ო, როგორ სცხელა მონაზონს…

0
1374

დეტალები ტექსტში, წარმოადგენს სხვადასხვა დროს მომხდარი რეალური ფაქტების ერთობლიობას.

„კარგი, მოგვიანებით შევხვდებით“.
ეპარქიის სუპერმარკეტის და კაფეს მენეჯერმა, ოცდაათი წლის მონაზონმა ტელეფონი გათიშა და ტაძრის ზღურბლიდან ეპისკოპოსს გახედა, რომელსაც წვერგაჭაღავებული მღვდელი ესაუბრებოდა.
მონაზონს სცხელა. მზის სხივები ტაძრის სამხრეთ კედელს არ ინდობს, მაგრამ ფეხს არ მოიცვლის, ვიდრე დიალოგი არ დამთავრდება.
სცხელა მონაზონს. ყორანივით შავ კაბაში გამოკეტილი სული შვებას ითხოვს, მაგრამ არა! „მალე მორჩება ეპისკოპოსი ამ აბეზარ მღვდელთან საუბარს? ალბათ როგორ მოაბეზრა თავი ჩემს მეუფეს“.
სახეზე ნეტარი ღიმილი უკრთება.
ტაძრის კარს მოწყალების მთხოვნელი მიუახლოვდა, მონაზონი შეცბა, „ფული! ფული! ყველას ფული უნდა, არავინ ფიქრობს ჩვენს ხარჯებზე, შესაწირზე. მხოლოდ ეს იციან, მოგვეცი! დაგვეხმარე! ღმერთო როგორ მიშლიან ნერვებს“.
სცხელა მონაზონს, ო როგორ სცხელა. მაგრამ ფეხს არ იცვლის. მისულ ღვთის გლახას მრისხანე, ბავშვური მზერით გადახედა. იგი სწრაფად გაეცალა.
ფიქრს განაგრძობს, თაკარა სიცხეს სახეს არიდებს, „არავინ ფიქრობს ხარჯებზე, კაფეს ხარჯებზე, მომსახურე პერსონალზე, ჩვენი მეუფე მილიონერი ჰგონიათ… ო როგორ ცხელა, ღმერთო“.
მღვდელმა ეპისკოპოსს კურთხევა გამოსთხოვა და განშორდა. მონაზონი ზღურბლს მოსწყდა, სწრაფად მიუახლოვდა, „რა უნდა მეუფე, უნდა რაღაცას გამოგრჩეს არა? რამდენი ილაპარაკა“. ეპისკოპოსმა სათნო ღიმილით გადახედა ახალგაზრდა მენეჯერს. „გადასვლა უნდა სხვა ეპარქიაში, ასთმა აწუხებს, მღვდლებს ვკარგავ დედაო“.
სცხელა მონაზონს. მაგრამ მოეშვა გულზე. აბეზარი აზრები ჰაერში ავარდნილ მტვერს გაერია. ახლა კი წავა და საქმეს მიხედავს. ბიზნესი საბავშვო ბაღს ჰგავს, უფროსების მთელი ყურადღება და ენერგია მიაქვს.
უცებ მობრუნდა, მახსოვრობა არ ღალატობს თუმცა კი სცხელა, „მეუფე, ის ქალი მოვიდა, მიმტანის ვაკანსიაზე, კაფეში მიცდის“. ეპისკოპოსმა წარბები შეკრა, მერე მოიგონა გაჭირვებასა შინა მყოფი, ტაძრის მრევლი. უნდა უშველოს ღმერთი ითხოვს. „ქრისტემ გვასწავალა“ კარგად აღარ ახსოვს რა მაგრამ იცის, რომ რაღაც მსგავსი. „გაესაუბრე, ჩვენ ხომ ისედაც ვიცნობთ, სამუშაო გრაფიკი: ყოველ დღე, დილის ცხრიდან საღამოს ექვსამდე, ხელფასი 120 ლარი, მეტი საშუალება გვაქვს ამ ეტაპზე“?
სცხელა მონაზონს. და კიდევ უფრო დასცხა. მხრებს იწურავს, შავ კაბაში გამომწყვდეული ახალგაზრდა სული სადღაც კუთხეში მიიკუნჭა.
ო, როგორ სცხელა მონაზონს, „სად გვაქვს, ვაჭრობაც არ არის, ასი ლარის მხოლოდ საწვავი გვჭირდება ყოველ დღე ან ყოველ მეორეს“. ო როგორ დასცხა…
მეუფე დაფიქრდა, იგრძნო რომ სცხელა, „მთავრობა მეტ-ნაკლებად გულუხვია, დიდ შავ მანქანებს არიგებს, მაგრამ საწვავის გარეშე. ეს დროებითია, მოწყალეა უფალი ღმერთი“.
სიცხემ შეაწუხა ეპისკოპოსი. მონაზონს გახედა, შუბლიდან ოფლის წვეთი ჩამოსდის ლოყაზე. ახალგაზრდაა მონაზონი და სცხელა.
„ასი ლარი გადაუხადე და ორშაბათ დღეს დაისვენოს“. დააგდო სიტყვა მოკბეჩილი მკვახე ვაშლივით და სწრაფი ნაბიჯით მანქანას მიაშურა.

ქუჩის მეორე მხრიდან მოისმა „კაპიტალი! მარქსის კაპიტალი… ჰო… პირველი ტომი… დღეს არა მაგრამ მალე… იქნებ გაიკითხო, ვინმეს ექნება“ ახალგაზრდა სტუდენტი მობილურში ჩაჰყვირის, „კარგი, მოგვიანებით დაგირეკავ“.
ტელეფონი გათიშა, ქუჩა სწრაფად გადმოკვეთა და ეპისკოპოსს კურთხევა გამოსთხოვა. კიდევ უფრო დასცხა უსამღვდელოესს.
მანქანა სწრაფად მოწყდა ადგილს.

2015 წლით ადრე:
13. ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი, და ავიდა იესო იერუსალიმს.
იოანეს სახარება – თავი მეორე

P.S. „TOYOTA Land Cruiser Prado“, საწყისი ფასი: 80 100 ლარი. ძრავის სიმძლავრე 4.0. საწვავის მოხმარება, 20 ლიტრიდან ზემოთ, სიცხეში კონდინციონერის გამოყენების გათვალისწინებით. ცივ ამინდში, ზამთრის პირობებში 30 ლიტრამდე. 

575404_420342064645773_1672536813_n-blackwhite

David Guruli

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here