რა გავლენას ახდენს ჩვენს პირად ურთიერთობებზე ოჯახური სცენარი, რომელშიც აღვიზარდეთ

0
3587

ვინ წერს თქვენი ცხოვრების სცენარს? ვინ წყვეტს რამდენი ბავშვი გეყოლებათ, როცა დაქორწინდებით? სად არის ის ბედის წიგნი, სადაც ერთი კალმის მოსმით გწირავენ მარტოობისთვის, უსიყვარულობისთვის, განშორებების სერიებისთვის თუ მათხოვრობისთვის?

ნუთუ არსებობს ვიღაც, ვინც ამ ყველაფერს წერს?

არ დაიჯერებთ, მეგობრებო, და – კი!

ეს ვიღაც თქვენ თავად ხართ. ყველაფერი თავად დაწერეთ, თანაც დეტალებში, სად იტირებდით, როგორ მოიკვნეტდით ტუჩებს და რას ეტყოდით ქმარს, როცა ის სამსახურიდან დააგვიანებდა და საერთოდ რის მიხედვით შეარჩევდით ქმარს.

სიტყვა სიტყვით იწერდით…

მაშინ როცა სველი საფენებით საბავშვო საწოლის კედელს ჩაბღაუჭებული იდექით და უყურებდით როგორ ეტყოდა ხოლმე მამა დედას რაღაცას, მერე როგორ ტრიალდებოდა  და როგორ წევდა დედა ზემოთ ნიკაპს, რომ თვალზე მომდგარი ცრემლები, რამენაირად თვალშივე დაეტოვებინა. და მაინც, ორი მოღალატე წვეთი ლოყებზე მოგორავდა, იგი ხელით იწმენდდა და თვალებში შემოგცქეროდათ: ,,დაიმახსოვრე, დე… კაცები არამზადები არიან. ჩვენ ვერასოდეს გაგვიგებენ, ვერ დაგვაფასებენ… ამიტომ აპატიე და მოითმინე.“ არა, ის სიტყვასაც არ ძრავდა და რომც დაეძრა, სიტყვებით ვერაფერს გაიგებდით, თუმცა თავისი ტკივილი მაინც მოქონდა თქვენამდე.

ან კიდევ – დედა მაკიაჟს იკეთებს, იცინის, ოთახში ახალი ფეხსაცმელებით დარბის… გოგოებთან ერთად საცეკვაოდ წასვლას აპირებს… ამ დროს მამა შემოდის. ,,სად მიდიხარ? ბავშვები გყავს და ცეკვის მეტი არაფერი გახსოვს?“  ,,დაიმახსოვრე, დე, ბავშვების გაჩენასთან ერთად ყველაფერი მთავრდება. როცა დედა ხდები, მაშინვე უშნოვდები და არასასურველი ხდები.“ – კითხულობ შენ ნაწყენი დედის გამომეტყველებაში.

ღამეა, დედა რეცხავს. ეზოში თოკზე გაფენილი თეთრეული ფრიალებს. მამას ძინავს. ყველას სძინავს. დედა სამსახურიდან მოვიდა, სადილი მოამზადა, იატაკები დაწმინდა… შემოაღამდა. ფანჯრიდან წყლის ხმა ისმის. დედა რეცხავს. ,,ქალის ვალია მუხლჩაუხრელი შრომა. ყველამ შეიძლება დაისვენოს. კაცმაც შეიძლება დაისვენოს, მაგრამ ქალმა უნდა ალაგოს, რეცხოს, სადილი მოამზადოს… დილით კი ისევ სამსახურში გაიქცეს.“

არადა ისიც ხომ იყო პატარა, ჩვენი დედიკო. და ბედის გაკვეთილებიც მიიღო. როგორი ურთიერთობა ჰქონდა ბებოს ბაბუსთან. როგორ ფიქრობდა ის, რომ შენზე ჭკვიანს არ უნდა გაყვე, რომ მთავარია კეთილი იყოს, კარგი პიროვნება… ყველაფერი გასაგებია.

