სადღაც 15-16 წლის ვიყავი დასასვენებლად საზაფხულო ბანაკში რომ წავედი მთებში. აქტივობებს შორის ფსიქოლოგთან შეხვედრაც იყო დაგეგმილი. მაშინ სიტყვა ფსიქოლოგია ჩემთვის რაღაც ტესტებთან ასოცირდებოდა, რომელსაც დროდადრო გვაძლევდნენ სკოლაში. უცებ კი ძალიან ლამაზი, თავდაჯერებული ქალი მოდის და საკუთარ ემოციებზე საუბარს გვთავაზობს. მერე ზღაპარიც მოგვიყვა, რომელმაც თავიდან ფეხებამდე შემძრა.
დღეს 17 წლის გოგონა იყო ჩემთან კონსულტაციაზე. ტიროდა და თავის პირველ სიყვარულზე მიყვებოდა. არ გაუმართლა.
– შენ ბედნიერი ხარ, – ვუთხარი მე, როცა უკვე დაასრულა.
მან ტირილი შეწყვიტა და გაოცებულმა შემომხედა თვალებში.
– არ გეხუმრები, – გავუღიმე მე, – შენ ბედნიერი ხარ, იმიტომ რომ ასეთი ღრმა და წრფელი გრძნობის გამოცდა მოასწარი უკვე. ყველას კი არ უმართლებს ასე..
მერე შემდეგ კონსულტაციაზე შევთანხმდით და წავიდა. უცებ კი ეს მოგონება ამომიტივტივდა – ბანაკზე, ზღაპარსა და ფსიქოლოგზე.
,, ახლა ერთ ზღაპარს მოგიყვებით, – თქვა მან, – და მინდა სანამ მე ვისაუბრებ, თქვენ საკუთარ თავს და საკუთარ გრძნობებს მოუსმინოთ.
იყო და არა იყო რა, იყო ერთი პრინცი და პრინცესა, რომლებსაც ერთმანეთი უყვარდათ. მათ სამეფოებს ტყე ჰყოფდა. ერთხელ პრინცმა გული და ხელი სთხოვა პრინცესას, ის კი აღფრთოვანებული მაშინვე დასთანხმდა.
სამწუხაროდ, პრინცესას მამას, მოხუც მეფეს ქორწინების გაგონებაც არ სურდა, განსაკუთრებით კი მეზობელი სამეფოს პრინცზე.
მაშინ პრინცმა ასეთი რამ მოიფიქრა: პრინცესას უთხრა, რომ როგორც კი დაბნელდებოდა ჩუმად გამოპარულიყო სამეფოდან, გადმოეკვეთა ტყე და მისულიყო მასთან. ისინი საიდუმლოდ იქორწინებდნენ მაშინვე და მათ სიყვარულს ვერაფერი დაუდგებოდა წინ.
პრინცესამ დაუჯერა, დაბნელდა თუ არა გამოიპარა და ტყეში შევიდა. თავიდან გამხიარულდა კიდეც, მაგრამ პირველად იყო ტყეში და სიღრმეში შესვლასთან ერთად შიში დაეუფლა. ცოტა ხანში აღმოაჩინა, რომ გზას ასცდა და დაიკარგა.
ძალიან შეშინდა. არ იცოდა რა გზას სწეოდა, რა ექნა… უცებ ადამიანის სილუეტი დაინახა. გული სიხარულით აუფრთხიალდა, იფიქრა პრინცი გამოვიდა ჩემს შესახვედრადო, მაგრამ შეცდა, მეტყევე აღმოჩნდა.
მაინც მივიდა მასთან, ყველაფერი აუხსნა და დახმარება სთხოვა, თანაც ბევრ ფულს დაჰპირდა.
მეტყევემ ფულზე უარი უთხრა, მხოლოდ ერთ პირობით გაგიყვან, თუ ჩემთან დაწვები, თუ არადა დარჩი აქ გარეული მხეცების საკვებადო.
პრინცესა გაფითრდა. ტყეზე მეტად მეტყევის შემოთავაზებამ დააფრთხო, თუმცა როცა გარეული მხეცები წარმოიდგინა, ისინი უფრო საშინლად მოეჩვენა.
ამასობაში მისი შეგვიანებით შეშფოთებულმა პრინცმა მსახური გამოგზავნა პრინცესასთან შესახვედრად. მსახურმა ბევრი იარა და სწორედ მაშინ დაინახა მეტყევე და პრინცესა, როცა ისინი სექსით იყვნენ დაკავებული. იგი სასახლეში დაბრუნდა და პრინცს ყველაფერი უთხრა.
