არც ერთი იდეა არ ღირს ბავშვის ცრემლად!
თ. დოსტოევსკი;
,,რას მირტყამ, შენი გაზრდილი ვარ?“, – მხოლოდ ეს ერთი აფორიზმად ქცეული ქართული გამოთქმა ცხადყოფს, აბსოლუტურად ბუნებრივად რომ მიაჩნიათ ,,გამზრდელის“ მხრიდან ძალადობა ბავშვებს. ,,ნუ გენაღვლების სწავლაზედ ყრმის წკეპლით ცემით კივილიო“, – გვაიძულებდნენ გაგვეზუთხა სკოლაში და არა მარტო გაგვეზუთხა, საკონტროლო წერაშიც დაგვესაბუთებინა, რა სარგებლობა მოაქვს ჩვენ ცემას.
საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ბავშვზე ძალადობას არათუ დასაშვებად მიიჩნევს, არამედ მიიჩნევს, რომ აღზრდის ძალადობრივი მეთოდები არაძალადობრივზე გაცილებით ეფექტურია კიდეც. ასეთია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები (2013წ), თუმცა რადგან მშობლები შვილების მასობრივ ხოცვა-ჟლეტაზე არ გადასულან, არაფერი გაკეთებულა ამ საკითხში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით.
ქალთა მიმართ ძალადობა ცუდი რომ არის, რომ გავიგეთ, კარგია, მაგრამ ცხოვრება ოჯახის შექმნით არ იწყება. ადამიანი პიროვნებად ბავშვობის ასაკში იწყებს ჩამოყალიბებას. ,,ბოროტი არ იბადება არადროს კაცი. მის გაბოროტებაში გამზდელი, მშობლები, თვითონ ჩვენა ვართ დამნაშავე. ბოროტება, სიგულფიცხე, ბრაზი, ბავშის გულში ცოტ-ცოტობით იზდება, ამაში ჩვენი უყურადღებობა და ცუდი მაგალითია”. (ვაჟა)
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ძალადობის მსხვერპლი ოდესმე თავადაც ხდება მოძალადე. ძალადობა ხომ ძალადობას შობს და თუ მისი მოსპობა გვსურს, სათავეშივე უნდა მოვსპოთ – ბავშვების მიმართ ოჯახური ძალადობას უნდა ვებრძოლოთ, ყველაზე დიდი შემართებით.
ძალადობა აგრესიის გამოვლინების ექსტრემალური ფორმაა. ჩვენ გვაქვს გარკვეული ენერგია, რომელიც გარეთ გამოსვლას ითხოვს. თუკი ადამიანი ვერ ახერხებს ამ ენერგიის საკუთარი ნების მიხედვით რეალიზებას, იგი მახინჯდება და გამოვლენას იწყებს ჩვენგან დამოუკიდებლად. ენერგიისგან გამოთავისუფლების ეს დამახინჯებული ფორმაა აგრესია. სუსტი ნებისყოფის ადამიანი ცდილობს მოძებნოს ფიზიკურად მასზე სუსტი არსება, რომლის საშუალებით ამ უარყოფითი ენერგიისგან გათავისუფლდება. ძალადობისა და ჩაგვრის მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს გაუცნობიერებლად.
ქვეცნობიერ მოტივებს ,,დიდები“ იშვიათად უღრმავდებიან, ცნობიერს კი ათასგვარი კეთილშობილური მიზეზის მოგონება შეუძლია ჩადენილი მავნებლობის გასამართლებლად. მე შენთვის მხოლოდ კარგი მინდოდა! – რიგითი მშობლის ერთადერთი რკინის ,,არგუმენტი“ ნებისმიერი ქმედების გასამართლებლად.
სამწუხაროდ, კარგის გასაკეთებლად, სულაც არ არის საკმარისი კარგის გაკეთების სურვილი. ,,დავითიანიც“ პირველი სწორედ ამიტომ გამახსენდა ამ თემაზე. საზოგადოებამ ძალადობას აღმზრდელობითი ფუნქცია მიანიჭა და ხანდახან ისეთებსაც შეხვდები, რომ გვცემდნენ იმიტომაც გავიზარდეთ ასე კარგებიო, ამტკიცებენ. ოღონდ სიტყვით და არა საქმით.
არც ძაღლსა და ადამიანს შორის პარალელები აქვს შემთხვევით გავლებული გურამიშვილს. მთლად მის ზეგავლენას ვერ მივაწერთ სრულიად ერის მიერ ოჯახური ძალადობის გამართლებას, მაგრამ რადგან მის ფილოსოფიას ბავშვის ძაღლივით გაწვრთნაზე ასე მყარად გაუდგამს ფესვები ჩვენს რეალობაში, წვრთნასა და აღზრდას შორის განსხვავებებზეც აუცილებლად უნდა ითქვას ერთი ორი სიტყვა.
ძაღლებს წვრთნიან, რადგან მათ არ გააჩნიათ აზროვნების უნარი. თუ მის მიერ ჩადენილ საქციელს მომენტალურად არ ახლავს ,,სასჯელი“, ან ,,ჯილდო“, ძაღლიც ვერაფერს სწავლობს. იგი მიზეზ-შედეგობრივ კავშირს უნდა ხედავდეს.
