ზოდიაქოს ნიშნების შეთავსება – მორიელი (+გიფები)

0
37166
MCDNOTE NL001

მორიელი და ვერძი

 

თქვენ ჯერ კიდევ ცოცხლები ხართ და ჯანმრთელები? როგორ დაგემართათ, რომ ერთმანეთი არ დახოცეთ? ამ წყვილს შორის უზარმაზარი მიზიდულობაა, განსაკუთრებით კი სექსუალური ლტოლვა. ორივეს ძალიან მკვეთრად გამოხატული ხასიათი აქვს, თავისი ხასიათი, რომლის შეცვლაც არ სურს. ორივეს ძლიერი ემოციები და მძაფრი შეგრძნებების მოთხოვნილება აქვს. ორივეს მოსწონს ექშენი და მოქმედებაში ყოფნა. პრობლემას მხოლოდ ის ქმნის, რომ ორივე ჯიუტია და ორივეს უნდა რომ სხვებმა მის ჭკუაზე იარონ, ორივეს ადვილად სწყინს და როცა სწყინს იმ დროს მოწინააღმდეგის გასანადგურებლად მზად არის, თუნდაც გიჟდებოდეს ამ უკანასკნელზე.

გარდა ამისა, მორიელი ძალიან მესაკუთრეა, პარტნიორისგან მარტო სხეულს კი არა ხანდახან სულსაც ითხოვს, ვერძი კი საკმაოდ უყურადღებოც შეიძლება იყოს ხანდახან და თან ვერაფრით შეეგუება მფლობელობაში ყოფნას. ამიტომ შეიძლება შეიქმნას კონფლიქტი – მორიელი ეცდება მის კონტროლს და ვერძი არ დაანებებს. ამ კონფლიქტის თავიდან არიდება შესაძლებელია, თუ მორიელი ჭკუას მოუხმობს (აბა ვერძს ჭკუა სად აქვს) და მიხვდება რომ ძალად ვერაფრით ატარებს ვერძს თავის ჭკუაზე.  მან სტრატეგია უნდა შეიმუშავოს, თუ სიტუაციის მართვა სურს. ვერძმა მორიელის აზრის გათვალისწინება უნდა ისწავლოს, მორიელმა კიდევ გულში წყენის ჩადებას დაანებოს თავი, რადგან ვერძი ხშირად სულ არ აკვირდება რას ამბობს და ამაზე გაბრაზება არ ღირს. თუკი ამას მოახერხებენ, ყველას გულზე გახეთქავენ შურით ისეთი მაგარი წყვილი იქნებიან.

მორიელი და კურო

 

არის ამ წყვილს შორის რაღაც ქიმია. ორი უკიდურესობა – შინაარსი და ფორმა, ტანჯვა და ტკბობა, რისკი და სტაბილურობა, ხიფათი და უსაფრთხოება, – ერთმანეთს იზიდავს.

ინტელექტუალურ და სულიერ დონეზე ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მოთხოვნებიც სხვადასხვა აქვთ – მორიელს ექსტრიმი და მძაფრი შეგრძნებები უნდა, კუროს სიმშვიდე და ჰარმონიული ურთიერთობა, თუმცა რაღაცნაირად თუ მოხერხდა და ურთიერთობა შედგა, ორივე ძალიან სტაბილურია გრძნობებში და ისე ძალიან შესანიშნავად დააბალანსებენ ერთმანეთს, საუკეთესო წყვილს შექმნიან.

ეს ორი მესაკუთრე, ჯიუტი და ეჭვიანი ნიშანი ან ერთად ვერ ძლებს, ან ერთმანეთის გარეშე, რაც ხშირ შემთხვევაში ორივეს ძალიან აწყობს.

