პირველი კოცნისას წყდება, შედგება თუ არა ეს კავშირი, ანუ კოცნა, როგორც ბიოლოგია

2
6895

ეროტიკული კოცნის ისტორია მთლად ბოლომდე გარკვეული არ არის.  ეს ქცევა ზოგიერთ ცხოველშიც შეინიშნება. მაგალითად, შიმპანზეს ახასიათებს გაღებული პირით კოცნა. მეცნიერთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ამ გზით ჩვენ გაუცნობიერებლად პოტენციური პარტნიორის ჯანმრთელობას ვამოწმებთ გემოვნების და ყნოსვის ორგანოებით.  ეს გვეხმარება გავარკვიოთ ბიოლოგიურ დონეზე რამდენად შეთავსებადი ვართ ერთმანეთისთვის.

ამ საკითხზე კვლევებიც კი ჩატარდა. აი, დასკვნაც : რომანტიკული ურთიერთობის საწყის ეტაპზე, ორი სრულიად უცხო ადამიანი კოცნის მეშვეობით ერთმანეთის სივრცეში შედის და ინფორმაციას ცვლის შეგრძნებებით, ფერომონებით, თქვენ წარმოიდგინეთ გენეტიკურ მონაცემებსაც კი ცვლიან. სწორედ ამ გზით წყვეტს – ღირს თუ არა ამ კონკრეტულ ადამიანზე ფიქრი, როგორც სქესურ პარტნიორზე.

კვლევაში მონაწილეები დაყოფილნი იყვნენ იმის მიხედვითაც, თუ რას ელოდებოდნენ ისინი კონკრეტული ურთიერთობისგან. მათთვის ვინც სერიოზული ურთიერთობისთვის ეძებდა პარტნიორს კოცნა გადამწყვეტი ფაქტორი გახლდათ, საწყის ეტაპზეც და შემდგომაც. სწორედ მისი მეშვეობით წყვეტდნენ, ღირდა თუ არა ამ ურთიერთობაზე ფიქრი. რაც შეეხება მეორე კატეგორიას, მათთვის კოცნა მნიშვნელოვანი იყო მხოლოდ სექსის წინ, ნაკლებად – სექსის შემდეგ და საერთოდ უმნიშვნელო სხვა დანარჩენ პერიოდში.

აღმოჩნდა, რომ მონოგამიურ ურთიერთობებში, ურთიერთობის ხარისხზე მსჯელობა შესაძლებელია არა სექსუალური აქტების რაოდენობის მიხედვით, არამედ კოცნის სიხშირით. მოკლედ, ურთიერთობის გაღრმავებას სექსუალურ აქტზე მეტად კოცნა უწყობს ხელს. კოცნა სექსის გარეშე.

,,კოცნა, და არა ღიმილი ან სულიერი საუბრები – აი, რა არის მთავარი ურთიერთობაში. კვლევებმა აჩვენეს, რომ სწორედ მისი ხარისხი განსაზღვრავს რომანტიკული კავშირის შემდგომ განვითარებას “ – ფიქრობს ფსიქოლოგი ჯერემი ნიკოლსონი

კოცნა სიყვარულის გასაღებია. ის, ვინც ფლობს კოცნის ხელოვნებას, შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ პარტნიორი მთელი ცხოვრება მასთან დარჩება (მთელი საღამო მაინც). თუკი შთაბეჭდილებას ვერ მოახდენთ, მეორე შანსს, არავინ მოგცემთ. ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ მას. ამ საკითხზე ჩატარებულ კვლევაში ათასზე მეტი სტუდენტი იღებდა მონაწილეობას, ქალებიც და მამაკაცებიც. მათ ანკეტა შეავსეს, რომლის შედეგების გაანალიზებით ფსიქოლოგები მივიდნენ შემდეგ დასკვნებამდე.

  • კოცნა არის მომავალი პარტნიორის შეფასებისას ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კრიტერიუმი. ისინი, ვინც კოცნის ხელოვნებას ფლობენ, აპრიორი იმარჯვებენ მეტოქეებთან ბრძოლაში.
  • კოცნა აძლიერებს და აღრმავებს კავშირს. სწორედ ამიტომ ურთიერთობის საწყის ეტაპზე წყვილი ამას გაცილებით უფრო ხშირად აკეთებს – გაუცნობიერებლად კავშირის გამყარებისკენ ილტვის. ურთიერთობის სიმტკიცის შენარჩუნებისთვის კოცნა აუცილებელია და ძალიან ხანგრძლივ ურთიერთობაშიც არ ღირს მისი დავიწყება.
  • სექსი კოცნის გარეშე შეუძლებელია. ხანგრძლივი და მგრძნობიარე კოცნა ვნებებს აღვივებს განურჩევლად სქესისა. ეს ეხება არამარტო ტუჩებში კოცნას: ყელი, კისერი, ლავიწი, მხრები ყურადღების გარეშე არ უნდა დარჩეს.

