5 თანამედროვე ანიმაცია, რომელიც აუცილებლად უნდა აჩვენოთ თქვენს პატარას

    0
    4159

    ,,თუ გინდათ რომ ჭკვიანი შვილი გყავდეთ, წაუკითხეთ მათ ზღაპარი, თუ გინდათ უფრო ჭკვიანი შვილი გყავდეთ, წაუკითხეთ მათ ბევრი ზღაპარი, თუ გინდათ კიდევ უფრო ჭკვიანი შვილი გყავდეთ, წაუკითხეთ კიდევ უფრო ბევრი ზღაპარი“ – აინშტაინის ეს გენიალური რჩევა, ჩვენს დროში არა მხოლოდ წიგნებს, ანიმაციურ ფილმებსაც შეეხება.

    თანამედროვე მულტფილმები ნელ-ნელა იწყებენ იმ სტერეოტიპების მსხვრევას, სადაც მძინარე მზეთუნახავებს, ციხე-კოშკებში გამოკეტილ ლამაზ და ტანწერწეტა პრინცესებს, ბოროტი დედინაცვლის მორჩილ მსხვერპლ ,,კონკიებს“ ლამაზი პრინცები  აკითხავენ და იხსნიან. სადაც ყველა ერთმნიშვნელოვნად კეთილი ან ბოროტია, ყველა კეთილი ლამაზია და ყველა ბოროტი – შეუხედავი, ქალის მთავარი ღირსება – მზეთუნახავობაა, მამაკაცის კი – ფიზიკური ძალა, ან მოხერხებულობა, სადაც სიყვარული – საპირისპირო სქესის წარმომადგენლის სილამაზით (მეტიც ხანდახან მისი ტანისამოსითაც) აღფრთოვანებაა, და ბოლოს ყველაფერი ქორწინებით მთავრდება… ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება.

    გონებრივ ინტელექტს რომ თავი დავანებოთ, ემოციური ინტელექტი სწორედ ბავშვობაში ყალიბდება. სიუჟეტები და გმირები, რომელთაც ,,პატარაობაში“ ვიყვარებთ, შესაძლოა სრულიად გაუცნობიერებლად ჩვენი ცხოვრების როლ-მოდელებად იქცნენ, სწორედ მათთან მოვახდინოთ თვითიდენტიფიცირება და შემდგომ ჩვენს ცხოვრებაშიც სწორედ ამ მოდელის განხორციელება დავიწყოთ.

    ჩვენ უკანასკნელ ხანებში გადაღებულ რამდენიმე ანიმაციაზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას, რომელთაგანაც თქვენს პატარებს მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გაკვეთილების მიღება შეუძლიათ. გაკვეთილების, რომლებიც მათ სტერეოტიპებს გარეთ აზროვნებაში დაეხმარებათ და საკუთარ თავში დარწმუნებულ, წარმატებულ და ბედნიერ ადამიანებად გაზრდის.

     

    1. Strange magic

    ,,რაც არ გკლავს, გაძლიერებს“. ცხოვრებაში ბევრი იმედგაცრუება გვხვდება, ხშირად დაუმსახურებლად გვტკენენ გულს, გვატყუებენ, შეურაცხყოფილად ვგრძნობთ თავს, უარყოფილად,  მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ასე მოგვექცევა.

    გულისტკივილმა სახე არ უნდა დაგაკარგინოს, იმედი არ უნდა დაგაკარგინოს, ძლიერი უნდა გაგხადოს. ის რომ ვიღაცამ არ შეგიყვარა, არ ნიშნავს რომ არ იმსახურებ სიყვარულს, ეს ნიშნავს რომ შენი ადამიანი ჯერ არ გიპოვნია, შენთვის შეუფერებელ ადამიანთან გქონდა დაჭერილი საქმე.

    საჭიროა სწორი ფასეულობები. არც გარეგნობას აქვს მნიშვნელობა, არც წარმომავლობას, სიყვარული უცნაური მაგიაა, ქიმია,  რომელიც კაცმა არ იცის როდის, როგორ, ვისთან და რა ვითარებაში დაგვაკავშირებს. ის ორი სამყაროს შეხვედრაა, რომელიც ახალ სამყაროებს ბადებს. ყველაზე დიდი ჯადოქრობა, რომელსაც ვერაფერი ამარცხებს.

     

    1. Frozen

    ისწავლე საკუთარი შესაძლებლობების მართვა. შენ უზარმაზარი პოტენციალი გაქვს. დიდი პოტენციალი. დიდი ენერგია, რომელსაც თუ ვერ მართავ, შეიძლება საყვარელი ადამიანებიც დააზიანო, მაგრამ ამან არ უნდა შეგაშინოს. გათავისუფლდი ტრავმებისგან. არ ჩაიკეტო, არ ჩაახშო საკუთარი თავი, არ არის საჭირო იზოლაცია.  თუკი საკუთარი თავის მართვას ისწავლი, ნაკლოვანებებსაც ღირსებად აქცევ, სისუსტეებს – სიძლიერედ. ერთი და იგივე ძალა სიკეთესაც შეიძლება ემსახუროს და ბოროტებასაც და რომელს ემსახურება, ამას შენ წყვეტ, შენ შეგიძლია აკონტროლო.