 

მორიელი და ტყუპები

 

მელას თავისი მახრჩობელა უყვარდაო, ასეთი ბრძნული გამონათქვამიც არსებობს და თუ ეს მართალია, მაშინ ტყუპები და მორიელი შესანიშნავი წყვილი ყოფილა, ოღონდაც რომელია მელა და რომელი მახრჩობელა ცოტა ძნელი გასარკვევია. მორიელს შეუძლია ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშანი დასცეს ბეჭებზე, მაგრამ ტყუპებთან ვერაფერს ხდება. ტყუპებზე მისი შხამი არ მოქმედებს, ტყუპებს ვერ წამლავს და ხშირად თვითონ იწამლება. ასევეა ტყუპებიც – ნებისმიერ ნიშანს ,,აბოლებს” და ურევს თავგზას, მაგრამ მორიელს ვერაფრით აცურებს, ჰოდა ასე მორიელის კოშმარები რეალობად იქცევა ხოლმე. ეს მესაკუთრე ნიშანი, ჩვენი სოციალური პეპელის გვერდით ეჭვიანობით იტანჯება, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც სადისტთან ერთად მაზოხისტიც არის, არაფრით არ თმობს ამ ურთიერთობას. თანაც ორივე ძალიან ცნობისმოყვარეა, ორივეს უყვარს ინტრიგა, ფაზლი და ამოცანების ამოხსნა, ერთად ყოფნით კი ამის შესანიშნავი შანსი ეძლევათ.

მათ ზუსტად იმ თვისებების გამო იზიდავთ ერთმანეთი, რა თვისებებიც ასე განასხვავებს ერთმანეთისგან და თუ ამას მიხვდებიან და ერთმანეთის გადაკეთების ნაცვლად ერთმანეთისგან რაღაცეებს ისწავლიან: მორიელი ცოტა სიმსუბუქეს და სიხალისეს და ტყუპები კიდევ სერიოზულობას, მაშინ ურთიერთობის შენარჩუნებასაც მოახერხებენ, თუმცა ეს რომ მოახერხონ პირად რუკაში ორივეს ცოტა სხვა ნიშნების გავლენაც დასჭირდებათ.

 

მორიელი და კირჩხიბი

 

ეს ერთ-ერთი ისეთი წყვილია, ასტროლოგებს რომ მრავალმნიშვნელოვნად ეღიმებათ და ისე იძლევიან გარანტიას, სიტყვა ,,მაგრამს” არ აყოლებენ და ამას ორივე: კირჩხიბიც და მორიელიც ძალიან აფასებს. მათ შორის პირველივე შეხვედრიდან სუფევს ურთიერთგაგება, პირველივე შეხვედრაზე რაღაცნაირად, ახლობლად გრძნობენ ერთმანეთს და თუ პირად რუკებში რამე სერიოზული გაუგებრობა არ არის, მთელი ცხოვრება ასეთივე ახლობლებად რჩებიან.

ორივე მესაკუთრეა და ორივეს მოსწონს ვიღაც რომ მის დასაკუთრებას ცდილობს. მართალია, ორივეს კარგი მეხსიერება აქვს და სიკეთესთან ერთად წყენასაც იმდენ ხანს იმახსოვრებენ, სანამ არ აზღვევინებენ ერთიმეორეს, მაგრამ ხომ იცით ყველაზე იღბლიანი ურთიერთობა რომელია? როცა სადისტი ხვდება მაზოხისტს. ეგ არის. მათ ერთმანეთის წამებაც მოსწონთ. თანაც ამ ამბების შემდეგ სექსს ხომ არაფერი შეედრება?

 

მორიელი და ლომი

 

 

ჰილარი და ბილ კლინტონები ერთხელ კაფეში ისხდნენ. ოფიციანტი ჰილარის ნაცნობი აღმოჩნდა. უფრო მეტიც, მისი სტუდენტობის დროინდელი შეყვარებული. ბილმა უთხრა:  ხედავ როგორ გაგიმართლა მე რომ გამომყევი, ახლა პრეზიდენტის ცოლი ხარ და არა ოფიციანტისო. როგორც ამბობენ, ჰილარიმ ასე უპასუხა: მე კი არა ეს შენ გაგიმართლა მე რომ გამოგყევი, ახლა პრეზიდენტი ხარ და არა ოფიციანტიო. ჰილარი მორიელია, ბილი ლომი….

