“ამიერიდან ჩემს ბედს გაბარებ” – ტატიანას სასიყვარულო წერილი ონეგინს

1
3415

წერილს გწერთ, მეტი რა შემეძლება?
სხვა რა სათქმელი მრჩება საშველად?
ახლა კი ვიცი, ნება გეძლევათ –
ზიზღი მოიღოთ ჩემს დასასჯელად.
მაგრამ თუ წამლად მოგეძევებათ
სულ მცირე ცვარიც სიბრალულისა,
არ მიმატოვებთ ბედშავს უღირსად.
თავიდან ჩუმად მოცდა მეწადა;
მერწმუნეთ: ჩემს წვას კდემა-რიდებით
თქვენ ვერასოდეს ვერ გაიგებდით,
იმედის სითბო რომ განმეცადა,
თუნდაც კვირაში ერთხელ, ხანდახან,
მრგებოდა ჩვენსას თქვენი დანახვა.

8725756_f520

მხოლოდ მესმინა თქვენი სიტყვები,
მეც მეთქვა რამე, მერე დღედაღამ
კვლავ შეხვედრამდე ერთზე მენაღვლა,
ერთზე მეფიქრა თავდავიწყებით.
მაგრამ შევიტყე: არვის კადრულობთ,
გთანგავთ სოფელი სევდის მომგვრელი.
ჩვენ კი. . . ჩვენ რა გვაქვს სასიქადულო,
და მაინც წრფელი გულით მოგელით.
მაშინ რად, რისთვის შემოგვიარეთ?
ყრუდ და ტიალად შთენილ სოფელში
არ ვიგემებდით ტანჯვის სიმწარეს,
არ მეცნობოდით ჩემს სიცოცხლეში,
სული, უჩვევად რომ მაწრიალებს,
დამშვიდდებოდა (მაგრამ ვინ იცის?. . .)

Onegin-foto-Liv

ალბათ, ვპოვებდი გულის მეგობარს,
შევძლედი ნამვილ მეუღლეობას,
გავწევდი დედის ამაგს შვილისთვის.
სხვა ვინმე!. . . არა, მთელს დუნიაზე
გულს ვერავისით ვერ აღვივსებდი,
უზენაესთან ასე იაზრეს. . .
შენი საბედო მე ვარ ღვთის ნებით.
სიცოცხლე ჩემი ექცა საწინდრად
ჩვენს სწორ პაემანს და მწამს მარადის,
განგებამ ჩემთვის ამოგაბრწყინა,
რომ მიმფარველო კუბოს კარამდის.
მომვლინებიხარ ბევრჯერ სიზმარში,
უკვე გეტრფოდი ჯერაც უხილავს,
ვიწამე შენი მზერა წუხილად,
შენი ხმა ჟღერდა სულის სიღრმეში.
ადრე. . . არ იყო, არა, სიზმარი!. . .
შინ შემოსვლისას გიცანი უმალვე,
დავდნი, მომენთო ალი მხურვალე
და გაილევა ფიქრმა: ის არის!
ხომ მართალია? შენ სიჩუმეში
გისმენდი ცხადად, განა ოცნებით.
ოდეს ვზრუნავდი ღარიბთ ნუგეში
ან ათრთოლებულ გულს საგულეში
როს ვაბუდებდი ტკბილი ლოცვებით.
და სწორედ იმ დროს, ვით აცხადება,
შენ არ იყავი, ძვირფას ზმანებად
მჭირვალე ბინდში რომ ჩამოეშვი?. . .
ჩემს სასთუმალთან შესდექ უჩუმრად,
შენგან არ მესმის ტრფობის ჩურჩულად
გამხარებელი სიტყვა ნუგეშის?
ვინც ხარ, მზაკვარი და სათაელი,
თუ ანგელოზი ჩემი მფარველი:
გახსენ ეჭვები გადაკვანძული.
ეგებ არაფრად ჩასაგდებია
სულის ცდუნება ახალგაზრდული!
და სხვა წილხვედრი გამმზადებია. . .

onegin

რაც მოხდა, მოხდა. ერთი იმედით
ამიერიდან ჩემს ბედს გაბარებ.
შენთან მუდარის ცრემლად ვიღვრები,
მფარველის ფრთებსაც შენ დამაფარებ.
წარმოიდგინე: მარტოდ დარჩენილს
გონება მერთმის და მებანგება,
არავის ძალუძს ჩემი გაგება
და ჩუმად სიკვდილს ვერ გადავრჩები.
შენ გიცდი: მხოლოდ ერთი დახედვით
გამიცოცხლებდე ჩამქრალ იმედებს,
ან მძიმე სიზმარს გადამიკვეთდე,
ვაგლახ, საკადრის წამოძახებით.
ვამთავრებ! ვშიშობ კვლავ გადაკითხვას. . .
სირცხვილით ვიწვი და ვიდაგები. . .
მაგრამ თქვენს სინდისს ვენდე განმკითხავს,
და ის იქნება ჩემი თავდები. . .

“ევგენი ონეგინი”
ალექსანდრე პუშკინი

Comments are closed.