რა არის საჭირო იდეალური კოცნისთვის?

  • თავის მოვლა – სუფთა კანი, რბილი ტუჩები, კარგად გაპარსული სახე, ან მოვლილი წვერ-ულვაში. – ამ ყველაფერს ყურადღება ჯანმრთელი კბილებისა და პირში კარგი სუნის შემდეგ ექცევა.
  • ჩართულობა – უნარი იმისა, რომ თავით გადაეშვა კოცნაში, ავტომატურად კი არ კოცნიდე, არამედ მთელი არსებით გრძნობდე კოცნას და ამით ტკბობას ახერხებდე.
  • შეხება – ვნებიანი, ან ნაზი, მსუბუქი ალერსი ან გიჟური ჩახუტება… მნიშვნელობა არ აქვს. ყველაფერი მისაღებია, რაც გსიამოვნებთ.
  • თავშეკავებულობა – განსაკუთრებით ქალების მხრიდან და განსაკუთრებით პირველ პაემანზე: ახალ პარტნიორთან პირველი კოცნისას ქალები თავშეკავებულ კოცნას არჩევენ თითქმის პირის გაღების გარეშე. თუმცა დროსთან ერთად ყველაფერი იცვლება: რაც უფრო მეტია ნდობა, მით უფრო იხსნება პარტნიორი და ვნებებიც იშლიან ფაფარს.

 

ქალის და კაცის დამოკიდებულება

კოცნას გაცილებით დიდ ყურადღებას აქცევენ ქალები. კოცნაში მამაკაცის ჩართულობის მიხედვით საზღვრავენ ურთიერთობის სტატუსს და ამიტომ პირველი კოცნის ინიციატორები იშვიათად არიან, თუკი მხოლოდ სექსი არ სურთ. ისინი ამ საკითხს სერიოზულად აღიქვამენ. სწორედ პირველი კოცნის შემდეგ წყვეტენ ისინი ღირს თუ არა მეორე პაემანზე წასვლა. აი, კაცები გაცილებით მომთხოვნები არიან. მგრძნობიარე და ვნებიანი კოცნა არ ჰყოფნით, სურთ რომ ქალი სიამოვნების დემონსტრაციას ახდენდეს.

ადრე მიიჩნეოდა, რომ ტუჩებში კოცნა ყველა კულტურისთვის მისაღები იყო, თუმცა ინდიანას უნივერსიტეტის მკვლევარი – ჯასტინ გარსია არც ისე რომანტიკულ დასკვნებამდე მივიდა. მან კოლეგებთან ერთად 168 კულტურა შეისწავლა. აღმოჩნდა რომ რომანტიკული თუ ეროტიკული კოცნა კულტურათა მხოლოდ 46 პროცენტში გამოიყენება პრაქტიკაში. ჩრდილო ამერიკის კულტურათა მხოლოდ 55%-ისთვის არის მისაღები კოცნა, ევროპის 70 %-სა და აზიის 73 პროცენტში. ცენტრალურ ამერიკაში, აფრიკულ ტომებსა თუ ახალ გვინეაში მსგავსი რამის არავითარი დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს. გამოიკვეთა გარკვეული კანონზომიერება – რაც უფრო რთულადაა მოწყობილი კულტურა, რაც უფრო მკვეთრადაა გამოხატული სოციალური სტრატიფიკაცია, რაც უფრო განვითარებულია კულტურა, მით უფრო მეტად არის მისაღები კოცნა მისთვის.

ჰოლივუდში ეს ყველაფერი ფსიქოლოგებზე ადრე მიხვდნენ. ბევრი კინორეჟისორი საკვანძო მომენტად მიიჩნევს არა სექსს, არამედ კოცნას. კოცნა გაცილებით უფრო დიდი ემოციური დატვირთვის მატარებელია.

აღმოჩნდა, რომ კოცნა ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. აუმჯობესებს იმუნიტეტს, ანადგურებს ვირუსებს და არც ისე სახიფათოა, 14 ადამიანიდან მხოლოდ ერთს გადაედო გრიპი. არც ამ დროს გაცვლილი ბაქტერიებია ,,მომაკვდინებელი”. კოცნა მოქმედებს დოპინგივით, აყუჩებს ტკივილს. კოცნა აბრუებს და ნარკოტიკულ ნივთიერებასავით მოქმედებს. კოცნა ახდუნებს, ხანგრძლივი კოცნისას 12 კალორია იწვება. და კიდევ კოცნა სიცოცხლეს ახნაგრძლივებს.  ამერიკელი მეცნიერების კვლევების თანახმად,  ის ვინც ხშირად კოცნის საშუალოდ  5 წლით დიდხანს ცოცხლობს და უფრო ჯანმრთელია.

ჰოდა, აკოცეთ, აკოცეთ! რაც შეიძლება ხშირად და რაც შეიძლება მაგრად!

 

ჩვენ ბევრ კოცნას გისურვებთ!

 

Comments are closed.