თუკი ლომი სხვა ნიშნებთან ახერხებს ბოსობას, მორიელთან ეს არ გამოდის და თუკი მორიელი სხვა ნიშნებთან ახერხებს თავისი ბოსობისკენ სწრაფვის დამალვას, ლომთან ეს არ გამოდის, რადგან ორივე ლიდერია ბუნებით, როგორი განსხვავებული გამოვლინებაც არ უნდა ჰქონდეს ამას. ორივე მათგანი ყოველთვის თავად არის მართალი და ორივესთვის უცხოა კომპრომისი. ორივე ჯიუტია და ორივე ერთგული, ორივეს უყვარს საკუთარი უპირატესობის ჩვენება, თუმცა ამ ყველაფერს ისინი სხვადასხვანაირად გამოხატავენ და რაც მთავარია, როგორი ომიც არ უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან,

მორიელი გარეგნულად თავდაჯერებული შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ გულის სიღმეში არავინ ისე არ იტანჯება კომპლექსებით, როგორც იგი, ამიტომ ლომის თავდაჯერებულობა ერთნაირად აღაგზნებს, ხიბლავს და აღიზიანებს კიდეც. მისტიური და ძლიერი მორიელიც, რომელიც ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს პუბლიკაზე, ძალიან მოსწონს ლომს. მორიელს ხიბლავს ლომის სიყვარულის გამოხატვის უნარი, რომელსაც თავად ასეა მოკლებული და ძალიან დიდ პატივს სცემს მას, რასაც ლომი აუცილებლად უფასებს.

მათ შორის ხშირია ჯახი, თუმცა ორივეს მოსწონს დრამა, სპეკტაკლები, ემოციების პანტაპუნტით ცვენა, განშორებები და შერიგებები, რადგან ლომისთვის ეს ყველაფერი რაღაცნაირად თეატრალურად ამაღელვებელია, მორიელისთვის კი ექსტრიმი და ასე ცხოვრობენ დიდხანს და ბედნიერად, თუკი ერთმანეთი არ შემოაკვდათ.

 

მორიელი და ქალწული

 

– ძვირფასო, რატომ უყურებ ამ კულინარიულ გადაცემას, მაინც არ გამოგდის წესიერი საჭმლის კეთება.

–  შენც უყურებ ხოლმე პორნოგრაფიას, მაგრამ საწოლში ხომ რას ამბობ, ბრდღვნი ყველაფერს

… ჰო, ასეთი ანეგდოტია. სავარაუდოდ ქალწული მორიელის წყვილზე.  ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ რომელიმე ან ცუდი კულინარია, ან საწოლში აქვს პრობლემები…  უბრალოდ ორივე მათგანი უფრო მეტად ნაკლს ხედავს, ვიდრე ღირსებას. განსხვავება ისაა, რომ მორიელი მანამ არ იმჩნევს რომ ხედავს, სანამ კუდზე ფეხს არ დაადგამენ. ქალწული კი კუდზე ხშირად ადგამს ფეხს.

ქალწულს სურს ყველაფერი გაანალიზოს და თავის ჭკუაზე დაალაგოს, მორიელი კი ამის უფლებას არავის მისცემს. ქალწულებო, გაფრთხილებთ – მორიელი არ იწვრთნება.  ქალწულმა შეიძლება ივარაუდოს, რომ მორიელს, მაგალითად, მოწევისთვის თავს დაანებებინებს, მაგრამ ძალიან შეცდება, თუკი ამ რჩევას მისცემს მორიელი დაანახებს, რომ მას ბევრი ისეთი მავნე ჩვევა აქვს (თუნდაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით), რაც მის ზოდიაქოს ნიშანთა შორის ყველაზე მახვილ თვალს და გონებასაც კი გამოეპარა. მორიელი დოსტოევსკივითაა, მძიმე და თუ თავში მოგხვდა, ცოტა ხანს დაბრუებული ივლი.

თუკი ერთმანეთის გადაკეთებას არ შეეცდებიან და თუკი მიიღებენ ერთმანეთს ისეთს, როგორებიც არიან, ეს წყვილი საკმაოდ მტკიცე წყვილი იქნება. ისინი გვანან ერთმანეთს: ორივეს ანალიტიკური გონება აქვს, ესმით ერთმანეთის ენა და უკეთესობისკენ ილტვის. იუმორიც ჰყოფნით, რომ სიტყვებით ერთმანეთის კენწვლა აიტანონ და თუ არ შეტოპავენ ამ კინკლაობაში, შესანიშნავ ოჯახს შექმნიან.

