როცა პეპლები მუცლიდან გაფრინდებიან…. იქნებით ისევ ერთად?

0
4354

,,ქალი რა ასატანია, მაგრამ რომ გიყვარს, რა გინდა რომ ქნა?“ – წერდა ოტია… სიმართლე ვთქვათ, არც ქალებს უადვილდებათ საწინააღმდეგო სქესის ატანა ხანდახან… შეყვარებულობა გვიცავს… ერთმანეთისგან. თუმცა პეპლები ხშირად იმაზე ადრე მიფრინავენ მუცლიდან, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია და თან მიაქვთ მშვენიერი დაპირებაც -,,ერთად…სამარადჟამოდ“. პეპლებს რას გაუგებ…  თუმცა ფსიქოლოგები მაინც ცდილობენ დაგვეხმარონ გავერკვიოთ თუ რა განვითარებას ჰპოვებს ჩვენი ურთიერთობა მას შემდეგ რა  მუცელში სიმშვიდე დაისადგურებს…

10179-Butterflies-In-My-Stomach

ამის გასარკვევად შემდეგი 5 შეკითხვა უნდა დასვათ:

 

  1. რამდენად ჰგავხართ ერთმანეთს?

ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე ადვილია.  სიყვარულს თავისი ილუზიები მოაქვს, ბურუსში ხვევს პარტნიორს და მისი რეალური სახის დანახვაში გვიშლის ხელს. როდესაც გიყვარს უფრო მეტ მსგავსებას ხედავ, გეჩვენება რომ ერთნაირები ხართ, მერე კი ერთ დღეს აღმოაჩენ, სრულიად უცხო ადამიანი გიწევს გვერდით თურმე. საერთო აუცილებელია  – საერთო ფასეულობები, მოლოდინები, ინტერესები, ინტელექტუალური დონე უნდა გქონდეთ თანაბარი  და თანხმდებოდეთ იმაზე, თუ როგორ სჯობს თავისუფალი დროის გამოყენება. განსხვავებულ ტიპაჟებს შორის პეპლები დიდი ინტენსივობით იქნევენ ხოლმე ფრთებს საწყის ეტაპზე, თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ მალე იღლებიან და იხოცებიან, თუ არ გაფრინდნენ.

 

  1. იცნობთ თუ არა ერთმანეთის მეგობრებს?

როცა ადამიანები მზად არიან ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის, როგორც წესი, ისინი ცდილობენ შეყვარებულები მის ცხოვრებაში ,,ჩართონ“, ოჯახი, მეგობრები გააცნონ. ამით ხაზს უსვამენ ერთმანეთის მნიშვნელობას. რაც უფრო მეტი კვანძი შეიკვრება, რაც უფრო მეტი მხარდამჭერი ეყოლება თქვენს კავშირს, მით უფრო ნაკლები იქნება განშორების შანსი.

 

  1. თქვენი პარტნიორი მხოლოდ თქვენით არის დაინტერესებული?

ის, თუ როგორ ვრეაგირებთ საწინააღმდეგო სქესის სექსუალურად მიმზიდველ პარტნიორებთან შეხვედრაზე, ასევე ბევრს ლაპარაკობს მომავალი კავშირის სიმყარეზე. ჩვენს ქვეცნობიერ ქცევებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ შეყვარებული ადამიანები, როდესაც მართლა გატაცებულნი არიან, თავისდაუნებურად და გაუაზრებლად ყურადღებას არ აქცევენ გარშემომყოფებს. თუკი ასე არ ხდება და პარტნიორი ვიზუალურად აფასებს სხვა პოტენციურ კანდიდატებს, ან თქვენ გრძნობთ ამის სურვილს, უფრო მაღალია რისკი იმისა, რომ ურთიერთობა ვერ გაუძლებს დროს. ის, ვინც გულის სიღრმეში ისევ ვიღაცას დაეძებს (როგორც არ უნდა ცდილობდეს ამის უარყოფას თუნდაც საკუთარ თავთან), უფრო ყურადღებით აცეცებს თვალებს აქეთ-იქეთ.

lady-butterfly-flight-560x289

  1. გეშინიათ თუ არა მარტო დარჩენის

რაც უფრო მეტად გვეშინია მარტოდ დარჩენის, მით  უფრო მეტად მიდრეკილნი ვართ ურთიერთობის საწყის ეტაპზე  ისეთ რაღაცაზე დავხუჭოთ თვალები, რასაც სამომავლოდ ვერ ავიტანთ. ისინი, ვისაც მარტოობა დისკომფორტს უქმნის, საკუთარ თავთან არ აღიარებენ, რომ ეს პარტნიორი და ეს ურთიერთობა არ არის ის, რაც მათ სჭირდებათ. პარტნიორს განიხილავენ, როგორც პოტენციური თანამგზავრის კანდიდატს – უვლიან, უფრთხილდებიან, მიდიან დათმობებზე… თუმცა თავის მოტყუება დროთა განმავლობაში ძალიან რთულდება, ილუზიები პეპლებთან ერთად გვტოვებენ და საშინელი იმედგაცრუება გვეუფლება.

 

  1. როგორ რეაგირებს თქვენი პარტნიორი სიახლოვეზე?

მოკლევადიანი ურთიერთობებით დაინტერესებული ადამიანები (თუნდაც თავად ვერ აცნობიერებდნენ ამას), სიახლოვეს გაურბიან. მათი მოფერება არ სცდება სექსუალურ ალერსს, საპატიო მიზეზებით ხშირად აიგნორებენ ზარებს, შეტყობინებებს, თავს არიდებენ საერთო ნაცნობობების გაბმას.  მსგავსი ქცევა, თუნდაც თქვენი პარტნიორი გამუდმებით საუბრობდეს სამომავლო ურთიერთობაზე, იმაზე თუ რას აპირებთ როგორც წყვილი, მიუთითებს იმაზე, რომ თავად არაფრის გაკეთებას აპირებს ამისათვის. ცნობიერ დონეზე შესაძლოა ფიქრობდეს და ამბობდეს კიდეც, რომ თქვენს კავშირს მომავალი აქვს, მაგრამ ქვეცნობიერ დონეზე იგი ხანგრძლივი ურთიერთობისთვის მზად არ არის. როგორც კი პეპლები გაფრინდება… ისიც თან გაჰყვება….

ჩვენ პეპლებს გისურვებთ მუცელში!