ჩვენ გავიზარდეთ ზღაპრებზე, რომელთა უმეტესობაშიც სიუჟეტის ძირითადი ხაზი პარტნიორის ძიებასა და არჩევანის გაკეთებაზე გადიოდა, კვანძის გახსნა – მისი მოპოვება გახლდათ და ყველაფერი ერთი პოზიტიური ფრაზით მთავრდებოდა – ,,და ცხოვრობდნენ ისინი დიდხანს და ბედნიერად“. რა იქნებოდა, თუ არჩევანის გაკეთებას არ გვასწავლიდნენ? თუკი გვეტყოდნენ რომ ყველას შეგვიძლია იმდენი პარტნიორი გვყავდეს, რამდენიც გვსურს, თუკი მოგვცემდნენ ოჯახური თანაცხოვრების სხვანაირ მოდელს? დაქორწინება, დაოჯახება, დაწყვილება თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემად რჩება დღემდე, თუმცა ,,დიდხანს და ბედნიერად“ ერთად ცხოვრებისთვის კაცობრიობას სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ეპოქასა და კულტურაში სხვადასხვა რეცეპტი ჰქონდა და აქვს დღემდე.
პარტნიორული ურთიერთობების სხვადასხვა მოდელი:
მონოგამია

თანამედროვე სამყაროში ქორწინებისა და თანაცხოვრების ყველაზე მისაღები და ტრადიციული ფორმა მონოგამია გახლავთ. იგი გულისხმობს პარტნიორების ორმხრივ ერთგულებას მთელი ცხოვრების, ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში (სერიული მონოგამია).
ბიოლოგები ოთხი ტიპის მონოგამიას გამოყოფენ: ქორწინებით მონოგამიას, სოციალურ მონოგამიას, სექსუალურ მონოგამიას და გენეტიკურ მონოგამიას. ქორწინებითი მონოგამია ქორწინების ნორმაა, რომლის თანახმად, ნებადართულია ერთადერთი საქორწინო პარტნიორის ყოლა. იგი შეიძლება გულისხმობდეს გამეორებითი ქორწინების აკრძალვასაც. სოციალური მონოგამია ორი ადამიანის თანაცხოვრებაზე მიუთითებს, რომლებსაც განაწილებული აქვთ ფუნქციები, მოვალეობები, იზიარებენ ცხოვრებისთვის აუცილებელ რესურსებს – საცხოვრებელს, საკვებს, ფულს და ამავდროულად აქვთ სექსუალური ურთიერთობაც, თუმცა სექსზე ექსკლუზივს მხოლოდ სექსუალური მონოგამია იძლევა. მონოგამიის ეს ფორმა ერთმანეთის გარდა გამორიცხავს ყველა სხვა სექსუალურ პარტნიორს. რაც შეეხება გენეტიკურ მონოგამიას, ეს ნიშნავს რომ ჩვენი გენების გამგრძელებელ პარტნიორად მოვიაზრებთ მხოლოდ ერთ ადამიანს. ეს იმდენად იშვიათი ფორმაა, რომ ცხოველებშიც კი მხოლოდ ორ სახეობაში გვხვდება – ანთარსა და თამარინებში (მაიმუნის სახეობები).
პოლიგამია
ქორწინების და თანაცხოვრების ისეთ ფორმას, რომელიც ერთდროულად რამდენიმე პარტნიორს უშვებს პოლიგამია ეწოდება. პოლიგამიასაც სხვადასხვა ფორმები აქვს. პოლიგინია მრავალცოლიანობაა, ხოლო პოლინდრია მრავალქმრიანობა. ეს უკანასკნელი ქორწინების ყველაზე იშვიათი ფორმა გახლავთ. გავრცელებული იყო ტიბეტში, ესკიმოსებში, ჩინეთისა და ჩრდილოეთ ინდოეთის ზოგიერთ ეთნოლოგიურ ჯგუფში, რაც განაპირობებული იყო ცხოვრების დაბალი დონით. როგორც წესი, ამ დროს ძმებს მოჰყავდათ ხოლმე ერთი ცოლი, ბავშვის ბიოლოგიური მამა იყო უცნობი. ჰიმალაის მთებში, სადაც მიწის დეფიციტი იყო, ეს ოჯახს თავიდან არიდებდა დაყოფას და მიწის განაწილებას.
