ამბობენ, ყველაზე კარგად იმის კეთება გამოგდის, რის კეთებაც გიყვარს და ბედნიერი ხარ მაშინ, როცა მოახერხებ და მიაღწევ იმდენს, რომ ამაში გიხდიდნენ. შენ შენი ცხოვრება ხარ, ის, რასაც ყოველდღე აკეთებ და პიროვნული თავისუფლების ხარისხიც უპირველესად აქ მოწმდება – შეგიძლია თუ არა იყო ის, ვინც გსურს.
რამდენად არის შესაძლებელი საქართველოში აკეთო საყვარელი საქმე და ამავდროულად იყო წარმატებული, ამ საკითხებზე მწერალ და მუსიკოს ტორესა მოსს ვესაუბრეთ – მღვდელი მამის და მუსიკოსი დედის ვაჟიშვილს, რომელმაც საკმაოდ საინტერესო გზა გაიარა ,,პერსპექტიული და ,,შემოსავლიანი” პროფესია – იურისტობიდან – არც ისე ,,პერსპექტიულ და შემოსავლიან” პროფესიებამდე – მწერლობამდე და მუსიკოსობამდე.
-თქვენი აზრით რის მიხედვით ირჩევენ პროფესიას დღეს ახალგაზრდები?
დღეს, ისევე როგორც ყოველთვის, ჩემი აზრით ადამიანები პროფესიას ირჩევენ იმის მიხედვით, თუ რამდენად მარტივად შეიძლება გაიყიდოს შრომის ბაზარზე ესა თუ ის საქმე და რამდენად მაღალშემოსავლიანია. მარტივად და ადამიანურად რომ ვთქვათ რამდენად იოლად იშოვი სამსახურს და საშუალოდ რამდენ ხელფასს გადაგიხდიან. ესაა ჩვენ ყოფით კულტურაში გაბატონებული შეხედულება თუ რის მიხედვით უნდა აირჩიოს ადამიანმა პროფესია და ამის უმრავლესობას სჯერა.
-მაშინ რატომ ხდება, რომ იშვიათად მუშაობენ ადამიანები არჩეული პროფესიით?
რეალურად ბაზარზე სიტუაციები სწრაფად იცვლება. გუშინ თუ მოთხოვნადი იყო იურისტის პროფესია, დღეს უკვე იმდენი იურისტი, ექიმი, მღვდელი და ბანკირია, რომ კონკურენცია პიკს აღწევს, შესაბამისად ადამიანი ეჯახება სინამდვილეს – პროფესიის არსს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია რამდენად მაგარი ხარ იმაში, რასაც აკეთებ, რამდენად შემოქმედებითად უდგები საქმეს და რამდენად კარგად აზროვნებ მარკეტინგულად, რომ საკუთარი საქმე, პროდუქტი სწრაფად და სარფინად გაყიდო.ცხოვრებაზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ყველა ამ უნარს ავითარებს ის ადამიანი, ვინც საკუთარ საქმეს მხოლოდ ფულის გამო კი არა, არამედ ერთგვარი ბავშვური აღტკინებით აკეთებს. მხოლოდ იმ ადამიანს შეუძლია იყოს ჩართული, ჩადოს საქმეში საჭირო შრომა და მიუდგეს საკითხებს შემოქმედებითად, ვისაც რეალურად უყვარს ამ საქმის კეთება. შესაბამისად, როდესაც ადამიანი ხვდება, რომ კონკურენციაში ვეღარ ქაჩავს, იძულებული ხდება დათანხმდეს ნებისმიერ საქმეს, რომელშიც რა თქმა უნდა ბევრს არავინ გადაუხდის, რადგან არც იმ საქმისთვისაა მოწოდებული. საბოლოოდ ვიღებთ სურათს, რომ მოწოდებით მხატვარი, პროფესიით იურისტი, მუშაობს ბანკის მოლარე-ოპერატორად, ან მაღაზიაში კონსულტანტად მიზერულ ხელფასზე და არაადამიანურ შრომით პირობებს თანხმდება და მისთვის ცხოვრება ერთ დაუსრულებელ ტანჯვის პროცესად იქცევა.
-თავად როგორ აირჩიეთ პროფესია? რა იყო მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი?
