ყველაფერი, რაც ანგელოზებზე გაინტერესებთ – იერარქია, დასები, ბუნება, ზებუნებრივი უნარები…

0
5951

ქმნილ არსებათა კიბის ზედა, უმაღლეს საფეხურზე წმიდა, უხორცო სულები დგანან. ისინი, ჩვენთან შედარებით, აღმატებული და სრულყოფილი არსებანი არიან, უხილავად მოქმედებენ და ადამიანთა ცხოვრებაზე ფრიად მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ.

რა არის ჩვენთვის ცნობილი მათზე, როგორ და როდის მოხდა მათი წარმოშობა, ყველას ერთნაირი ბუნება მიენიჭა თუ არა და როგორია იგი, რისთვის არიან მოწოდებულნი და როგორ არსებობენ?

სარწმუნოების სიმბოლოში ვკითხულობთ: “მრწამს ერთი ღმერთი… შემოქმედი ცათა და ქვეყანისაჲ, ხილულთა ყოველთა და არახილულთა”. უხილავი, ანგელოზთა სამყარო ღმერთმა ხილულ სამყაროზე უწინარეს შექმნა. “ოდეს იქმნნეს ვარსკვლავნი, მაქებდეს მე ხმითა დიდითა ყოველნი ანგელოზნი ჩემნი” – ეუბნება უფალი იობს (იობ. 38,7). პავლე მოციქული წერს: “რამეთუ მის მიერ დაებადნა ყოველივე ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ხილულნი და არა-ხილულნი, ანუ თუ საყდარნი, ანუ თუ უფლებანი, გინა თუ მთავრობანი, გინა თუ ხელმწიფებანი – ყოველივე მის მიერ და მისა მიმართ დაებადნა” (კოლ. 1,16). ეკლესიის ზოგი მამის აზრით, შესაქმის წიგნის პირველ სიტყვებში – “დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ” – ლაპარაკია არა ფიზიკურ ცაზე, რომელიც შემდგომ შეიქმნა, არამედ ამ სიტყვაში უხილავ, ზეციურ ძალთა საცხოვრისი მოიაზრება.

ანგელოზთა ბუნება

ანგელოზები თავიანთი ბუნებით გონიერი, მოქმედი სულები არიან, აქვთ ნება და ცოდნა; ემსახურებიან ღმერთს, ადიდებენ მას და აღასრულებენ მის განგებულებითს ნებას. ისინი უსხეულონი არიან და უხილავ სამყაროში მკვიდრობენ, ამიტომ არ ძალუძს მათი დანახვა ჩვენს ხორციელ მზერას. ღირსი იოანე დამასკელი გვასწავლის: “როდესაც ანგელოზები ღვთის ნებით ეცხადებიან ღირსეულ ადამიანებს, ჩნდებიან არა ნამდვილი სახით, არამედ იმგვარად გარდასახულნი, რომ მისი დანახვა შეძლონ ხორციელმა არსებებმა”12. ტობითის წიგნში მოთხრობილია, თუ რა უთხრა ტობითსა და მის ძეს თანამდევმა ანგელოზმა თავისთავზე: “ყოველთა დღეთა გეჩუენებოდე თქუენ და არა ვჭამდ, არცა ვსუმედ, არამედ ხილვით ხოლო მხედვიდით თქუენ” (ტობ. 12,19).

ღირსი იოანე დამასკელი მსჯელობს – “თუმცა ანგელოზს ჩვენთან შედარებით უსხეულო და უნივთო ეწოდება, ერთიანი, უდარებელი ღმერთის მიმართ ყოველივე ტლანქია და ნივთიერი. მხოლოდ ღმერთია სავსებით უნივთო და უსხეულო”13.

ანგელოზები უაღრესად სრულყოფილი სულები არიან. თავიანთი სულიერი ძალებით ადამიანზე მაღლა დგანან, მაგრამ, როგორც ქმნილ არსებებს, მათაც შეზღუდულობის ბეჭედი აზით. უსხეულონი არიან და ადამიანებთან შედარებით ნაკლებ ექვემდებარებიან ადგილსა და სივრცეს; ასე ვთქვათ, ფრენით მყისიერად გადიან თვალუწვდენელ სივრცეებს და უმალ ჩნდებიან სამოქმედო ასპარეზზე. მაგრამ არც იმის თქმა შეიძლება, თითქოს ანგელოზები ყველგანმყოფნი იყვნენ და სივრცისა და ადგილისაგან სრულიად დამოუკიდებლად არსებობენ. წმიდა წერილში ასახულია, ანგელოზები როგორ ეშვებიან ზეციდან მიწაზე, ან მიწიდან ზეცად როგორ ადიან. მაშასადამე, მათ არ შეუძლიათ ერთდროულად ყოფნა ცაშიც და დედამიწაზეც.