 

მორიელი და სასწორი

 

 

პლუტონის (მორიელის მმართველი) და ვენერას (სასწორის მმართველი) ურთიერთობა ძალიან ჰგავს ურჩხულის და მზეთუნახავის ურთიერთობას. სასწორს რაღაც იზიდავს მის სიღრმეში, ხვდება რომ მისი ,,უხეშობის”(სასწორის ფონზე) მიღმა დიდი ადამიანი დგას, მაქსიმალურად ცდილობს გული მოულბოს, აალაპარაკოს, დაარბილოს…. ურჩხული კი გამუდმებით გამოცდებს უწყობს, ბოლომდე დარწმუნებული არ არის სასწორის გრძნობებში.

მიწისქვეშა სამყაროს წარმომადგენლის ამ ჰაეროვან ნიშანთან შეხვედრა ძალიან საინტერესოა. ისინი ვერ ახერხებენ ერთმანეთის ხასიათის ბოლომდე დაჯერებას. განსაკუთრებით კი მორიელს ეპარება ეჭვი მასში, როგორ შეიძლება ადამიანი მუდამ ასეთი კარგი იყოს, მუდამ დადებითად უყურებდეს ყველაფერს… ის არც ცდება, როგორც ყოველთვის – თავაზიანობა და მომხიბლავი ღიმილი სასწორისთვის სტრატეგიაა., რომლითაც ნებისმიერ ნიშანს გააცურებს, გარდა მორიელისა. ამიტომ თამაში არ უღირს. თუ მისი მოტყუება გადაწყვიტა, მხოლოდ ერთხელ მოახერხებს. ერთხელ და უკანასკნელად. ეს კავშირიც მხოლოდ მაშინ გაამართლებს, თუკი როგორც იმ ანიამაციაშია, ორივე მოახერხებს საკმარისად უყვარდეთ ერთმანეთი, სასწორი სიფრთხილეს გამოიჩენს, მორიელი კი იქნება გულწრფელი.

 

მორიელი და მორიელი

 

ეს არის წყვილი, რომლის ურთიერთობა არ ესმის არავის, თავად ამ წყვილსაც კი, თუმცა მაინც ერთად რჩებიან. ორი ეჭვიანი, მესაკუთრე, შურისმაძიებელი და სადისტი ადამიანი, რომელიც გზადაგზა ყოველ წყენაზე შენელებული მოქმედების ნაღმს დებს და ამ დანაღმულ ველზე ადრენალინის გრძნობით აღტკინებული დააბიჯებს… მერე ფეთქდება კიდეც, თუმცა მათ ხომ ყველაზე სწრაფი რეგენერაციის უნარი აქვთ, ხომ ყველაზე უკეთ ეხერხებათ იარების მოშუშება და მეტიც… სიკვდილი და თავიდან დაბადება შეუძლიათ… ეს არის წყვილი ფენიქსი… სანამ ცეცხლი იარსებებს, იარსებებს ეს ურთიერთობაც – მძაფრი შეგრძნებებით და მუდმივად ზღვარზე ყოფნით.

 

ორივე მზადა წასვლისთვის და არცერთი მიდის, რადგან ორივეს თამაშის ერთნაირი წესები აქვს, რადგან ერთმანეთს პატივს სცემენ და რადგან პატივს სცემენ უფრო მიმტევებლებიც არიან. მოკლედ, კლავენ და პატიობენ. ისინი ან სამუდამოდ ერთად არიან, ან სამუდამოდ შორდებიან… ან სიგიჟემდე უყვართ ერთმანეთი, ან სძულთ… ჩვეულებრივი, ადამიანური, ნელ-თბილი გრძნობების ატანა არ შეუძლიათ, ჰოდა, ახალ, როცა ამ ორმა ერთნაირმა ერთმანეთი იპოვა, სავარაუდოდ ვერაფერი დაღლით, თუ დაღლით და სექსით აღიდგენენ ენერგიას. მოკლედ, არავინ იცის რა იქნება ბოლო სერიაში.

