,,განათლება ცხოვრებისთვის მომზადება კი არა,
თვითონ ცხოვრებაა”
მაშინ მე აბიტურინეტობისთვის ვემზადებოდი. წინ სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ქართული ლიტერატურის მიმოხილვის ტომები მეწყო, რომლებიც უნდა გამეზუთხა. მახსოვს ფანქრით გადახაზული მონაკვეთები, სსრკ რომ ეწერა ფრაზებს შორის და ამიტომ წაკითხვას არავინ გვთხოვდა. გვქონდა ასევე თემებიც, სავარაუდოდ პედაგოგის დაწერილი და ყველა იმ თემას, რომელიც ერთ ნაწარმოებზე იყო მიძღვნილი საერთო შესავალი და დასკვნა ჰქონდა, შუა ნაწილი იცვლებოდა სათაურის მიხედვით. ისეთი სავსე და შემოქმედებითი საგანი, როგორიც ლიტერატურაა, იქცა რუტინულ პროცესად და რაოდენობრივად ამოუწურავ საზეპიროდ.
ეს იყო ჩემი პირველი პროტესტის მიზეზი – ვერაფრით ვიგებდი, რატომ უნდა მესწალა ასე თავდაუზოგავად სხვისი აზრები და რატომ უნდა გვეწერა ყველას ასლები. დღეს ბევრი რამ შეიცვალა – გვაქვს ეროვნული გამოცდები და გვაქვს ახალი სასწავლო პროგრამები, ახალი სახელმძღვანელოები, მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების მცდელობა გამოცდებით და ტრენინგებით. მიუხედავად ამ სიახლეებისა, სურათი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. მართალია, აბიტურიენტების შეფასება გაცილებით ადეკვატურად ხდება, მაგრამ რაც შეეხება ამ შეფასებამდე მისვლის პროცესს, ბევრი საკითხი საეჭვო და ბუნდოვანია.
ხშირად ისმის საყვედურები პროცესში ჩართული მონაწილეებისგან – მასწავლებლისა და მშობლებისგან, რომ პროგრამა არათანმიმდევრულია და ბავშვისთვის ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირების პროცესს ართულებს, მენეჯერებისა და მშობლისგან, რომ მასწავლებლის კვალიფიკაცია არასაკმარისია. მასწავლებლები მშობლების ნაკლებ ჩართულობაზე საუბრობენ და დაბალ ხელფასებზე წუწუნებენ. საყვედურობს რომ თავი დავანებოთ, ფაქტია ერთია – ვერ ვიღებთ სასურველ შედეგს! არადა ეს შედეგი ჩვენი მომავლისთვის საბედისწერო ფაქტორია. ამ აბურდული, ყველა სფეროში პრობლემებით სავსე სისტემიდან ერთადერთი გამოსავალი გონიერი, განათლებული, თავისუფალი თაობაა, რომელსაც აქვს სურვილი და შესაძლებლობა ჩაანაცვლოს ეს სტაგნაცია.
ასეა თუ ისე, ათვისების პროცესი ისეთივე შრომაა, როგორც სწავლების პროცესი. მთავარი განსხვავება ისაა, რომ ამთვისებლები ბავშვები და ახალგაზრდები არიან. ნებისმიერი შედეგის მიღწევისთვის უნდა ვიცნობდეთ პროცესის ყველა მონაწილის როლს და თავად პროცესის მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ მაღალი კოორდინაცია. ჩვენს რეალობაში ვხედავთ მუდმივ ურთიერთგადაბრალებას, მაშინ, როცა არც ერთ მონაწილეს არ აქვს გაცნობიერებული პირადი პასუხისმგებლობა.