წმიდა წერილი ადასტურებს, რომ ანგელოზები უკვდავნი არიან, მათ “არცაღა მერმე სიკუდილად ჴელ-ეწიფების” (ლკ. 20,36). მაგრამ ეს არ არის საღვთო, თვითმყოფადი და უპირობო უკვდავება. ადამიანთა სულების მსგავსად, მათი უკვდავებაც მთლიანად ღვთის ნებასა და წყალობაზეა დამოკიდებული.

angel
ანგელოზებს, როგორც უსხეულო სულებს, ფრიად ხელეწიფებათ შინაგანი თვითგანვითარება. მათი გონება ადამიანურთან შედარებით უფრო აღმატებულია. პეტრე მოციქულის სიტყვებით, მათი ძალა და შესაძლებლობანი ყოველგვარ მიწიერ მთავრობასა და უფლებას აჭარბებს (2 პეტ. 2,11). ანგელოზის ბუნება უფრო სრულია, ვიდრე ადამიანისა. ამას ფსალმუნთმთქმელიც ამბობს, როცა ადამიანის განდიდება სურს. იგი შენიშნავს, რომ ღმერთმა მას “მცირედ რამე დააკლო” ანგელოზებთან შედარებით (ფს. 8,5).

მაგრამ მათ ამ აღმატებულ თვისებებსაც აქვს თავისი საზღვრები. წმიდა წერილი მიუთითებს, რომ ანგელოზები ვერ სწვდებიან საღვთო არსების სიღრმეებს, ეს მარტოოდენ “სულმა ღვთისამ” იცის (“ეგრეცა ღმრთისაჲ არავინ იცის, გარნა სულმანვე ღმრთისამან” – I კორ. 2,11); მათ არ უწყიან, რა იქნება სამომავლოდ – ესეც მხოლოდ საღვთო ცოდნაა (“ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცათა შინა…” – მარკ. 13,32); აგრეთვე, სურვილის მიუხედავად, ისინი ბოლომდე ვერ აცნობიერებენ გამოსყიდვის საიდუმლოს, “…რომლისათჳს გული უთქუამს ანგელოზთა ხილვად” (I პეტ. 1,12); ვერ ხვდებიან ყველა ადამიანურ განზრახვას (3 მეფ. 8,39); და ბოლოს, არ შეუძლიათ ღვთის ნების გარეშე, დამოუკიდებლად აღასრულონ სასწაულები (“კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისაჲ, რომელმან ყვის საკჳრველი მხოლომან” – ფს. 71,18).

ანგელოზები – თავისუფალი არსებები არიან. მათ აქვთ თავისუფალი ნება. ამის მაგალითია – ლიუციფერი (ითარგმნება, როგორც “დილის ვარსკვლავი”), რომელიც უფალთან ყველაზე ახლომდგომი ანგელოზი იყო და ამპარტავნების გამო, საკუთარი ნებით ღმერთს იმდენად განეშორა, რომ გახდა თავისი შემოქმედის მტერი, ბოროტების წყარო, რომლის ადგილი ზეცად აღარ არის. მას შემდეგ განუწყვეტელი ბრძოლა მიმდინარეობს სიკეთესა და ბოროტებას შორის, მასში ჩართულია ხილული და უხილავი, მიწიერი და ზეციერი სამყარო. და ამიტომ ყოველ ჩვენგანის გვერდით ხან კეთილი ძალაა, ხან ბოროტი. ყოველთვის, როცა ჩვენ აღვასრულებთ სიკეთეს, ჩვენს გვერდით ჩვენი მფარველი ანგელოზებია, ხოლო როცა პირიქით ხდება, ბოროტს მივეცემით.

წმიდა წერილის მიხედვით უზარმაზარია ანგელოზთა სამყარო. რამდენადაც გარემომცველი ცა აღემატება სივრცობრივად დედამიწას, იმდენადვე მეტია ზეციურ მკვიდრთა რიცხვიც. ცანი ცათანი ანგელოზთა წარმოუდგენელ რაოდენობას იტევს.

95AFEBDB738B4D1686B8ED9E11FEBA43.ashx

ზეციურ ძალთა სამყაროშიც არსებობს სრულყოფის განსხვავებული ხარისხები, სხვადასხვა საფეხურები თუ იერარქიული წყობა, არსებობს ანგელოზთა ცხრა დასი, რომელიც იყოფა სამ ტრიადად.

