მრავალ ადამიანს ახასიათებს სხვადსხვა ფორმის ფიგურების, ხაზებისა და ნახატების ხატვა ტელეფონზე საუბრის, მოსაწყენის ლექციის მოსმენის ან მორიგი თათბირის დროს. თუ თქვენც ამ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, ალბათ დაგაინტერესებთ, რას ამბობენ თქვენზე ეს “იეროგლიფები”.
სახეები
სახეების ხატვა ადამიანების მიმართ ინტერესსა და ურთიერთობის მოთხოვნილებაზე მეტყველებს. ლამაზი ქალის სახე – რომანტიკულ ოცნებებზე, მოღრეცილი ფიზიონომია კი – კონფლიქტსა და უკამყოფილებაზე. დიდთვალებიანი სახეები – სიცოცხლის სიყვარულსა და ოპტიმიზმს ნიშნავს, გრიმასები (სახის მანჭვა) – ავტორის ცხოვრებაში დისკომფორტისა და წყენის არსებობაზე მიანიშნებს. გაურკვეველი სახეების ხატვა იმაზე მეტყველებს, რომ აბსტრაქტული აზროვნება გაქვთ განვითარებული. თვალებისა და პირის გამარტივებული, პირობითი გამოსახვა (წერტილები, ხაზები) გაუცხოვებასა და იზოლირებულობას გამოხატავს.
თვალები
თვალების ხატვა იმაზე მეტყველებს, რომ თვითამოცნობისა და თვითანალიზის შესანიშნავი უნარი გაქვთ, თუმცა გადაწყვეტილებების მიღება გიჭირთ. თვითკრიტიკას ნუ მიეცემით და საზოგადოებრივი აზრი გულთან ახლოს ნუ მიგაქვთ. თუ თვალები დახუჭულია, ამ სამყაროში რაღაცის ცოდნა ან დანახვა არ გსურთ. თუმცა სხვა ვერსიით, ეს შეიძლება იმასაც ნიშნავდეს, რომ ქვეცნობიერად რაღაცის შეტყობა გსურთ, ანუ რამეზე თვალის ახელა.
სახლები და ფუტკრის ფიჭა
სახლებისა და ფიჭის ხატვა სიმყუდროვისა და კომფორტისკენ სწრაფვაა. თქვენთვის დამახასიათებელია წესრიგის სიყვარული და დაგეგმარების კარგი უნარი. შემოხაზული სახლი – ამქვეყნად ყველაფრის კონტროლის სურვილია. გრძელი სახლი – ბევრი მოგონება და ახალი გეგმები.
ვარსკვლავები
მარტივი ვარსკვლავები – ოპტიმისტი ხართ და სერიოზული სირთულეები და გამოწვევები არ გაშინებთ. გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. ზღარბის მსგავსი, მრავალსხივიანი ვარკვლავები თქვენს შფოთვაზე, განცდებსა და რაღაცისგან დამალვის სურვილზე მიუთითებს.
გულები
თქვენში გრძნობებისა და ემოციების მთელი ოკეანე იმალება. საკვანძო სიტყვაა – “იმალება”. პოზიტიური ნაკადი უფრო აქტიურად უნდა გამოუშვათ გარეთ. თქვენ ამ სამყაროს გალამაზების უნარი გაქვთ!
კაცუნები
მოცეკვავე კაცუნების ხატვა რაღაცისგან თავის დაღწევის სურვილზე მეტყველებს, თუმცა ამავდროულად, რატომღაც უნარი არ შეგწევთ ადგეთ და პირდაპირ თქვათ უარი…
ცხოველები და ფრინველები
უცნაურ და სასაცილო ცხოველებს ხატავთ? წარმოსახვის შესანიშნავი უნარი და იუმორის გრძნობა გაქვთ. კონკრეტული ცხოველი ხასიათის კონკრეტულ თავისებურებებზე მეტყველებს. მათი განსჯა ზღაპრების მიხედვით შეიძლება: ცბიერი მელა, შეშინებული კურდღელი, ბოროტი რუხი მგელი და ა.შ. თუ გამოსახულებებს ფრთებიც აქვთ, სავარაუდოდ, არაპროგნოზირებადი პიროვნება ხართ.
გადამკვეთი ხაზები, ბადეები, ჭადრაკის დაფა
რაღაც პრობლემა, უსიამოვნებები ან შინაგანი კომპლექსები მოსვენებას არ გაძლევთ. თავდაცვას ცდილობთ, თუმცა ნეგატივის გამუდმებით შეკავების თვისება შესაძლოა მომავალში ნევროზის მიზეზი გახდეს. სწრაფად დააღწიეთ თავი ”ბადეებს”!