    და მეორე მხარეც – შეიძლება ვუყვარდეთ, მაგრამ ვერ გამოხატავდნენ, რადგან ყველას თავისი ტრავმები აქვს, თავისი ნეგატიური გამოცდილება, მხოლოდ გული ხედავს ამას. თუ გიყვარს, არასოდეს დანებდე, არ მიატოვო, რადგან ცხოვრების თანამგზავრის ვაკანტურ ადგილზე კანდიდატურას უბრალო სიმპატიებით ვერ შეარჩევ. სიყვარული დრომ და სიტუაციებმა უნდა გამოსცადოს.

     

    1. Kung fu panda

    ძლიერი ის კი არ არის, ვისაც ფიზიკური ძალა აქვს, ან განსაკუთრებული უნარები, არამედ ის,  ვინც თავის შინაგან რესურსებს მართავს,  შეუძლია შინაგანი სიმშვიდის, ბალანსის მოპოვება. მთელი ცხოვრება ამ შინაგანი პოტენციალის ძიების, აღმოჩენის და გამოვლენის პროცესია.  ამ ანიმაციაში მთელი აღმოსავლური ფილოსოფია დევს, ძალიან საინტერესო ცხოვრებისეული გაკვეთილები.  მსუბუქი იუმორი და ბრძნული გამონათქვამები.

     

    1. Little prince

    მთავარი კარიერული წინსვლა და კარგად გაწერილი და დაგეგმილი ცხოვრება არ არის. შენ უნდა გაიზარდო, ისწავლო კიდეც, დაგეგმო კიდეც,  მაგრამ არასოდეს დაივიწყო ვინ ხარ, როგორი ხარ ახლა. გქონდეს საკუთარი ოცნებები და არა გარედან, სოციუმისგან, მშობლებისგან თავს მოხვეული მიზნები. თუ რამეს აკეთებ, გააკეთე მხოლოდ იმიტომ რომ შენ გინდა ასე, თორემ პატარა პრინცობიდან მილების მწმენდავ ლუზერად შეიძლება იქცე.

    ნუ გახდები საკუთარი თავის სხვების მიერ წარმოდგენილი და დაგეგმილი ვერსია, სხვების ოცნებების რეალიზაცია, ეძიე შენი ოცნებები, გატაცებები, საქმე, რომელსაც მთელი არსებით შეიყვარებ და არასოდეს დაივიწყო, რადგან სიბერე ასაკთან ერთად კი არა, დავიწყებასთან ერთად მოდის.

     

    1. Zootopia

    მთელი სამყარო შეიძლება შეეცადოს დაგარწმუნოს, რომ თავი ღრუბლებში გაქვს, რომ რეალობა სხვაა და შენი ოცნებები სხვა, რომ შენ პატარა, სულელი ბავშვი ხარ, რომელიც ილუზიებში ცხოვრობს და გამეტებით გირტყან ცხვირპირში, რომ ვარდისფერი სათვალეები დაგიმსხვრიონ.  ისე მონდომებით ეცდებიან, შეიძლება რაღაც მომენტში შენც დაგაჯერონ, ხელი ჩაგაქნევინონ და ისეთ საქმეზე მიგაბრუნონ, რომელიც მათი ჭკუით შენ შეგეფერება. ეს იმიტომ ხდება, რომ თვითონ მათ ნებისყოფა არ ეყოთ, ძალიან არ მოინდომეს და ახლა საკუთარ გამოცდილებას გახვევენ თავს. ნუ დაუჯერებ მათ.

    იბრძოლე შენი ოცნებებისთვის, არასოდეს დასჯერდე იმაზე ნაკლებს, ვიდრე გსურს. თუკი იშრომებ, აუცილებლად მიაღწევ ყველაფერს, თუნდაც ერთი შეხედვით, ამისთვის სრულიად შეუფერებელი ჩანდე. გათავისუფლდი სტერეოტიპებისგან, დრომოჭმული შეხედულებებისგან. ყველა განსხვავებული პოტენციალით ვიბადებით, ზოგი გაცილებით მარტივად აღწევს იმას, რის მისაღწევადაც ჩვენ ბევრი მუშაობა გვჭირდება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ არაფერია შეუძლებელი. ყველაფერი გამოგივა, თუკი წამოდგები ზუსტად იმდენჯერ, რამდენჯერაც დაეცემი. არ დანებდე, არასოდეს დანებდე!

     

    დოჩი გოგო