ეკლესიის ზოგიერთი მამა გამოთქვამს პირად თვალსაზრისს, რომ ანგელოზთა ცხრა დასი მხოლოდ საღვთო წერილში გამოცხადებულ სახელებსა და დასებს მოიცავს, მაგრამ მათ გარდა არსებობს ანგელოზთა ბევრი ისეთი დასი და სახელიც, რომელიც სააქაოდ არ გვეუწყა და უკვე საიქიოდ გახდება გასაგები.

ანგელოზთა პირველი ტრიადა:  საყდარნი • ქერუბიმნი • სერაბიმნი
ყველაზე მაღლა მდგომი ანგელოზები არიან სერაბიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი. წმინდა სამებასთან ყველაზე ახლოს დგანან ექვსფრთიანი სერაბიმები (სერაბიმი ქართულად ნიშნავს ანთებულს, ცეცხლოვანს). ისინი ადამიანებს ღვთაებრივი სიყვარულის ცეცხლს უღვივებენ.
სერაბიმთა შემდგომ უფალს წარუდგებიან ქერუბიმები, რომელთა სახელიც ნიშნავს სიბრძნის გარდამოსვლას, განათლებას. ეს იმიტომ, რომ სწორედ მათი დახმარებით გადმოდის ჩვენზე ღვთიური სიბრძნე და ცოდნა ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ.
ქერუბიმებს მოსდევენ საყდარნი, რომლებიც ღვთის მართლმსაჯულებას ემსახურებიან.

ანგელოზთა მეორე ტრიადა:  უფლებანი • ძალნი • ხელმწიფებანი
უფლებანი ქვემდგომ ანგელოზთა დასებზე მეუფებენ, ასევე ღვთისაგან დადგენილ მიწიერ ხელისუფალთ ქვეყნების ბრძნულად მართვა-გამგებლობაში ეხმარებიან.

ძალნი უფლის რჩეულებზე საკვირველთმოქმედებისა და განჭვრეტის მადლს გარდამოავლენენ. ძალნი ადამიანებს შეეწევიან მორჩილების საქმეთა აღსრულებაში, ანიჭებენ მათ მოთმინებასა და სულიერ სიმტკიცეს.

ხელმწიფებათ დემონურ ძალთა დაოკების ხელმწიფება გააჩნიათ. ისინი ადამიანებს ეშმაკთა საცდურებისაგან განარიდებენ.

ანგელოზთა მესამე ტრიადა:  საწყისნი • მთავარანგელოზნი • ანგელოზნი.
საწყისთ დავალებული აქვთ სამყაროს გამგებლობა, ქვეყნების, ხალხებისა და ტომების დაცვა. ისინი ადამიანებს ასწავლიან, რომ ყველას თავისი ღირსების შესაფერისი პატივი მიაგონ; თანამდებობის მქონეთ შეაგონებენ, სამსახურებრივი მოვალეობები პირადი განდიდებისა და გამდიდრებისათვის კი არა, არამედ უფლის სადიდებლად და მოყვასის სასარგებლოდ გამოიყენონ.

მთავარანგელოზნი გვახარებენ დიადისა და დიდებულის შესახებ, გვიხსნიან სარწმუნოების საიდუმლოებებსა და წინასწარმეტყველებებს, გვაუწყებენ უფლის ნებას და ადამიანებში რწმენას განამტკიცებენ.

ანგელოზნი ყველაზე ახლოს დგანან ადამიანებთან. ისინი ღვთის განგებულებას გვამცნობენ. არასოდეს გვტოვებენ და მუდამ მზად არიან შეგვეწიონ.

მთავარანგელოზნი:  მიქაელი • გაბრიელი • რაფაელი • ურიელი • სელაფიელი • იეგუდიელი • ვარახიელი • იერომიელი

1მთავარანგელოზი მიქაელი ანგელოზთა დასის წინამძღოლი (მისი სახელი ებრაულად ნიშნავს: “რომელი ვითარცა ღმერთი”). სწორედ მან დაამხო ანგელოზი ლუციფერი(მოელვარე). ღმერთის მიერ მინიჭებული მადლით ეშმაკზე ძლევის გამო, მას განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებიც. ხატებსა და ფრესკებზე მთავარანგელოზ მიქაელს, როგორც მძლეველს ყველა მტრული ძალისა – ხატებზე ჯავშნით – ღვთიური მადლით შემოსილს გამოხატავენ. იგი ფეხებით დემონს თრგუნავს, მარცხენა ხელში ზეთისხილის მწვანე რტო, ან სამკუთხედი ფარი უჭირავს. მარჯვენაში უპყრია შუბი თეთრი ალმით (ზოგჯერ – ცეცხლოვანი მახვილი), რომელზედაც მეწამული ჯვარია გამოსახული. ზოგიერთ ხატზე ზეციურ ძალთა მხედართმთავარი მახვილით გმირავს დედამიწაზე შემოხვეულ გველს.

