აინშტაინისა და თაგორის დიალოგი

0
4849

1930 წლის 14 ივლისს აინშტაინი ბერლინში, საკუთარ სახლში მასპინძლობდა ბენგალელ ფილოსოფოსს, მუსიკოსსა და ნობელის ლაურიატს რაბინდრანათ თაგორს. მათ შორის შედგა საუბრები იმ უძველეს შეუთავსებლობაზე, რომელიც იყო რელიგიასა და მეცნიერებას შორის.

ორ დიდ ადამიანს შორისა გამართული დისკუსია გამოქვეყნდა 1931 წლის იანვარში;
თაგორი: ვიდრე შენ დაკავებული იყავი ორი უძველესი ერთეულის — სივრცისა და დროის კვლევის საკითხებით, მე ვკითხულობდი ლექციებს ადამიანის შინაგან სამყაროსა და ჭეშმარიტების ბუნებაზე.

აინშტაინი: თქვენ გწამთ, რომ ღმერთი გამოყოფილია სამყაროსგან?

თაგორი: არა, იგი არაა გამოყოფილი, ადამიანის უსასრულო შინაგანი ბუნება აღიქვამს სამყაროს. შეუძლებელია რამე არსებობდეს, რაც არ გამომდინარეობს პიროვნულობიდან და ეს ამტკიცებს, რომ სიმართლე სამყაროს შესახებ არის ადამიანის პიროვნული სიმართლე.

აინშტაინი: არის ორი განსხვავებული შეხედულება სამყაროსა და ბუნების შესახებ: სამყარო მთლიანად დამოკიდებულია კაცობრიობაზე და რეალობა არსებობს ადამიანისაგან დამოუკიდებლად.

თაგორი: სწორედ მაშინ, როცა სამყარო ჰარმონიაშია ადამიანთან, ჩვენ აღვიქვამთ მის მშვენიერებას და ესაა რეალობა.

აინშტაინი: ეს წმინდა ადამიანური კონცეფციაა სამყაროს შესახებ.

თაგორი: მთელი ეს სამყარო ადამიანური სამყაროა, მათ შორის მეცნიერული მოსაზრებებიც მეცნიერების პირადი დამოკიდებულებებია. სამყარო არ არსებობს ჩვენგან დამოუკიდებლად, იგი შეხედულებების სამყაროა, რეალობა პირდაპირ კავშირშია და სრულადაა დამოკიდებული ჩვენს ცნობიერებაზე. თუმცა ჩამოყალიბებულია მშვენიერებისა და გონიერების გარკვეული სტანდარტები, რომლებიც ქმნის ჭეშმარიტებას და ისინი ინდივიდის მარადიული სტანდარტებია, რომლებიც გამოცდილების შედეგად შეიქმნა.

აინშტაინი: მარადიული ინდივიდი ეს ადამიანური არსის რეალიზებაა.

თაგორი: დიახ, ერთი მუდმივი არსის. ამის გაცნობიერება საკუთარი ემოციებისა და ქმედებების ხარჯზე გვიწევს. ჩვენ ვახდენთ უმაღლესი ინდივიდის რეალიზებას, რომელსაც არ გააჩნია არავითარი შეზღუდვა და აბსოლუტურად თავისუფალია ჩვენთვის ჩვეული ლიმიტებისგან. მეცნიერება ინტერესდება იმით, რაც არ შემოიფარგლება ცალკეული ინდივიდებით, ესაა უპიროვნო სამყარო. რელიგია კი ახდენს ამ სიმართლის აღქმას და აკავშირებს მას ჩვენს ღრმა შინაგან მოთხოვნილებებთან, აქ სწორედ ჭეშმარიტების ინდივიდუალური გაცნობიერება იძენს უდიდეს მნიშვნელობას. რელიგიას ჭეშმარიტებაში ღირებულებები შეაქვს. ჩვენ ვაყალიბებთ სიმართლედ ყველაფერ იმას, რასთანაც სულიერ ჰარმონიას ვგრძნობთ.

აინშტანი: გამოდის, რომ არც სილამაზე და არც სიმართლე არ არსებობს ადამიანებისაგან დამოუკიდებლად.

თაგორი: არა.

აინშტაინი: ადამიანური არსებობა რომ შეწყდეს ბელვედერის აპოლონი აღარ იქნება მშვენიერი?

თაგორი: არა!

