კარგი იქნებოდა ისეთ სამყაროში ცხოვრება სადაც ყველა გამჭვირვალე და პატიოსანია, თუმცა იქამდე, ვიდრე ჩვენ, ადამიანები, როგორც სახეობა ევოლუციის ამ ხარისხამდე მივაღწევთ, დიდი გზაა და მანამდე სჯობს რომ ინფორმაციულად შეიარაღებულნი ვიყოთ.
ტყუილს ასე თუ ისე ინტუიციის საშუალებით ყველა გრძნობს, ეს თავდაცვითი მექანიზმებია, თუმცა თუკი საკუთარ ინტუიციას არ ენდობით, ჩვენი სტატია შეგიძლიათ წაიკითხოთ – როგორ მივხვდეთ რომ ადამიანი ცრუობს. ამ პოსტში კი მატყუარას გამოტეხვის სამ გზას შემოგთავაზებთ. ჩვენ ხომ ხანდახან დარწმუნებულიც ვართ რომ გვატყუებენ, მაგრამ როგორ მოვიქცეთ ვერ ვხვდებით.
- გაუმეორეთ შეკითხვა სხვა ფორმულირებით, რომლითაც აგრძნობინებთ რომ ხვდებით
აი, მაგალითად, სტანდარტული სიტუაცია – მეუღლე გვიან მოვიდა და თქვენ გაინტერესებთ სად იყო.
,,რატომ დაგაგვიანდა?“ – ეკითხებით თქვენ.
,,საშინელი საცობი იყო.. რაღაც ავარიები მომხდარა..“
,, დარწმუნებული ხარ მხოლოდ მაგიტომ? თუ კიდევ მოხდა რამე?“
,,ჰო, მომშივდა და რესტორანში შევიარე…
და თუ ეს პასუხიც არ მიგაჩნიათ სიმართლედ… შეკითხვეის დასმა განაგრძეთ… მთავარია მშვიდად და აუღელვებლად. თითქოს ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. ამ გზით აუცილებლად გამოიჭერთ ადამიანს ტყუილში, ან ისე დარწმუნდებით რომ სიმართლეს ამბობს, თითქოს არც არაფერი მომხდარა. კარგი დასაწყისია.
- უთხარით რომ ხვდებით, რომ ცრუობს და თან აგრძნობინეთ, რომ მიუხედავად ამისა, გიყვართ და არაფერი იცვლება
ადამიანები უმეტესად მაშინ იტყუებიან, როდესაც ეშინიათ. ეშინიათ, რომ რეპუტაცია შეელახებათ, რომ სხვები ცუდად იფიქრებენ მასზე, რომ შეცდომებს არ აპატიებენ, რომ წარმოდგენას დაკარგავთ მასზე, რომ აღარ გეყვარებათ… ეს წარსულის ტრავმებია… ვინ იცის ოდესღაც როგორ დასაჯეს, როგორ დასცინეს… იქნებ ისეთი პრობლემა აქვთ, რომლისაც რცხვენიათ და არ უნდათ რომ შეიმჩნიონ… ამიტომ უსაფრთხო გარემო უნდა შეუქმნათ. უთანაგრძნოთ. დაანახოთ, რომ არაფერი საშიში არ არის, რომ შეგიძლიათ გაუგოთ მას.
უთხარით რომ მის განსჯას არ აპირებთ, არც დასჯას… უბრალოდ სიმართლის მოსმენა გინდათ, რადგან ხვდებით, რომ სიმართლეს არ გეუბნებათ და იმასაც ხვდებით რომ ეს მისთვისაც მძიმე ტვირთია. თქვენ გინდათ რომ ეს ტვირთი მოხსნათ. ნუ შეგეშინდებათ ამის თქმის. თქვენ გაქვთ უფლება თავი დაიცვათ ტყუილისგან.
- შეარჩიეთ დრო და გარემო
ხანდახან ტყუილი დაბალი თვითშეფასებიდან, საკუთარი არარაობის შეგრძნებიდან, საკუთარი თავის სიძულვილიდან იღებს სათავეს. ამ შემთხვევაში კიდევ უფრო დელიკატური უნდა იყოთ. ანგარიში გაუწიეთ იმ ფაქტს, რომ მას ტკივა და ამიტომ გატყუებთ. არ ეცადოთ თქვენი უპირატესობა აგრძნობინოთ.
სწორად შეურჩიეთ დრო და ადგილი. უკეთესი იქნება თუ იმ დროს დაელაპარაკებით, როცა მოდუნებულია და ისვენებს. თქვენც მობილიზდით, წინასწარ ჩამოყალიბდით რა არის თქვენი მიზანი, რის მიღება გინდათ ამ საუბრიდან, რა უნდა უთხრათ, როგორ უთხრათ და რაზე რა რეაქცია უნდა გქონდეთ.
აუცილებელია ფსიქიკური და ენერგეტიკული სტაბილურობის შენარჩუნება. შეუქმენით ენერგეტიკულ დონეზე უსაფრთხო გარემო და რაც მთავარია, არავითარ შემთხვევაში – იმის მიუხედავად, მიიღებთ თუ ვერ მიიღებთ სიმართლეს, არ გამოხვიდეთ წყობიდან. ეცადეთ რაც არ უნდა მტკივნეული სიმართლე იყოს, ადეკვატური დარჩეთ.
ხანდახან გვგონია, რომ თუ ადამიანი იტყუება, ეს მისი პრობლემაა და ჩვენ არ გვეხება. ეს ასე არ არის. თქვენ არ იმსახურებთ რომ გატყუებდნენ და იმდენი პატივისცემა და პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოთ საკუთარი თავის წინაშე, რომ სიმართლის ცოდნის უფლებისთვის იბრძოლო. მთავარია, ამასთან ერთად მატყუარასაც გავუგოთ და თანავუგრძნოთ, გავიაზროთ, რომ მას ტკივა, ეშინია და იმიტომ იქცევა ასე. თუკი სიმართლეს ათქმევინებთ, ორივეს ტვირთი მოგეხსნებათ!
ჩვენ გარკვეულ ცხოვრებას გისურვებთ!
გაბედე იცოდე სიმართლე!