჭიმული – ხისტი მუხლები და ცოტა უხერხული სიარული – სირბილი და ხტომა მისთვის ნამდვილად არ მოუგონიათ.. საერთო ჯამში არასაკმარისად განვითარებული სხეული და საწყალი, სასოწარკვეთილი თვალები. ხშირად სტკივათ თავი, აწუხებთ სტომატიტი, აქვთ სასუნთქი გზების ინფექციები, მუხლისთავების ტრავმები… საკმარისია ერთი უმნიშვნელო, არასწორი მოძრაობა და შესაძლოა მხარი ამოიგდონ.
პირის აპარატი აქტიურია: იჭამენ ფრჩხილებს, ღეჭავენ…
ამ ყველაფრიდან გამომდინარე ალბათ ხვდებით რა პრობლემებით მოდიან კლიენტები თერაპიაზე:
• ავადმყოფობა (სასიცოცხლო ძალების ნაკლებობა);
• ვორკაჰოლიკობა;
• კვებითი დარღვევები (მაგალითად, ასეთ ადამიანებს უჭირთ გაარჩიონ ფიზიოლოგიური შიმშილი ფსიქოლოგიური მადისგან);
• ეჭვიანობა (რომლის უკანაც მიტოვების შიში დგას);
• სექსუალური დარღვევები (სექსი მისთვის დამშვიდების და იმაში დარწმუნების საშუალებაა, რომ არ მიატოვეს);
ტიპური ცხოვრებისეული სცენარები:
• ,,ჩემი მოთხოვნები ძალიან დიდია“;
• ,,არაფერი მჭირდება, ჩემით მივაღწევ ყველაფერს“;
• ,,არასოდეს არაფერი ითხოვოთ“;
თერაპიული სამუშაოს ვადა: დაახლოებით წელიწადნახევარი. თუმცა ხან მთელი ცხოვრება. და რა? არსებობს ხალხი, მთელი ცხოვრება დადის სპორტ-დარბაზში, ფსიქოთერაპია კი სულისთვის სპორტდარბაზია. რატომ ამდენი ხანი (თუმცა რეალურად არც ისე დიდი ხანი)?
მიტოვების კომპლექსის ცენტრში საკუთარი თემის მიერ მიტოვების არქაული შიში ძევს, რომელსაც თან სდევს მარტოობაში შიმშილით სიკვდილი, ან გარეული მხეცების საკბილოდ ქცევა. დიდი არჩევანი არ არის. ამიტომ ღრმად გათხრა მოგვიწევს. ზრუნვაც მოგიწევს ასეთ კლიენტზე – ხანგრძლივი თერაპიაც ხომ მზრუნველობის ერთ-ერთი ფორმაა.
თერაპია ოთხი ეტაპისგან შედგება:
• კონსალტინგი, ან თუ გნებავთ ქოუჩინგი;
• პოზიტიური გადატანა, სადაც თერაპევტი დედის როლს ასრულებს, რომელთანაც ურთიერთობა სასურველია;
• ნეგატიური გადატანა (მე მშიერი ბავშვი ვარ, თუმცა მჭირდება საზღვრები);
• ინტეგრაცია;

თერაპიის მიზანი – დაგუბებული ცრემლების გამოშვება, საკუთარი თავისთვის დახმარების თხოვნის უფლების მიცემა, სამყაროს ნდობა მთელი მისი შეზღუდვებით და გათავისუფლება მოლოდინისგან, რომ ვიღაც განსაკუთრებული მოვა და გამოკვებავს. შესაძლოა ამის გავლა მარტო? არა.
რატომ არსებობდა ადრე ჭირისუფლობის კულტურა? რატომ არ კრძალავენ მიცვალებულს მარტო? გლოვის ეტაპის გავლა მარტო შეუძლებელიატრავმის მიღების გარეშე. და თუკი უკვე ტირილის ძალა აღარ შეგრჩათ, ყალიბდება ქრონიკული დეპრესია. თერაპიის პროცესში თავს იჩენს საკუთარი თავის სიძულვილი და დანაშაულის გრძნობა.
ამ შემთხვევაში დანაშაულის გრძნობა საკუთარი თავისადმი მიმართული აგრესიაა და მომხტარის გაკონტროლების საშუალება. მუშაობს შემდეგი ლოგიკა: მე ვარ დამნაშავე, თუმცა გამოვსწორდები და ყველაფერი კარგად იქნება. მე ისევ მიმიღებენ ოჯახში, თემში“.
რა უნდა იყოს თერაპიის შედეგი?