აინშტაინი: გეთანხმები სილამაზესთან დაკავშირებით, მაგრამ არა ჭეშმარიტებასთან დაკავშირებით.

თაგორი: რატომაც არა? სიმართლის გააზრებაც ხომ ადამიანის გავლით ხდება.

აინშტაინი: მე არ შემიძლია ჩემი მოსაზრების დამტკიცება, მაგრამ ეს ჩემი რელიგიაა.

თაგორი: მშვენიერება მდგომარეობს სრულყოფილი ჰარმონიის მიღწევის იდეალში, რომელიც უმაღლესი არსებობაა. ჭეშმარიტება კი არის სრულყოფილი აღქმა უნივერსალური გონის. ჩვენ, ინდივიდები ვუახლოვდებით მას საკუთარი შეცდომების, დაგროვილი გამოცდილებისა და გახსნილი ცნობიერის წყალობით. სხვაგვარად როგორ წარმოგიდგენია სიმართლის შეცნობა?

აინშტაინი: დამტკიცება არ შემიძლია, რომ მეცნიერული სიმართლე ერთადერთი ჭეშმარიტებაა, რომ ადამიანების აღქმიდან დამოუკიდებლადაც არსებობს ობიექტური რეალობა, თუმცა ამის მყარად მწამს. პითაგორას თეორიები გეომეტრიაში ადგენს მიახლოებით ჭეშმარიტებას, რაც დამოუკიდებელია კაცობრიობის აღქმისაგან. ნებისმიერ შემთხვევაში თუ არსებობს რეალობა ადამიანისაგან დამოუკიდებლად, მაშინ უნდა არსებობდეს სიმართლე, რომელიც ამ რეალობას პასუხობს. თუ უარვყოფთ პირველს, მაშინ მოგვიწევს უარვყოთ მეორეც.

თაგორი: უნივერსალურ არსებობაში გამოვლენილი ჭეშმარიტება არსებითად ადამიანური უნდა იყოს, სხვაგვარად, ჩვენ რისი გაცნობიერებაც არ უნდა შევძლოთ, იგი ვერასოდეს იქნება სიმართლე. რომ ავიღოთ მეცნიერული სიმართლე, იგი მიიღწევა ლოგიკის წყალობით და სწორედ იმ ადამინური ორგანოს დახმარებით, რომელიც ფიქრებს წარმოშობს. ინდური ფილოსოფიის მიხედვით ბრაჰმა არის აბსოლუტური სიმართლე, რომლის შეცნობაც ერთ დამოუკიდებელ, ინდივიდუალურ გონს არ შეუძლია და მას ვერც სიტყვებით აღწერ, იგი იქნება გაცნობიერებული მხოლოდ მას შემდეგ, რაც ინდივიდი საკუთარ უსასრულობაში შთაინთქმება. მაგრამ ამგვარი ჭეშმარიტება არ ეკუთვნის მეცნიერებას. იმ სიმართლის ბუნება, რაზეც ახლა ვდაობთ არის გარე სახე, ის, რაც ჩანს და ადამიანური გონისთვის მისაწვდომია. სწორედ ამიტომ ეს ადამიანური სიმართლეა, მას შეიძლება ვუწოდოთ ილუზია.

აინშტაინი: თქვენი კონცეფციის თანახმად, რომელიც შესაძლოა ინდური ფილოსოფიის საფუძველია, ეს არა ინდივიდების, არამედ მთელი კაცობრიობის ილუზიაა.

თაგორი: მეცნიერებაში ჩვენ ვემორჩილებით დისციპლინას, უარვყოფთ ყველა შეზღუდვას, რომელიც საკუთარმა გონმა დაგვიწესა, ასეთი ფორმით ვუახლოვდებით ჭეშმარიტებას, რომელიც საბოლოო ჯამში გამოისახება უნივერსალური ადამიანის გონში. კაცობრიობა ერთიანობაა და მათი მთლიანი გონი ცდილობს ჭეშმარიტების რეალიზებას, ევროპული და ინდური აზროვნება ასეთი ფორმით ერთიანდება.
აინშტაინი: მთავარი პრობლემა აქ ისაა, არის თუ არა სიმართლე დამოუკიდებელი ცნობიერებისაგან.

