რატომ განვაგრძობთ მათ სიყვარულს, ვინც ცუდად გვექცევა

0
3020
Unhappy Couple In Living Room

ეს უფრო ხშირად ქალებს ემართებათ, თუმცა გამონაკლისი არც მამაკაცები არიან: ისინი განაგრძობენ იმ პარტნიორების გვერდით ცხოვრებას, რომლებიც მათ იყენებენ, ამცირებენ და ზოგჯერ სცემენ კიდეც. მაშინაც კი, როცა ისინი ამ ურთიერთობის გაწყვეტის ძალას იპოვნიან საკუთარ თავში, დიდია ალბათობა იმისა, რომ მომდევნო პარტნიორიც იმავე სადისტური მიდრეკილებებით იქნება გამორჩეული, როგორითაც მათი წინამორბედები. როგორ ყალიბდება ეს ჩაკეტილი წრე. შესაძლებელია თუ არა მისგან თავის დაღწევა?

პარტნიორთან ქცევის მოდელი ბავშვობაში ყალიბდება. მარტივად რომ ვთქვათ, მეწყვილესთან ისეთივე ურთიერთობა გვაქვს, როგორიც მშობლებთან. ამერიკელმა ფსიქოლოგმა დევიდ პ. სელანიმ მშობლებთან იმ ბავშვების ურთიერთობა შეისწავლა, რომლებსაც სცემდნენ, მიატოვეს ან ამცირებდნენ. აღმოჩნდა, რომ ასეთი ბავშვები ემოციურად ძალიან ძლიერად იყვნენ მიჯაჭვულნი თავიანთ მშობლებზე. რატომ ხდება ასე?

დამოკიდებულობის წყარო

მშობლებთან ურთიერთობისას, ბავშვი გამუდმებით ითვისებს მისი ქცევის მეთოდებს, რეაქციებს, სხვადსხვა ვითარებაში საპასუხო მოქმედებებს. თუ მშობელი ბავშვს ამშვიდებს, დროთა განმავლობაში ბავშვი თავად სწავლობს საკუთარი თავის დამშვიდებას. მას უკვე აღარ სჭირდება ამისთვის მშობელი – ყოველ შემთხვევაში, ისე ძლიერ აღარ სჭირდება. სწორედ ასე ნელ-ნელა მოიპოვებენ ისინი დამოუკიდებლობას, რათა სხვა ზრდასრულ ადამიანებთან თანასწორუფლებიანი ურთიერთობის წარმოება შეძლონ.

Mandatory Credit: Photo by Business Images/REX Shutterstock (3958006a) MODEL RELEASED Father Shouting At Young Daughter VARIOUS
მაგრამ თუ მშობელი ცუდად ექცევა ბავშვს? ბავშვი ცუდად მოექცევა საკუთარ თავს. მშობლის დამოკიდებულება განსაზღვრავს საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულებას. პარადოქსია, მაგრამ ასეთი ბავშვი კიდევ უფრო მეტად ეჯაჭვება მშობელს. შიდა რესურსების უქონლობის გამო, ის მუდამ გარეშეებზეა დამოკიდებული. “ზრდასრულობისას სიყვარულით ღატაკი ადამიანები ნებისმიერ შემხვედრს ჩაებღაუჭებიან, ისე, რომ მათ ადამიანურ ღირსებებზე დიდად არ გაამახვილებენ ყურადღებას, ვინაიდან მათში მიტოვების შიში მძლავრობს”, – წერს ფსიქოლოგი.

თუმცა ბავშვისგან განსხვავებით, ზრდასრულ ადამიანს თითქოს არჩევანი აქვს. ბავშვს არ ჰყავს სხვა ოჯახი, ამიტომ მას არ შეუძლია ცუდ მშობლებს ზურგი აქციოს. მაშინ, როდესაც უფროს ადამიანს ფართო არჩევანი აქვს. სამწუხაროდ, ასეთი ადამიანისთვის არჩევანის შესაძლებლობა მხოლოდ მოჩვენებითია. ვინაიდან იმისთვის, რომ არჩევანი გააკეთო არჩევის კრიტერიუმები უნდა გაგაჩნდეს, წარმოდგენა გქონდეს იმაზე, თუ რა გსურს. მაგრამ ასეთი წარმოდგენები იმ ადამიანს, რომელიც ცუდმა მშობლებმა გაზარდეს, ძალიან დამახინჯებული აქვს.