• ,,მე შემიძლია ვთხოვო სხვებს, რომ იზრუნონ ჩემზე“;
• ,,მე ვაცხადებ, რომ მაქვს უფლება მოვითხოვო და დავიჟინო“;
• ,,მე შემიძლია ვიგლოვო დანაკარგი და ვიტირო“;
• ,,მე შემიძლია ვიყო ვინმეს მიერ შეყვარებული“;
• ,,მე შემიძლია მივიღო“;
• ,,მე შემიძლია დავტკბე იმით, რაც მაქვს და არ მოვითხოვდე მეტს“;
• ,,მე ვერ მივიღებ ყველაფერს, თუმცა შემიძლია მივიღო იმაზე მეტი, ვიდრე აქამდე ვიღებდი“;
• ,,მე შემიძლია გავბრაზდე“;
მოდით, ახლა გადავხედოთ განკურნების მთელ პროცესს. გახსოვთ, რომ ასეთ ადამიანებს არ შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი მოთხოვნები და ითხოვონ დახმარება? ამიტომ მათი აღიარება, რომ დახმარება სჭირდებათ, უკვე პროგრესია.
იმედი მაქვს, თქვენ, ვინც ამ კომპლექსის აღწერაში საკუთარ თავს ამოიცნობთ, შემდეგ დასკვნას გააკეთებთ: ის, რაც გჭირთ, არ არის ნორმა, თქვენი პიროვნების სიღრმეში დამალული მიტოვების შიში და გმიტოვებულობის გრძნობა ყურადღებას იმსახურებს.
როგორი თერაპიული პრაქტიკები არსებობს?
პირველ რიგში გაჩნდება შეკითხვები:
როგორ ხვდები, რომ რაღაც გინდა?
რა ხდება ახლა შენს თავს?
რა ხდება ახლა თქვენს გრძნობებში? ეს ,,მინდას“ ზონასთან მუშაობაა, რომლის შემდეგაც ამოტივტივდება სევდა და გადაიზრდება იმედგაცრუებაში. სწორედ აქ გახმოვანდება მიტოვების ტრავმა.
და აი, ჩნდება სიცხადე, დედაზე ბრაზი. საჭიროა ჯერ მისცე ამ ბრაზს არსებობის უფლება, რომ შემდეგ მასთან გამკლავება ისწავლო (მაგალითად სპორტით დაკავდე). ასეთ დროს კლიენტი ხშირად სვამს კითხვას: რა აზრი აქვს გაბრაზებას?
საქმე ისაა, რომ ემოციებს არ აქვთ აზრი. აი, თუ ადამიანს სკამს ჩაარტყამ თავში, ადამიანს ეწყინება. ემოციები – ეს რეაქციაა გარემოზე და მისი შედეგი. ემოციები – ეს სიგნალია, -მაგალითად, თუკი ვგრძნობ ბრაზს, ესე იგი, ვიღაც ჩემს საზღვრებს არღვევს.
ბრაზთან ერთად მოდის შიში. როდესაც ასეთი კლიენტები ბრაზობენ და თერაპევტი ამას ნორმალურად იღებს, მათთვის ეს აღმოჩენაა. ასეიწყებს მოძრაობას მთელი ოჯახური სისტემა (რეალური, თუ ის, რომელიც კოდირებულია მეხსიერებაში) , რომლის შედეგადაც ბრაზი გამოიხატება. თუმცა საჭიროა აგრესიის მისაღები მეთოდებით გამოხატვის სწავლა. საჭიროა სუნთქვასთან მუშაობა: სუნთქვითი ვარჯიშები და ტექნიკები.
შიშთან მუშაობის შემდეგ უმწეობის განცდასთან ვიწყებ მუშაობას. ეს საკუთარ სხეულთან კონტაქტის საკითხია. იმის, რომ სხეული, ფიქრები და ემოციები ერთი მთლიანობის ნაწილია. მივანიშნებ, რომ ცუდი არ იქნებოდა ფიზიკური აქტივობით დაკავება. აქ საჭიროა დაცვების ინტერპრეტირება და კლიენტთან მისი დაბრუნება.
მაგალითად: ,,თქვენთვის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია სხვებისთვის დახმარების გაწევა, სხვანაირად თავს უსარგებლოდ იგრძნობთ. თქვენ ფიქრობთ, რომ ძალიან ძლიერი ხართ და თუკი სხვების გადარჩენას შეძლებთ, იმაზე კარგი იქნებით, ვიდრე ხართ“.
გახსოვთ ინვერსია და რევერსია? ეს ხდება მაშინ როდესაც კლიენტი იწყებს თერაპევტზე ზრუნვას, დაახლოებით ასე: ,,ძვირფასო ფსიქოლოგი, თქვენ თავად როგორ გრძნობთ თავს?“
აქ საჭიროა მუშაობა ციკლოიდალიზმთან (როდესაც თავიდან ჩნდება აღმაფრენა, რომლითაც ადამიანი გარბის ვიღაცის დასახმარებლად და ამას მოსდევს იმედგაცრუება). აუცილებელია გავაგებინოთ კლიენტს, რომ არაფერი შეიცვლება მანამ, სანამ არ გააცნობიერებს, რომ ამ ისტორიას თვითონ იმეორებს გამუდმებით,
ის ხომ თავად აგებს მის ცხოვრებას ისე, რომ ირგვლივ მრავლად ჰყავდეს ისეთები, რომლებიც მისი დახმარების გარეშე ვერ გადარჩებიან.
