,,ხანდახან ოთახის დალაგება
იმაზე უკეთეს შედეგს იძლევა, ვიდრე ნახევარწლიანი ფსიქოანალიზი“
აბესალომ პოდვოდნი
ნეიროლინგვისტური პროგრამირების, ანუ ნლპ-ს ტექნიკებს ერთი შეხედვით არაფერი აქვთ საერთო იმ პროზაულ ცხოვრებასთან, რომელთანაც ყოველდღიურად გვიწევს შეხება. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით….
მოკლედ, ჩვენ წინ დასარეცხი ჭურჭლის მთელი გროვა დგას….
არა-არა, ტრანსში კი არ ვართ, ჭურჭელი აბსოლუტურად რეალურია, ზედმეტად რეალურიც კი და ხელმისაწვდომი და აღქმადი ნებისმიერი სისტემისთვის. საჭიროა და აუცილებელი მისი დარეცხვა.
ჩვენ შეგვიძლია სუბმოდალური ტექნიკებითაც ავიმაღლოთ მოტივაცია, ჩავატაროთ რეფრეიმინგი (ანუ შევცვალოთ აღქმა) და ასე ,,ვაიძულოთ“ საკუთარ თავს არასასურველის გაკეთება, ან რამე ამგვარი. თუმცა ჩვენი მთავარი მიზანი ჭურჭლის დარეცხვა კი არა, ჭურჭლის რეცხვის ფსიქოთერაპიად ქცევაა ამ შემთხვევაში. გამოიყენეთ შემდეგი მეთოდები:
- შინაგანი მდგომარეობის ჭურჭელზე პროექცირება.
შეხედეთ დასვრილ ჭურჭელს და დაფიქრდით (უკეთესი იქნება თუ ქვეცნობიერს მისცემთ ამის უფლებას) თქვენს რომელ ნაწილს (ან ეგებ მთლიანად თქვენც) გახსენებთ ეს ყველაფერი. არ აქვს მნიშვნელობა ზუსტ წარმოდგენას შეიქმნით, თუ უბრალოდ ინტუიციურად იგრძნობთ სწორად – ესეც საკმარისია. პერიოდულად ყველანი ვბინძურდებით და საშიში არაფერია. ერთი ეს არის, ჩამობანა არ გვაწყენდა და ახლა სწორედ ამას ვაკეთებთ.
- მეტაფორების გადათამაშება
დარეცხეთ ჭურჭელი და ამ პროცესში წარმოიდგინეთ, რომ შინაგანად იწმინდებით. თანდათანობით, მაგრამ საფუძვლიანად… ყველა ჭიქის, ყველა თეფშის, ყველა კოვზისა თუ ჩანგლის შემდეგ … უფრო და უფრო… თქვენ ახალი ხდებით, სუფთა, ბზინავთ, პრიალებთ.. (ეპითეტები გემოვნებით)
- შედეგის უკუპროექცია
როგორც კი ჭურჭლის რეცხვას მორჩებით, შეხედეთ თქვენი შრომის შედეგს და ეცადეთ ეს სისუფთავის შეგრძნება შიგნით შეიტანოთ, თქვენში იგრძნოთ. გაივსეთ მთელი სხეული ამ შეგრძნებით. ასე იყავით ცოტა ხანს, ამ სიახლის და სისუფთავის შეგრძნებით სავსე, დატკბით, მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ თქვენ გარშემო და თქვენში კიდევ უამრავი რამ არის, რისი დარეცხვაც, გასუფთავება, მოფერება და გათბობაა შესაძლებელი.
ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი მარტივი მაგალითია იმ უამრავ მეთოდს შორის, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ. ,,ხანდახან ოთახის დალაგება იმაზე უკეთეს შედეგს იძლევა, ვიდრე ნახევარწლიანი ფსიქოანალიზი“ წერდა პოდვოდნი. მთავარია, ფანტაზიას გასაქანი მისცეთ და ამ ყველაფერს სისტემატური ხასიათი. რაც უფრო შემოქმედებითაც მიუდგებით პროცესს, მით უფრო საინტერესოდ იქცევა თქვენი ყოველდღიურობა. ცხოვრება გახდება თავგადასავალი, რომლის სიუჟეტს თავად გადაიღებთ.
რუტინა ხელოვნებად უნდა აქციოთ, ფსიქოთერაპიად. ,,თუ ხეხვა არ გიყვარს, როგორ გაიწმინდები?” (c) რუმი. გარეგანი და შინაგანი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, ერთი მეორეს ცვლის და პირიქით. ყველაფერი ურთიერთმოქმედებს. ყველა ქმედებას შედეგი აქვს. ფიზიკური სულიერში აღწევს და სულიერი ფიზიკურად ვლინდება. ერთი ეს არის, მიფუჩეჩება არ ღირს. ეფექტური შედეგი თქვენი მოდომების პირდაპირპროპორციულია. ჰოდა, წარმატებები!
ჩვენ იღბლიან რეცხვას გისურვებთ!