ცხოველს არ გააჩნია დანაშაულის ან უდანაშაულობის გრძნობა, ვერ ხვდება ვინ სჯის, ან რატომ სჯის. მას არ სწყინს, არ ბოროტდება და არც არაფერს იმახსოვრებს, უბრალოდ უსიამოვნო გამოცდილებას იღებს და მერე თავდაცვითი ინსტიქტები კარნახობენ, რომ ამის გაკეთება არ ღირს.
წვრთნის მექანიზმი ასე მუშაობს – ტკივილის მიყენებით მიღებული ტრავმა, შემდგომში განსხვავებულ რეაქციას შობს. ადამიანებისგან განსხვავებით, ცხოველებისთვის აგრესია მხოლოდ თავდაცვის ფორმაა და არა ენერგიისგან გამოთავისუფლების საშუალება.
ადამიანი გაცილებით უფრო რთული არსებაა. ადამიანი არ საჭიროებს წვრთნას. იგი უმჯობესია აღიზარდოს, რადგან ცხოველური ინსტიქტების გარდა მას აქვს ინტელექტი: შეუძლია მოსმენა, გაგება, განსჯა და მერე არჩევანის გაკეთება. ადამიანი ტკივილისა და ფსიქიკაზე მიყენებული ტრავმების მეშვეობით არ სწავლობს, თუმცა რადგან ცხოველური თავდაცვითი ინსტიქტები მასშიც ჭარბადაა, ძალადობრივი მეთოდებითაც არის შესაძლებელი ვაიძულოთ იმოქმედოს ისე, როგორც ჩვენ გვსურს.
განსხვავება მარტივია – გაწვრთნილი არ ფიქრობს, აღზრდილი ფიქრობს და მშობლის გადასაწყვეტია, ვისი გაზრდა სურს მას – მოაზროვნე და თავისუფალი ადამიანის, რომელსაც შეგნებული აქვს თავისი ქმედების სისწორე, აქვს ნება და ცუდსა და კარგს შორის არჩევანის გაკეთება შეუძლია, თუ მექანიკური ფორთოხლის, ტანჯვის შიშით რომ ამბობს უარს იმ პიროვნებაზე, როგორადაც ამ ძალადობრივი წვრთნის პირობებში ჩამოყალიბდა.
აღზრდის სხვადასხვა სტილი არსებობს. ფსიქოლოგებს თუ ვენდობით ყველაზე ეფექტური ავტორიტეტული აღზრდის სტილი გახლავთ. გინდათ კარგი შვილი გყავდეთ? აღზარდეთ საკუთარი თავი. ისინი თქვენ გბაძავენ. იმეორებენ იმ მოდელს, რასაც ბავშვობაში აძლევთ.
ალბათ ამიტომ არსებობს გამოთქმა: ბავშვი ოჯახის სარკეაო. ახლა წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც სარკეს ურტყამს, რადგან ანარეკლში საკუთარი თავი არ მოსწონს. სარკე ნელ-ნელა იბზარება და ბოლოს ისე მახინჯდება, თქვენი ანარეკლის კი არა საერთოდ რამის გარჩევა შეუძლებელი ხდება მასში.
ამბობენ, ადამიანები იმიტომ ყვირიან, გაბრაზებისას მათი გულები ერთმანეთს შორდება და ამ სივრცის ამოვსებას ლამობენო. გულებს აღარ ესმით ერთმანეთის, თორემ გვერდით მყოფს რომ სიტყვა გააგებინო, ხმის აწევა საჭირო სულაც არ არის.
წარმოიდგინეთ, რამხელა სივრცეა თქვენსა და თქვენი შვილის გულს შორის, როცა მასზე ხელის აღმართვის სურვილი გიჩნდებათ. ,,ცემით დაშინება შეიძლება კაცისა, გაპატიოსნება კი – არაოდეს. სული, მხოლოდ სული, მოქმედობს სულზე, მხოლოდ გული იცნობს გულსა”, – წერდა ვაჟა.
ნუ იმშვიდებთ თავს, რომ ეს მისთვის არის უკეთესი, დროა სიმართლეს თვალებში ჩახედოთ – თქვენ გულთან ახლოს მხოლოდ ის მიგაქვთ, თქვენთვის კომფორტული და გამოსადეგი რომ არ გამოდგა თქვენი შვილი. მისი გული კი შორს არის, ძალიან შორს.
ქართულ სუფრაზე ბავშვს, როგორც მომავალს ისე ადღეგრძელებენ მუდამ. ყოველთვის, როცა შვილებზე ვწევთ ხელს, ჩვენ საკუთარ მომავალს ვურტყამთ, ვართმევთ აზროვნების უნარს, თავისუფალ ნებას, არჩევანს და ვცხოვრობთ მერე ასე, არასდროს ,,რომ არა გვწყალობს ისეთ აწმყოში“ ცხოველური ინსტიქტებით მოქმედი ადამიანებით გარშემორტყმული გალახული მომავლის გარანტიით.
დოჩი გოგო
Comments are closed.