სიყვარულის ძიება

იმ ადამიანთან დაბრუნების მიზეზი, რომელიც ტანჯვას გაყენებთ, სულაც არ არის ტანჯვის წყურვილი, ეს სიყვარულზე ერთგვარი წარმოდგენის შედეგია, რომელიც ბავშვობაში ჩამოგიყალიბდათ. ბავშვმა არაფერი იცის იმის შესახებ, თუ როგორ “უნდა” ექცეოდნენ მშობლები შვილებს. მან მხოლოდ ის იცის, როგორ ექცევა მას საკუთარი მშობელი. და ეს ურთიერთობა მისთვის ურთიერთობის ეტალონი ხდება.

Pensive Child Watching Her Parents Argue.
“სიყვარული სითბოს მოკლებული ბავშვისთვის წინააღმდეგობრივი გრძნობების რთული კომბინაციაა და არა უშუალო შეგრძნება იმისა, რომ საყვარელი ადამიანი გიღებს და გაფასებს. ნორმალურად განვითარებული პიროვნებისან “უსასყიდლო” სიყვარული მისთვის უცხო რამაა, რასაც საერთო არაფერი აქვს იმასთან, რაც მის ცნობიერებაში “სიყვარულს” ნიშნავს”, – განმარტავს დევიდ პ. სელანი.

ყველაზე ცუდი მშობლებიც კი დროდადრო სენტიმენტალურ ინტერესს ავლენენ თავიანთი შვილების მიმართ. და “ეს ერთი კოვზი თაფლი კუპრის კასრში” გადამწყვეტი აღმოჩნდება ხოლმე. ის ბავშვს მშობლისკენ იზიდავს და ამავდროულად აიძულებს მას ეს თანაგრძნობისა და მძვინვარების ნაზავი “სწორ თაფლად” აღიქვას. გაზრდის შემდეგ, ის სხვა ურთიერთობებს ვერ პოულობს, რადგან არც ეძებს მათ და არც შეუძლია მათი ამოცნობა.

სუსტი “მე”

ბავშვს მშობლებზე უარის თქმა არ შეუძლია. ისინი მისი სიცოცხლის წყარო არიან. მათზე უარის თქმა – სიცოცხლეზე უარის თქმას ნიშნავს. ბავშვი დამნაშავედ საკუთარ თავს მიიჩნევს, მშობლების საქციელზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. ისინი კი არ არიან ცუდი, არამედ “მე ვარ ცუდი”. ისევე როგორც ქალები, რომლებიც ძალადობის მსხვერპლი გახდნენ, ასე ხსნიან, რომ მათ თავად მოახდინეს თავდასხმის პროვოცირება. ხშირად ბრალმდებელი პარტნიორი მათ დანაშაულის გრძნობას უვითარებს – ეს იმას ჰგავს, მშობლები რომ ეუბნებიან ბავშვებს, თითქოს მათივე საკეთილდღეოდ სჯიან. ბავშვი ფანტაზიორობს და იმედოვნებს, რომ დღეს შესაძლოა მამა ფხიზელი მოვიდეს და დედა უფრო ალერსიანი იყოს. ეს აზრები კიდევ უფრო სასიამოვნოა, რადგან ამ დროს ბავშვი საკუთარ თავსაც “კარგად” აღიქვამს, იმად, ვინც კეთილ მოპყრობას იმსახურებს. ბავშვი მშობლის სახის ფორმირებას მდიდარი წარმოსახვის მეშვეობით ეჩვევა – თუმცა თავად ეს პროცესი მისი ცნობიერისგან დაფარულია, ის ამ სამუშაოს ისე ასრულებს, რომ წარმოდგენაც არ აქვს, რას აკეთებს. შედეგად ის საკუთარ თავს მთლიანობაში ვერ არიქვამს. მას არ აქვს პასუხი კითხვაზე “ვინ ვარ მე?”, “რა მინდა?”. როდესაც ის იზრდება, მისთვის აუცილებელი ხდება პარტნიორი, რათა საკუთარი “მეს” პრობლემები მოაგვაროს. ამიტომ მასსა და მის პარტნიორს შორის მტკიცე, თუმცა ორივესთვის მავნე კავშირი მყარდება. ამავე მიზეზით ტანჯული ადამიანი გადაჭრით ამბობს უარს რეალობის დანახვაზე და ნებისმიერზე ბრაზდება, ვინც რეალობაზე მიუთითებს. ამიტომაც უკვე ზრდასრული ბავშვები ხშირად ისევ და ისევ ბრუნდებიან მშობლებთან, რომლებიც მათ მხარდაჭერასა და სინაზეზე უარს ეუბნებიან… მაშინაც კი, თუ ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