სამაგიეროდ, პოლიგინია გახლავთ ძალიან გავრცელებული ფორმა, განსაკუთრებით ისლამურ ქვეყნებში. ისტორიაში გვაქვს ჯგუფური ქორწინების პრეცენდენტებიც.
პოლიგამურად ბევრ საზოგადოებაში და ბევრ რელიგიაში ცხოვრობენ. პოლიგამია არსებობს ალჟირში, ბენინში, ჩადში, კონგოში, განაში, ტოგოში, ტანზანიაში, ტაილანდში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ეგვიპტეში, კუვეიტში, იორდანიაში, შეერთებულ შტატებში…
ისრაელში ურთიერთობის ეს სტილი ძალიან მისაღებია არაბ-ბედუინებში, რომელთა სოციო-კულტურული რწმენებიდან გამომდინარე, მრავალრიცხოვანი ოჯახები და ბევრი შვილები ძალაუფლებასა და პრესტიჟთან ასოცირდება. შეერთებულ შტატებში „უკანასკნელი დღის წმინდანთა ეკლესიის“ წევრებში, მორმონებშია გავრცელებული.

რა გავლენას ახდენს პოლიგამურ ქორწინებაში ყოფნა ოჯახის წევრების მენტალურ ჯანმრთელობაზე, ბევრი კვლევაა ჩატარებული. ისრაელში ასეთი შედეგები მიიღეს – ქალებს, რომლებიც პოლიგამურ ქორწინებაში იმყოფებოდნენ, ჰქონდათ ამავე ქვეყანაში მცხოვრებ მონოგამურ ქორწინებაში მყოფ ქალებთან შედარებით დაბალი თვითშეფასება, ნაკლები ცხოვრებით კმაყოფილება, მეტი სომატიზაცია, ინტერპერსონალური მგრძნობელობა, დეპრესია, შფოთვა, აგრესია, ფსიქოტიციზმი, სტრესი, პარანოია და უფრო მეტი პრობლემები ურთიერთობებში. პრობლემები ჰქონდათ ასეთ ოჯახებში გაზრდილ ბავშვებსაც. პოლიგამიური ოჯახი ცუდად მოქმედებდა მათ აკადემიურ მოსწრებაზე, და-ძმურ ურთიერთობებზე (იყო და-ძმებთან მეტი მტრობა, შუღლი), მეტი იყო სკოლიდან გამოგდების შემთხვევები, ალკო-ნარკოტიკ-დამოკიდებულების საფრთხე და დაბალი თვითშეფასება (Alean Al-Krenawi & John R. Graham (2011).
პოლიგამური სუბ-ჯგუფები
პოლიგამიის დაკანონებული ფორმების გარდა არსებობს არამონოგამიის კიდევ სხვა ტიპებიც. ნებისმიერ კულტურაში არსებობენ პატარა სუბ-ჯგუფები, რომლებსაც ოჯახურ თანაცხოვრებასა და ინტერპერსონალურ ურთიერთობებზე თავიანთი წარმოდგენა აქვთ და ამ წარმოდგენების მიხედვით ცხოვრობენ.
დასავლეთში პოლიგამიის პრაქტიკის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა პოლიამორია.
პოლიამორია ახალ-დაბადებული ტერმინია, ბერძნულის და ლათინურის სინთეზით შექმნილი. სიტყვა – სიტყვით მრავალ სიყვარულს ნიშნავს. იგი უპირისპირდება რომანტიკული სიყვარულის, როგორც ერთადერთი რჩეულის სიყვარულის იდეას და გულისხმობს ერთდროულად რამდენიმე ადამიანს შორის ემოციურ და სექსუალურ კავშირს. ურთიერთობაში მონაწილე ადამიანები თავს სხვა წევრების ერთგულად მიიჩნევენ სექსუალურ კონტექსტშიც კი. პოლიამორია დაფუძნებულია ღრმა ემოციურ კავშირზე, ურთიერთშეთანხმებაზე, ურთიერთგანდობასა და გულწრფელობაზე. მას არ აქვს ქორწინებითი ურთიერთობის ბაზისი.