 

მორიელი და მშვილდოსანი

 

morieli qaliiiii

 

ძალიან საინტერესო ტანდემია – ერთი მხრივ  მზაკვარი და პარანოიკი მორიელის, რომელსაც შეყვარებულის არცერთი ნაბიჯი არ ეპარება და არაფერს პატიობს და მეორე მხრივ თავისუფლებისმოყვარე, დაუდევარი და პირდაპირი მშვილდოსნის, რომელსაც გულში ჩადება არ სჩვევია, ყველაფერს ამბობს (შეიძლება ცოტა ხმამაღლა და უტაქტოდ) და მერე ავიწყდება. ამ ურთიერთობაში ერთი შეხედვით შეიძლება მშვილდოსანი შეგეცოდოთ, რადგან მისი მრისხანება ვერბალურ გამოხატულებას არ სცდება, მორიელი კი მოქმედებს,  თუმცა ძალიან შეცდებით. მშვილდოსანი იმდენს არასოდეს დარდობს მორიელის დაგეგმილ შურისძიებაზე, რამდენსაც მორიელი მშვილდოსნის წინასწარ-განუზრახველ დარტყმებზე. მოკლედ, მორიელი უფრო მეტად იტანჯება და თუ მათ რუკებში რამე სხვა დამაბალანსებელი მაჩვენებლები არ არის, ამ ტანჯვას დიდხანს არ მოითმენს. არადა, რამდენი რამის სწავლა შეეძლოთ ერთმანეთისგან, რა კარგად დააბალანსებენ ერთმანეთს: მორიელი – ოპტიმიზმს, თავდაჯერებას, ღირსეულად წაგებას, გულახდილობას, გულწრფელობას, უდარდელობას ისწავლიდა, მშვილდოსანი კი – სიღრმეს, სერიოზულობას, სიფრთხილეს, თანმიმდევრობას… მათ ერთად ფრენა შეუძლიათ, ერთმანეთის გაძლიერება, დიდხანს და ბედნიერად – მშვილდის ცეცხლით  და მორიელის გათვლებით, თუმცა თუ, რაღა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გაცნობიერებას მოახერხებენ.

 

მორიელი და თხის რქა

 

მისტერ და მისის სერიოზულობა. ორი დიდი სტრატეგი და თვითკონტროლის მეფე-დედოფალი. შიგნით უამრავი ეჭვი და კომპლექსი გარედან – თავდაჯერება და ცარიელი ამბიცია. ისინი რაღაცნაირად გვანან ერთმანეთს. გარშემომყოფები მათ ურთიერთობას შენატრიან, რადგან არცერთ არ უყვარს ჭუჭყიანი თეთრეულის საჯაროდ გამოფენა. რაც მათ ოჯახში ხდება, კედლებს გარეთ არ გადის. მათ ერთმანეთთან ,,გაშიშვლებაც” კი უჭირთ. ნიღბების მოხსნას ბევრი დრო სჭირდება. ემოციების, გრძნობების გამომჟღავნებით თითქო თავმოყვარეობა ელახებათ, ამიტომ სხვა გზა აღარ დარჩენიათ უსიტყვოდ გაუგონ და უსიტყვოდ ენდონ ერთმანეთს.

ესმით კიდეც… ცხოვრებისეულ საკითხებშიც, ფინანსურ საკითხებშიც. ორივე საკმაოდ დანდო და საიმედო ადამიანია… ერთი ესაა, ორივეს მმართველობის ამბიცია აქვს და უნდა რომ თვითონ აკონტროლებდეს სიტუაციას. თუკი ტერიტორიების განაწილებაზე მიდგა საქმე, არცერთი დათმობს, ამიტომ უკეთესი იქნება, თუ ალიანსს შექმნიან და ,,საერთო მტრის” ცხოვრების წინააღმდეგ იბრძოლებენ გაერთიანებული ძალებით, ერთმანეთს გაუზიარებენ იმ მდიდარ გამოცდილებას, რაც წლების განმავლობაში უგროვებიათ და ცხოვრებისეული გამოცდების ჩაბარებას ერთობლივი ძალებით მოახერხებენ.

 

მორიელი და მერწყული

 

მორიელს ვინც უყვარს თავისთვის უნდა, მარტო თავისთვის, მისი რჩეული მისი ნაწილია, მისი მეორე ნახევარი, მერწყულს კი ნახევარი არ სჭირდება, ის უკვე მთლიანია, ყველასია, ყველასთვისაა, მეგობარს ეძებს, თანამოაზრეს, ვის გვერდითაც საინტერესოდ იქნება და მხოლოდ ეს უკანასკნელი ფრაზა აკავშირებს ამ წყვილს ერთმანეთთან – ორივეს უყვარს ინტრიგა და მეორე ადამიანის ამოხსნა. მერწყული-მორიელის კავშირი კი მრავალუცნობიანი განტოლებაა, რომლის პასუხს ხშირად მთელი ცხოვრება დაეძებს ორივე.