ყოველთვის მინდოდა პროფესიონალი მუსიკოსი ვყოფილიყავი. მუსიკა იყო ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის მთავარი, სიმღერა ლაპარაკზე ადრე დავიწყე. თუმცა მქონდა ბევრი სხვა ინტერესიც. მაშინ როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებდი მუსიკალური ინდუსტრია არ არსებობდა, ჯგუფს ვქმნიდი და მერე იშლებოდა. კონსერვატორიაში ჩაბარებაზე ლაპარაკიც არ იყო – კლასიკური მუსიკის პედაგოგები მაფრთხობდნენ, რადგან ვერ წარმოედგინათ, როგორ შეიძლებოდა მე შემეტანა ცვლილებები მათთვის ავტორიტეტული კომპოზიტორის ნაწარმოებში – ეს შეზღუდვები არ მომწონდა. ვინაიდან ყოველთვის ვცდილობ გავაანალიზო სიტუაცია, მაშინაც ეს მოცემულობა მივიღე. არ დავნებებულვარ, მუსიკას ვაკეთებ დღესაც, თუმცა მოცემულობას თვალი გავუსწორე. მივხვდი, რომ თუ მინდა მუსიკა და მუსიკალური ინდუსტრია არ არსებობს, მომიწევს ვიყო ასკაციან ორკესტრში ერთი რიგითი მევიოლინე, ან თუნდაც წამყვანი მევიოლინე და სხვისი დაწერილი მუსიკა, ვიღაცის მითითებით უბრალოდ კარგად შევასრულო, ეს კი არ მაკმაყოფილებს. რაც მე მინდა, იმის რეალიზებას ჭირდება რესურსები, რომლებიც არ მაქვს, იმიტომ რომ მამაჩემი ღარიბი მღვდელია, დედაჩემი კი მუსიკის ღარიბი მასწავლებელი. არაფერი მქონდა და ყველაფერი საკუთარი თავის იმედად უნდა გამეკეთებინა. ამიტომ გადავწყვიტე მეპოვნა რამე ისეთი პროფესია, რომელიც დამაინტერესებდა.
არჩევანი რთული იყო, დამამთავრებელი კურსის პირველი სემესტრი ვფიქრობდი საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩაბარებას, მაშინ ეს მოდური იყო. მერე რამდენიმე წიგნი ვნახე, რომლითაც მაშინ უნივერსიტეტებში ასწავლიდნენ და მივხვდი, რომ რეალური რესურსი არ არსებობდა. მერე იურისპრუდენციით დავინტერესდი და მივხვდი რომ ეს იყო პროფესია, რომელშიც ბევრი შესაძლებლობა არსებობდა პოლიციელობისა და პროკურორობის, ან თუნდაც ადვოკატობის გარდა. ადამიანის უფლებები, სახელმწიფოს მოწყობა და კონსტიტუციები, რომლებსაც გაცილებით ღრმა ფესვები აქვთ, ვიდრე ერთი კონკრეტული ქვეყნის კანონმდებლების ახირებებია, ანტიკური ფილოსოფიიდან დაწყებული, განმანათლებლებითა და ქრისტიანული კულტურის ახალი გააზრებით. ასე გავხდი იურიდიულის სტუდენტი.
-რას გაძლევდათ ეს პროფესია და ზოგადად, ასეთი ცხოვრება?
პროფესიამ ბევრი რამ მომცა. მხატვრული ლიტერატურა ბავშვობიდან მიყვარდა, მაგრამ იურიდიულზე რომ ჩავაბარე აზროვნების სულ სხვა სტილი აღმოვაჩინე. ამ პერიოდში დავიწყე ფილოსოფიური ლიტერატურის კითხვა, გავეცანი მსოფლიოში არსებულ სხვადასხვა რელიგიებს, უძველესი ცივილიზაციების ისტორიას, რომის სამართალს და ისტორიას, უკვე სხვანაირად მომიწია საქართველოს ისტორიის შესწავლა, რაც ასევე განსაკუთრებით მიყვარდა ბავშვობიდან და ჰაგიოგრაფიული ტექსტები ხელახლა გადამაკითხა სულ სხვანაირად. აღმოვაჩინე ენასთან სხვა დამოკიდებულებები. სპეციფიკური დამოკიდებულება, რადგან იურისპრუდენციის ენა შეიძლება მომაკვდინებელი იარაღი აღმოჩნდეს ვიღაცისთვის, ისევე როგორც ხსნა და შველა. მე თუ მკითხავთ ეს ყველაზე მდიდარი გამოცდილება იყო. დაკვირვებები და ექსპერიმენტები, ორმაგი შინაარსის ჩადება ტექსტში, ანდა პირიქით ასეთი შინაარსის დანახვა და მერე ტექსტიდან მისი ამოშიგვნა. სიტუაციები სადაც ერთი კავშირი, მძიმე, სიტყვა შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს. ამის შემდეგ ენასთან სულ სხვა დამოკიდებულება გიყალიბდება, თითოეული სიტყვის წონას გრძნობ და ეჩვევი ამას. მოკლედ, საინტერესო პროცესი აღმოჩნდა.