ისრაელის და არაბეთის პოლიგამური ოჯახებისგან განსხვავებით, პოლიამორულ ოჯახებში მონოგამურ ოჯახებზე მეტი პრობლემა ნამდვილად არ არის. განსხვავებით პოლიგინიისგან, სადაც მხოლოდ მამაკაცს აქვს რამდენიმე ცოლის ყოლის უფლება და თან ეს ცოლებიც გარკვეულ იერარქიას ექვემდებარებიან, რაც შუღლს აღვივებს, პოლიამორიაში ყველაფერი სიყვარულსა და ერთმანეთის გაგების მცდელობაზე დგას. შესაბამისად, პოლიგამიის ამ ფორმასა და მონოგამიას შორის განსხვავებების საპოვნელად ჩატარებულ კვლევებში სულ სხვა შედეგები დადგა.
პიროვნებისა და სოციალურ ფსიქოლოგიას ამ ეტაპზე არავითარი ემპირიული ბაზისი არ გააჩნია, რომელიმე მათგანის უპირატესობის დასამტკიცებლად. მართალია, ბევრი კვლევა არ ჩატარებულა, თუმცა მონოგამიის სასარგებლოდ არსებული მტკიცებულებები, რომ ის გვიცავს ეჭვიანობისგან, გადამდები დაავადებებისგან, თუ განქორწინებისგან, ჩვეულებრივი სპეკულაცია აღმოჩნდა. ეჭვიანობას ვერც-ერთი ფორმის ურთიერთობაში ვერ არიდებენ თავს ადამიანები და არ არსებობს კვლევებით დადასტურებული მტკიცებულება რომ მონოგამია უკეთესად აისახება ურთიერთობაზე მისი ხანგრძლივობის, ბედნიერების, ჯანრმთელობის, სექსუალური კმაყოფილების, ემოციური სიახლოვის კუთხით, ვიდრე პოლიამორია.
პოლიამორული ოჯახი არ მოქმედებს არც ბავშვის თვითშეფასებასა და მის აკადემიურ მოსწრებაზე. მეტიც – პოლიამორულ ოჯახებში გაზრდილი ბავშვები უკეთესად სწავლობენ. ამ საკითხზე ლონგტიტუდური კვლევები აქვს ჩატარებული ჯორჯიის უნივერსიტეტის პროფესორს, სოციოლოგ – ელისაბედ შეფს. აღმოჩნდა, რომ ერთადერთი პრობლემა, რომელიც პოლიამორულ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებს აქვთ, მონოგამიურ ოჯახებში მცხოვრები ბავშვებისგან განსხვავებით, სოციუმისგან მომავალი წნეხია. მარტივი სიტყვებით, მათ ფსიქიკურ კეთილდღეობაზე ოჯახში არსებული სიტუაცია სულაც არ მოქმედებს უარყოფითად, უარყოფითად მოქმედებს მათ არანორმატიულ ოჯახთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ პრეჯუდისებთან, ნეგატიურ დამოკიდებულებებთან შეჯახება.
პოლიამორია განსხვავდება პოლიგამური ურთიერთობების ისეთი ფორმებისგან როგორებიცაა პოლიგინანდრია, ღია ურთიერთობები, თავისუფალი ურთიერთობები, სვინგინგი და ა.შ.
თავისუფალი ურთიერთობები – ორი ადამიანის ემოციურ ან სექსუალურ კავშირს გულისხმობს ერთმანეთთან ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე. პარტნიორები არავითარ დაპირებას არ აძლევენ ერთმანეთს, არიან ერთად, სანამ მოსწონთ ერთად ყოფნა და არავითარ ექსკლუზივს არ ფლობენ ერთმანეთზე.
ღია ურთიერთობებში პარტნიორები (ქორწინებით, თუ ქორწინების გარეშე) ერთმანეთს უთანხმდებიან რომ ორივე მათგანს შეუძლია ჰქონდეს ამ ურთიერთობის გარეთ სექსუალური კავშირები და ეს ღალატად არ მოიაზრება. მათაც აქვთ ხოლმე გარკვეული წესები, მაგ. ,,ჩვენს სახლში არასოდეს“, ,,უკანონო შვილები არა“ და ა.შ. შესაძლოა შეთანხმდენენ იმაზეც, რომ არ ისაუბრონ გარე კავშირების შესახებ. ასეთი ურთიერთობა ცალმხრივიც შეიძლება იყოს, თუკი ერთ პარტნიორს მეტი სექსუალური ურთიერთობა სჭირდება. მთავარი არსი ის არის, შეთანხმებაა – ჰქონდეთ პარალელური ურთიერთობები სრულ-განაკვეთიან პარტნიორთან ემოციური კავშირის შენერჩუნებასთან ერთად.
