ქართული სექსის ტავტოლოგია, ანუ ქალიშვილობისა და ქორწინების ინსტიტუტების გაერთიანების შესახებ

0
2930

„ქალიშვილობის და ქორწინების ინსტიტუტი“ ერთმანეთში ისეა გადახლართული, როგორც წყვილი ქორწინების „პირველ ღამეს“.

„პირველი ღამე“…  რა რომან-ტიკულად ჟღერს!  აქაც და ქვემოთ მოყვანილ ტექსტში, მივმართავ ტავტოლოგიას, რაც ძალიან ჰგავს, და გამოძახილია იმ მუდმივად განმეორებადი პროცესის, რომელშიც პირველი ღამის შემდეგ  ძირითადად არაფერი იცვლება.

ისე, საქართველოში, სიძეების 90% ქორწილის „პირველ ღამეს“ გაგლეჯილი მთვრალები რომ არიან ხოლმე, ესეც ტრადიციაა, პრობლემა თუ უბრალო შემთხვევითობა? მოდი, დავტოვოთ ეს პრობლემა „უბრალო შემთხვევითობად“.

სინადვილეში რა ხდება? ის, რომ ახალდაქორწინებულ წყვილს, რომელთაც მართლაც პირველი ღამე აქვთ, წარმოდგენა არ აქვს იმის შესახებ, რის შედეგადაც ერთმანეთის მიმართ ლტოლვას და სურვილს განიცდიან, იმის რაც სულ სხვა საფეხურზე დგას, ვიდრე სიყვარული და ფიქრებში ნათევი ღამეებია. სექსი, ყველაზე დიდი მოთხოვნილება და პრობლემა.

კაცების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მისი მოვალეობა ამ საქმეში არის  აქტის ჩატარება, რომელიც ემსახურება საკუთარი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, გვარის გაგრძელებას და მხოლოდ და მხოლოდ ამის გამო შეიძლება აკადროს ცოლს ისეთი ,,ცუდი“ რამ, როგორიც სექსია (ბავშვების გულობიზა, თვარა რავა გაკადრებდი). თუ, რა თქმა უნდა,  შეიძლება, ქართული „ტრადიციული ოჯახების“ საძინებლებში ჩატარებულ, ნებაყოფლობით-ძალადობრივ აქტს, სექსი ვუწოდოთ.

ამის ფონზე ჩახშობილია შინაგანი ხმა, სურვილი, ან გნებავთ ვნება, რომელიც ძირითად და გადამწყვეტ როლს თამაშობს სიყვარულის საქმეში. იგი პირდაპირ კავშირშია სიყვარულთან,  თუმცა კი ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ამბავი, (სიყვარული+ვნება) დავიწყებული და ერთი შეხედვით უკან მოტოვებულია, რადგან ჩვენთან ქორწინების ობიექტი მაინცდამაინც ფიზიკური ლტოლვის ობიექტი არ არის. ჩვენთან შეიძლება უყვარდეთ და სექსუალურ ლტოლვას განიცდიდნენ ერთის მიმართ, ცოლად კი მოჰყავდეთ მეორე – საზოგადოების, ოჯახის და ნაცნობ-მეგობრების თვალში ,,სასურველი სარძლო“.

რა ხდება ჩვენს თავს? წყვილებს, რომლებიც  ამაღლებული გრძნობების საფუძველზე ქორწინდებიან, წარმოდგენაც კი არ აქვთ იმის შესახებ, თუ სექსუალურად რამდენად შესაფერის პარტნიორთან ერთად მოუწევთ ცხოვრების გატარება. ალბათ ხვდებით, აქ არ იგულისხმება სიმაღლე, ზომა ან წონა. თუმცა ვიდრე სექსუალურად შეასფერისი პარტნიორის პრობლემამდე მივალთ, მანამდე არსებობს კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემა, და შეიძლება ითქვას პრობლემათა სათავე.

სექსუალური განათლება აუცილებელი და საჭირო წინაპირობაა, იმ ადამიანთან ერთარსებობისთვის, რომელთანაც მთელი ცხოვრების გატარება გადაგიწყვეტიათ… როგორ ამბობენ? ჭირსა თუ ლხინში, სიცხესა თუ სიცივეში, ზემოდან თუ ქვემოდან… მოკლედ, როგორც ამბობენ. ეს ზემოდან და ქვემოდან აშკარად ჩასამატებელია, ვფიქრობ, ქართული ჯვრისწერისა და ქორწინების წინაპირობაში.

