რას მალავს ფლირტი?

0
4593
Man and woman smiling at each other

რატომ ვფლირტაობთ? მაშინც კი, როდესაც სხვა გვიყვარს, ან ბედნიერები ვარ და ახალი ურთიერთობის გაბმას არც ვგეგმავთ, ამ გენდერულ თამაშში მაინც ვებმებით. რისთვის?

წინა კვირას ერთმა მომხიბლავმა ქალბატონმა მთხოვა, მისი 6 წლის ქალიშვილისთვის ველოსიპედის მართვა მესწავლებინა. ამ თხოვნაში ჩემთვის რაღაც უხერხული და არაკომფორტული იყო. ყოველთვის ასე მემართება, ერთგვარი ინტუიციურ მცველი მერთვება, როდესაც მთავაზობენ იმას, რაც არაფერში მჭირდება. ამ შემთხვევაშიც ასეთი გრძნობა დამეუფლა. ჯერ ერთი, გოგონას მამა ჰყავს, რომელსაც სულაც არ მსურს, ქალიშვილისთვის სწავლების შესაძლებლობა წავართვა, მეორეც, არც ისე შორეულ წარსულში განსაკუთრებული რომანტიკული გრძნობა გამოვცადე, და მესამეც, ამჟამად სხვა მშვენიერ ქალბატონს ვხვდები. მაგრამ მე არ შემიძლია კარგ ადამიანს დახმარებაზე უარი ვუთხრა, განსაკუთრებით როდესაც საქმე ბავშვებს ეხება. ან იქნებ სხვა მიზეზით არ შემიძლია უარის თქმა?

ასეა თუ ისე, მე დავთანხმდი. რატომაც არა, ვიფიქრე… მით უფრო, რომ უკვე რამდენიმე დღეა მოტოსეზონი გავხსენი, თან დღის საყვარელი მონაკვეთ იყო – რამდენიმე საათი მზის ჩასვლამდე, როდესაც გარშემო ჩრდილებია და სასიამოვნოდ თბილა. კარგ განწყობაზე ვიყავი, უნდა მევლო, სულერთია საით, ოღონდ მევლო. ასე, არც ისე დამაჯერებლად, წამის მეასედში ვამართლებდი საკუთარ თავს. ამასობაში სკუტერი პარკთან გავაჩერე.

6 წლის გოგონას დედას იქ ასევე მომხიბლავ და ცნობილ ქალბატონებთან ერთად პიკნიკი ჰქონდა. კამპანიის განსაკუთრებული ფემინური შარმი კიდევ უფრო ამძაფრებდა ჩემში ახალგაზრდა პაჟის შეგრძნებას, რომელიც მზდ იყო ბალახზე ფეხმორთხმული ლამაზმანების ნებისმიერი სურვილი დაეკმაყოფილებინა. ფსიქოთერაპევტის რჩევა გავითვალისწინე (ეს სულ ამართლებს) და გულგრილი, თავდაჯერებული იმიჯით დავიწყე გოგონების შეთვალიერება. აღმოჩნდა, რომ ბავშვის დედამ ველოსიპედის შოვნა ვერ შეძლო და ქალბატონების გვერდით დარჩენის შინაგანი ლეგიტიმურობა დავკარგე. მაგრამ სწორედ ამ დროს ჩემში რაღაც მიძინებულმა ინსტინქტმა გაიღვიძა, რაც პარკში დარჩენას და მათთან კონტაქტის გაგრძელებას მაიძულებდა. არ ვიცი, ეს მექანიზმი შესაფერისი სიტყვებით როგორ გადმოვცე, უბრალოდ ფლირტს დავარქმევ.

young woman and man chatting in cafe

საქმე ისაა, რომ მიუხედავად ჩემი მატრიმონიალური სტატუსისა, ყოველთვის ვცდილობ უცნობ ქალბატონებზე მაქსიმალურად სასიამოვნო შთაბეჭდილება დავტოვო. დაკავებული ვარ თუ ძიებაში, აქვს თუ არა რეალური პერსპექტივა ფლირტს, თუ ამ საქმიდან არაფერი გამოვა, ასევე არსებობენ თუ არა კონკურენტი მამაკაცები, დაკმაყოფილებული ვარ თუ არა სექსუალურად თუ ჟინით ვარ შეპყრობილი – არაფერს აქვს მნიშვნელობა. ეს იმაზეც კი არ არის დამოკიდებული – მომწონს თუ არა რეალურად ქალი – მაინც გავაკეთებ ამას. ეს იმდენად ღრმა და ძველია, ამასთან სრულიად უძლური ვარ. ლიბიდო? ვინ იცის….

შესაძლოა, ყველაფერი გაცილებით მარტივია. სექსი აქ საერთოდ არაფერ შუაშია. უფრო სწორად, თეორიულად სექსი შეიძლება მოიაზრება კიდეც ჩემს გონებაში, მაგრამ ეს მთავრი არაა. მთავარი – დაპყრობა, გამარჯვება, ნადავლი, მონაპოვარია. რა თქმა უნდა, მინდა მოვწონდე ქალებს და შთაბეჭდილებას ვახდენდე მათზე. მაგრამ რატომ? მომწონს, ძალიან მომწონს ეს პროცესი! უფრო მშვიდად ვარ, როცა მოვწონვარ. ამ დროს თითქოს ქალზე ძალაუფლებას ვიძენ, ვაკონტროლებ მას. და ვინაიდან მამაკაცებისთვის კონკურენტი ვარ, ამდენად ქალებთან ურთიერთობა გაცილებით ადვილია. ^_^

ავტორი: ფსიქოთერაპევტი ვლადიმერ დაშევსკი