ჩვენს სადარბაზოში 97 წლის ბებია ლუბა ცხოვრობდა. სასიამოვნო, საყვარელი, მომღიმარი და მეგობრული მოხუცი, რომელიც არასოდეს კარგავდა ამ განწყობას. პირადად ჩემთვის ის ნამდვილი ლიდერი იყო.
ერთხელ მან ჩვენს სართულზე ფანჯრის რაფები ქოთნის ყვავილებით მორთო. მეორე დღეს კი ყველაზე გამორჩეული ყვავილები, რომლებიც ახალი დაკვირტული იყო მოიპარეს და ჩვენი კორპუსიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით ჰყიდდნენ.
მეზობლებმა გადაწყვიტეს შემოსასვლელ კარზე დაეყენებინათ საკეტი და დომოფონი. ბებია ლუბამ კი დიდი ადამიანების ის გამონათქვამები, რომლებიც სინდისს აღვიძებდა და მცნებასავით ჟღერდა ჩასვა ჩარჩოებში და კედლებზე ჩამოკიდა. ამის შემდეგ ისევ დადგა ყვავილები ფანჯრის რაფებზე.
სადარბაზოში შემოაღწიეს ხმაურიანმა მოზარდებმა. ბებია ლუბა გამოვიდა და შესთავაზა მათ ჩაი. ისინი დიდხანს იცინოდნენ, დაწყვიტეს ყვავილები და გადმოაყირავეს ჩარჩოები.
მომდევნო დღეს მან ისევ დააწყო ყვავილები, ჩარჩოებიც გაასწორა და ყვავილებთან დაალაგა წიგნები — კლასიკა.
მოვიდნენ ისევ მოზარდები . ყბედობდნენ, ხმაურობდნენ. იგი გამოვიდა, შესთავაზა ჩაი და მის მიერ გამომცხვარი ფუნთუშები, რომლებსაც ძალიან გემრიელი სურნელი ასდიოდათ. ბავშვებმა ამგვარ ნუგბარზე უარი ვერ თქვეს, წიგნებიც კი წაიღეს იმ პირობით, რომ წაიკითხავდნენ. ამჯერად მათ არ დაუზიანებიათ ყვავილები და ჩარჩოები.
მომდევნო დღეს ბებიამ გამოიტანა წყლით სავსე პლასტმასის ბოთლი, თუ ვინმეს სურვილი გაუჩნდებოდა თავად რომ ეზრუნა ყვავილებზე. იქვე მოათავსა ახალი წიგნებიც. საღამოს მოვიდნენ მოზარდები ერთმანეთი გაწუწეს წყლით. ხარხარებდნენ და ხმაურობდნენ. ბებია კიდევ გამოვიდა და შესთავაზა ჩაი ფუნთუშებით. წაიღო ბოთლი კვლავ შეავსო წყლით და სთხოვა დაესხათ ყვავილებისათვის.
ბავშვებმა დაიწყეს ყოველდღიურად მოსვლა, მეზობლები ამ ხმაურმა იმდენად შეაწუხა, რომ პოლიციაც კი გამოიძახეს. მაგრამ ბებიამ განაცხადა, რომ ისინი მასთან მივიდნენ სტუმრად, მისი მოწაფეები იყვნენ და წიგნების წაღება სურდათ. პოლიციელების თვალწინ გადასცა დაბნეულ ბავშვებს წიგნები. უსურვა პოლიციელებს მშვიდობა და გააცილა ისინი.
მოგვიანებით სადარბაზოში გამოჩნდა კარადა წიგნებით და იქვე განცხადება: ,, თხოვნაა, თუ თქვენ გაქვთ სახლში საინტერესო და მნიშვნელოვანი წიგნი, რომელიც უკვე წაიკითხეთ, ჩვენც გაგვიზიარეთ, გამოიჩინეთ სიკეთე! ხოლო თუ წიგნებს წაიღებთ, დააბრუნეთ, სხვებსაც რომ მივცეთ წაკითხვის საშუალება. მათთვის შეიძლება ეს ძალიან საჭირო და აუცილებელია.”
კარადა გაივსო წიგნებით, ყვავილები უკვე ყველა სართულზე მომრავლდა, ასევე კედლებზე ლამაზი ჩარჩოები ციტატებით. ყოველ საღამოს სადარბაზოს შემოსასვლელ კარებს ღიად ტოვებდნენ.
საღამოს ნახავდით კიბეებზე ჩამომჯდარ მოზარდებს, რომლებიც წიგნებს კითხულობდნენ. ბებიამ დაალაგა რაფებზე რამდენიმე ფარანი, რომ უკეთ წაეკითხათ. ასე ისხდნენ ბავშვები და კითხულობდნენ წიგნებს სადარბაზოში, ის კი ჩვეულებრივზე მეტად იყო განათებული.
ბებია გარდაიცვალა. ჩვენი კორპუსის პირველ სართულზე კი გახსნეს კლუბი ბიბლიოთეკით და ყვავილებით ბავშვებისა და მოზარდებისათვის. კლუბის სიმბოლო გახდა ფარანი.