ფაქტორები, რომლებიც ინფორმაციის მიღებისა და აღქმის პროცესზე ახდენენ გავლენას
როგორ გავხადოთ ბავშვისთვის შრომა მისაღები და გასაგები? ინფორმაცია ადვილად დასამახსოვრებელი? ამ თემაზე ბევრი ფსიქოლოგი აყალიბებს საკუთარ თეორიას. უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიაზროთ, როგორ მოძრაობს ზოგადად ადამიანის ყურადღება. იგი გაურბის ნებისმიერ იძულებას და ებმება იმას, რაც მისთვის საინტერესოა. რა არის საინტერესო? ის, რაც ჩვენში ემოციას იწვევს. სწორედ ამიტომ ინფორმაციის გადაცემას გადამწყვეტი როლი ეკისრება, რაც ინფორმაციის გადამცემისაგან თავისთავად მოითხოვს საჭირო უნარებს.
ალბათ, ყველა თქვენგანი მოხვედრილა საინტერესო ფილმზე და პირიქით. როცა რაიმე მთელი ვნებით გაინტერესებს შენს ირგვლივ საგნები გაქრობას იწყებს, კონცენტრაციის დონე ძალიან მაღალია. ამ შემთხვევაში ინფორმაციის გადამცემის (სცენარისტი, რეჟისორი…) დამსახურებაა თქვენი მხურვალე ინტერესი.
არის კიდევ ერთი გასათვალისწინებელი საკითხი და ეს თქვენს ინდივიდუალიზმს ეხება. გარკვეული თემები გაცილებით მეტად იწვევს თქვენი ინტერესების სტიმულირებას. ამას ინსტიქტურ ინტერესებს უწოდებენ და ისეთივე ამოუცნობი საკითხია, როგორც მთლიანად ადამიანის შინაგანი, ამოუწურავი სამყარო. ერთი სიტყვით, ასეთი ინტერესები ჩვენი სასტარტო მდგომარეობაა.
ასევე გარკვეული ფორმები ბევრად ეფექტურია თქვენი აღქმისთვის – ნაკლებად კინო, მეტად წიგნი. შესაბამისად, იკვეთება ორი ფაქტორის მნიშვნელობა, მასწავლებლის (ინფორმაციის გადამცემის) პროფესიონალიზმი და მოსწავლის (ინფორმაციის ამთვისებლის) ინდივიდუალიზმი. მაინც რა საშუალებები იქნება შედეგიანი ინფორმაციის გადამცემის მხრიდან? ყველაფერი, რაც თავის თავში მოიცავს ეფექტს, შთაბეჭდილებას, ცნობისმოყვარების გაღვივების შესაძლებლობასა და პერსპექტივას, შესაძლოა გახდეს სტიმული ამთვისებლისთვის.
ძალიან მომგებიანია აღქმისათვის ვიზუალური მასალა (ვიდეო, ფოტო), პრეზენტაციები, საკითხის ცდებით გავლა სპეციალურად აღჭურვილ კაბინეტებში. პრაქტიკა და გამოცდილება მეხსიერებაში ყველაზე ხანგრძლივი ვადით რჩება.
რაც მეტად შთამბეჭდავად და თანმიმდევრულად არის ინფორმაცია გადაცემული, მოსწავლე გაცილებით მარტივად იგებს და არის შანსი, რომ თემა გახდეს მისთვის პიროვნული ინტერესის საგანი.
ბევრი ფსიქოლოგი ხაზს უსვამს ასოციაციების მნიშვნელობას. ასევე გადამწყვეტ ფაქტორებად მიიჩნევა ოჯახში ჩამოყალიბებული ღირებულებითი სისტემა, შინაგანი რწმენა, პიროვნული თვისებები, მოგონებები, გარემო, არა მხოლოდ სასწავლო ოთახების აღჭურვაზე, არამედ თავად სკოლის მდებარეობაზეც კი საუბრობენ ფსიქოლოგები. თუ ტექნიკური აღჭურვა მენეჯმენტის გადასაწყვეტი საკითხია, მასწავლებელს ევალება აღქმის პროცესის მართვა, მაგრამ არც ესაა ყველაფერი – მოსწავლეები დამოუკიდებელი ინდივიდები არიან და თანაც გარკვეულ გარემოში უკვე აღზრდილი ინდივიდები. ღირებულებითი სისტემა და ჩვევები ყალიბდება ოჯახში. იგივე გზას გადიან მოგონებები და ასოციაციები. ერთი შეხედვით რთული წარმოსადგენიც კია, რომ ამდენი ელემენტი მუშაობს ინფრომაციის აღქმის პროცესში.