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ერთ-ერთ პარტნიორს აქვს რაღაც სახის განათლება ამ სფეროში, თუნდაც მხოლოდ თეორიულ დონეზე და არის არის შემთხვევა, როცა ქალი რაღაც მომენტში ინიციატორი ხდება სექსუალური აქტის დახვეწის საკითხში, იყენებს რა მის თეორიულ განათლებას, ცდილობს სიახლე შეიტანოს, დამყაყებულ, კაცის ოფლის სუნით გაჟღენთილ საწოლში. (საქართველოში ხომ ქალები არ იოფლებიან, ეს ცუდ ტონად ითვლება), მაგრამ აქ ხვდება ერთ დიდ წინააღმდეგობას, ქმარს ვერ წარმოუდგენია მასთან ის ურთიერთობა, რასაც, პირობითად,  „ნატაშასთან“ წარმოიდგენდა. აქაც წარმოსახვასთან გვაქვს საქმე, როგორც წესი, „ნატაშა“, მამაკაცების წარმოსახვის ნაყოფი უფროა, ვიდრე ასრულებული ოცნება თუ დაკმაყოფილებული სურვილი. თუმცა კი, „ნატაშას“ წარმოსახვაში ან რელობაში არსებობა, მაინც არ გამორიცხავს იმ კომპლექსს, რომელიც ქართველ ქმრებს, ცოლებთან მიმართებაში აწუხებთ.

კაცს ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება მისი ცოლი „ნატაშას“ ,,ილეთებს აკეთებდეს საწოლში, მისი მეთოდებით მოქმედებდეს. ქალის მხრიდან ასეთი აქტივობა, ხშირად მთავრდება კრახით და ზოგჯერ ძალიან სავალალო შედეგითაც კი… გამოსავალი ორია, ან მორჩილად აიტანოს ქმრის სიცარიელე, ან კიდევ მის შესავსებად ეძებოს საყვარელი, დაშორებაზე საუბარი ზედმეტია, რას იტყვის ხალხი. 🙂 როგორ შეიძლება დაშორდე ადამიანს, რომელთანაც ჭირში და ლხინში, სიცხესა თუ სიცივეში, მხოლოდ ქვემოდან გიწევს ცხოვრება.

ჰოდა, ეს ქალი, მხოლოდ ქვემოთ წოლა რომ მიესაჯა, თავის პირდაპირ მოვალეობათ თვლის, მთელი აქტის განმავლობაში, ფეხებგაშლილი, ფიცარივით, ქვასავით ცივი და უმოქმედო იწვეს, 🙂 მხვნეშავი ქმრის ქვეშ და საჭირო მომენტში გაითამაშოს ორგაზმი. ტრადიციულად, ეს არის ის ურთიერთობა, რომელსაც ვიღაც „მახინჯმა ტიპებმა“, ტრადიციული, ოჯახური უწოდეს და ახლა ცდილობენ ახალგაზრდების გონებას აპკივით გარს შემოახვიონ. აქედან წამოვიდა ისეთი ტერმინების ბრახაბრუხი, როგორიც არის, ნახმარი, მო**ნული და ა.შ. რასაც სექსი გადაჰყავს უარყოფით კონტექსტში და რაც იწვევს გაუცხოებას ამ საკითხის მიმართ. გაუცხოება, რომელიც მომავალში უამრავი ძალადობის, ტრაგედიის და გაუბედურებული ადამიანების ცხოვრების საფუძველი ხდება.

და ბოლოს, შეუძლებელია არ გავიხსენოთ ის „ქართველი ვაჟკაცები“ ჩუმად რომ „ოცნებობდნენ“ და ხმამაღლა აგინებდნენ თინა მახარაძეს, რომელმაც საჯაროდ განაცხადა ორალური სექსი მისაღები და ბუნებრივია ჩემთვისო. აგინებდნენ  ისე,  რომ ვერ ხვდებოდნენ, კიდევ ერთხელ რა დიდი და წითელი 🙂 (სხვა რამე არ გეგონოთ) ხაზი გაუსვეს საკუთარ უმეცრებას. ტრაგედიაა ისიც,  რომ მათ ბევრი ქართველი ქალიც არ ჩამორჩა ლანძღვა-გინებაში.

ეს ადამიანები ალბათ იმსახურებენ კიდეც ერთმანეთს, მაგრამ რა დააშავა იმ თაობამ, რომლებიც ამ ტიპის წყვილების სექსუალური ტავტოლოგიის შედეგად ჩნდებიან და მათი გავლენის ქვეშ იზრდებიან თითქოსდა ქართული ტრადიციული ოჯახის სადარაჯოზე?

P.S. დეფლორაცია (ქალწულობის დაკარგვა)  ხშირ შემთხვევაში ტკივილთან ასოცირდება. პირველი ღამე არც ისე სასიამოვნოა ქალების ძალიან დიდი წილისათვის,ქართულ რეალობაში კი… ქორწინების მეორე ღამე არ არსებობს…. გამუდმებით მეორდება პირველი.

David Guruli

ფოტო: პარტიზანი გოგოები

Dare.ge-ს ადმინისტრაცია მზად არის განიხილოს და გამოაქვეყნოს პრობლემატურ თემებზე თქვენ მიერ მომზადებული პოსტები. გაბედე გამოხატო აზრი!

Dare To Dare!