ამავე პერიოდში გაჩნდა მოხალისეობა, აქტიურად ჩავერთე ჩემი მეგობრის, კარლო ამირგულაშვილის მიერ დაარსებული ორგანიზაციის, ბუნების მოყვარულთა საზოგადოების მუშაობაში. არაფერი გვქონდა, არც ოფისი, არც ტექნიკა, მაგრამ მაინც ვაკეთებდით ყველაფერს, ვბეჭდავდით ბუკლეტებს. მაშინ ხე-ტყე უმოწყალოდ იჩეხებოდა და კარლო ხანდახან საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც კი ცდილობდა ხელი შეეშალა ამ პროცესისთვის. ახლა ეს სასაცილოდ მოჩანს, მაგრამ ამ პერიოდში, ჩემი აზრით, მთავარი რამ ვისწავლე, როგორ ვაკეთო ისე, რომ არ ვიფიქრო ფულზე, მერკანტილურ სარგებელზე. მერეც ბევრი წელი სულ სხვადასხვა საქმეს ვაკეთებდი ენთუზიაზმით და ეს ენთუზიაზმი ჩემში არასოდეს განელებულა. მივხვდი რომ ფული თანმდევი ეფექტია, ბოლოსდაბოლოს ის მოსდევს საქმეს. ფულთან ვერ ვმეგობრობ, ფულის გულისთვის დიდი ხნით ვერაფერს ვაკეთებ, ცოტა ხანს შემიძლია ,,გავქაჩო“, მერე გავრბივარ, საქმე თუ არ მაინტერესებს, ვიტანჯები, მე კი ამას ვერ ვიტან, თავს დამონებულად ვგრძნობ ხოლმე. არ მიყვარს ძალით თავს მოხვეული ვალდებულებები. ეს სისულელეა და ცხოვრებას ტანჯვად აქცევს, ცხოვრება კი ზეიმია და სიხარული. ასე მჯერა და ასე მჯეროდა ყოველთვის.
-რატომ გადაწყვიტეთ შეგეცვალათ ცხოვრების სტილი და პროფესია?
-მქონდა ჩემი ნიშნულები. ამ ნიშნულებს გარკვეულ ეტაპზე მივაღწიე. იმ ეტაპზე და იმ ასაკში, რომელშიც ვიყავი, ეს ნიშნულები კარგი იყო. ბევრისთვის საოცნებო. მერე დავფიქრდი და ჩემ თავს ვკითხე რა მინდოდა. პროფესიების გარშემო ბევრი სტერეოტიპი არსებობს. იურისტების გარშემოც. დღემდე თავს მაბეზრებენ ხოლმე კითხვებით. არადა უკვე დიდი ხანია იურისტად აღარ ვგრძნობ თავს. საქმე იმაშია, რომ იმ ნიშნულამდე რომ მივედი, მივხვდი არჩევანი უნდა გამეკეთებინა. მეტი თუ მინდოდა, ხელი უნდა გამეშვა მუსიკისთვის და მწერლობისთვის, რამაც იმ პერიოდში უკვე მყარად დამრია ხელი და ავადმყოფობად მექცა. უცბად მივხვდი, რომ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობა არ მინდა და არც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობა არ მინდა. რომ ავწონე მივხვდი, ამ პროფესიასთან დაკავშირებული შეზღუდვებით ცხოვრება არ შემეძლო. მინდოდა თავისუფლება. როცა მინდა მაშინ უნდა ვიმუშაო, როცა მინდა მაშინ უნდა გავიღვიძო და მაშინ უნდა დავიძინო და მაშინ უნდა დავისვენო და არ მინდა ვიყო დაბმული და მიჯაჭვული რამეზე. შეიძლება ეს მოვითმინო რამდენიმე წელი, ოთხი, ხუთი, ათი, მაგრამ არა უსასრულოდ, არა მთელი ცხოვრება. და მივხვდი რომ დადგა მომენტი, როცა ერთი ხელის დაკვრით უნდა გადამეჭრა ეს პრობლემა და ასე უბრალოდ გამოვაცხადე, რომ მე აღარ ვარ იურისტი და არასოდეს აღარ ვიმუშავებ ამ პროფესიით.
