უფროსი, უმცროსი, თუ შუათანა შვილი ხართ?  ოჯახური ფსიქოლოგია

0
3645

მნიშვნელობა არ აქვს დედისერთა ხართ თუ უფროსი შვილი ოჯახში, არის რაღაც თვისებები, რომლებიც ოჯახში დაბადების თანმიმდევრობის მიხედვით ნაწილდება ბავშვებზე. სტერეოტიპულად თუ მივუდგებით, არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ დედისერთა ბავშვები ცოტა ,,გაფუჭებულები“ არიან, მუდამ ყურადღებას ითხოვენ, მაშინ როდესაც უფროსი შვილები ლიდერობისკენ არიან მიდრეკილნი. მნიშვნელოვანი კვლევები ამ საკითხზე ალფრედ ადლერმა დაიწყო და 30 წლიანი შრომის შემდეგ ძალიან ბევრ დასკვნამდე მივიდა. ბევრი ამ საკითხს სკეპტიკურად უყურებს, თუმცა ფსიქოლოგთა ნაწილი მაინც მიიჩნევს, რომ თანმიმდევრობას მაინც აქვს მნიშვნელობა, რადგან ,,კონკურენციის“ პირობებში ბავშვებს სხვადასხვა ტექნიკის ათვისება უწევთ, რათა მშობლების სიყვარული და მოწონება დაიმსახურონ.

ამ საკითხში ექსპერტი მაიკლ გროსი საუკეთესოდ განმარტავს ამ ფენომენს: ჩვენ დაბადებიდანვე დარვინისეულ ბრძოლაში ვართ ჩართულნი, ვიბრძვით ჩვენი მშობლების დროის, ყურადღების და სიყვარულის მოსაპოვებლად“.

რა დასკვნამდე მივიდნენ მკვლევარები?

ოჯახში უფროსი ბავშვი მიღწევებზე ორიენტირებული და პირველობისკენ მიდრეკილია. კვლევებმა აჩვენეს რომ ოჯახში უფროსი ბავშვების უმეტესობა ლიდერის როლს იღებს და ძმებთან ურთიერთობაში. ისინი მიჩვეულები არიან, რომ მათ პირველ სიტყვებს, პირველ ნაბიჯებს და ა.შ დიდ ყურადღებას აქცევენ, რადგან პირველი შვილი მშობლისთვის პირველი გამოცდილებაა და უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებს ამაზე, ამიტომ ზრდასრულ ასაკშიც კი მიდრეკილება აქვთ ყურადღებას აქცევდნენ რას ფიქრობენ სხვები მათ საქციელზე.  გარდა ამისა, უფროსი შვილები თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს იყენებენ ცხოვრებაში, უმეტესწილად ირჩევენ ისეთ პროფესიებს, როგორიცაა – იურისტი, სამართალმცოდნე და ა.შ.  და გასაკვირი არ არის მსოფლიო ლიდერების უმეტესობა რომ სწორედ პირველი შვილი იყო ოჯახში.

ამ ყველაფერს უარყოფითი მხარეც აქვს – ისინი ეჭვიანი ბუნებისკენ არიან მიდრეკილნი, ზედმეტად ბევრს ღელავენ, ეშინიათ და სულ თავდაცვით პოზიციაში არიან, რადგან ძალიან პატარა ასაკში, სრულ ყურადღებას მიჩვეულები იძულებულები გახდნენ ეს ყურადღება გაენაწილებინათ შემდეგი ბავშვებისთვის.

დარვინისეული თეორიის მიხედვით, შუათანა ბავშვები არც პირველი ბავშვები არ არიან, რომლისგანაც ყველაზე მეტს ითხოვენ მშობლები და არც ნაბოლარები, რომლებიც მთელი ცხოვრება ,,პატარებად“ რჩებიან, ჰოდა, ამიტომ მათ ყველაზე მეტად უმართლებთ. ისინი მშვიდობისმოყვარე ადამიანები არიან, აქვთ დიპლომატიური უნარები, ადვილად ურთიერთობენ, უმეგობრდებიან  და უგებენ ყველა კატეგორიის ადამიანებს.  გამოირჩევიან ერთგულებით, საიმედოობით… შუათანა ბავშვებს არ აქვთ უფროსი და ნაბოლარა შვილობის ტრავმა – ამიტომ ნაკლებად არიან მიდრეკილნი სტრესისკენ, უფრო ადვილად იტანენ სირთულეებს და მარტივად უყურებენ ცხოვრებას, თუმცა სამაგიეროდ  შეჯიბრისკენ არ არიან მიდრეკილნი და იშვიათად აღწევენ დიდ თანამდებობებს. ყოველ შემთხვევაში ეს დრაივი მათ არ აქვთ.

და ბოლოს, ნაბოლარებზე. მათი ხასიათი უფროსი და-ძმებისგან მკვეთრად გამორჩეულია. ამ დროს მშობლების მშობლური ბუნება მკვეთრად შეცვლილია ხოლმე. უფრო მეტად მშვიდები და თავდაჯერებულები ხდებიან – უკვე იციან რამდენი ყურადღება სჭირდება ბავშვს და ზედმეტად არ ჰყვებიან თავზე.   ამიტომ იგი იძულებულია ყურადღების მიქცევის ორიგინალურ ხერხებს მიმართონ. ისინი კრეატიულები იზრდებიან,  რაც ბუნებით შემოქმედებით ნატურად აქცევთ. ისინი შესაძლოა სოციალური და ღია ადამიანის შთაბეჭდილებას  ტოვებდნენ, თუმცა არ არის გამორიცხული ამ უნარებს მანიპულაციებისთვის იყენებდნენ.

რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ტემპერამენტი, სქესი, ასაკი, გენეტიკა, აღზრდა და გარემო. არსებობს მოსაზრება, რომ ერთი სქესის ბავშვები უფრო მეტად ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვიდრე სხვადასხვა სქესის და თანაც ეს მსჯელობა ძალიან ზოგადია. ზოგადი კი ყველა ინდივიდუალურ შემთხვევას შეიძლება არ მოერგოს.

 

psychologies.co.uk -ს სტატიაზე დაყრდნობით