მთავარანგელოზი გაბრიელი (ებრ. גַּבְרִיאֵל, გავრიელ; ლათ. Gabrielus, 2არაბ. جبريل‎‎ ღაბრილ, ჯიბრილ) სხვადასხვა რელიგიაში მაღალი რანგის ანგელოზია, რომელიც ღმერთის მაცნედ ევლინება ადამიანებს. ის პირველად დანიელის წიგნში ფიგურირებს ებრაულ ბიბლიაში. სახელი გაბრიელი შესაძლებელია ნიშნავდეს “ღვთის კაცს” ან “ღვთის გმირს”. მას ასევე ზოგან მოიხსენიებენ როგორც “ღვთის მარცხენა ხელს”, რომელსაც სირიულად და “ქალდეურად” შეუძლია ლაპარაკი. გაბრიელი – სიმტკიცე (ძალი) ღვთისა (დან. 8, 16; ლკ. 1, 26) – ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნე, უფლის ყოვლადძლიერების მახარებელი და მსახურია. ხატებზე გაბრიელ მთავარანგელოზს გამოსახავენ სამოთხის რტოთი, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულს მიართვა, ხშირად მას ცეცხლოვანი ლამპარი უჭირავს ხელში.

22მთავარანგელოზი რაფაელი (ებრ. רפאל‎, – «ღვთიური მკურნალი»; «რაფა» – განკურნება, «ელი» – ღმერთი), სნეულებათაგან ადამიანთა დამხსნელია; ხატებზე რაფაელს მარჯვენა ხელში უჭირავს ჭურჭელი მაკურნებელი წამლით, მარცხენათი კი მოჰყავს მართალი ტობიას ვაჟი, ჭაბუკი ტობია, რომელსაც თევზი მოაქვს. მთავარანგელოზ რაფაელს მიმართავენ სნეულებათა დროს, მგზავრობის წინ, შორეულ უცხო ქვეყანაში ყოფნისას, მწუხარების, უიმედობისა და სასოწარკვეთილების დროს.

მთავარანგელოზი ურიელი (ებრ. אוּרִיאֵל‎ – «ღვთაებრივი ცეცხლი3 და ნათელი, განმანათლებელი»,) ბერმონაზონთა და ღვთისმეტყველთა მფარველად ითვლება. იგი გვინათლებს გონებას, რათა შევძლოთ ღვთიურ საიდუმლოთა და წმიდა წერილის შეცნობა; მთავარანგელოზი ურიელი მონანულთა მფარველიცაა; ხატებზე მას გამოსახავენ ცეცხლოვანი ან გაშიშვლებული მახვილით.

4მთავარანგელოზი სელაფიელი (ებრ. שאלתיאל‎, სალაფიილ) – მლოცველს ნიშნავს. იგი ადამიანებს უხილავად შეეწევა ლოცვისას. ხატებზე სელაფიელი ლოცვით მდგომარეობაში გამოიხატება: თვალებდახრილი და მკერდზე ხელებდაწყობილი; ზოგჯერ მას ხელში ანთებული სანთელი და საკმეველი უჭირავს.

მთავარანგელოზი ეგუდიელი (ებრ. יהודיאלიეჰუდიელ «ღვთის 5დიდება») ის ადიდებს უფალს, განამტკიცებს და შუამდგომლობს მოღვაწეებს. გარდა ამისა, ის ითვლება მოგზაურთა მფარველად და გაჭირვებულთა შემწედ. ხატებზე ეგუდიელს მარჯვენა ხელში ოქროს გვირგვინი უჭირავს, მარცხენაში კი – შოლტი სამი წითელი (ან შავი) ტოტით.

6მთავარანგელოზი ვარახიელი (ებრ. ברכיאל, «ღვთის კურთხევა») – ადამიანებისთვის ღვთიური მოწყალების გამომთხოველი. ძირითადად ვარახიელი მოწამეთა, აღმსარებელთა და მოსაგრეთა მფარველად ითვლება. ხატწერაში მთავარანგელოზ ვარახიელის სამოსელზე ვარდისფერ ყვავილთა სიმრავლე გამოისახება, რაც სულიწმიდის ნიჭთა სიმბოლოა.