ეს ისტორია რაციონალურ დონეზე უნდა გაირჩეს. საპასუხოდ გაჩნდება გრძნობები და ეს ნორმალურია. საჭიროა მუშაობა, რომ ეს პატერნი არ განმეორდეს, თუნდაც შემდგომ თაობაზე. და როგორ შეიძლება განმეორდეს? მაგალითად, კლიენტი ეცადოს იყოს სუპერ დედა, როგორიც მას არასოდეს ყოლია, შემდეგ მიატოვოს შვილები, რადგან ასე ცხოვრება შეუძლებელია და ასე გაგრძელდეს ისტორია. ახლა ის ირჩევს, შეაჩეროს ეს ცხოვრებისეული სცენარი, თუ განაგრძოს. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა უნარებზე: როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ ის მთლად კარგად არ არის?
მაგალითად, დახედოს თერმომეტრს და თუ ის მაღალ ტემპერატურას აჩვენებს, შესაძლოა სჯობდეს, რომ გაეთავისუფლოს სამსახურიდან და კარგად გამოიძინოს. ვიღაცისთვის ეს ძალიან აშკარაა, თუმცა მისთვის არა. როგორ მიხვდეს რომ დასვენება სჭირდება? შესაძლოა აწარმოოს დღიური: რომელზე დაწვა, რომელზე ჭამა და როგორ. მას არ აქვს თვითდამშვიდების, საკუთარ თავზე ზრუნვის უნარი.
მიტოვების კომპლექსიანი ადამიანისთვის აღმოჩენაა ისიც, რომ შესაძლებელია სპონტანურად არ ჩაგერთოს დაცვა და თავად აირჩიო დაცვის რომელ ხერხს მიმართო. ჩვენ ვსწავლობთ დაცვითი მექანიზმების გაცნობიერებას. ეს ისწავლება და მუშავდება. იქნებ ხანდახან შესაფერისი მისი საყვარელი უარყოფაც გამოდგეს. მოგვიწევს მუშაობა შიშების დაძლევის სტრატეგიებზე. ვიღაც თილისმებს იკეთებს, ვიღაც სუნთქვით ტექნიკებს ეუფლება, ვიღაც კიდევ საკუთარ თავთან დიალოგს იწყებს და კოგნიტურ მიდგომებს არჩევს.
კლიენტები, რომელბიც ამ კომპლექსით არიან შეპყრობილნი ხშირად თვითსტიმულირებას ლიტრობით ყავით ცდილობენ, რომ მუდმივად ჰქონდეთ სხვების დახმარების ენერგია. მე ვაცნობ მათ მასტიმულირებელი საშუალებების გარეშე არსებობის შესაძლებლობებს. თუმცა ეს რთულია, თუკი საკუთარ თავზე ზრუნვა გავიწყდება.
კლიენტმა უნდა ისწავლოს თხოვნის ფორმულირება და ჩამოწეროს, როგორ მიმართოს სხვას დასახმარებლად. რაღაც მომენტში მან შესაძლოა თავი დატვირთულად იგრძნოს და სხვისი თანადგომა გახდეს საჭირო… როგორ გააკეთებს ის ამას? მარტოობაში თვითდესტრუქციული ქცევა აქტიურდება. რა შეიძლება გაკეთდეს, როცა მარტო რჩები? როგორ უნდა გახდეს ასატანი მარტოობა?
მას უამრავი არასწორი წარმოდგენა აქვს იმის შესახებ, თუ რას გრძნობენ სხვები. არადა სხვა ადამიანების ფიქრების წაკითხვა არავის შეუძლია. ეს აზრი კლიენტს გააბრაზებს, ეწყინება. ამაში ვლინდება მისი ინფანტილურობა. ისტორიები, რომელსაც ის ყვება, მთლიანად მისი ფანტაზიაა, რომელიც ან არის რეალობის შესაბამისი, ან არა.
რეალობას გადამოწმება სჭირდება. თუკი პრეტენზიები აქვს პარტნიორთან, საჭიროა რეციპროკულობის შესაძლებლობების გაძლიერებაზე მუშაობა. შესაძლოა პარტნიორი აძლევს იმას, რაც შეუძლია და ისე, როგორც შეუძლია. ამ შემთხვევაში უნდა ისწავლოს მიღება, ან ეძებოს ახალი პარტნიორი. ახლა ხვდებით რატომ არის ასეთი ხასიათის ტიპის თერაპია ხანგრძლივი?
ბევრი ხვადასხვა ხალხის მითოსში გვხდება სამოთხიდან გაძევების თემა. როცა ეს ხდება, სამოთხე შორეულ და მიუწვდომელ მხარედ იქცევა ხოლმე. მიტოვების კომპლექსიანი ადამიანი დარწმუნებულია, რომ სამოთხე მისთვის არ არსებობს, ხოლო თერაპია მას ეხმარება გააცნობიეროს, რომ სამოთხე მიღწევადია. სამოთხე აქვეა, დედამიწაზე და მას სრული უფლება აქვს შევიდეს, დარჩეს და დატკბეს მისი ყველა სიკეთით, ყველა ხილით.

ვიოლეტა ვინოგრადოვა

გეშტალტ თერაპევტი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here