ოშო რაჯნიში
ქალი კაცობრიობის გადარჩენის ერთადერთი იმედია. აქამდე კაცები დომინირებდნენ და ამის მიზეზი საკმაოდ უცნაურია. კაცები ქვეცნობიერად საკმაოდ მდაბალ არსებებად გრძნობენ თავს და ამის ანაზღაურება ქალებზე დომინირებით გადაწყვიტეს.
ერთადერთი, რითაც ის ქალს აღემატება, კუნთებია, სხვა დანარჩენ შემთხვევაში ქალი კაცზე გაცილებით ძლიერია. ქალი უფრო მეტ ხანს ცოცხლობს, საშუალოდ 5-7 წლით მაინც; ქალი გაცილებით უკეთ იტანს ავადმყოფობას, სტრესს. ქალებზე ორჯერ მეტი კაცი იკლავს თავს და ორჯერ მეტი იშლება ფსიქიურად. ქალი მამაკაცზე აღმატებულია ყოველმხრივ, გარდა ფიზიკური ძალისა და ეს ძალა არავითარ უპირატესობას არ აძლევს მათ. ეს ცხოველური ძალაა. ამ კუთხით, მგელი, ვეფხვი და ლომი ადამიანზე აღმატებული არსებები გამოდიან.
კაცებმა მილიონობით წლის წინ გააცნობიერეს რომ მდაბალი არსებები იყვნენ და ჩაირთო მარტივი ფსიქოლოგიური მექანიზმი : როცა თავს მდაბალ არსებად გრძნობ, ამის კომპენსირებას ცდილობ. უშნო ცდილობს გახდეს ლამაზი, ცდილობს გამოიყურებოდეს ლამაზად, თავი მოგვაჩვენოს ლამაზად. ის იცვამს კარგად, იკეთებს მაკიაჟს, დადის სილამაზის სალონში, პლასტიკურ ქირურგებთან… მან გულის სიღრმეში იცის, რომ არ არის ლამაზი და ცდილობს ლამაზი გახდეს, ის კი ვისაც თავი მდაბალ არსებად მიაჩნია, თავისი უპირატესობის დამტკიცებას ცდილობს, თავისი აღმატებულობის. მამაკაცმა თავისი კუნთებით მოახერხა კიდეც ეს – გახდა ბატონი და საუკუნეების განმავლობაში დომინირებდა ქალზე.
თუმცა ახლა დრო იცვლება. მომავალი ქალებს ეკუთვნის, კაცებმა მხოლოდ სისაძაგლეები აკეთეს ამ ხნის განმავლობაში. ომები, ომები, ომები – აი, მთელი მათ მიერ შექმნილი ისტორია. ვინ არიან დიდებული კაცები? – ჩინგიზ ხანი, თემურ ლენგი, ნადირშაჰი, ალექსანდრე მაკედონელი, ნაპოლეონი, ჰიტლერი, მაო ძე დუნი და ასეთები.
დიახ, იყვნენ ისეთებიც, როგორებიც არიან ბუდა, ქრისტე და კრიშნა, მაგრამ ერთი რამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ისინი უფრო მეტად ქალურები იყვნენ. სწორედ ამიტომ აკრიტიკებს კიდეც ნიცშე ბუდას და იესოს, ისინი ქალებს ჰგვანან. ბუდა განსაკუთრებით. როცა მამაკაცი გულით იმართება, იგი უკვე ქალური ხდება. ის უფრო წესიერი, რბილი და ადვილად მოწყვლადი ხდება.
დიახ, იყვნენ ბუდებიც, მაგრამ ყველა მათგანი თავისი ბუნებით უფრო მეტად ქალურები იყვნენ, ვიდრე კაცურები. მსოფლიოს ყველაზე დიდი არტისტები ფემინინურები ხდებიან ნელ-ნელა. რაღაცნაირი სიმსუბუქე და სიმშვიდე მოდის მათგან. ისინი აღარ ღელავენ. მთელი მსოფლიო უფრო მეტად ქალური უნდა გახდეს.
