სული თავად ირჩევს რომელ ოჯახში მოევლინოს ქვეყნიერებას და ეს არჩევანი ყოველთვის გაცნობიერებულია. მას კონკრეტული მისია აქვს – მშობლებს უნდა ,,აუხსნას“ რაღაც, რაღაცის გაცნობიერებაში უნდა დაეხმაროს. გავრცელებული აზრის საპირისპიროდ, თითქოს დიდები ასწავლიდნენ რამეს პატარებს, ეზოთერიკულად ეს სხვაგვარად ხდება – პირიქით, შვილები ასწავლიან მშობლებს. შვილები მშობლების კარმაა.
ისინი ხანდახან ძალიან რთულ პროგრამას ირჩევენ – მაგალითად, ავადმყოფებად იბადებიან. ეს, რა თქმა უნდა, სასჯელზე მეტად გაკვეთილია, რომლისთვისაც ისინი გვესტუმრნენ, თუმცა ამის გაცნობიერება ბევრს ძალიან უჭირს. არადა, დღეს დღეობით აღარ რჩება არავითარი სხვა მეთოდი, რომლითაც სამყაროს შეეძლო ზრდასრული ადამიანებისთვის ეიძულებინა ფიქრი. ეს ყველაზე მძიმე, მაგრამ ყველაზე ეფექტური გაკვეთილია.
16 წლამდე მოზარდის ნებისმიერი ავადმყოფობის, ქცევის, ქმედების მეშვეობით ჩვენთან თავად ცხოვრება ლაპარაკობს. ბიჭები დედაზე ,,მუშაობენ“, გოგონები – მამაზე. ეს ხუმრობა სულაც არ არის. ერთი ისტორია მახსენდება წყვილზე, რომელსაც ბრმა შვილი შეეძინა. ატყდა ერთი ვაი-ვიში. ასეთი შესანიშნავი მშობლები, ლამაზები, კარგები… და უცებ ასეთი უბედურება… ,,რა უსამართლოა ხანდახან ღმერთი“ – მოთქვამდნენ ბებიები, ბაბუები, ნათესავები… ყველა უთანაგრძნობდა, სრულიად ინტერნეტი გოდებდა. მათ ხომ ასეთი შესანიშნავი სელფები ჰქონდათ, როგორ შეიძლებოდა რომ თავადაც შესანიშნავები არ ყოფილიყვნენ, კეთილი ბრწყინვალე ადამიანები… ეს რა უბედურება დაემართათ!
მაგრამ როდესაც ერთ-ერთი ბებო პატარას მომვლელად გამოიძახეს, ახალგაზრდა მშობლების სახლში მისულმა, საკუთარ თვალებს არ დაუჯერა. სოციალურ ქსელებში გამოფენილი ფოტოების რომანტიკა სადღაც გამქრალიყო. იდეალური წყვილი არსად ჩანდა. ნებისმიერი წვრილმანზე კამათი საშინელ სკანდალებამდე მიდიოდა. მთელი დღე კატა და ძაღლივით ჩხუბობდნენ, მშვიდობა მხოლოდ ღამღამობით, საწოლში ისადგურებდა. მტკივნეული იყო ამის ყურება. მტკივნეული არა მარტო წყვილის ერთ-ერთი მშობლისთვის, ახალშობილისთვისაც. მას ამ ყველაფრის დანახვა არ სურდა და ბრმის კარმა აირჩია იმედით, რომ მშობლებს რაღაცას შეასმენდა, გააგებინებდა, რომ მიახვედრებდა რატომ გადაწყვიტა თავად ვერაფერი დაენახა. მაგრამ მშობლები ყრუები აღმოჩნდნენ.
მენტალური მიზეზის ფიზიკურ გამოვლინებაზე ჩვენთვის სკოლაში არავის არაფერი უთქვამს. ჩვენ ზედმეტად მატერიალისტები ვართ, ზედმეტად სკეპტიკურები, მიუხედავად იმისა, რომ გადაცემა ,,ექსტრასენსების ომის“ ყურება არ გვავიწყდება. ვცხოვრობთ შაბლონში – სამსახური-სახლი-სამსახური და ვერ ვხდებით, რომ ყოფიერებაში ჩათვლემილს მთელი ცხოვრება გაგვყავს. ვიცით, რომ ხანმოკლეა, მაგრამ ვერ ვიჯერებთ, გვგონია მარადიულია. უცებ კი მოვიხედავთ და პენსია! რა გახსენდებათ? იშვიათი ბედნიერების წამები: ზღვაზე დასვენება, ქორწილი, ბავშვების წარმატებები… და თქვენი წარმატებები სად არის? ბინა, სახლი, ორი ავტომობილი არ ითვლება, რადგან ეს გარშემომყოფების თვალისთვის შესამჩნევი წარმატებებია, თორემ მარადიულობის თვალისთვის არარა. რა გააკეთეთ განსაკუთრებული? რით უნდა შეგამჩნიოთ? რით უნდა დაამახსოვრდეთ სამყაროს?
ბავშვები გააჩინეთ და გაზარდეთ? ყველაფერს აკეთებდით, ისეთ საქმესაც კი, რომელიც არ გიყვარდათ, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი გერჩინათ, მათთვის მომავალი შეგექმნათ… მაგრამ ისინი თქვენ გარეშე გაიზარდნენ. ისინი ვერ გხედავდნენ, რადგან შუაღამემდე იმ სამსახურში იყავით, რომელსაც ვერ იტანდით და გამოიმუშავებდით… იმპოტენციას!