მერე კი რამდენჯერმე მაინც წამძლია სულმა, იმიტომ რომ ვერ ვიტყვი ეს სფერო არ მიყვარს-მეთქი, მაგრამ მთლიანობაში იქ და მაშინ გადავწყვიტე ახალი ცხოვრება დამეწყო და დავიწყე კიდეც. ეს ადვილი არ ყოფილა. შიმშილის, სიცივისა და ხანდახან უიმედოდ დარჩენის რამდენიმეწლიანი პერიოდი მქონდა, მაგრამ მეგობრების დახმარებით, ზოგი საკუთარი სიჯიუტის წყალობითაც, შევძელი. მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ სიყვარული და უანგარობა ყველაზე კარგი ინვესტიციაა. როცა გულწრფელად აკეთებ ყველაფერს, ბოლოსდაბოლოს შენ გარშემოც ასეთები იკრიბებიან, ასე ცხოვრება კი ასატანი ხდება. ადვილი არაფერი არ არის. შიში, უიმედობა, ეს ძალიან ადამიანურია, მაგრამ მარტო არ ხარ, მარტო ვერ დარჩები. ალბათ რელიგიური რწმენაც დამეხმარა. ხშირად ვიხსენებდი ადგილს სახარებიდან, სადაც იესო ამბობს: ნუ ზრუნავთ რა შეიმოსოთ და რა ჭამოთ, შეხედეთ ფრინველებს, ისინი ამაზე არ ფიქრობენ, მაგრამ ყველაფერი აქვთ და განა თქვენ ზეციურ მამას მათზე მეტად არ უყვარხართ? ამ რწმენამ ბევრი რამ შემაძლებინა, ხანდახან ამფრაზის მეტი საყრდენი საკუთარ თავში არც მქონდა. ეს სასიამოვნო და აზარტული იყო. სიცოცხლის ჟინი წინააღმდეგობების გადალახვაშია. ხანდახან ყველაფერი სასწორზე უნდა შეაგდო.
-რას გაძლევთ ცხოვრების ეს სტილი და ეს პროფესია?
თავისუფლებას და ეს მთავარია. როცა საკუთარი თავის მიღმა არავის ეჯიბრები, სიცოცხლე დღესასწაული ხდება. მე ბედნიერი ვარ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტკივილი არ არსებობს, ტკივილის გარეშე მგონია ადამიანად დარჩენა არ გამოდის, მაგრამ ესეც ბედნიერების შემადგენელი ნაწილია. როცა აცნობიერებ, რომ სწორედ ამ სევდების, ტკივილების, მონატრებების გამო ხარ ადამიანი და არაფერი არაა ამაზე უფრო ადამიანური, მაშინ ესეც ბედნიერების ნაწილად იქცევა. როდესაც აუტანლად მენატრება მამაჩემი, ჩემი ოჯახი, ბებიაჩემი და მისი გაკეთებული საჭმლის გემო, რომელსაც ვეღარასოდეს დავაგემოვნებ, სახლი, ჩემი ქალაქი, ბავშვობის მეგობრები, როცა სევდა ყელში ბურთად მეჩხირება, ვიღიმები, რადგან ვიცი რომ ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს – ადამიანი ვარ და ეს ბედნიერებაა.
-რა პრობლემებთან არის დაკავშირებული ჩვენს ქვეყანაში იმ საქმის კეთება, რაც გიყვარს?
ყველაფერი მარტივია. ვერ იტყვი რომ რაიმე საქმის დაწყება პრობლემაა, ხოლო სხვა საქმის დაწყებას ეს პრობლემა თან არ სდევს. ეს სტერეოტიპულია. რა მნიშვნელობა აქვს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ხარ და ათი ლარი უნდა გეყოს მთელი კვირა, თუ მწერალი ხარ, მხატვარი ან მუსიკოსი და იგივე დილემის წინაშე დგახარ. სინამდვილეში ნებისმიერი საქმის დაწყება პრობლემაა. მთელი სული და გული უნდა ჩადო, რომ გამოგივიდეს, შიში და უიმედობა დაძლიო. დღეს ეს უფრო ადვილია, მაშინ უფრო რთული იყო.