ინდივიდები
აქ იკვეთება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა – ინდივიდუალური მიდგომა. რაც თავის თავში გულისხმობს ინფორმაციის კონკრეტულ ამთვისებლებთან კონკრეტულად შემუშავებული ტაქტიკის გამოყენებას, მისი შესაძლებლობების სრულყოფილად გამოვლენისთვის. ინფორმაციას სწრაფად აღიქვამს თუ ნელა, ამ ფორმით თუ იმ ფორმით, რაოდენობრივად თუ შინაარსობრივად, ვიზუალურად თუ სმენით, რა მოცულობის მასალას ითვისებს გარკვეულ დროში და ა.შ ეს ყველაფერი ინტელექტუალური შესაძლებლობების და ხასიათის შტრიხების საკითხია. მაგალითად, კონცენტრაციის ხანგრძლივობა სხვადასხვაა ფლეგმატიკისა და ქოლერიკისათვის. სწორედ ამიტომ ჩნდება აუცილებლობა გადასცე ინფორმაცია მისთვის ყველაზე ადეკვატური ფორმით.
ამ ტიპის ურთიერთობა რომ შედგეს, პირველ რიგში საჭიროა მასწავლებელს თავად ჰქონდეს ნათელი წარმოდგენა რა ტიპის ინდივიდთან, რომელ ტემპერამენტის ტიპთან აქვს კავშირი და უნდა ჰქონდეს ამ კონკრეტულ ინდივიდთან მიდგომის სტრატეგია. უნდა იპოვოს მისი ძლიერი და სუსტი მხარე, უნდა ასწავლოს თვითმენეჯმენტი, თვითგამოხატვა, ამუშაოს სუსტ მხარეებზე და გაზარდოს მოტივაცია მისი შინაგანი ინტერესების სტიმულირების გზით.
სწორედ ამ თემას ებმის თვითგამორკვევისთვის ხელშეწყობა. მასწავლების მხრიდან განხორციელებული სწორი ტაქტიკური სვლები მოსწავლეს აძლევს საკუთარი თავის შეცნობის შესაძლებლობას. იგი უკვე გამოკვეთილად აღიქვამს, რა აინტერესებს და რატომ, რა თვისებებია მისი იარაღი და რისი განვითარება სჭირდება. ხვდება, როგორ დასახოს მიზანი და როგორ განახორციელოს, ანუ იკვეთება პირველი მენეჯმენტის ნიშნები. მისი განვითარება აღარაა ქაოტური, გარკვეულ სისტემასა და სტაბილურობაში ექცევა. ამგვარად მორგებული სწავლება უკვე თავისთავად არაა მტანჯველი პროცესი. მისი შრომა მისი შესაძლებლობების და სურვილების ადეკვატურია.
თავის მხრივ თვითგამორკვევას წინ უსწრებს დამოუკიდებლად აზროვნების სტიმულირება. ანალიზი, სინთეზი, პარალელი, შედარება, კონტრასტი ინფორმაციის გადამუშავების ფორმებია. პრობლემის გადაწყვეტის პროცესში ჩართულობა კი მოსწავლეს სძენს ახალ უნარებს, მისი გონება ხდება ნაყოფიერი და პროდუქტიული, ვითარდება წარმოსახვა. ცდილობს არგუმენტირებულ მსჯელობასა და პოულობს ლოგიკურ ხაზს. ინფორმაციის ათვისება შესამზადებელი საფეხურია გაცილებით მნიშვნელოვანი ეტაპისათვის – როცა გონებას შეუძლია თავად იყოს წყარო რაიმე იდეის თუ აზრის. კრეატივის მიღწევა, შეიძლება ითქვას, სასწავლო პროცესის ყველაზე წარმატებული პროგრამაა.
