რა თქმა უნდა, ეს არ ეხება მხოლოდ მშობლებს, ეხება ყველა ახლობელს – ცოლებს, ქმრებს, ძმებს, დებს, შვილებსა და მეგობრებს, თუმცა პირველ რიგში ყველაფერი იწყება მშობლით.
ახლობლების მიერ დაშვებულ შეცდომებსაც ლომის წვლილი მიუძღვით სიტუაციის შექმნასა და კიდევ უფრო გაუარესებაში.
ამის წაკითხვა არცერთ მშობელს აწყენს, თავის დაზღვევის მიზნით, თუმცა განსაკუთრებით ეხებათ მათ, ვისი ბავშვებიც ალკოჰოლიზმისა და ნარკომანობისკენ არიან მიდრეკილნი. მაშ, ასე 10 შეცდომა, რომელსაც თქვენ უშვებთ:
- ფულის მიცემა მათთვის
ბევრი მშობელი ამ გზით პრობლემას აგვარებს: მას არ ჩასვამენ ციხეში, არავინ სცემს, არ იქურდებს…. თუმცა ავიწყდებათ მთავარი: ამ გზით მას საშუალებას აძლევენ გამოიყენოს ნარკოტიკები და ალკოჰოლი, რითაც აჩქარებენ მის სიკვდილს.
- ვალების გადახდა მათთვის
ის უკვე ზრდასრულია, თუკი პასუხისმგებლობას იღებს, თავადვე უნდა გაუმკლავდეს. ამ გზით მისი ქმედების წახალისებას ახდენთ. ისესხებს, გადაუხდით, ისესხებს გადაუხდით და ასე დაუსრულებლად. არ გააკეთოთ ეს.
- კომფორტის შექმნა
როცა სასწავლებლიდან ან სამსახურიდან რეკავენ სახლში, რომ იგი არ გამოცხადებულა, ახლობლები იტყუებიან, ხელს აფარებენ (ავად არის, ახლობელი დაგვეღუპა…). იხდიან ფულს, რომ იქედან არ გამოაგდონ, პოულობენ ნაცნობებს, რომ სამსახური შეუნარჩუნონ. შეწყვიტეთ! აცადეთ შეეჯახოს რეალობას და თავად მოაგვაროს პრობლემა.
- ძვირფასი ნივთების და ფულის უყურადღებოდ დატოვება სახლში
ნუ დაყრით სახლში ძვირფას სამკაულებს და ნუ დადებთ საფულეს გამოსაჩენ ადგილას. ისინი გაქრებიან. ყველაფერი დამალეთ. საჭიროა გაიაზროთ რომ ეს დაავადებაა, ამიტომ თხოვნა, სინდისის გაღვიძების მცდელობა მასში და ნდობის გამოცხადება ვერავითარ შედეგს მოგცემთ.
- თქვენით მანიპულირების უფლების მიცემა
იგი ათასგვარ მიზეზ მოიგონებს, რომ ფული დაგტყუოთ. ხან გემუდარებათ, ხან გეჩხუბებათ, ხან თავს გაცოდებთ, ხან გემუქრებათ… გპირდებათ რომ ეს უკანასკნელად ხდება… გამორთეთ ყოველგვარი ემოცია. არავითარი სიბრალული, თუ მართლა გებრალებათ. იყავით მტკიცე და შეუვალი, თ გინდათ იხსნათ.
- თქვენთვის კომფორტის დარღვევის უფლების მიცემა
ახლობლების უმეტესობა ფეხის წვერებზე იწყებს ხოლმე სიარულს. ერიდებიან – ცდილობენ არ გააღიზიანონ. ნარკომანი და ალკოჰოლიკი ბავშვების უმეტესობა ბავშვობიდან გათავხედებული ბავშვები არიან, რომელსაც ყველაფრის უფლებას აძლევდნენ მშობლები… აი, ოღონდ შენ იყავი კარგად და….მშობლები მშვიდობის შენარჩუნებას ცდილობენ ნებისმიერ ფასად. ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის ფასადაც. ყველაფერში საკუთარ თავს ადანაშაულებენ.