მე არ ვასხვავებ ქალებს და კაცებს, ორივემ საკმარისად იტანჯა. ტანჯვა ზოგადად ასეთი ბუნებისაა, ორპირიან მახვილს ჰგავს, ორივე მხარე იტანჯება. თუ ვინმეს ტანჯავ, თავადაც იტანჯები. თუ ვინმეს იმონებ, თავადაც მონა ხდება. ეს საერთოა.
როცა ქალები თავისუფლებას მოიპოვებენ, კაცების მოიპოვებენ თავისუფლებას, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო. მეშინია, რომ კაცებთან ბრძოლაში ქალებმა რაღაც ძალიან ღირებული არ დაკარგონ. ის, რის განადგურებაც საუკუნეების განმავლობაში ვერ მოახერხეს კაცებმა მათში, შესაძლოა თვითონ მოსპონ კაცებთან ბრძოლისას. ქალებმა ქალურობა არ უნდა დაკარგონ, თუკი ისინიც კაცებივით სასტიკად იბრძოლებენ, კაცებივით დამახინჯდებიან.
ეს ბრძოლა ჩხუბით არ უნდა მოგვარდეს, ეს უნდა მოგვარდეს ურთიერთშეთანხმებით, გაგებით. დაივიწყეთ რომ ხართ ქალები და კაცები! ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ! იყო კაცი ან ქალი ზედაპირულობაა, არ ღირს მის გამო ამხელა ამბის ატეხა, ეს არც ის მნიშვნელოვანია.
მე არ ვსაუბრობ ბიოლოგიურ განსხვავებაზე, მე ფსიქოლოგიურ განსხვავებას ვგულისხმობ. ნებისმიერ ადამიანში არსებობს ქალური და კაცური საწყისები. არიან ქალებზე მეტად ქალური ბუნების მამაკაცები და კაცებზე მეტად მამაკაცური ბუნების ქალები, თუმცა ეს არც ისე კარგია, რადგან გაორებას იწვევს. როცა გაქვს ქალის სხეული და მამაკაცის გონება იწყება კონფლიქტი, სამოქალაქო ომი ადამიანის პიროვნებაში, გამუდმებული ბრძოლა და დაძაბულობა. მთელი თქვენი ენერგია დაიხარჯება ამ უსარგებლო კონფლიქტში. უმჯობესია ყველა საკუთარ სხეულში დარჩეს. ქალების განმათავისუფლებელი მოძრაობას ძალიან ბევრ პრობლემებს ქმნის. ისინი ცდილობენ ქალები აქციონ მგლებად, ასწავლონ ბრძოლა, ჩხუბი და ომები. მამაკაცი მტერია. როგორ შეიძლება გიყვარდეს მტერი, როგორ შეიძლება გქონდეს ინტიმური ურთიერთობა მასთან?
მამაკაცი არ არის მტერი. ქალები, ნამდვილი ქალები რომ იყვნენ უფრო მეტად ქალურები უნდა გახდნენ, უფრო მეტად მოწყვლადები, რბილები, მამაკაცები კი თავის მამაკაცურობას უნდა ჩაეჭიდონ. ნამდვილი მამაკაცი და ნამდვილი ქალი ორი უკიდურესობაა, მაგრამ მხოლოდ უკიდურესობებს შეუძლიათ ერთმანეთის ნამდვილი სიყვარული და ინტიმურობით ტკბობა. მხოლოდ ორი უკიდურესობა იზიდავს ერთმანეთს. თუკი წაიშლება ზღვარი მათ შორის, ძალიან მოსაწყენი გახდება ყველაფერი. ქალები ქალურები უნდა იყვნენ, კაცები მამაკაცურები, მხოლოდ ასე მოახერხებენ იყვავილონ. ორი უკიდურესობა უდიდესი მიზიდულობაა, მაგნეტიზმი. ორ უკიდურესობას ორი სხვადასხვა სამყარო, ორი სხვადასხვა განზომილება, სხვადასხვა სიმდიდრე მოაქვთ ურთიერთობაში და ასეთი შეხვედრა უდიდესი ბედნიერებაა!
თარგმანი Mental.ge