არსებობს ცხოვრების ორი გზა: იცხოვრო ისე, თითქოს სასწაული არ არსებობს, ან კიდევ ისე, თითქოს ყველაფერი სასწაულია © აინშტაინი
ამბობენ, რომ სრული თავისუფლება მოგვენიჭა და რომ თავად ვართ საკუთარი ბედის მწერლები. ეს თეორია ძალიან მომხიბვლელია, ვის არ უნდა ისე იცხოვროს, როგორც თავად სურს? მაგრამ თუკი ცოტა უფრო მეტად ჩავუღრმავდებით, ერთ საინტერესო კონტრარგუმენტს შევეჯახებით, რომელიც ამ თეორიასთან აშკარა წინააღმდეგობაში მოდის – ჩვენ ვიბადებით კონკრეტულ სქესში, კონკრეტულ ადგილას, კონკრეტულ ოჯახში, კონკრეტული სხეულით და ტემპერამენტით და ეს, დამეთანხმებით ალბათ, ცოტა არ იყოს ფატალურად ჟღერს.
თუკი მე არ ამირჩევია ვყოფილიყავი ასეთი, მაშინ არჩევანის თავისუფლების იდეა ჩანასახშივე უაზრობა გამოდის. ამ საკითხზე ბევრ საინტერესო ადამიანთან მისაუბრია, ბევრი საინტერესო თეორია წამიკითხავს და ისევ ვაგრძელებ ძიებას, რადგან ჩვენ, გაუგებრობაში მოყოლილებს, მხოლოდ თეორიები და რწმენები შეიძლება გვქონდეს, თორემ დარწმუნებით ვერაფერი გვეცოდინება.
ქრისტიანები მიიჩნევენ, რომ ადამიანი დაბადებამდე არ არსებობს, იგი ღვთის ნებით მოდის დედამიწაზე და ფატალობად მისი წინაპრების ცოდვები მოჰყვება თან. ანუ, თუკი ის ინვალიდად იბადება, ბრმად, ან კიდევ პირიქით ძალიან ლამაზი სხეულით, გახსნილი გონებით, იღბლით, წინაპრებს უნდა უმადლოდეს. ქრისტეს ამაზე სხვა პასუხი აქვს. როცა მას ჰკითხეს რატომ დაიბადა ბავშვი ბრმად უპასუხა: არც მას და არც მის მშობლებს შეუცოდავს. ეს მოხდა იმიტომ, რომ ღმერთის ნება განხორციელდეს მასში.
თუკი ყველანი ერთნი ვართ, მაშინ უსამართლობა არ გამოდის წინაპრების ცოდვებზე რომ ვაგებთ პასუხს, მაგრამ თუკი ყველანი ერთი წინაპრის შთამომავლები ვართ და ყველანი ერთნი ვართ, მაშინ ერთნაირად ცოდვილები ვყოფილვართ და რატომ გვიწევს სამოთხისთვის ბრძოლა ასე არათანაბარ პირობებში, გაუგებარია. როგორ შეიძლება დაიბადო გონებასუსტად, მოკვდე ჩვილობაშივე და მაინც სხვების თანაბარი შანსი გქონდეს სამოთხეში მოხვედრის? თუკი ამ არათანაბარ პირობებსაც ითვალისწინებს ღმერთი და მათ რამე შეღავათები აქვთ, ანუ ჩვილი ბავშვი პირდაპირ სამოთხეში ხვდება იმიტომ, რომ უცოდველია და გონებასუსტსაც პასუხს ვერ მოთხოვ რომ ვერ შეიმეცნა უფალი, მაშინ რატომ არ ვცხოვრობთ დაბადების გარეშე უცოდველად იქ, არაფერში და რატომ გვიშვებს ღმერთი აქ, დედამიწაზე დაღუპვის უფრო მეტი შანსებით, მსგავს კითხვებზე პასუხი ასეთია – ,,შეუცნობელნია გზანი უფლისანი.“
რეინკარნაციის თეორია ადამიანური გონისთვის, ერთი შეხედვით, უფრო სამართლიანი და ლოგიკური ჩანს. კონკრეტული სული, რომელსაც რაღაც გამოცდილება აქვს, იბადება მისი მიღებული გამოცდილებისთვის შესაბამის პირობებში, ირჩევს მისთვის კარმულად შესაბამის ოჯახს, გარემოს, სხეულს და ა.შ. ანუ სული თავად წყვეტს სად დაიბადოს, რა პირობებში. ეს თავად მისი არჩევანია, მაგრამ როდის და საიდან დაიწყო მოგზაურობა, ამ კითხვებზე ამ თეორიის გულშემატკივრებსაც სხვადასხვა თეორიები და რწმენები აქვთ.