როცა პრინცესამ, როგორც იქნა, მიაღწია სასახლეს, პრინცი გამოვიდა და ისე, რომ არავითარი ახსნის საშუალება არ მისცა, უთხრა: ყველაფერი ვიცი და აღარ მჭირდებიო, მერე კი კარები ცხვირწინ მოუხურა.“
– რა დაემართა პრინცესას? – იკითხა ერთერთმა ჩვენგანმა.
– ამით ზღაპარი მთავრდება, – გვიპასუხა ფსიქოლოგმა, – აბა, ახლა თქვენი ემოციები გამიზიარეთ, რაც მოისმინეთ, იმასთან დაკავშირებით, თუ შეიძლება.
ემოცია ბევრი იყო. საკმაოდ ექსპრესიულადაც გამოვხატავდით.
– თქვენ რას იზამდით პრინცესას ან პრინცის ადგილზე? – გვკითხა მან
– პრინცესა თავადაა დამნაშავე. პრინცი სწორად მოიქცა, რად უნდოდა ეგეთი ცოლი? – წამოვიყვირე მე გაბრაზებულმა.
– და რატომ?
– იმიტომ. თუკი მართლა უყვარდა პრინცი, მეტყევესთან არ დაწვებოდა. მხეცების დაგლეჯას არჩევდა ღალატს!
– იცი, მე მესმის შენი ემოციების, – მითხრა მან, – ოდესაც შენხელა ვიყავი, ზუსტად ასე ვფიქრობდი. თუმცა რაც გავიზარდე, მივხვდი, რომ ყველაფერი ასე ერთმნიშვნელოვანი და კატეგორიული არ არის ცხოვრებაში.
გამახსენდა ახლა ეს ამბავი და სულ სხვა ემოციები გამიჩნდა. გამიჩნდა უამრავი შეკითხვაც და უამრავი პასუხიც.
შეიძლებოდა ამ ზღაპრის პერსონაჟების, სიმბოლოების ფსიქოანალიზის ჩატარება. ბევრს ვისაუბრებდით პრინცესას გულუბრყვილობაზე, რომელიც უსაფრთხოების ყოველგვარი ნორმების დაცვის გარეშე შევიდა ტყეში, პრინცის ეგოცენტრიზმსა და ნარცისიზმზე, რომელმაც რატომღაც პრინცესასგან მოისურვა თავგანწირვა, თავად არ გამოვიდა მის შესახვედრად, მერე კი არც მოუსმინა, ანუ უღალატა, მეტყევის გაიძვერობაზე, რომელმაც, როგორც კი შესაძლებლობა მიეცა, სხვისი სისუსტის გამოყენება სცადა, სიყვარულის სიმწიფესა თუ უმწიფარობაზე და ა.შ. და ა.შ. თუმცა ეს უბრალოდ თეორია იქნებოდა. ცხოვრებაში სხვანაირად ხდება.
ჩვენ ხშირად ვრჩებით ბავშვობაში, სადაც ნებისმიერ ზღაპარში, ფილმში თუ ისტორიაში არსებობს მხოლოდ ცალსახად ცუდი და მხოლოდ ცალსახად კარგი ადამიანები, არსებობს ცალსახად დამნაშავე და ცალსახად უდანაშაულო, ცალსახად მართალი და ცალსახად მტყუანი პერსონაჟები… ,,მეგობრობის დღიურებშიც“ ყველაზე ხშირი კითხვაა – რას ვერ აპატიებდი საყვარელ ადამიანს და ყველაზე ხშირი პასუხი – ღალატს. ვამბობთ ხოლმე ამ სიტყვას და ვერ ვხვდებით რომ ცალსახად მოღალატე არ არსებობს.
მე მხოლოდ ახლა მივხვდი, რას გულისხმობდა მაშინ ფსიქოლოგი. ახლა, როცა ვიცი, რომ ცხოვრებაში არსებობს სიყვარულზე უფრო მნიშვნელოვანი რამეებიც კი: პასუხისმგებლობის გრძნობა, სინდისი, პატივისცემა, თანაგრძნობა, პატიების უნარი და თვითგადარჩენის ინსტიქტი ბოლოს და ბოლოს.
ჰოდა, დავფიქრდი – რას ვუპასუხებდი იმ ფსიქოლოგს ამ ცოდნით? თქვენ რას ფიქრობთ?