მთავარანგელოზი იერომიელი ხატებზე გამოისახება სასწორით 7ხელში. წმიდა წერილში იხსენიება იერომიელი, რაც ნიშნავს: ღვთისკენ ამაღლებას.

P.S. ანგელოზები წმიდა წერილში

“ანგელოზი” მაუწყებელს ნიშნავს (ბერძნ. სიტყვიდან – αγγελλω უწყება). ძირითადად ამ სიტყვით განისაზღვრება კაცობრიობის მიმართ მათი მსახურების შინაარსი. და კაცთა მოდგმამაც, ჯერ კიდევ სამოთხეში ყოფნის დღეებიდან იცოდა მათი არსებობის შესახებ. ეს ფაქტი ასახულია არა მარტო იდეურ, არამედ სხვა რელიგიებშიც.

ცოდვით დაცემული ადამიანების სამოთხიდან განდევნის შემდეგ ედემის ბაღის შესასვლელთან დადგა ქერუბიმი, “მოტყინარე მახჳლითა იქცევისი, დაცვად გზასა ხისა ცხორებისასა” (შესაქ. 3,24). აბრაამმა, როცა გააგზავნა მსახური ნაქორთან, დააიმედა, რომ უფალი თავის ანგელოზს “წარავლენდა წინაშე მისსა” და ისიც გზას კეთილად განვლიდა (შესაქ. 24,7). იაკობი ანგელოზებს ხედავდა ძილშიც (როცა მესოპოტამიაში მიმავალმა სიზმრად საიდუმლო კიბე იხილა, შესაქ. 28) და ცხადშიც (როდესაც საკუთარი სახლში, ესავთან მიმავალმა დაინახა ღვთის ანგელოზთა ბანაკი. შესაქ. 32,1-2). ფსალმუნთა წიგნში ანგელოზები ბევრჯერ იხსენიებიან, მაგ., “აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი” (ფს. 148,2); “რამეთუ ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს დაცვად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა” (ფს. 90,11). მათ შესახებ, აგრეთვე, ვკითხულობთ იობისა და წინასწარმეტყველთა წიგნებში. უფლის ტახტს გარშემორტყმული სერაბიმნი ესაია წინასწარმეტყველს ეჩვენენ (ეს. 6), ქერუბიმნი კი იეზეკიელ წინასწარმეტყველმა უფლის სახლის ხილვისას ნახა (იეზ. 10).

ანგელოზთა შესახებ ბევრ ცნობას გვაწვდის და მრავალგზის ახსენებს მას ახალი აღთქმის გამოცხადება. მაგალითად, ანგელოზმა აუწყა ზაქარიას ნათლისმცემლის ჩასახვა; ამცნო ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამს მაცხოვრის შობა; იგი ეცხადებოდა ძილში იოსებს; ანგელოზთა მრავალრიცხოვანმა მხედრობამ გალობით განადიდა ქრისტეს შობა; ანგელოზმა ახარა მწყემსებს მაცხოვრის შობა; შეაჩერა ჰეროდესთან დასაბრუნებლად გამზადებულნი მოგვნი. ისინი ემსახურებოდნენ იესო ქრისტეს მისი უდაბნოში გამოცდის დროს; გეთსიმანიის ბაღში მოევლინა მაცხოვარს ანგელოზი, რათა განემტკიცებინა იგი; ანგელოზებმა ამცნეს მენელსაცხებლე დედებს იესო ქრისტეს აღდგომა, მოციქულებმაც უფლის ამაღლებისა და მეორედ მოსვლის შესახებ მათგან შეიტყვეს; მათვე ახსნეს პეტრესა და სხვა მოციქულებს ჯაჭვნი (საქმ. 5,19), იგივე განმეორდა ცალკე პეტრე მოციქულის მიმართაც (საქმ. 12,7-15). ანგელოზი მოევლინა კორნილიუსს და ამცნო – საღვთო წერილის მასწავლებლად პეტრე მოციქული მოეწვია (საქმ. 10,3-7); აუწყა პავლე მოციქულს, რომ მას კეისრის წინაშე წარდგომა ელოდა (საქმ. 27,23-24). ანგელოზთა ხილვა საფუძვლად უდევს წმ. იოანე ღვთისმეტყველის მიერ აპოკალიფსისში აღწერილ გამოცხადებებს.

წყარო: orthodoxy.ge