,,ბევრს არ სჯერა რეინკარნაციის, რადგან მათ არ ახსოვთ წინ ცხოვრება, ჩემი პასუხი ასეთია – გვახსოვს. მართალია დეტალურად არა, მაგრამ რაღაც მინიშნებები გვაქვს, თუ ვინ ვართ. მუსიკა, რომელიც მოგვწონს, ადამიანები, რომლებიც გვიზიდავენ, ქვეყნები, სადაც თავს კარგად ვგრძნობთ, საკვები, რომელიც გვეგემრიელება, ჩაცმულობის სტილი… ეს ჩვენი ისტორიის ნაწილია, რომელთანაც თვითიდენტიფიცირებას ვახდენთ. ჩვენ ვართ ის, რაც ჩვენს სულს ახსოვს, ეს ცხოვრება სხვა ინკარნაციების ნაყოფია“ – ქერი უილიამსი (ავტორი წიგნისა: რეინკარნაცია ახალი ჰორიზონტი მეცნიერებაში, რელიგიასა და საზოგადოებაში)
მოკლედ, დაბადებას ჩვენ თვითონ ვგეგმავთ. ერთ-ერთი ვერსიით ამ გეგმას მრჩეველთან ათანხმებ. ეს მრჩეველი მოხუცი, გამოცდილი, ბრძენი ადამიანები არიან. ძველი სულები, რომელთაც ბევრი რამე იციან. შენ მათ მფარველ სულთან ერთად ხვდები. ერთად განიხილავთ მომავალ ცხოვრებას და ცხოვრების რამდენიმე სცენარს ირჩევ, ამ კონკრეტულ ინკარნაციაში რა ცოდნას დაეუფლო. ირჩევ როგორც პროფესიას: ხელოვანი, ჯარისკაცი, ექიმი… ყველაფერს შენ ირჩევ, საკუთარ მშობლებსაც კი. შემდეგ უკვე დეტალების ჯერ დგება, კონკრეტულად რა გამოცდილების აღებას გეგმავ. რა თქმა უნდა, მხოლოდ გამოცდილებისთვის არ მოვდივართ, მიზნებთან უნდ ამოვიდეთ თანხვედრაში და გამოწვევებს გავუძლოთ, სირთულეები გადავლახოთ. მაგალითად, ზოგს სურს რომ მოთმინება ისწავლოს და ეჭვიანობა დაამარცხოს. შემდეგ ჩვენ ამ ყველაფერს ვივიწყებთ, ისევე როგორც ფილმის ყურების დროს ვივიწყებთ, რომ ეს ყველაფერი დადგმულია და მთელი არსებით შევდივართ როლში. ჩვენ დაბადების შემდგომაც გვეძლევა თავისუფალი არჩევანი, თუმცა არსებობს რაღაც მიმართულება და თუკი საკუთარი გზიდან გადახვევა დავიწყეთ, მფარველი სულები გვეხმარებიან. ისინი ჩვენს ცხოვრებაში ქმნიან დამთხვევათა ჯაჭვებს, ერთგვარ სინქრონულობას, რომელიც საუკეთესო არჩევანისკენ გვიბიძგებს.
არსებობენ ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ დედამიწა ერთგვარი გამოსასწორებელი ბანაკია, ვიბადებით იმიტომ რომ კარმული ვალები გავისტუმროთ, ანუ ბალანსი აღვადგინოთ ბუნებაში. ეს თეორია წინაპრების ცოდვების გამო დასჯის ვერსიას ძალიან ჰგავს, თუმცა დანიშნულების პუნქტი აქ ,,არაფერში ყოფნაა“, ანუ არ ყოფნა და არა სამოთხე, ან ჯოჯოხეთი. ჯოჯოხეთი ამ ლოგიკით დედამიწა გამოდის. სამოთხე კი უბრალოდ არ დაბადება.
რატომ გვავიწყდება?
,,შენ თვალებს უხუჭავ წარსულს, რათა ახალ არსებობას გაუხილო. დავიწყებით უფრო მეტად ვითარდები“ – ტილ სვონი, სულიეი კატალისტი
,,ეს აღარ იქნებოდა ტესტი, თუკი პასუხები გეცოდინებოდა“ – დოლორეს ქენონი
დავიწყება ციკლის არსებითი ნაწილია. მხოლოდ ამ გზით ვახერხებთ ჩვენი თავის გაცნობას.
როგორ მოქმედებს დაბადებამდე არსებული გეგმა თავისუფალ არჩევანზე?