პოლიგინანდრია (ჯგუფური ურთიერთობები), რამდენიმე ადამიანის ერთ ოჯახად ცხოვრებას მოიაზრებს თავის თავში. ასეთ ჯგუფში ყველა ერთმანეთზე დაქორწინებულად ითვლება, მიუხედავად იმისა არის თუ არა ეს კანონმდებლობით დაშვებული მათ ქვეყანაში.
სვინგინგი – ღია ურთიერთობის მსგავსია, თუმცა ერთ ოჯახად ცხოვრებას არ გულისმობს, ორგანიზებული ქცევაა. დიდი ხნის წყვილები ურთიერთობის გამოსაცოცხლებლად, ან უბრალოდ სოციალური აქტიოვობისთვის სხვა წყვილებთან ცვლიან პარტნიორებს.
ეს ხდება ხან სპონტანურად, ხან არაფორმალურ შეკრებებზე, ხან დაგეგმილ, რეგულარულ შეკრებებზე, არსებობს სპეციალური სვინგერების კლუბები და ვებსაიტებიც.
შეწყვილების ანთროპოლოგია
რომელია ადამიანის ქცევის ბიოლოგიური ნორმა – მონოგამია თუ პოლიგამია, ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი მეცნიერებს დღემდე არ აქვთ. ცნობილი ფაქტია, რომ ცხოველებსა და ფრინველებშიც სახეობები განსხვავდებიან სექსუალური ქცევის კუთხით. დედამიწაზე არსებულ ყველა სახეობას თავისი გამოწვევები აქვს – კლიმატი, რომელშიც ცხოვრობს, საკვები, რომელიც უნდა მოიპოვოს, მტრები, რომელთაგანაც თავი უნდა დაიცვას. სახეობა გადარჩენისთვის იბრძვის, ჯანსაღი და ძლიერი შთამომავლობის დატოვებისთვის და ამის მიხედვით იცვლის ქცევას.
ანთროპოლოგები ფიქრობენ, რომ ადამიანების შეწყვილების სისტემა ძალიან მოქნილია და დროთა განმავლობაში იმ გამოწვევების მიხედვით იცვლებოდა, რომლის წინაშეც იმ ეპოქაში იდგნენ. ეს ჩვენი წინაპრების ძვლების ანალიზმაც დაადასტურა. ზოგადად, პოლიგამურ ცხოველებში მამრი უფრო დიდია ვიდრე მდედრი, ადამიანების შემთხვევაში, ყოველთვის ასე არ იყო. ადრეულ ჰომოსაპიენსებში მამრი და მდედრი ერთი ზომისანი იყვნენ. რაც მათ მონოგამურობაზე მოიუთითებს. კვლევები მიმდინარეობდა ჩვენი წინაპრების თითებზეც, საჩვენებელ თითსა და არა თითს შორის სხვაობა ჰორმონალურ მდგომარეობაზეც ბევრს გვეუბნება. აღმოჩნდა რომ დაახლოებით 4.4 მილიონი წლის წინ ჰომინიდები პოლიგამები გახლდნენ, დაახლოებით 3. 5 მილიონი წლის წინ კი უკვე მონოგამიისკენ გადახრილნი.
ერთ-ერთი თეორიით ჩვენს წინაპრებს ადრეულ ხანაში ვომერონაზალური სისტემა კარგად ჰქონდათ განვითარებული, რაც მათ საშუალებას აძლევდა სუნით მიმხვდარიყვნენ, როდის ჰქონდა მდედრს ოვულაციის პერიოდი და მას ეუფლებოდა ყველაზე ძლიერი მამრი. ჩვენს მონათესავე სახეობაში – შიმპანზეებშიც ასე ხდება და მათი მაგალითი ზოგიერთ ევოლუციონისტს ჩვენი ევოლუციის გასაღებადაც კი მიაჩნია. შიმპანზეებმა მეტოქეობის პირობებში ჭარბი რაოდენობით სპერმის გამომუშავებაც კი დაიწყეს, რომ გაეზარდათ ,,მამობის“ შანსები.