სტიმული და მოტივაცია
ყველაზე დიდი მოტივაცია და შთაგონება ნებისმიერი ინდივიდისთვის არის თვითრეალიზაცია, თვითგამოხატვა, ჩართულობა, პროდუქტიულობა, როცა მის შინაგან რესურსებს ეძლევა ასპარეზი, როცა ის შეიძლება შეაფასონ და დააფასონ როგორც ინდივიდი. პერსპექტივები, აღიარება გარემოდან წამოსული მოტივაციაა და გულისხმობს ქმედებისთვის ჯილდოს მოლოდინს. არანაკლებ გადამწყვეტია შინაგანი მოტივაცია – როცა ადამიანს შეუძლია აკეთოს საყვარელი საქმე (ამ შემთხვევაში ისწავლოს საყვარელი თემა), ანუ ის, რაც აინტერესებს. ბავშვებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი თავის და უნარების წარმოჩენისთვის მაქსიმალურად კონფორტული გარემო, მრავალფეროვანი გამომსახველობის შესაძლებლობა.
მიღწეული წარმატებაც რჩება, როგორც კარგი გამოცდილება, კარგი გამოცდილება კი, ასევე, ყოვლისშემძლე მოტივატორია.
განათლება გვათავისუფლებს!
გვათავისუფლებს გაუგებარი შეზღუდულობისა და სტაგნაციისგან, დაჟანგებული სტერეოტიპებისგან, სხვისი მართვისგან, სხვისი აზრის უპირობო მიღებისგან საკუთარი შინაგანი შიშებისგან, გაუმართლებელი აგრესიისგან, ზედმეტი მენტალური ნაგავისაგან…
განათლება გვაცნობს!
გვაცნობს საკუთარ უნარებს, შესაძლებლობებს, ჰორიზონტებს, საკუთარ თავს, სამყაროს…
განათლება ქმნის!
ქმნის ახალ, ღირებულ პროდუქტს, უკეთეს პირობებს, სასურველ გარემოს, კარგ საზოგადოებას…
ამდენად, ჩვენ გვჭირდება ფინანსები და ძლიერი მენეჯერები სასწავლო დაწესებულებების სრულად აღსაჭურვად. სწორი გრძელვადიანი სტრატეგიის დასაგეგმად. მასწავლებლებისათვის შესაბამისი ანაზღაურებისა და მათი მოტივირებისთვის, მათი შრომის რეალურად შეფასებისათვის, მათი პედაგოგიური უნარების ამაღლებისათვის (არა ბუტაფორიულად, არამედ რეალურად).
გვჭირდება მასწავლებლები!
“ფსიქოლოგია არის მეცნიერება, მაგრამ სწავლება არის ხელოვნება, მეცნიერებები ვერ გენერირებენ ხელოვნებას თავიანთი თავიდან, შუამავალმა, გამომგონებელმა გონებამ უნდა გააკეთოს საკუთარი, ორიგინალური განაცხადი”, – ამბობს ამერიკელი ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი უილიამ ჯეიმსი .
გვჭირდება მშობლების მხრიდან სწორი მიდგომები, პროცესში მუდმივი ჩართულობა, სწორად ჩამოყალიბებული ღირებულებათა სისტემა და ბავშვის შინაგანი სამყაროს პატივისცემა, ოჯახში ბავშვისთვის მშვიდი გარემოს გარანტია. გვჭირდება ჯანსაღი ახალი თაობები!
საბედისწეროდ გვჭირდება!
Comments are closed.