ჩემთან ხშირად მოდიან კლიენტები, რომელთაც უკვე სცადეს საკუთარ თავზე მუშაობის ყველა მეთოდი, წაიკითხეს წიგნები, განახორციელეს პრაქტიკაში, იარეს სემინარებზე…. მათ ბევრი იციან. მათ იმდენი იციან, თავად მოუყვებიან ნებისმიერ ფსიქოლოგს რა სჭირთ, რა უნდა გააკეთონ და რა პრობლემა აქვთ. ისინი ცდილობენ… თუმცა მოდიან და ამბობენ რომ მაინც ტკივათ და რომ ვერ იგებენ რატომ არ მუშაობს ეს ყველაფერი!
მათი ყველაზე ხშირი ფრაზაა – ,,ყველაფერი ვიცი, ყველაფერი მესმის, თუმცა თავს ვერაფერს ვუხერხებ! ჩემთვის ძალიან გასაგები და ნაცნობია ეს მდგომარეობა. ზუსტად ასეთი პერიოდი მეც მქონია ცხოვრებაში: მე ხომ ყველაფერს მივხვდი, ყველაფერი გავაცნობიერე, საკუთარ თავზე ვიმუშავე და რატომ არაფერი იცვლება?
თქვენ ცდილობთ და ვერ ანებებთ თავს სიგარეტს, ვერ იწყებთ დიეტას, ან კიდევ უფრო დიდი ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშე დგახართ, როგორიცაა დაბალი თვითშეფასება, დეპრესია… რა ხდება? ამის მიზეზი ბევრია, თუმცა მე რამდენიმე მათგანზე მინდა გავამახვილო ყურადღება:
- მეორადი სარგებელი
შესაძლოა თუ არა პრობლემიდან მივიღოთ სარგებელი? როგორც ჩანს, შეიძლება. თუმცა მისი დანახვა ადვილი არ არის. ამისთვის საჭიროა ძალიან გულწრფელი ვიყოთ საკუთარ თავთან. პასუხი საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ: რას ვიღებ ამ პრობლემის ჩემს ცხოვრებაში არსებობით? აიღეთ სუფთა ფურცელი, ჩამოუსვით ხაზი და ერთ მხარეს ჩამოწერეთ პასუხები კითხვაზე – ,,რას მივიღებ თუ ეს პრობლემა გადაიჭრება“, მეორე მხარეს კი – კითხვაზე – ,,რას მივიღებ თუ ყველაფერი ისევ ისე დარჩება, როგორც არის?“ ეს დავალება საშუალებას მოგცემთ გაიგოთ პრობლემის შესახებ უფრო მეტი, თუმცა მხოლოდ მაშინ, თუ გულწრფელი იქნებით საკუთარ თავთან.
- გაქცევა
თქვენ იღებთ ინფორმაციას, აცნობიერებთ პრობლემას, იწყებთ მასზე მუშაობას, მაგრამ ბოლომდე არ მიგყავთ. ან მთელი ძალით არ ცდილობთ. მაგალითად გაქვთ დავალება, რომელსაც რეგულარულად თუ არ გააკეთებთ 21-დან 40 დღის განმავლობაში, რეზულტატი არ გექნებათ, რადგან ჩვევის გამოსამუშავებლად ზუსტად ამდენია საჭირო. თქვენ ერთი კვირა გააკეთეთ, მეორე კვირა, მერე რამდენიმე დღე გამოტოვეთ, ისევ დაიწყეთ, მერე მიატოვეთ. დრო გავიდა. მეხსიერებაში დაგრჩათ შთაბეჭდილება, თითქოს ბევრი შრომა გასწიეთ, რეზულტატი კი არ არის. ასე ხდება ყველა მეთოდთან, წიგნთან თუ დავალებასთან დაკავშირებით.
ასე ხდება ფსიქოლოგთან ვიზიტის დროსაც. ივლით ერთ ორ სესიაზე, მერე უცებ რაღაც სირთულე შეგხვდებათ და სესიებს წყვეტთ. ასე გადის თვეები, წლები… დასკვნა კი ასეთია: ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე, თუმცა ეს ტექნიკები უაზრობაა.“ არადა, რეალურად არცერთი არ გაგიკეთებიათ ისე, როგორც უნდა გაგეკეთებინათ. ანუ, არ გაგიკეთებიათ!