-რა უნდა შეიცვალოს ქართველის მენტალობაში, რომ მან იმის მიხედვით აირჩიოს პროფესია, რის კეთებაც უყვარს?
საქართველოში არსებობს ერთი იდიოტური დამოკიდებულება ცხოვრებასთან, რომ ცხოვრება ტანჯვაა. ამას უტენიან თავში ბავშვებს ოჯახშიც, სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც. ყველა იმედგაცრუებული მშობელი, რომელსაც რაღაცები არ გამოუვიდა, ყველა იმედგაცრუებული მასწავლებელი, რომელიც ფიქრობს რომ ბევრად მეტი შეეძლო, მაგრამ იძულებული გახდა ამ ლაწირაკებისთვის ესწავლებინა, ყველა იმედგაცრუებული პროფესორი, რომელიც ფიქრობს რომ სტივენ ჰოუკინგის დონის მოაზროვნეა, მაგრამ უბრალოდ არ გაუმართლა, არ აღიარებს ამ მარცხში საკუთარ პასუხისმგებლობას და ბავშვების, სტუდენტების გავლით არწმუნებს საკუთარ თავს, რომ ყველაფერში ცხოვრებაა დამნაშავე. ამას სამწუხაროდ ბავშვები და ახალგაზრდები იჯერებენ. ერთი რამე უნდა გავაცნობიეროთ, რომ ცხოვრება ჩვენ გარშემო არაა უცვლელი მოცემულობა. როდესაც მე ყველაფერი მივატოვე და ყველაფრის ახლიდან დაწყება ვცადე, ეს სიგიჟედ მოჩანდა, მაგრამ ეს შევძელი, მაგრამ არანაირ განსაკუთრებულ უნარებს არ ვფლობდი. არანაირი საიდუმლო ამაში არ დევს. განსაკუთრებული არავინაა. დღეს შეუძლებელია წიგნების წერით თავი ირჩინო, ეს მოცემულობაა, მაგრამ ეს მოცემულობა არაა უცვლელი და მე ეს ვიცი. მე ვზომავ კომპრომისებს, მაგრამ ისეთ ფუნდამენტურ კომპრომისზე არასოდეს წავალ, რომ ვაკეთო ის, რაც არ მიყვარს.
როდესაც ძალიან გამიჭირდა ბუკინისტური წიგნის მაღაზიაში კონსულტანტად დავიწყე მუშაობა, მაგრამ იქაც მთლიანად ჩავერთე საქმეში. ეს კომპრომისი იყო, მაგრამ ამ კომპრომისშიც იყო რაღაც, რაც იყო სასიამოვნო და საინტერესო და რამაც კიდევ რაღაც შემძინა. ცხოვრებაში კომპრომისები და მოქნილობა საჭიროა, მაგრამ ტანჯვა არ შეიძლება გამოცხადდეს აუცილებლობად. ეს სიბრიყვე და სისულელეა.
დღეს ცხოვრება უფრო მარტივია, ვიდრე იყო მაშინ, როცა მე თექვსმეტი წლის ვიყავი და გარკვეულ ფუნდამენტურ არჩევანს ვაკეთებდი. ხვალ ეს კიდევ უფრო მარტივი გახდება. დღეს თუ ვინმეს უნდა რომ მხატვარი იყოს და ეს არ მოჩანს იოლ საქმედ, არ უნდა შეეშინდეს. არაფერი შეიცვლება, თუ არ შევცვლით. ხანდახან უბრალოდ უნდა სცადო. სიკვდილზე უარესი ვერაფერი დაგემართება, სიკვდილი კი ისეთი რამაა, რაც მაინც დაგემართება, როგორც არ უნდა წინდახედული კაცი იყო. ამიტომ შიშს არანაირი შინაარსი არ აქვს.