ბავშვმა უნდა იცოდეს ვინ არის სახლში უფროსი. უნდა იცოდეს, რომ წესებს თქვენ ადგენთ. იგი პატივს უნდა გცემდეთ. ნუ მოერიდებით. გამოხატეთ თქვენი აზრი, უკმაყოფილება. უთხარით რომ არ ეთანხმებით, რომ თქვენ სხვა სურვილები, სხვა საჭიროებები გაქვთ და თუ თქვენთან ერთად ცხოვრება უნდა, ეს უნდა გაითვალისწინოს.
- მოქრთამვა/განებივრება
ტირიან, წივიან, კივიან, ჩხუბობენ, უყენებენ მოთხოვნებს და მეორე დღესვე, სანამ რაიმე ძვრებს შენიშნავდნენ და ცვლილებებს მის ქცევაში ყიდულობენ მისთვის… მაგალითად, მანქანას, ძვირფას საათს, ტელეფონის უკანასკნელ მოდელს… ყიდულობენ მისთვის ტანსაცმელს, უკეთებენ საჩუქრებს. გაუპირდით: თუკი ახალი მანქანა გინდა (ან ტელეფონი, ან საათი… მნიშვნელობა არ აქვს) , რამდენიმე თვიან რეაბილიტაციას გაივლი!. ეს მოტივაციაა. საჩუქრები მის მოტივაციას კლავს. ზოგადად, მსგავსი მიდრეკილებების მქონე ადამიანებს ყველაზე მეტად მოტივაცია აკლიათ ხოლმე და თქვენ ცეცხლზე ნავთს ასხამთ! შეწყვიტეთ! თუ გინდათ საკუთარი შვილის გადარჩენა!
- დაპირების არ შესრულება
ემუქრებიან, რომ ფულს აღარ მისცემენ, არაფერს უყიდიან, ხმას არ გასცემენ, ვალებს არ გადაუხდიან, აღარ გამოათრევენ ციხიდან, სახლში აღარ შემოუშვებენ… მაგრამ მან ზუსტად იცის, რომეს ყველაფერი ცარიელი სიტყვებია, რადგან არასდროს ასრულებთ დაპირებას. მისთვის ეს არაფერს ნიშნავს. ალკოჰოლიკებს და ნარკომანებს თავმოყვარეობა არ აქვთ. ამ სიტყვებს ერთი ყურიდან მეორეში გაუშვებენ და ისევ ისე მოიქცევიან, რადგან იციან, შემსრულებელი არ ხართ.
ნუ დაჰპირდებით იმას, რის გაკეთებასაც ვერ მოახერხებთ და თუ დაჰპირდით, სიტყვა შეასრულეთ.
- ალკოჰოლის ერთად მოხმარება
ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ თუკი მათი შვილი ნარკომანია, ნარკოტიკი არ შეიძლება, მაგრამ ალკოჰოლი შეიძლება. ხოლო თუ ალკოჰოლიკია, მაშინ მხოლოდ დღესასწაულებზე შეიძლება, ან ლუდი რა მოხდა… დაიმახსოვრეთ, ეს არის ავადმყოფობა. მისთვის არ შეიძლება წვეთი ალკოჰოლიც კი. ,,სჯობს რომ სახლში დალიოს, ვიდრე ქუჩის კუთხეში?“ სახლშიც დალევს და ქუჩის კუთხეშიც. არ მისცეთ მათ უფლება თქვენს თვალწინ დაკავდნენ ამით, მით უმეტეს თქვენთან ერთად და თქვენც მოერიდეთ სახლში დღესასწაულების აღნიშვნას.
- პრობლემების უარყოფა
მშობლებს უჭირთ იმ ფაქტის მიღება, რომ მათი სანუკვარი შვილი ნარკომანი ან ალკოჰოლიკია. მზად არიან დაადანაშაულონ საკუთარი თავი, რომ პირობები ვერ შეუქმნეს, უსამართლო სამყარო, მისი შეყვარებული, მეუღლე, საზიზღარი უფროსი. საწყალი ბავშვი, ვერ აეწყო ცხოვრება, არ გაუმართლა, თორემ ასე იქნებოდა? იქმნიან ილუზიას, რომ ეს დროებითია. უბრალოდ განტვირთვისთვის აკეთებს. ის ასეთი არ არის, რადგან აი, მუშაობს, სწავლობს. დილიდან ხომ არ სვამს. გუშინ ხომ არ დაულევია, ერთი თვეა არ გაუკეთებია….