მიოცენის ეპოქაში კლიმატი შეიცვალა, საკვების შოვნა გაჭირდა და ჩვენმა წინაპრებმა აღმოაჩინეს, რომ ჯგუფურად ნადირობითა და ცხოვრებით უფრო ადვილად გაიტანდნენ თავს. სანადიროდ ჯგუფის ყველაზე ძლიერი და განვითარებული მამრები დადიოდნენ და გაჩნდა საფრთხე რომ სანამ ისინი სანადიროდ იყვნენ, ოვულაციის პერიოდში ყველა მდედრს შედარებით სუსტი ან ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი მამრები დაჰპატრონებოდნენ. ეს ბუნების ინტერესებში არ შედიოდა. ვომერონაზალური სისტემა გაქრა. გაჩნდა მონოგამიის საჭიროება.
სექსუალური ქცევა ერთგვარი გადარჩენის სტრატეგიაა. მაგალითად, ზოგიერთი სახეობის დათვებში მდედრი მამრს შეწყვილების შემდეგ თავიდან იცილებს, რადგან რამდენიმე დათვი ერთად საკვების მთელ მარაგს ამოწურავს და პატარა ბელებს საკვები აღარ დარჩება. მონოგამია და პოლიგამიაც ასეთივე სტრატეგიები გახლავთ, რომელიც შემდგომში სხვადასხვა კულტურაში, სხვადასხვა სოციო-ეკონომიკური ან პოლიტიკური მდგომარეობების მიხედვით იცვლებოდა. მაგალითად, გვაქვს შემთხვევები, ომის შემდგომ, როდესაც მამაკაცების დეფიციტი იქმნებოდა და საჭირო იყო დემოგრაფიაზე ზრუნვა, კანონმდებლობა პოლიგამურ ქორწინებას უშვებდა ხოლმე.
გარდა ამისა უამრავ კულტურაში სადაც თითქოს ნორმა მონოგამია იყო, მონები ჰყავდათ სექსუალური ურთიერთობისთვის. ეევოლუციონისტი ფსიქოლოგი დევიდ ბარაში ფიქრობს რომ მონოგამია მითია. ადამიანები მიდრეკილნი არიან ხანგრძლივი ურთიერთობების ჩამოყალიბებისკენ, თუმცა ეს მონოგამურობას არ გულისხმობს. ის ცხოველებიც კი, რომლებიც მონოგამურებად არიან მიჩნეულნი, სოციალური მონოგამები არიან და სექსუალური მონოგამია მათშიც იშვიათია. გარდა ამისა, აბსოლუტური მონოგამია ნიშნავს მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთ პარტნიორს, როგორებიც არიან, მაგალითად ლემურები, გედები… ჩვენ მონოგამები არ ვართ, წავუმონოგამებთ.
დღეს არსებულ კულტურათა მხოლოდ 17%-ია მკაცრად მონოგამური, დანარჩენი სხვადასხვა სახის პოლიგამიის პრაქტიკას ეწევა და ისტორიულადაც სანამ ევროპული კულტურა სხვა კულტურებში შეაღწევდა, მსოფლიოს დაახლოებით 85 % უფრო მეტად პოლიგამიური იყო, ვიდრე მონოგამიური. მიუხედავად ამისა, ეს არ სულაც არ ნიშნავს, რომ ადამიანებს მონოგამია არ შეუძლიათ, ან რომ ეს მათთვის სასურველი არ არის. ისეთ საზოგადოებებშიც კი, სადაც პოლიგამია ნებადართულია კონკრეტული ინდივიდები მონოგამობას ირჩევენ.