ჯვრები
შესაძლოა რაიმეს გსაყვედურობენ, სინდისის ქენჯნას განიცდით ან უხერხულობას. სინამდვილეში, სავარაუდოდ, არაფერი ცუდი არ ჩაგიდენიათ და ეს ყველაფერი ჩაგინერგეს – ღიად ან ფარულად.
გეომეტრიული ფიგურები
თქვენთვის ამ ცხოვრებაში ყველაფერი მკაფიო და გასაგებია. ოპონენტების აზრი შეხედულებებს ვერ შეგაცვლევინებთ, არც საკუთარი მოსაზრებების გამოთქმას ერიდებით. შემთხვეით, შეფი ხომ არ ხართ? თუ არა, მაშინ დიდი შანსია, რომ მომავალში გახდეთ. თუ ფიგურებს მრავალი კუთხე აქვთ, ეს იმას ნიშნავს, რომ დაჟინებულობისას ზოგჯერ სისასტიკესაც კი იჩენთ, ამასთან იშვიათად აძლევთ თავს მოდუნებისა და ოცნების უფლებას.
მოცულობითი სიმეტრიული ფიგურები
კუბები და პირამიდები იმას ნიშნავს, რომ იცით, რაც გსურთ ამ სამყაროსგან. დასახული მიზნისკენ მტკიცედ მიიწევთ და დაბრკოლებებს უმნიშვნელოდ მიიჩნევთ. გზიდან გადახვევას კი ვერავინ გაიძულებთ!
მზე
მზეების ხატვა ოპტიმიზმსა და საყვარელ ხასიათზე სულაც არ მეტყველებს. თქვენ ახლა ძალიან გჭირდებათ ყურადღება და ურთიერთობა. სატელეფონო საუბრისას მომღიმარე მზის ხატვა სწორედ იმას ნიშნავს, რომ მოცემული საუბარი გახარებთ.
ყვავილები
ფოთლებიანი ყვავილები სიკეთეზე, გულისხმიერებასა და ემოციურ ხასიათზე მეტყველებს. თაიგული ვაზაში იმის სიგნალია, რომ მხატვარს აჟამად ძალიან ესაჭიროება სულიერი მხარდაჭერა. მცენარეები გადაჭრილი ღეროებით – მოვლენების მიმართ არაპრაქტიკულ მიდგომებსა და მიწაზე მყარად ვერდგომის შეგრძნებაზე მიუთითებს.
ხეები
ხშირი ფოთლები – ურთიერთობის სიყვარულსა და კომუნიკაბელურობაზე მიანიშნებს. წვრილი ტოტები – თავდაჯერებულობის ნაკლებობაა, მასიური ტოტები და ღერო, პირიქით, იმაზე მეტყველებს, რომ მიწაზე მყარად დგახართ. გატეხილი ტოტები სულიერი ჭრილობებისა და წარსული განცდების სიმბოლოა.
შეერთებული წრეები და ბეჭდები
ფიქრობთ, რომ რაღაცისგან უსამართლოდ გაგრიყეს და დაგივიწყეს. ურთიერთობის ნაკლებობას განიცდით, რაღაც პროცესში ჩართულობის შეგრძნების ნაკლებობას. შესაძლოა უბრალოდ დღეს წვეულებაზე არ დაგპატიჟეს?!
შემოხაზული ნახატი
თუ რაიმე გამოსახეთ და შემდეგ ჩარჩოში ჩასვით, ეს ყველაზე ხშირად იმის მიმანიშნებელია, რომ პრობლემა, რომელიც გტანჯავდათ, გადაჭრილია ან საქმე აქეთკენ მიდის.
ისარი
საით მიფრინავს? თუ დაბლა, პირველ რიგში საკუთარი თავის იმედი გაქვთ, თუ ზემოთ – სხვისი. თუ ისარი მარცხნივ არის მიმართული – ფიქრებით წარსულში ხართ ჩარჩენილი, მარჯვნივ მიმართული ისარი კი მომავლისკენ ორიენტირებულობაზე მიუთითებს.
რიტმული თარგები
შპალერის მსგავსი უსასრულოდ გაჭიმული და განმეორებადი თარგები იმაზე მეტყველებს, რომ მოწყენილი ხართ. სამუშაო გაიწელა, კოლეგამ კი უკვე თავი მოგაბეზრათ. ცხოვრებას სურპრიზები და სპონტანურობა აკლია. შეანჯღრიეთ საკუთარი თავი! მოიწყვეთ დღესასწაული! არ არის აუცილებელი პირდაპირ თათბირზე ამის გაკეთება, მაგრამ დასვენების დღეებში მაინც აუცილებლად სცადეთ!
ხელმოწერა და სახელი
გამუდმებით ხელს აწერთ, ინიციალებს ხაზავთ და შემდეგ ალამაზებთ ასოებს? საკუთარი თავით ხართ მოცული. ან იქნებ უბრალოდ პირად საქმეებსა და პრობლემებში გარკვევა გჭირდებათ?!