ასე ხდება ხოლმე? მაშინ საჭიროა გაარკვიოთ ის მიზეზები, რომლებიც ხელს გიშლიან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საკუთარ თავზე მუშაობაში და თუ ამას იპოვით საკუთარ თავში, ეს პატარა ნაბიჯი არ იქნება, თუმცა იქნება პირველი. ამით უნდა დაიწყოთ საკუთარ თავზე და პრობლემებზე სერიოზულად მუშაობა. აირჩიეთ მეთოდი, რომლითაც გაგეხარდებათ, მაგრამ აუცილებლად დაიცავით ავტორის რეკომენდაციები და თუნდაც შუა გზაში მოგეჩვენოთ, რომ უაზრობაა და ტყუილად დროს კარგავთ, მაინც გააგრძელეთ და მაინც მიიყვანეთ ბოლომდე. კარგი იქნება თუ დღიურს აწარმოებთ. და როცა ყველაფერს სწორად გააკეთებთ მერე შეგიძლიათ ობიექტურად იმსჯელოთ იმაზე, გაქვთ რეზულტატი თუ არა.
არ გამოდის? მაშინ პირველ პუნქტს დაუბრუნდით და მეორადი სარგებელი ეძებეთ.
- თვალისმომჭრელი რეზულტატი
ვიწყებთ რაღაც ახალ მეთოდიკას, ვასრულებთ ყველა დავალებას, მთლიანად თავ ვუძღვნით მას. თქვენ ამ იდეით ცოცხლობთ. გადის ცოტა დრო და აი, ისიც – ფრენის შეგრძნება, ცვლილებები, რეზულტატი… ეიფორია შკალის ბოლო საფეხურებს ითვლის და თქვენ ნელ-ნელა თავს ანებებთ ამ საქმეს. რჩება შთაბეჭდილება, თითქოს რაც საჭირო იყო ყველაფერი გააკეთეთ, ყველაფერი მოხდა და შეგვიძლია მოვდუნდეთ. გადის კიდევ ცოტა დრო და ამჩნევთ რომ ყველაფერი იმ კალაპოტს უბრუნდება, როგორც ადრე იყო. ჰოდა, გამარჯობა, იმედგაცრუებავ! ,,არაფერი მშველის“. რა ვქნათ? ზუსტად იგივე, რაც მეორე პუნქტში წერია, უბრალოდ აქცენტი გააკეთეთ იმაზე, რომ თუნდაც მოგვეჩვენოს, რომ დადგა ,,გამარჯვების წუთები“ და რომ ,,ესაა ბედნიერება“, მუშაობა განაგრძეთ. დააკვირდით საკუთარ თავს და განაგრძეთ, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შედეგი უფრო მყარი და ღრმა.
- არასაკმარისი ჩართულობა
აი, მაგალითად წაიკითხეთ რომელითაც მეთოდზე, რომელიც თვითშეფასების ამაღლებაში უნდა დაგეხმაროთ: თქვენ ყოველ დღე, რეგულარულად უნდა ჩაიხედოთ სარკეში და აღმოაჩინოთ თქვენი ღირსებები, ისაუბროთ მკვეთრად განსაზღვრული ფრაზებით. თქვენ პატიოსნად ყოველ დღე აკეთებთ ამას, თუმცა აკეთებთ როგორ? ჩაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ნახევრად მძინარე მდგომარეობაში თვალებდახუჭული. ვამბობთ ამ ფრაზებს და თან გულში ვბუტბუტებთ ,,სისულელეა, არ მჯერა ამის“ არადა ყველაფერს ინსტრუქციის მიხედვით აკეთებთ, არა? უნდა გააცნობიეროთ, რომ ეს სავარჯიშოები ტაბლეტებივით არ მუშაობს – დალევ და მერე ყველა პროცესი თავისთავადი რომ ხდება ორგანიზმში. აზრი არ უბრალოდ ვალის მოხდის მიზნით კეთებას, საჭიროა ჩართულობა, საჭიროა განცდა, გაგება, ემოციების სიღრმეში გატარება.
ეს არის მოკლე სია იმ მიზეზებისა, რომელიც თქვენ გიჩენთ შეგრძნებას რომ მუშაობთ და რეზულტატი არ გაქვთ. სია თვითანალიზის გაღრმავებასთან ერთად იზრდება. ყველა პუნქტის მიღმა შეიძლება სერიოზული ფსიქოლოგიური მუხრუჭი იდგეს, რომელსაც აუცილებლად სჭირდება ძალიან, ძალიან ბევრი მუშაობა და თუ თქვენ დროს და ნებისყოფას არ დაიშურებთ, აუცილებლად მიიყვანთ ბოლომდე.
მილა ბერულევა
კლინიკური ფსიქოლოგი
გეშტალტ კონსულტანტი