მონოგამიია და პოლიგამია სქესებს შორის
გავრცელებული შეხედულებით, მონოგამია უფრო მეტად ახასიათებთ ქალებს ვიდრე მამაკაცებს, რადგან ევოლუციური თეორის ჭრილიდან თუ შევხედავთ, ყოველი ჩვენგანი საკუთარი გენების გავრცელებაზეა დაპროგრამებული და პოლიგამიურობა, ქალებისგან განსხვავებით, მამაკაცებს უფრო მეტი შთამომავლობის დატოვების საშუალებას აძლევს, მაშინ როდესაც ქალები უფრო მეტად ემოციური კავშირის დამყარებასა და ხანგრძლივი ურთიერთობების დამყარებაზე არიან ორიენტირებულნი საკუთარი შთამომავლობის დასაცავად. ამ თეორიასაც ჰყავს მოწინააღმდეგეები. თუნდაც ისევ ევოლუციის თეორიიდან გამომდინარე, უფრო დიდია შანსი მამაკაცებს მოეხვიათ თავზე ქალებისთვის მონოგამია, რადგან მხოლოდ საკუთარ გენეტიკურ მემკვიდრეობაზე ზრუნვა სურდათ. ისტორიულ კონტექსტშიც ასე იყო – იმ კულტურებში სადაც მემკვიდრეობა გადაეცემოდა მამის ხაზით, მამა მოითხოვდა გარანტიებს რომ მემკვიდრე ნამდვილად მისი შვილი იყო. უკვე შემდგომში კი, როდესაც ქალის დასაქმებისა და ქონებრივი უფლებები მკაცრად იყო შეზღუდული, მონოგამური ქორწინების დამკვიდრება ქალისა და ბავშვის ფინანსური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვისაც გახდა აუცილებელი. ჩვენ ეპოქაში ქალებს უკვე აღარ აქვთ ამის აუცილებლობა, თავადაც შეუძლიათ უზრუნველყონ საკუთარი თავი და შთამომავლობა ფინანსური თუ სხვა სახის უსაფრთხოებით. არც გენეტიკური მამის დადგენაა პრობლემა. ამიტომ უმეტესობა დაინტერესებულია თანაბარი უფლებების ქონით – სექსუალური სიამოვნებიდან დაწყებული, პირადი თავისუფლებით კარიერასა თუ პოლიტიკურ ასპარეზზე.
უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული კვლევები აჩვენებენ, რომ ქალებს უფრო მალე სწყინდებათ მონოგამური სექსუალური ურთიერთობა, ვიდრე მამაკაცებს. საინტერესო შედეგამდე მივიდნენ ფსიქოლოგები კანადაშიც (Taylor Kohut, Jodie L. Baer Department of Psychology, Western University, London, Ontario, Canada & Brendan Watts; 2015) – კვლევის ფარგლებში ქალებს საშუალება ჰქონდათ ეყურებინათ პორნოგრაფიისა და ეროტიკისთვის და შემდგომ მოეხსენებინათ, თუ რომელზე უფრო მეტად აღიგზნენ. გარდა ამისა, მათ ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებს ფლეთისმოგრაფითაც ზომავდნენ. ქალებმა აღნიშნეს, რომ უფრო მეტად აღიგზნენ მომხიბვლელი ბოიფრენდის სცენარით, ვიდრე მომხიბვლელ უცნობთან სექსით, თუმცა მათი სხეული სულ სხვა რამეს ამბობდა. ამ შედეგის ინტერპრეტირება შემდეგნაირადაც შეიძლება – ქალების მეტად მონოგამობა უფრო კულტურის გავლენის შედეგია, ვიდრე ბიოლოგიური კანონი და რეალურად პოლიგამია-მონოგამიას სქესი არ აქვს, ქალიც შეიძლება იყოს პოლიგამი, ან მონოგამი და მამაკაციც.
შეწყვილების ბიოლოგია
როგორც აღმოჩნდა დედამიწაზე არსებულ სახეობათაგან ზოგი პოლიგამიურია, ზოგი მონოგამიური. ადამიანების, როგორც სახეობის შემთხვევაში, ეს საკითხი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან თვითონ სახეობაშივე არსებობს განსხვავებები. ზოგს უფრო მეტ ურთიერთობაში ყოფნის სურვილი აქვს, ვიდრე სხვებს. რა განაპიროებს ამას? მონოგამიის და პოლიგამიის გენეტიკური ბაზისის შესწავლას მეცნიერები ცხოველების მოდელზე შეეცადნენ.