,,ჩემს შეყვარებულთან ცხოვრება ძალიან საინტერესოა, მისი ყოველი გამოხდომა ახალი მიმდინარეობაა ფსიქიატრიაში” – ამასწინ ვკითხულობდი… ალბათ ამ წყვილიდან ერთ-ერთის აღსარებაა. ისინი სრულიად გაუგებარნი არიან ერთმანეთისთვის და ზუსტად ამიტომ მოსწონთ ერთად ყოფნა, ისინი ხომ გიჟდებიან გაუგებრობებზე. მოკლედ, ეს კავშირი ექსპერიმენტული კავშირია, ექსპერიმენტებზე კი უარს ვერცერთი ამბობს, მერწყული ცნობისმოყვარეობის, მორიელი კი ექსტრიმის გამო.

 

მორიელი და თევზები

tevzi kaci morieli qali

,,მათ არ დაუმსახურებიათ ნათელი, მათ დაიმსახურეს სულიერი სიმშვიდე” – გახსოვთ ეს ვერდიქტი ,,ოსტატი და მარგარიტადან”? მათი გაცნობა გახსოვთ? ქუჩაში, ყვავილებით, ორივე დაღლილი და … ,,მე მივხვდი რომ ის ,,ის” იყო და ის მიხვდა რომ მე ,,მე” ვიყავი”… ეს ძალიან მისტიკური ურთიერთობაა…მათი სახლი – აკვარიუმი. უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის…  მათ შორის ტელეპატიური კავშირია… რა ცუდი ასპექტებიც არ უნდა იყოს მათ სინასტრიაში, როგორი პრობლემებიც არ უნდა ჰქონდეთ თუნდაც ვერბალურ დონეზე ურთიერთობაში, ქვეცნობიერ დონეზე იმდენად გასაგები და მისაღები არიან ერთმანეთისთვის, უბრალოდ ,,გრძნობენ” და უბრალოდ ,,იციან” ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშეც. მათ შორის დუმილი ყველაფერზე ლაპარაკობს.

თანაც მორიელი გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად ყველას ეჯიბრება, საყვარელ ადამიანებთანაც კი ომი აქვს… აი, თევზებს კი ვერაფერს უხერხებს. სასაცილოა არა? ,,ძლევამოსილი” არწივი და ,,საწყალი” თევზი. თევზები მასთან ომს არ აწარმოებს. იგი გასულია ადამიანური ეგოს საზღვრებიდან. იგი თავს ხრის და მორჩილებას უცხადებს, თანაც უცხადებს არ იმიტომ რომ მორიელია ძლიერი, არამედ იმიტომ რომ თვითონ არის ძლიერი და შეყვარებულს  უთმობს. აქ მორიელის ძლევამოსილება ვერაფერს აწყობს. მას შეუძლია იყოს უხეშიც, იყოს ხისტიც, შეუძლია მოკლას ის, ვინც უყვარს და …ასეთი თავგანწირვა ცოტა აბნევს… სრულ პარალიზებას უკეთებს… მეომარი სული კი რჩება და გამოსავალი ერთია – იომოს, ოღონდ ამჯერად საკუთარ თავთან. საბოლოო ჯამში კი თავად გაცილებით მეტს იღებს საკუთარ თავზე. გაცილებით მეტს აკეთებს… ყველაფერს სწირავს… რადგან შეჯიბრია ესეც და ამაში მაინც სურს გაიმარჯვოს….ხშირად ისეც ხდება ჩვენი თევზი მორიელის ,,სათრევი” ხდება ხოლმე…

მორიელი თევზების გვერდით იმაზე გაცილებით უკეთესი ხდება, ვიდრე საერთოდ შეიძლება იყოს. არის ბევრი ტანჯვა, ტკივილი, ვენებათაღელვა, თანაც უბრალოდ იმიტომ, რომ ვერცერთი ახერხებს ამის გარეშე ცხოვრება, თუმცა თუკი საკუთარი ბუნების წინააღმდეგ არ წავლენ, საბოლოოდ დაიმსახურებენ კიდეც ნათელს თუ არა სულიერ სიმშვიდეს მაინც.

დოჩი გოგო