დედიკოებიც შესანიშნავები არიან! დაარბენინებენ ხოლმე ბავშვს ექიმებთან… მედიცინა ხომ ყველაფერია ახლა. XXI საუკუნე, უახლესი ტექნოლოგიები… არადა ჯანმრთელი ბავშვების რიცხვი სულაც არ იმატებს.
სრული კატასტროფა ტვინებში! მირეკავს ერთი მარტოხელა დედა. ძალიან უჭირს. ფინანსური პრობლემები აქვს. მისი ათი წლის ბიჭუნა გამუდმებით ავადმყოფობს. ექიმთან წასაყვანი ფულიც არ აქვს და არც დამხმარე ჰყავს ვინმე. რა უნდა ქნას? მანტრასავით ვუმეორებ – ბავშვები მშობლების კარმაა. იფიქრე ამაზე! ამისთვის სცხელა? ფიქრობს ცოტა მოძლიერდეს, რომ საავადმყოფოში წასვლისთვის კაპიკები მოაგროვოს.
თვითონ დავურეკე.
- მუშაობ?
- წელებზე ფეხს ვიდგამ
- რა მოიფიქრე?
- შენ სულ რაღაც კარმაზე მელაპარაკები, მე კიდევ აქ ვცხოვრობ და ახლა. უნდა ვიმუშავო, ფიქრი არ მიშველის.
- და არ გეჩვენება, რომ შენი შვილი თავისი ავადმყოფობით იმის თქმას ცდილობს, რომ დედობრივი სიყვარული აკლია? მას მამა არ ჰყავს. სულ მარტოა. შენ კიდევ მთელი დღე სამსახურში ხარ, რომ პურის ფული იშოვო.
- აბა, რა ვქნა?
- სამსახური შეიცვალე, ან ნახევარ განაკვეთზე გადადი!
- და ფულს შენ გადამიხდი?
- მოდი, ასე შევთანმხდეთ – შენ ნახევარ განაკვეთზე გადახვალ და იმ ნახევარს შენს შვილთან გაატარებ. თუკი ორ კვირაში არ გამოჯანმრთელდება, მთელი თვის ხელფასს გადაგიხდი.
ერთი კვირა ფიქრობდა. ჩვენ ხომ ყველას გარანტია გვჭირდება, რომ ყველაფერი კარგად და გადასარევად იქნება. არადა დედამიწა შესაძლებლობების მიწაა და არა სადაზღვევო კომპანია. წინათგრძნობისთვის დამორჩილება ის ერთადერთი ხელოვნებაა, რომელსაც ბავშვობიდან უნდა დავეუფლოთ.
ის ჩემს წინადადებას დათანხმდა. მთავარი ბუღალტერის თანამდებობაზე უარი თქვა, რიგით თანამშრომლად გადავიდა და მთელი არსებით მოემზადა უარესისთვის. სამსახურში მისი საქციელი ვერავინ გაიგო. ,,ღმერთო, რა სიგიჟეა? რით აპირებ ექიმებს ფული გადაუხადო?“
გადახდა არ დასჭირვებია. არც ჩემთვის. არც ექიმებისთვის. ავუხსენი, რომ მარტოხელა დედობა სასჯელი კი არა, ბედია, რომელიც მისმა ბიჭუნამ იქამდე აირჩია თქვენთვის, ორივესთვის, ვიდრე დაიბადებოდა. ეს მათ ორივეს სჭირდებოდათ. სწორედ ამიტომ, ყოველთვის ზუსტად ისე უნდა მიიღოთ ნებისმიერი სიტუაცია, როგორც არის და გათავისუფლდეთ შიშისგან, რომ ფული არ გეყოფათ, ექიმები არ გეყოფათ, წამლები არ გეყოფათ… დაივიწყეთ! ენდეთ საკუთარ გულს და დაფიქრდით, რის თქმა სურს თქვენს პატარას. თუკი დაფიქრდებით, აუცილებლად მიხვდებით.
ბიჭუნა გამოჯანმრთელდა. ერთ კვირაში იმ ყველაფერმა, რაც დედას აშინებდა, ქრონიკული ხასიათი დაკარგა. ორ კვირაში უკვე სკოლაში წავიდა.
- გადაგიხადო ფული? – ვკითხე მე
მას ეწყინა.
- შენ უფრო მეტი მომეცი ვიდრე ფული. დაფიქრება მაიძულე და სხვანაირად შემახედე ყველაფერს. პირიქით, ვალში ვარ შენთან.
- არავითარი ვალი. იცხოვრე და გიხაროდეს სიცოცხლე. ეცადე, ნებისმიერი სიტუაცია გააცნობიერო – აი, რა ახდენს სასწაულს. ყველა პრობლემა მენტალურ დონეზე გვარდება. როცა ადამიანს ეცვლება აღქმა, სამყაროც იცვლება მის გარშემო.
არცერთი არ ვართ დავალებული. არავინ არავის წინაშე ვალდებული არ არის. ამაზე შევთანხმდით.
სამაგიეროდ გარშემომყოფებმა შეიკლეს ხელში შეკითხვებით: ბავშვი გამოჯანმრთელდა? რომელ ექიმთან დაგყავდა? რა გამოუწერა? რა სჭირდა? მას ახლა ყველა შეკითხვაზე ერთი პასუხი აქვს, მანტრასავით იმეორებს: შვილები მშობლების კარმაა. ისინი გაკვირვებულები იჩეჩავენ მხრებს, მაგრამ საფიქრელად არ სცალიათ, უამრავი საქმე აქვთ, როგორმე უნდა გაიყვანონ ცხოვრება!
დენის ზახაროვი
მწერალი და ეზოთერიკოსი
თარგმნა დოჩი გოგომ