,,კაცმა უნდა… ქალმა უნდა… ნამდვილმა დედამ… კარგმა ქალიშვილმა… ჭკვიანმა გოგომ… კარგად აღზრდილმა ბავშვმა..“

როგორ უნდა იცხოვროს, ვინ უნდა უყვარდეს… რა შეიძლება, რა არ შეიძლება… ეს ყველაფერი წინასწარ დაწერილია უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით მემკვიდრეობით გადაეცემა დედიდან ქალიშვილს, მამიდან ვაჟიშვილს.

ჰოდა, ჩვენც მეორე ნახევარს ჩვენი ცხოვრების სცენარის შესაბამისად ვირჩევთ. ზუსტად ისეთს, როგორიც გვჭირდება იმისთვის, რომ ზუსტად ისე ვიტანჯოთ, როგორც დედამ იტანჯა, როგორც ბებო იტანჯებოდა… აბა, სხვაგვარად როგორ?

ყველა ჩვენგანს აქვს რწმენათა მთელი კომპლექტი, რაღაც მითიური თალმუდის მსგავსი – ცხოვრებისეული პრინციპები – თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ. ეს თალმუდი ქალის ხაზით და მამაკაცის ხაზით დედის რძით და სისხლით გადაეცემა თაობიდან თაობას დაშიფრული სახით. ,,ისწავლე, ჩემო გოგონავ, აი, როგორ უნდა იცხოვრო!“, ,,მიყურე, ჩემო ბიჭო, აი, ეს არის მამაკაცის ვალი.“

და ძალიან ცოტა თუ ფიქრობს – რატომ ხდება ასე? რატომ ვირჩევ მაინცდამაინც ასეთ კაცებს? რატომ ვიშენებ ზუსტად ასეთ ცხოვრებას? რატომ ხდება რომ სხვას ყველაფერი აქვს თანაც ძალიან მარტივად, მე კი არა? მე რატომ უნდა ვიტანჯო ყველაფრისთვის? ვინ ჩამაყენა ასეთ მდგომარეობაში?

არავის ჩაუყენებიხართ! თვითონ ჩადექით. რაც იყო იქ ჩადექით.

ჰო, მაგრამ თუკი ბებოს ომის შემდეგ საკუთარ ვალდებულებად მიაჩნდა ბავშვები აღეზარდა, მამაკაცს ორივე ხელით ჩასჭიდებოდა და ყველაფერზე უარი ეთქვა… თქვენ არაფერში გჭირდებათ…

თუმცა პროგრამა უკვე ჩაწერილია.

პირველი ნაბიჯი იმის გააზრებაა, თუ რა გადმოგეცათ კონკრეტულად მემკვიდრეობით.

მაგალითისთვის ოჯახური სცენარის რამდენიმე ვერსიას შემოგთავაზებთ. შეიძლება თქვენიც ამოიცნოთ.

  1. იდეალური ოჯახი. ,,ყველაფერი უნდა იყოს როგორც საჭიროა“. ,,რას იტყვიან მეზობლები“ .. ,,ხალხი რას იტყვის“ – პერფექციონიზმი

მთავარია შეინარჩუნო იმიჯი და თანაც ვერავინ მიხვდეს, რად გიჯდება ამ იმიჯის შენარჩუნება.ვერავინ უნდა გაიგოს, თუ როგორ იტანჯები, რომ ყველაფერი გქონდეს ,,როგორც წესია“, ,,ადამიანურად“, ,,როგორც ნორმალურ ადამიანებს შეეფერებათ“.

,,ჩვენ ძალიან კარგი ოჯახი გვაქვს. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. იდეალური წყვილი ვართ. შესანიშნავი ბავშვები გვყავს.“ ,,ძვირფასო, საყვარელო….“ ,,სუსი-პუსი..“ ყველაფერზე თვალების დახუჭვა, ყველაფრის ,,გატარება“… კონფლიქტების განეიტრალება… მთავარია მშვენიერი ოჯახის რეპუტაცია შეინარჩუნო.

ამ სცენარის ფასი: სხვების მოლოდინების გამართლების მუდმივი აუცილებლობა, სხვების აზრის საკუთარ საჭიროებებზე წინ დაყენება, თამაში, ფარსი და დაუსრულებელი ტყუილი საკუთარი თავის, თუ სხვების.

