ჩემს ფანჯარასთან უბნის ბავშვები ისხდნენ — რას უნერგავენ მშობლები შვილებს, ანუ ნახევრად ჩადენილი დანაშაული

0
1173

გაოგნებული ვარ (არ ვიცი ეს სიტყვა, სწორად თუ გამოხატავს ამ განცდას)…
ჩემს ფანჯარასთან უბნის ბავშვები ისხდნენ, ადრე არ შემიმჩნევია, თუმცა ეტყობოდათ აქაურები იყვნენ. ალბათ მეოთხე-მეხუთე კლასის მოსწავლეები. ოთხი ბიჭი და ერთი გოგო. თავიდან თავიანთ „საჭირბოროტო“ თემებზე საუბრობდნენ. შემდეგ წიგნებზეც ილაპარაკეს, ერთი შერლოკ ჰოლმსს კითხულობდა, მეორემ კიდევ რაღაც თქვა, მესამემ (შედარებით პატარა იყო) იხუმრა — მესამე კლასის ქართულის წიგნი მაქვს წაკითხულიო, ინგლისურში მყავს ორიანები, დანარჩენში ნორმალური ნიშნებიო… შემდეგ მოულოდნელად გადავიდნენ სულ სხვა თემაზე… შეძლებისდაგვარად აღვადგენ. პირველი, რაც გავიგონე და ყურადღება მივაქციე: „ყველა იმ გოგოს დედა მოვ**ან ღამის 2 საათზე სახლში რომ შევა“. მეორემ დაუმოწმა — 9 საათის მერე, რომ ქალი გარეთ დადის, ის ბოზია. (აქ ვერ შეთანხმდნენ 9 საათი უფრო გადაეწიათ შუაღამისკენ, მაგალითად, 10 საათზე შესულები გაეწირათ თუ არა.) ის გოგო, რომელიც თან ახლდათ, ეთანხმებოდა, ასაკით მათზე ცოტა დიდი ჩანდა. და შემდეგ … ეგეთს ყელი უნდა გამოჭრა –დაასკვნა ერთმა. შოთიკო ქვია, მწვანე მაისური აცვია და „ლაგატკა“ აქვს. ჰო აბა რა. — დაეთანხმა რომელიღაც — მაგათი დედის მ****ლი უნდა მოტ**ნა…
თავი ხელში ავიყვანე და გავხედე, დაველაპარაკე შეძლებისდაგვარად, როგორც შეიძლება დაელაპარაკო და აუხსნა. ცოტა შორიდან მოვუარე… შემდეგ ვუთხარი: ,, როგორ შეძლება ღამით ან დღისით ადამიანის სახლში მისვლა მისი პატიოსნების მაჩვენებელი იყოს და ა.შ. ამ ლოგიკით ბიჭიც ბოზი გამოდისთქო.” შეიძლებაო, ამბობს ერთი, ბარსელონას მაისურით. მაგრამ ბიჭი პირით ბოზი იქნება, ან პიდარასტი — ჩაერთო პატარა (ინგლისურში ორიანები რომ ჰყავს). ბოლოს შოთიკოს ვეკითხები (სახელიც მაშინ ვკითხე) — რომელი სჯობს, ღამით სახლში გვიან მისვლა, თუ ადამიანის ყელის გამოჭრა? არც დაფიქრებულა ისე მიპასუხა: „ყელის გამოჭრა“…
შემდეგ კითხვაზე მიპასუხა, რომ ქრისტიანია. შევეცადე თვითონ მისულიყო ლოგიკურ დასკვნამდე. ,,ქრისტიანულად რომელია დანაშაული, ადამიანის მოკვლა, თუ სახლში ღამით გვიან მისვლა?” პასუხი: სიჩუმე. კიდევ რამდენიმე ისეთი კითხვა დავუსვი, რომელზეც იცოდა პასუხი და საკუთარ თავში მაინც გასცემდა. ყველა კითხვაზე პასუხი სიჩუმე იყო. „ლაგატკას“ აწვალებდა ხელში…
იმედი მაქვს, რამეს გაიგებს თვითონაც და მისი მეგობრებიც. ვფიქრობ, რომ ასეთი ოჯახები ბევრია საქართველოში, სადაც ბავშვებს მსგავსი სისულელეები (ეს სისულელეც აღარ არის, ეს უკვე სანახევროდ ჩადენილი დანაშაულია) ესმით. დედები და მამები არ აკლებენ ამ სახის „განათლებას“. გოგომ, რომელიც ბიჭებზე უფროსი ჩანდა, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების მაცხოვრებლების 80% ბოზებათ გამოაცხადა.
დაახლოებით 10 წუთი ველაპარაკე, შემდეგ გადაწყვიტეს წასულიყვნენ, გოგონას ინიციატივით. უკან საშინლად დაღლილი შემოვბრუნდი, თითქოს რაღაც ტვირთი მეთრიოს მთელი დღე…
მაქსიმალურად ვეცადე, ნორმალურად და გასაგებად მელაპარაკა. სურათის გადაღება მინდოდა, მაგრამ გადავიფიქრე, რომ არ დამფრთხალიყვნენ.
ეს არც ჩანახატია, არც მოთხრობა, ნოველა ან ესე. ისინი აქ იყვნენ რამდენიმე წუთის უკან, საქართველოში, თბილისში, მთაწმინდაზე, ნიაღვრის ქუჩაზე და ვსაუბრობდით… მე მიწევდა იმის მტკიცება, რომ ადამიანის მოკვლა, უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე ღამით სახლში გვიან მისვლა…

David Guruli