wyvili 2
გზა ცვლილებებისკენ

ყველას, ვის წინაშეც პარტნიორისგან განცალკევების ამოცანა დგას, იმის სწავლა სჭირდება, რომ “საკუთარი თავის დედა” გახდეს, ამასთან, კარგი, კეთილი და ალერსიანი დედა. “მშობლების მზრუნველობითა და ყურადღებით განებივრებული ბავშვი მრავალ პოზიტიურ მოგონებას ინახავს, რომელიც მომავალში მას გარე სამყაროს გაბედულად გამოკვლევაში ეხმარება. რაც მეტი თავდაჯერებულობა აქვს ბავშვს, მით უფრო თამამდ შეძლებს ის საკუთარი დედისგან დიფერენცირებას”, – წერს დევიდ სელანი. მაგრამ სად უნდა მიიღოს დადებითი გამოცდილება მან, ვისაც მისი მიღების შესაძლებლობა არ ჰქონია? ეს ნამდვილად რთული ამოცანაა. ამერიკელი ფსიქოლოგი ამბობს, რომ ყველაზე წარმატებული თერაპევტული პროცესის დროსაც კი “შესაძლოა სამიდან ხუთ წლამდე დასჭირდეს იმას, რომ პაციენტის განადგურებული “მე” აღდგეს და წინააღმდეგობის გაწევა ისწავლოს მათთვის, ვინც ტკივილს აყენებს, იმ უსიყვარულობის საშინელებისთვის, რასაც ის განშორებაზე ფიქრისას განიცდის. მისი თქმით, ქალმა ცნობიერებაში უნდა ჩაიბეჭდოს ფსიქოთერაპევტის სახე, რომელიც არ განსჯის მას და მის დახმარებას ცდილობს. მომავალში მას თავად შეეძლება საკუთარ თავთან ასე მიდგომა.

თუ თქვენს მეგობარს ცუდად ეპყრობიან

ჩვენთვის მტკივნეულია იმის ყურება, როცა ჩვენს საყვარელ ადამიანებს ცუდად ეპყრობიან. გვიჩნდება მათი დახმარების სურვილი. მაგრამ იმისთვის, რომ დამახრება ეფექტური გამოდგეს, რამდენიმე თავისებურების გათვალისწინებაა საჭირო.

რა გავაკეთოთ

მხარდაჭერა. როდესაც ადამიანს ცუდად ეპყრობიან, მას თვითშეფასებაში (განსაკუთრებით მერყევი, ცვალებადი) პრობლემები უჩნდება. შეახსენეთ მას ყველაფერი კარგი, რასაც მასში ხედავთ – გარეგნობა ან შესაძლებლობები. იყავით გულწრფელი და ისაუბრეთ იმაზე, რაც მართლა მოგწონთ მასში.