თქვენ საკუთარ თავს ჭამთ. რასაც უნდა აკეთებდეთ, ყველაფერი საშინლად გეჩვენებათ, არასდროს არის რამე საკმარისი.

სადღაც ხომ უნდა ჰპოვოს იმ გრძნობებმა გამოსავალი, რომელსაც ნიღბის ქვეშ მალავთ? ჰოდა, ის ფსიქოსომატურ დაავადებებად ვლინდება.

თუკი ამ სცენარში საკუთარი თავი ამოიცანით, შემდეგი კითხვები უნდა დაუსვათ საკუთარ თავს:

რატომ არის აუცილებელი რომ მუდმივად ამტკიცოთ თქვენი ღირსეულობა?

რა იყო ამაში ისეთი სამარცხვინო, რომ უნდა დაგემალათ? რის ,,ჩამორეცხვას“ ცდილობდა თქვენი დედიკო, ბებიკო, ბებიკოს დედიკო…. ? პირადად თქვენთვის რატომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოების აღიარება და პატივისცემა?

სრული კონტექსტი იშვიათად გვახსოვს, ჩვენამდე მხოლოდ ფრაგმენტები, ექო აღწევს შეგრძნებების დონეზე… ,,თითქოს სულ რაღაცის ეშინოდათ. თითქოს რაღაცას მალავდნენ… რაღაცნაირად არასრულყოფილები ვიყავით… სხვანაირები… გვჭირდებოდა მტკიცება, რომ ღირსეულები ვართ, ისეთები, როგორებიც ყველაა.“

  1. გაუცხოებული, დაცალცალებული ოჯახი

სადაც ორი ადამიანი ერთ სახლში ერთმანეთისგან დამოუკიდებელი განცალკევებული ცხოვრებით ცხოვრობს. ,,ჩემი ქმარი ჩემთვის დახურული წიგნია“, ,,არასდროს მესმოდა მისი“.

გულის სიღრმეში ორივე მიჩნევს, რომ მეორეს დიდ სამსახურს უწევს მის გვერდით რომ ცხოვრობს და რომ ეს მეორე ძალიან მადლიერი უნდა იყოს, რადგან ყველაფრის მიუხედავად ქორწინებას დასთანხმდა.

მათ თითქოს ერთმანეთის ვალი აქვთ და უზარმაზარი სია პრეტენზიებისა და ღრმად ფესვებგადგმული წყენის.

ორი ადამიანი, როგორც ორი სხვადასხვა  გემი თავისი კურსით მოძრაობს, თავისი მიმართულება აქვს და თავისი ცხოვრებით ცხოვრობს.

კონფლიქტები დაუშვებელია, პრეტენზიები და წყენები ყველამ თავისთვის უნდა შეინახოს. ,,თვითონ უნდა ხვდებოდეს“ , ,,ეს ხომ ისედაც ცხადია“.

ადამიანებს ეჩვენებათ რომ ბავშვებისთვის თუ რაღაც სხვა, უფრო გლობალური მიზნებისთვის ერთად ცხოვრობენ. ყველა მათი ფიქრი მიმართულია მეორისკენ –  როგორ უნდა შეიცვალოს ის, რომ მე კმაყოფილი ვიყო. მას ხომ იმდენი ნაკლი აქვს, მე კი ჩემი სისულელით და პასუხისმგებლობის გრძნობის წყალობით მასთან ცხოვრებას დავთანხმდი. ასე ფიქრობს ორივე.

ქორწინება თავიდანვე არათანასწორად არის მიჩნეული, პარტნიორი კი უღირსად. მე თითქოს რაღაცით აღმატებული ვარ.

ეს ადამიანები სიახლოვეს და გულღიაობას გაურბიან. პატიოსნად და პირდაპირ საუბარი დამამცირებელია. იქ იმდენი სირცხვილი და იმდენი ტკივილია. დამცირებული ბავშვის ტკივილის სიღრმე. და გაუმართლებელი მოლოდინების, გაცრუებული იმედების, დამსხვრეული ოცნებების, დაკარგული დროის ტკივილი.

