ლონდონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა თვითანალიზის უნარ-ჩვევების სტიმულირების ძალიან ორიგინალურ მეთოდს მიაგნეს. მათ ექსპერიმენტი ვირტუალურ რეალობაში ჩაატარეს, სადაც მოხალისეები ჩაფხუტებისა და სენსორების დახმარებით ზიგმუნდ ფროიდად განსხეულდნენ და საკუთარ თავს რჩევებს აძლევდნენ. აღმოჩნდა, რომ ამ უცნაური სეანსის შედეგად ისინი ისე ღრმად შედიოდნენ თავიანთ პრობლემების არსში, საკუთარ თავთან მარტო დარჩენის და ფიქრის დროს რომ ვერასოდეს ახერხებდნენ.
თქვენ როგორც ანალიტიკოსი
ექსპერიმენტში მონაწილეობისთვის ფსიქოლოგმა მელ სლეითერმა და მისმა კოლეგებმა შეაგროვეს მამაკაცები, რომლებიც ფსიქოანალიტიკოსის კონსულტაციებით სარგებლობდნენ. კომპიუტერში შექმნეს მათი ავატარები – სამგანზომილებიანი მოდელები. მონაწილეებმა სხეულზე სენსორები დაიმაგრეს, რომლებიც მოძრაობაზე რეაგირებდნენ, რათა თავიანთი ავატარების მართვა შეძლებოდათ, თავზე კი ვირტუალური რეალობის სპეციალური ჩაფხუტები ეხურათ. მოდელების მოძრაობები რეალურ მოძრაობებთან ზუსტ სინქრონში მოდიოდა და ეს ფაქტი ეკრანზე დანახულის რეალურობის ძალიან ძლიერ ილუზიას ქმნიდა.
ექსპერიმენტის განმავლობაში ავტორები მოხალისეებს თავიანთ ფსიქოლოგიურ პრობლემებზე საუბარს სთავაზობდნენ… საკუთარ თავთან. საწყის ეტაპზე ისინი თავიანთ პრობლემებს აღწერდნენ და იმ ფსიქოანალიტიკოსს უსვამდნენ შეკითხვებს, რომელიც ზიგმუნდ ფროიდის პროტოტიპი გახლდათ. შემდგომ ფროიდის სხეულში განსხეულდებოდნენ და უკვე მისი სახელით იძლეოდნენ პასუხებს. ამ პასუხებს ისინი უკვე თავისივე ავატარში დაბრუნებულები ისმენდნენ. ხმა შეცვლილი გახლდათ. აზრების გაცვლა გამოცვლა იმდენხანს გრძელდებოდა, რამდენ ხანსაც მონაწილეს სურდა. მეორე ეტაპზე ფროიდი უკვე აღარ იყო, მონაწილეების უკვე საკუთარი ავატარიდან სვამდნენ შეკითხვებს და იძლეოდნენ პასუხებს. თითქოს საკუთარ თავს ელაპარაკებოდნენ.
ილუზიის ძალა
შედეგებმა აჩვენეს, რომ როცა მონაწილეები საკუთარ თავს ფროიდის სახით ესაუბრებოდნენ, მათი რჩევები გაცილებით უფრო ზუსტი, ნათელი და ჭკვიანური იყო. ,,შინაგანი დიალოგი პრობლემის გადაწყვეტის შესანიშნავი გზაა, მაგრამ ექსპერტთან ამის გაკეთება – უფრო ეფექტურია, – დაასკვნა სლეიტერმა. – ჩვენ ექსპერიმენტის დამატებითი ვერსიაც გვქონდა, სადაც ავატარების მოძრაობა სინქრონში არ იყო რეალური ადამიანების მოძრაობასთან. ამ შემთხვევაში ილუზიასთან თვითიდენტიფიკაცია არ ხდებოდა და ეფექტიც შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ სხვის ფორმაში ჩასახლების სრული განცდის ილუზიაში ეცვლება ადამიანს აზროვნების პროცესი.“
რატომ ხდება ასე? რეალურად ხომ, თუნდაც ფროიდის როლში, ჩვენ საკუთარი თავი ვრჩებით? როგორ შეიძლება განსხვავებული აზრები გვქონდეს? ავტორები ფიქრობენ რომ ესეც პლაცებოს ეფექტია ჩვენ ექსპერტის როლში განვიცდით საკუთარ თავს და ფიქრსაც ექსპერტივით ვიწყებთ. ,,სანამ ექსპერიმენტს დავიწყებდით, გამოკითხვა ჩავატარეთ, თუ რომელი ფსიქოანალიტიკოსი განასახიერებს ყველაზე უკეთ თავის პროფესიას. ფროიდი აღმოჩნდა არა მხოლოდ ყველაზე ავტორიტეტული, არამედ ყველაზე ცნობილი, სტერეოტიპული და ასოცირებული ფსიქოანალიტიკასთან.“
ეს ნიშნავს, რომ ყველა ჩვენგანში არსებობს ფროიდი, ანუ შესაძლოა ფროიდი ცდებოდა და მისი გენიალური მოსწავლის – იუნგის თეორია იმის შესახებ, რომ არსებობს კოლექტიური არაცნობიერიც კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ ფაქტით.