თაგორი: იმას, რასაც ჩვენ ვეძახით სიმართლეს, ესაა რაციონალური ჰარმონია რეალობის ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებს შორის, ორივე მათგანი კი მიეკუთვნება ზეადამიანს.

აინშტაინი: ჩვენ ვაკეთებთ რაღაცეებს საკუთარი გონებით, თუნდაც ყოველდღიურ ცხოვრებაში. გონება აღიქვამს რეალობას მისგან დამოუკიდებლად, მაგალითისთვის, შეიძლება სახლში არავინ იყოს, მაგრამ ის მაგიდა იმავე ადგილზე რჩება, სადაც დავტოვეთ.

თაგორი: კი, ეს რჩება ინდივიდუალური გონის გარეთ, მაგრამ არა უნივერსალური გონის გარეთ. მაგიდა არის აღქმადი ჩემს მიერ, ასევე აღიქმება იგივე სახის ცნობიერის მიერ.

აინშტაინი: თუნდაც არავინ იყოს სახლში მაგიდა მაინც იარსებებს, მაგრამ ის უკვე შენი მხედველობის არეში არ იქნება.  ჩვენ არ შეგვიძლია ავხსნათ, რას ნიშნავს მაგიდის იქ არსებობა ჩვენგან დამოუკიდებლად. შესაბამისად ჩვენი ბუნებრივი ხედვა ასეთია — რეალობა ადამიანისაგან დამოუკიდებლად არსებობს, თუმცა ამის დამტკიცება მეცნიერულად შეუძლებელია, მაგრამ ეს რწმენაა, რომელიც არავის აკლია, თვით ყველაზე პრიმიტიულ არსებებს. სიმართლეს ვუწოდებთ ზეადამინურ ობიექტურობას. ეს შეუცვლელია ჩვენთვის, ესაა სიმართლე , რომელიც დამოუკიდებელია ჩვენი არსებობისგან, ჩვენი გამოცდილებისგან, ჩვენი გონისგან — ამდენად, არ შეგვიძლია ზუსტად ვთქვათ ეს რას გულისხმობს,

თაგორი: მაგიდა როგორც ნივთი მხოლოდ გარე სახეა და თუ ადამიანის გონი არ იარსებებდა, ისიც შეწყვეტდა არსებობას. მაგიდის ფიზიკური რეალობა წარმოადგენს მბრუნავ ელექტრული ძალის ცენტრებს და შესაბამისად მიეკუთვნება ადამიანის გონებას.
ჭეშმარიტების დადგენისას კონფლიქტია უნივერსალურ და ინდივიდუალურ გონს შორის. ეს უწყვეტი პროცესი მიმდინარეობს ფსიქოლოგიაში, მეცნიერებაში და ეთიკაში.
ნებისმიერ შემთხვევაში, თუ არის სიმართლე, რომელიც აბსოლუტურად დამოუკიდებელია კაცობრიობისგან, მაშინ ის ჩვენთვის საერთოდ არ არსებობს.
არაა რთული ისეთი გონის წარმოდგენა, რომლისთვისაც მოვლენები მუსიკის ნოტების მსგავსად ვითარდება არა სივრცეში, არამედ მხოლოდ დროში. ასეთი სინამდვილე მუსიკალური რეალობის მსგავსი იქნება, რომლისთვისაც პითაგორას გეომეტრია ყოველგვარ აზრს დაკარგავს.
არსებობს ფურცლის რეალობა, რომელიც შორსაა ლიტერატურული რეალობისგან. ჩრიჩილის გონებისათვის, რომელიც ქაღალდს შეექცევა ლიტერატურა საერთოდ არ არსებობს, მაგრამ ადამიანური გონისათვის ლიტერატურა უდიდეს მნიშვნელობას იძენს. ზუსტად ასევე, თუ არსებობს რაიმე ტიპის ჭეშმარიტება, რომელსაც არ აქვს არც გრძნობისმიერი და არც რაციონალური კავშირი ადამიანის გონთან, ის დარჩება არაფრად, ვიდრე ჩვენ ვიარსებებთ ამ სახით და გვექნება ადამიანური გონება.
აინშტაინი: გამოდის, რომ მე მეტად რელიგიური ვარ, ვიდრე თქვენ.

თაგორი: ჩემი რელიგია ჩემს საკუთარ ინდივიდუალურ არსებობაში ზეადამიანურ ბუნებასთან და უნივერსალურ სულთან შერიგებაა.