პარტნიორების ერთადერთი სტრატეგია ერთმანეთისგან გაქცევაა. ბავშვების, სამსახურის, გართობის მეშვეობით.

ისინი გაურბიან საუბარს, რაღაცის გადაწყვეტის აუცილებლობას. დროდადრო ორთქლს ამოუშვებენ ხოლმე და მერე სიღრმეებში ჩაუსვლელად ორივე თავისი პირადი წყენის და პირადი საქმეების ნაჭუჭში ძვრება.

ასეთი სცენარის ფასი: უცხო ადამიანთან ცხოვრება. მასთან, ვისაც შენი არ ესმის და ვისიც არ გესმის თავად. ასეთ ურთიერთობაში ცხოვრება 20-40 წელიწადი…. მთელი ცხოვრება.

სიცივეში, გაუცნობიერებელ წყენაში, გაურკვევლობაში.

გარბიან ჰობების, დამოკიდებულებების წყალობით.

და რადგან ვერ ახერხებენ თავიანთი მოთხოვნების ღიად ჩამოყალიბებას ისჩევენ პრობლემის ფსიქოსომატურ გადაწყვეტას.

კითხვები, რომლებიც საკუთარ თავს უნდა დაუსვა:

თუკი აქ თქვენი მშობლიური ოჯახის სცენარი აღმოაჩინეთ და თქვენი ურთიერთობებიც ახლა მსგავსია, პირველი ნაბიჯი გადადგმულია – თქვენ დაფიქრდით. სხვა კუთხით შეხედეთ იმას, რაც აქამდე ბუნებრივი გეგონათ, რადგან მიეჩვიეთ. ეს ნიშნავს რომ გამოჯანმრთელების შანსი გაქვთ.

3. კარჩაკეტილი ოჯახი, სადაც მამა, როგორც წესი, სვამს

აქ როლები ასეა განაწილებული: ქმარი – აგრესორია, ცოლი  – მსხვერპლი, უფროსი შვილი – მხსნელი.

შეიძლება სხვაგვარადაც იყოს, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ არის ოჯახში ,,უფროსი”. შეიძლება აგრესორი და სადისტი ბებიაც იყოს. სამწუხაროდ ასეთ ოჯახში აღზრდილი გოგონა  ოჯახურ მოდელად სწორედ ამას იღებს – თავად ხდება მსხვერპლი-მხსნელი.

ოჯახს მუდამ მტრები ჰყავს. გარეთ თუ შიგნით.

იგი რაღაც ძალიან მტრულ გარემოში არსებობს, სადაც გადარჩენისთვის ბრძოლაა საჭირო. ,,ირგვლივ სულ მახინჯები და არამზადები არიან”, ,,სამყარო სასტიკია”, ყველა მომაკვდინებელ ცოდვაში დამნაშავეები მოიძებნებიან გარშემო. ასეთები შეიძლება იყვნენ ,,რუსები”, ,,ამერიკელები”, ,,ჩინოვნიკები”, ,,მთავრობა”, ,,ოპოზიცია”…

შინაგან მტრად კი რატომღაც იქცევა ხოლმე ბავშვი. მასზე ინთხევამშობლების ,,გაძაღლებული” ცხოვრების მთელი სიძულვილი. და სწორედ ეს ბავშვი მთელი ბავშვობა და შემდეგ მოზარდობის პერიოდი ცდილობს გადაარჩინოს თავისი გაგიჟებული მშობლები.

ქალი და კაცი კი ცეკვავს თავის აგრესორი-მსხვერპლის ცეკვას წყვილში, სადაც ქალი ქვეცნობიერად იწვევს მამაკაცს ძალადობის ახალი მდინარის ამოსაფრქვევად.

ჩაკეტილი წრე: ინციდენტი, სადიზმი… მონანიება და მერე პატიების თხოვნა, საჩუქრები… მერე თაფლობისთვე… ისევ უკმაყოფილება… ისევ პროვოკაცია და ყველაფერი თავიდან იწყება…

ამ სცენარის ფასი: ჩხუბი აყალმაყალი, ცემა, ჩაკეტილობა, ტყუილების მუდმივი აუცილებლობა, დამოუკიდებლობის დაკარგვა და ბავშვების ფსიქიკის დამახინჯება.