არსებობს კიდევ ერთი ფუნდამენტური პრობლემა – ნაადრევი ქორწინება. არ დაქორწინდეთ, სანამ არ მიხვდებით რომ იმ საქმეს აკეთებთ, რასაც შეგიძლიათ მთელი ცხოვრება მიუძღვნათ. დარჩით მარტო. რაც შეგიძლიათ მეტი ხნით დარჩით მარტო. წადით ოჯახიდან, ნუ დარჩებით იქ, სადაც საჭმელს გიმზადებენ, ოთახს გვიან და სარეცხს გირეცხავენ. უარი უთხარით მშობლებს ძვირფას საჩუქრებზე, ფულსა და მანქანაზე, მამის მეგობრების მიერ შემოთავაზებულ სამსახურზე. იმისათვის რომ შეძლო საყვარელი საქმის კეთება, ყველაფერი რაც გაქვს, შენით უნდა მოიპოვო, შენით უნდა დაკარგო, შენით უნდა შეძლო პრიორიტებების დალაგება. წადით საკუთარი ქალაქიდან. ჯობს უცხო ქალაქში მარტომ ისწავლო ცუდ უნივერსიტეტში, ვიდრე მშობლების გარემოცვაში, საკუთარ ქალაქში, სადაც ყველაფერი ნაცნობია და კომფორტული. ესაა მთავარი. ჩვენ ზრდასრული ადამიანების ნაკლებობა გვაქვს. ჩვენთან დედები შვილებს აბსურდულ ასაკამდე აჭმევენ, აცმევენ და უვლიან, შემდეგ კი დედებს ცოლები ცვლიან. ამიტომ ჩვენ გვყვავს ხელმოცარული, ინფანტილური და ზრდასრულობა ვერ მიღწეული მოხუცები, რომლებიც მომავალ თაობას წამლავენ საკუთარი არასრულფასოვნებით. სანამ ასეა, სულ უფრო ცოტა ადამიანი შეძლებს საკუთარი გზის პოვნას და სულ უფრო მეტი ტანჯვა იქნება ჩვენ გარშემო და ეს ყველაფერი დაბრალდება ცხოვრებას, რომელიც სინამდვილეში ისეთია, როგორც ჩვენ გადავწყვეტთ რომ იყოს და ამ ყველაფერში არანაირი სხვა საიდუმლო არ არის.
-რომ შეგეძლოთ თქვენი ერთი რჩევით თქვენი შვილის მთელი ცხოვრება განგესაზღვრათ, რა რჩევას მისცემდით პროფესიასთან დაკავშირებით?
როცა გადავწყვიტე იურიდიულზე ჩაბარება და ეს გადაწყვეტილება მამაჩემს გავანდე, თავი უკმაყოფილოდ გადაიქნია და მხოლოდ ეს მითხრა: „ჯობს იყო პირველი მღებავი, ვიდრე მეორე იურისტი“. ეს ფრაზა არასოდეს დამვიწყებია და უამრავჯერ დავრწმუნდი, რომ ამაზე მართალი ნათქვამი, იშვიათად მომისმენია. ზოგადად, მშობლებსა და მასწავლებლებში გამიმართლა. მყავდა რამდენიმე მასწავლებელი, რომლებმაც ჩემში ის გააღვიძეს, რაც ყველაზე მეტად მეხმარებოდა ცხოვრებაში. მშობლებმა მიმაჩვიეს მსჯელობას, რაციონალურ მსჯელობას და გადაწყვეტილების მიღებას. არასოდეს გადაუწყვეტიათ ჩემ ნაცვლად მე რა უნდა გამეკეთებინა და რა გზას უნდა დავდგომოდი. უბრალოდ მხარს მიჭერდნენ მაშინაც კი, როცა თავად განსხვავებული შეხედულება ჰქონდათ.
დედაჩემი დღემდე ამბობს ხოლმე, ახალგაზრდები უნდა გიყვარდეს და წასვლა უნდა შეგეძლოსო. ამას ხშირად ვუმეორებ თავს, ვცდილობ არ დამავიწყდეს, რომ ის დღე დადგება, როცა უნდა წავიდე. რა სიმაღლესაც არ უნდა მივაღწიო უნდა წავიდე და გზა დავუთმო სიცოცხლეს, ახალს, თუნდაც იმ ახლის არ მესმოდეს. ამიტომ მე ალბათ ჩემ შვილს ვეტყოდი – არავის მოუსმინო საკუთარი გულის გარდა. ჯანდაბაში გაუშვი ყველა, ვინც შეეცდება დაგარწმუნოს, რომ შენზე უკეთ იცის შენ როგორ უნდა იცხოვრო.