წახალისება. მას, ვინც საკუთარი პრობლემებითაა მოცული, თვალსაწიერი უვიწროვდება. სპორტით ან შემოქმედებით დაკავება, სეირნობა და კინოში სიარული – გამოდგება ყველაფერი, რაც ყოველდღიურობის ჩარჩოებს არღვევს, ამაღლებს განწყობას. უკარნახეთ, დაპატიჟეთ, გაუწიეთ კამპანია, მოიწონეთ, თუ გასართობს მოძებნის.

დაეხმარეთ ახალი ადამიანების გაცნობაში. თუ ამის შესაძლებლობა მოგეცემათ, გააცანით თქვენს მეგობარს სხვადასხვა ადამიანი, ახალგაზრდები და მოხუცები, მამაკაცები და ქალები, ვისაც მისი კამპანია მოეწონება. ასე ის დაინახავს, რომ ადამიანებს მასთან კარგად მოპყრობა შეუძლიათ – და ამისთვის განსაკუთრებული ძალისხმევა არ არის საჭირო.

ურჩიეთ მიმართოს სპეციალისტს. სამწუხაროდ, საკუთარი ძალები ხშირად საკმარისი არ არის ხოლმე იმისთვის, რომ რთული ვითარება შეცვალოთ. სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი შეიძლება ის რესურსი აღმოჩნდს, რომელიც პრობლემას მოაგვარებს. ურჩიეთ მეგობარს, ვის შეიძლება მიმართოს.

friends2-e1353957362356-1024x539
რა არ უნდა გააკეთოთ

ნუ ამხელთ. უსარგებლოა მეგობრისთვის მისი პარტნიორის ნაკლოვანებზებზე საუბარი. ის იფიქრებს, რომ არაკეთილსინდისიერი ხართ ან სხვა რაიმე ხერხს იპოვის იმ ცოდნისგან დასამალად, რაც მისთვის აუტანელია. ნუ გააკრიტიკებთ მის პატრნიორს და ნუ დაეთანხმებით, თუ ის თავად გააკეთებს ამას. უბრალოდ მშვიდად მოუსმინეთ და აგრძნობინეთ, რომ იზიარებთ მის განცდებს.

ნუ გეწყინებათ. ის, ვინც ძალადობრივ გარემოში ცხოვრობს, საკუთარი თავის რწმენას კარგავს და გამუდმებით ეჭვი ეპარება საკუთარ თავში. მათაც კი, ვინც მის დახმარებას ცდილობს, ძალადობის მსხვერპლი ნეგატიურ ზრახვებს მიაწერს. თუ ასეთი მეგობარი ბოროტ ზრახვებს მოგაწერთ, ნუ გაბრაზდებით და ნუ გეწყინებათ. შეეცადეთ, მსუბუქად გადაარწმუნოთ ან უთხარით რას ფიქრობთ და გრძნობთ სინამდვილეში.

ნუ დაატანთ ძალას. ფსიქოლოგიური სტრესის გამო, რომლის გადატანაც მას უწევს, მეგობარი შესაძლოა გაანაწყენოს თქვენმა სიტყვებმა და თავსაც დაგესხათ, თითქოს მისთვის ზიანის მიყენება გინდოდათ. არ შეეკამათოთ, პასუხად უბრალოდ უთხარით, როგორი დამოკიდებულება გაქვთ მის მიმართ.

არ დაივიწყოთ თქვენი ინტერესები. ისინი, ვისაც ბევრი პრობლემა აქვს, ხშირად არასაკმარისად მგრძნობიარენი არიან სხვისი პრობლემების მიმართ. თუ მოცემულ მომენტში დაკავებული ხართ, ნუ გექნებათ იმედი, რომ თქვენი მეგობარი ამას თავად მიხვდება. და გახსოვდეთ, რომ ვალდებული არ ხართ დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში მიხვიდეთ დასახმარებლად. თუ ურთიერთობისთვის მზად არ ხართ, ამის შესახებ ღიად უთხარით და გადადეთ შეხვედრა.