ცნობილი ფაქტია, რომ თაგვები ზოგადად სექსუალური ქცევის შესწავლისთვის საუკეთესო მოდელები არიან, თუმცა მონოგამიის შესწავლისთვის არ გამოდგნენ, რადგან ერთ პარტნიორზე დამოკიდებულებას არ იქმნიან. კვლევა ჩატარდა მღრნელების ორ სხვადასხვა სახეობაზე – პრერიის მემინდვრიებზე (Microtus ochrogaster), რომლებსაც მონოგამური ქცევა ახასიათებთ და ველის მემინდვრიებზე (Microtus pennsylvanicus), რომლებიც პოლიგამები არიან (Edwards & Self; 2006).
აღმოჩნდა, რომ მონოგამ მემინდვრიებს სხვა პოლიგამ მღრღნელებთან შედარებით ოქსიტოცინის და ვაზოპრესინის უფრო მეტი რეცეპტორები აქვთ ტვინის იმ უბანზე, რომელიც სიამოვნებაზე აგებს პასუხს. მდედრებს ოქსიტოცინის მეტი რეცეპტორი, ხოლო მამრებს ვაზოპრესინის მეტი რეცეპტორი. ეს ჰორმონები სექსის დროს გამოიყოფა და მისი მეშვეობით ანსხვავებენ ეს მღრნელები ნაცნობ მემინდვრიებს უცნობი მემინდვრიებისგან. პრერიების მემინდვრიებში ეს რეცეპტორები და დოპამინის მწარმოებელი ნეირონები ერთად არიან და როდესაც ეს ჰორმონები გამოიყოფა, დოპამინთან შერწყმისას ჯილდოდ განიცდება. ეს პროცესი სექსამდე იწყება, ურთიერთობით, სექსი უბრალოდ აჩქარებს მოვლენებს. სხვა სიტყვებით, ერთი რომელიმე კონკრეტული პარტნიორის სუნი ამ ჯილდოს განცდასთან და სიამოვნებასთან ასოცირდება პრერიების მემინდვრიებში ველის მემინდვრიებისგან განსხვავებით. სწორედ ეს განსხვავება განაპირობებს მათ მონოგამიურობას. გარდა ამისა, შესაძლოა ამ რეცეპტორების ნაკლებობა პოლიგამურ მღრნელებში მიზეზია იმისა, რომ მათ უჭირთ ნაცნობი და უცნობი მემინდვრიების განსხვავება ერთმანეთისგან.
ფაქტი ერთია, თუკი მონოგამ მღრნელებს ოქსიტოცინის და ვაზოპრესინის რეცეპტორებს დავუბლოკავთ, ისინი ვეღარ მოახერხებენ მჭიდრო კავშირის შექმნას ერთ პარტნიორთან და პირიქით – პოლიგამ მღრნელებში ამ ჰორმონების ინექციით შეყვანა მათ მონოგამურობას იწვევს.
როგორც კველევებმა აჩვენეს, ადამიანებსაც პრერიების მემინდვრიების მსგავსად სექსის დროს გამოუმუშავდებათ სწორედ ზემოთ ხსენებული ჰორმონები, რომლებიც ეხმარებათ პარტნიორის შესახებ ინფორმაცია (მისი სუნი, ხმა, გარეგნობა..) დააკავშირონ სიამოვნებასა და ჯილდოსთან, რაც მათ მონოგამურობისკენ მიდრეკილს ხდის. ქალები და მამაკაცები, რომლებსაც ოქსიტოცინის და ვაზოპრესინის მეტი რეცეპტორი აქვთ, უფრო ადვილად იქმნიან დამოკიდებულებას პარტნიორზე, უფრო მარტივად იღებენ ქორწინების გადაწყვეტილებას და ნაკლები პრობლემები აქვთ ქორწინებაში.
და მაინც – ერთი პრინცი თუ 7 ჯუჯა?
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მონოგამიაც და პოლიგამიაც ერთნაირად გახლავთ ადამიანისთვის ბიოლოგიური ნორმა და პარტნიორული ურთიერთობების იდეალური მოდელი თითოეული ინდივიდისთვის სხვადასხვა შეიძლება იყოს, მთავარია ეს მოდელი დაფუძნებული იყოს ურთიერთშეთანხმებაზე.