კითხვა საკუთარ თავთან:  როგორც სხვა დანარჩენი სცენარი, ეს სცენარიც ბავშვობიდან იწერება და ორისთვის ქალის და მამაკაცის ურთიერთობის ერთადერთ სწორ ფორმად რჩება – წრეზე სიარული.

 

თუკი გააცნობიერეთ, რომ ასეთ ოჯახში ცხოვრობთ, პირველი ნაბიჯი იმის გააზრებაა თუ რაში გჭირდებათ ეს ურთიერთობა და საერთოდ გიღირთ თუ არა ამ სარგებლის მსხვერპლად გაღება თავისუფლების მოსაპოვებლად.

არ არის სავალდებულო ამ სცენართაგან თითოეული სუფთა სახით შეგვხვდეს, ისინი შესაძლოა ერთმანეთის კომპონენტებსაც მოიცავდნენ.

***

ძალიან მტკივნეულია იმის გაცნობიერება, რომ რასაც საკუთარ პრინციპებად მივიჩნევდით,რისიც გვჯეროდა და გვწამდა, სინამდვილეში სულაც არ ყოფილა ჩვენი, რომ ყველა ის კანონი თუ რწმენა, რომელზეც ცხოვრება ავაშენეთ, რეალურად ჩვენი დედების, ბებიების, წინაპრების ავადმყოფობის ისტორია ყოფილა. ის ყველაფერი, რასაც ასე დიდი ერთგულებით ვიცავდი, რადგან სხვანაირად ცხოვრება ვერ წარმომედგინა-  ჩემი 20 წლის დედიკოს ერთერთი არჩევანი ყოფილა მხოლოდ.

შეიძლება მამაკაცებს ვენდოთ? შეიძლება მათი სიყვარული? შეიძლება ქმარი საკუთარ შვილზე მეტად გიყვარდეს? მაქვს კი უფლება მქონდეს ჩემი პირადი სივრცე და დრო? ვრჩები თუ არა ქალად მაშინ, როცა დედა ვხდები? საჭიროა მქონდეს პროფესიული ზრდა, თუ ქმრის ზურგს ამოფარებული უნდა ვიყო? ფული დამოუკიდებლად უნდა ვიშოვო, თუ ეს ჩემი საზრუნავი არ არის? შეიძლება ქმრის გარდა კიდევ მიყვარდეს ვინმე? და საერთოდ შემიძლია თუ არა მიყვარდეს~, თუ ეს უბრალოდ ვალია – ბავშვების აღზრდა, ქვეყნის ხსნა, კარიერის კეთება, ფულის გამომუშავება….

****

 

ყველა ეს შეკითხვა , რომელზეც პასუხებს საკუთარ თავში ვეძებდი, ყველა იმ ქალს დაუსვამს, ვინც ჩემს გვარში ჩემამდე არსებობდა, უპოვიათ პასუხებიც და მე ამ პასუხებს ერთადერთ ჭეშმარიტებად ვიღებდი.

დროთა განმავლობაში ვისწავლე იმის განსხვავება თუ სად ვიყავი და სად არ ვიყავი მე, რა იყო ჩემი და რა მემკვიდრეობით მიღებული შინაგანი რწმენა. როგორ მოიქცეოდა ,,ნორმალური ქალი”, ,,არანორმალური ქალი” და როგორ მოვიქცეოდი მე.

მადლობელი ვარ დედის, ბებიის გამოცდილების გაზიარებისთვის, მაგრამ დაყრდნობით, საკუთარ თავს დავეყრდნო მირჩევნია. მე თავად მინდა გადავწყვიტო, თავად გავაკეთო არჩევანი.

და თქვენ?

 

 

**

ყველა ამ სცენარში საერთო ერთია – გულწრფელობა და სიახლოვე აკლია ურთიერთობებს.

იყო ახლო და გულწრფელ ურთიერთობაში ვინმესთან – დიდი რისკია, თუმცა მხოლოდ ასე შეიძლება იგრძნო მეორე ადამიანი და საკუთარი თავის ბოლომდე გამოხატვით მიღებული ბედნიერება.