რა კავშირშია ადამიანის ხასიათი და იმუნიტეტი – სამეცნიერო კვლევის შედეგები

0
523
Immunity Against Diseases
ჩვენი პიროვნული თვისებები განსაზღვრავს გარემომცველ სამყაროსთან ჩვენს დამოკიდებულებებს. ყოველი ჩვენგანი ხასიათის მიხედვით ვიშენებთ ცხოვრებას, ვურთიერთობთ გარშემომყოფებთან, ვართ წარმატებულები ან წარუმატებლები ერთ ან მეორე სფეროში და განსხვავებულად ვუმკლავდებით სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებს. ამერიკელი და ინგლისელი ფსიქოლოგები შეეცადნენ ექსპერიმენტის შედეგად გაერკვიათ რა კავშირშია ერთმანეთთან ხასიათის თვისებები და ჯანმრთელობა.
კვლევაში, რომლის შედეგები ჟურნალში – “Psychoneuroendochrinology” გამოქვეყნდა, 121 ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ექსპერიმენტის პირველ ეტაპზე გამოიკვლიეს მათი ხასიათის ტიპები, ტემპერამენტი, ძირითადი შტრიხები (ექსტრავერსია, ღიაობა, ემოციურობა, სიფიცხე, შფოთვა, სიფრთხილე, ჰარმონიულობა, შეგნებულობა)…  შემდგომ კი სისხლის ანალიზი აიღეს გენეტიკური ფაქტორების გამოსავლენად, რომელზეც დიდწილად არის დამოკიდებული ორგანიზმის იმუნური სისტემა.
სწავლულებმა საოცარი ,,დამთხვევა” აღმოაჩინეს – გულღია, კომუნიკაბელურ ადამიანებს გაცილებით ძლიერი იმუნიტეტი გააჩნდათ. სუსტი იმუნიტეტის მქონენი კი გაცილებით უფრო მეტი იყო ფრთხილ, დაკვირვებულ და ჩაკეტილ ადამიანებს შორის. რაც შეეხება სიფიცხეს, შფოთვას და სხვა უარყოფით თვისებებს, აღმოჩნდა რომ ისინი ნეგატიურად სულაც არ მოქმედა იმუნიტეტზე.
კვლევის ავტორი ნოტინგემის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პროფესორი  კავიტა ვედჰარა ამ ყველაფერს ასე ხსნის: ექსტრავერტი ადამიანები, რომლებიც გახსნილები არიან და სოციალიზაციაზე ორიენტირებული, ინფექციების შემოტევის უფრო მაღალი რისკის ქვეშ დგანან და შესაბამისად უფრო ძლიერი იმუნური სისტემა სჭირდებათ ვირუსებთან საბრძოლველად, მაშინ როცა ფრთხილ და ჩაკეტილ ტიპაჟებს ამის საფრთხე ნაკლებად ემუქრებათ.
ერთი ეს არის, რომ რთულია მიხვდე, რომელია გამომწვევი მიზეზი და რომელი –  შედეგი. ანუ ექსტრავერსია იწვევს ძლიერ იმუნიტეტს, თუ ძლიერი იმუნიტეტის მქონე ადამიანები არიან გულღიები, რადგან მათ თავის დაცვა უკეთ შეუძლიათ. იქნებ სუსტი იმუნიტეტი ვისაც აქვს, უბრალოდ იძულებულია თავდაცვის მიზნით სოციალურ ასპარეზზე სიფრთხილე გამოიჩინოს, მაშინ როდესაც გენეტიკურად მიღებული ძლიერი იმუნური სისტემა და აქედან გამომდინარე უკეთესი განწყობა სხვებს თავდაჯერებას და აქტიური ცხოვრებით ცხოვრების უნარს აძლევს?
ამ კითხვებზე პასუხი არც სწავლულებს აქვთ ჯერ-ჯერობით!