თქვენ ალბათ გაგიგიათ უძველეს საიდუმლოზე, რომლის მიხედვითაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ნებისმიერი ოცნება ავიხდინოთ – მიზიდულობის კანონი და მანიფესტაციის კანონი. ეს მართლაც მუშაობს, თუმცა ყველაფერს ვერ ვაკონტროლებთ. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ პოზიტივის მოზიდვას, მაგრამ უცებ ნეგატივს იზიდავენ – ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენს დაბადებამდე გაწერილ გეგმებში არ ჯდება. მარტივად რომ ვთქვათ სამყარო წვეულებას არ მოგიწყობთ, თუ მეორე დღეს გამოცდა გაქვთ ჩასაბარებელი. თუ ეს სწავლაში ხელს არ შეგიშლით, კი ბატონო. იზიდავთ არა იმას, რაც გგონიათ რომ გჭირდებათ, არამედ იმას, რაც მართლა გჭირდებათ სულიერი ევოლუციისთვის. თუკი სულიერ ევოლუციაზე უარის თქმას დააპირებთ, ყველაფერი აირევა ირგვლივ. როცა რაღაც არ გამოდის, აუცილებელია დაფიქრდეთ, რატომ არ გამოგდით? მოკლედ, ჩვენ თავისუფალი ნება გვაქვს და თან არ გვაქვს. როცა სტუდენტობას გადაწყვეტ, უნდა ისწავლო, სხვა არჩევანი არ გაქვს, მაგრამ როგორ ისწავლი და როგორ გაატარებ თავისუფალ დროს, სპონტანურადაც შეგიძლია გადაწყვიტო.
რამდენად შესაძლებელია წინა ცხოვრებებთან დაკავშირება?
,,ახლანდელ ცნობიერსა და წინაინკარნაციულ ცნობიერს შორის უზარმაზარი კედელია შიგ ჩაშენებული ჩანაწერებით. ეს ჩანაწერები იმდენად სხვადასხვაგვარია, იმდენად რთული და ხანდახან წინააღმდეგობრივიც კი, მათში შეღწევას ჩვეულებრივი ადამიანური გონება ვერ მოინელებს და შეიძლება ჭკუიდან შეიშალოს. ასე რომ ამ დამცავი კედლის შენგრევის მცდელობა კარგი იდეა არ არის“ – დონ სტივენსი (მეჰერ ბაბას მოსწავლე)
რა მნიშვნელობა აქვს როლებს?
,,დედისთვის სულერთია, ვის როლს ასრულებს მისი შვილი თავისივე ბავშვურ სპექტაკლებში, დღეს ცუდი ბიჭია, ხვალ კარგი იქნება. ერთარსებას წარმოდგენაც კი არა აქვს ამ ჩვენს თამაშებსა და ილუზიებზე. ის ცნობს მხოლოდ საკუთარ თავს და გვცნობს ჩვენ ხატად მისად – სრულქმნილებსა და სრულყოფილებს.“- რიჩარდ ბახი
ჩვენ როლში ვართ. ეს როლი თავად ავირჩიეთ და შემდეგ ძველმა სულებმა დაგვამტკიცეს. ერთ ცხოვრებაში ჯალათი ხარ, მეორეში მსხვერპლი. უამრავი როლია, უამრავი სცენარი და როგორც ფილმებში არ აქვს მნიშვნელობა ცუდის როლს შეასრულებ თუ კარგის, ინვალიდს ითამაშებ თუ მილიარდერს, მთავარი გამოცდილების მიღებაა. არც მოვლენები იყოფიან პოზიტიურად და ნეგატიურად. ,,ადამიანური ტრაგედიების რწმენა, შენივე უმეცრების მანიშნებელია“. არსებობს მხოლოდ ფაქტი, სხვა ყველაფერი ჩვენი აღქმებია, ანუ ილუზიები.
,,როდესაც ღმერთს მოთმინებას სთხოვთ, თქვენი აზრით მოთმინებას გაძლევთ? თუ საშუალებას, რომ ისწავლო მოთმინება?“ სწორედ ასევე თუკი თქვენ სიყვარულის სასწავლად მოხვედით დედამიწაზე, სულაც არ არის გამორიცხული აწეწილი პირადული ცხოვრება გქონდეთ, განშორებები, დანაკარგები… ეს გამოცდებია. სხვანაირად ვერ სწავლობთ.
ამის დაჯერება, ძალიან სასიამოვნოა, გულიდან ლოდი გეხსნება. შენ არ ისჯები, შენ უბრალოდ სწავლობ. შენ არავინ გძულს, არავის გეშინია… როგორ შეიძლება საკუთარი თავი, ან ვინმე გძულდეს როლის გამო?
,,რა იქნებოდა შენი ნათელი ჩემი ჩრდილების გარეშე?“
შავი და თეთრი, ნათელი და ბნელი ერთი მთლიანობაა. ყველანი – მკვლელებიც, ნარკომანებიც, მშიერი ბავშვებიც უბრალოდ მისთვის საჭირო გამოცდილებას იღებენ. პარტერში უნდა მოკალათდე და პოპკორნი მოიმარაგო. როდესაც შენ ხარ მათ როლში… მაშინაც… შესანიშნავია!
მთავარია, გაკვეთილი ისწავლო და ცეკვა ცეკვით ისწავლი თუ ცრემლების ღვარღვარით, მასწავლებელს სულაც არ აინტერესებს!
და მაინც, უპასუხოდ მრჩება შეკითხვა: რა საჭიროა ამხელა აურზაური?
დოჩი გოგო