შეთანხმებული ურთიერთობები, რომლებშიც ორივე იმას იღებს, რაც სურს და აქვს თავისუფლება ჰქონდეს ახლო ურთიერთობა იმდენ პარტნიორთან, რამდენთანაც სურს, ერთნაირად შეიძლება აწყობდეთ როგორც ქალებს, ისე კაცებს. ერთი ცნობილი ფსიქოლოგისა არ იყოს, ,,სექსუალურ გადახრად შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ სექსუალური ცხოვრების არ ქონა, დანარჩენი ყველაფერი გემოვნების საკითხია“.
ზოგიერთ ინდივიდისთვის მონოგამია უკეთესი არჩევანია, ზოგიერთისთვის – პოლიამორია. დებორა ანაპოლი ფიქრობდა, რომ თუკი ადამიანი დარწმუნებული არ არის, როგორ ურთიერთობაში გრძნობს თავს უკეთ, უმჯობესია სანამ ვალდებულებებს და პასუხისმგებლობებს აიღებდეს და სერიოზულ უერთიერთობაში ჩაებმებოდეს, ორივე მათგანი სცადოს.
ეჭვიანობის შიშით პოლიამორიაზე უარის თქმა არ ღირს, რადგან მონოგამია ამისაგან ვერ დაგიცავთ. ერთი ესაა, პოლიამორულ მოდელზე გადასვლით არეულ ურთიერთობას ვერ დაალაგებთ, თუ არ იცით პრობლემები საიდან იღებს სათავეს. პოლიამორია აგვარებს მხოლოდ სხვადასხვა სექსუალური სურვილების დაკმაყოფილების მოთხოვნილებას სხვა მხრივ ჯანსაღ და ბედნიერ ურთიერთობაში. პოლიამორიას სჭირდება ემოციური სიმწიფე, სჭირდება ეფექტური კომუნიკაციის უნარები, საზღვრების ცოდნა და შეთანხმებების დაცვა, ისევე როგორც ნებისმიერ ჯანსაღ ურთიერთობას.
ერთადერთი პრობლემა რომლის წინაშეც პოლიამორულ ურთიერთობებში მყოფი ადამიანები დგებიან, გარდა სოციუმიდან მომდინარე წნეხისა, არის დროის და რესურსების დეფიციტი.
თანამედროვე ეპოქაში, რეალიზებული ადამიანები ხშირად ერთ პარტნიორშიც ვერ დებენ ღრმა ურთიერთობისთვის საკმარის ინვესტიციებს, არათუ რამდენიმეში. ხშირად მონოგამურ ურთიერთობაში მყოფ ადამიანებსაც უჭირთ რესურსების განაწილება კარიერას, მეგობრებს, მეუღლეს და შვილებს შორის. რამდენიმე პარტნიორის ყოლა, რამდენიმე საქმის ერთად კეთებას ჰგავს, ცოტ-ცოტას ყველას აკლებ და ცოტ-ცოტას ყველასგან ინაზღაურებ, რაც შეიძლება ზოგისთვის ძალიან მოსახერხებელია, მაგრამ არა იმათთის, ვისთვისაც ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაოდენობა. ამასაც ვერ იტყვი ასე ცალსახად – შეიძლება ისეც მოხდეს, რამდენიმე ადამიანმა თანაცხოვრებისას უფრო უკეთესად აკეთოს ერთი საქმე, ვიდრე წყვილმა. მაგ. ისე განაწილდეს ფუნქციები, როგორც კოლექტივისტურ ოჯახებში ხდება განაწილება – ბებია-ბაბუას, დეიდა-ბიძებს შორის…
მოკლედ, ფსიქოლოგიური კეთილდღეობისთვის ნორმა არც პოლიგამიაა, არც მონოგამია, ნებისმიერ ურთიერთობაში იქნება ეს ერთი-ერთზე თუ ჯგუფური ურთიერთობა, წარმატებისთვის აუცილებელია ერთმანეთის პატივისცემა, ერთმანეთის გაგების მცდელობა, ნდობა, გულწრფელობა, სამართლიანობა და შეთანხმებების დაცვა, სხვა მხრივ კი – ერთი პრინცი თუ 7 ჯუჯა – ეს ყველამ ინდივიდუალურად, საკუთარი გემოვნებით უნდა გადაწყვიტოს!
დოჩი გოგო