თვალი გაუსწორეთ სიმართლეს: იგი ალკოჰოლიკია/ ნარკომანია! და არავინ დამნაშავე არ არის! უფრო უარეს პირობებსაც უძლებენ სხვები! რაც უფრო მალე მიღებთ ამ ფაქტს რეალობად, მით უფრო მალე დაიწყებთ რეალური ნაბიჯების გადადგმას მის ნორმალურ ყოფაში დასაბრუნებლად.
- მისი გამართლების მცდელობა
რა მოხდა, ყველა სვამს, ასეთი დროა. ასეთი ახალგაზრდობა მოდის. კაცია და დალევს. სხვები უარეს დღეში არიან. უარესებიც ხდება. ამისთანა ცოლის ხელში, ამისთანა ქმრის ხელში, ამისთანა უფროსის ხელში კიდევ კარგად არის. მიზეზები უამრავი შეიძლება მოიძებნოს.
თავს ნუ იტყუებთ!
- თვალების დახუჭვა მის ქცევებზე
ბევრი არ იმჩნევს ამ ყველაფერს, თითქოს ამით პრობლემები გაქრებოდეს. თავისთვის ზის და ჩუმად ტირის. ნუ მალავთ იმას, რომ იცით. გამოხატეთ თქვენი დამოკიდებულება მის ქცევებთან დაკავშირებით, გამოხატეთ წყენა, შიში, ბრაზი, სირცხვილი და ტკივილი. თვითონაც ნუ დაიავადებთ თავს ამ პრობლემის იგნორირების მცდელობაში – ბევრი მუსაობა, დამამშვიდებლები და ა.შ.
გამოხატეთ საკუთარი თავი თავისუფლად.
- საკუთარი თავის დადანაშაულება
ჩემი ბრალია, ყურადღებას ვერ ვაქცევდი.. თქვენი ბრალი ის არის, რაზეც ამ სტატიაში ვსაუბრობთ, მეტი არაფერი. თუ არ შეწყვეტთ საკუთარი თავის დადანაშაულებას და მის ჩაყენებას მსხვერპლის როლში, ამას თქვენით მანიპულირებისთვის გამოიყენებს.
გახსოვდეთ – თქვენ ყველაფერი გააკეთეთ, რაც შეგეძლოთ. შეცდომებს ყველა ვუშვებთ. სხვები საერთოდ უპატრონოდ იზრდებიან და ასე არ ფუჭდებიან. თქვენი ეს დამოკიდებულება იყო ერთადერთი შეცდომა მის აღზრდაში.
- კონტროლის მცდელობა
ჯიბეების ქექვა, პირადი საუბრებისთვის ყურისგდება. პირადი წერილების კითხვა. მისი ტელეფონის შემოქმება. კონტაქტების ამოწერა. რა ჯანდაბაში გჭირდებათ? ხომ იცით, რომ ნარკომანია? რად გინდათ მტკიცებულებები? არაფრად! იგივეა ავადმყოფი ყოველ წუთას ამოწმო არის თუ არა ავად, როცა დიაგნოზი ხელში გიჭირავს. ეს კონტროლის ილუზიაა. სიტუაციას ამით ვერ მართავთ, უბრალოდ თქვენ წინააღმდეგ განაწყობთ და ჯინზე უარესს გააკეთებს.
მიიღეთ ფაქტი, რომ თქვენ მის ცხოვრება ვერ გააკონტროლებთ.
- საკუთარი მოთხოვნილებების დავიწყება
თქვენ არაფერი გიხარიათ, საკუთარ თავს და ცხოვრებას ისე ექცევით, როგორც ფეხის შესაწმენდ ტილოს. საკუთარ თავს მისი პრობლემების მოგვარებას უძღვნით… არადა რაც უფრო მეტს აკეთებს, ისინი უფრო და უფრო მეტად მძიმდება და რთულდება.
დაიმახსოვრეთ – ეს მისი ისტორიაა და არა თქვენი! თქვენ არ გაქვთ უფლება დაივიწყოთ საკუთარი თავი! თუ ამას გააკეთებთ, მაშინ მთელი თქვენი მცდელობა აზრს დაკარგავს!. თუკი თქვენ ცხოვრობთ მისი ცხოვრებით, მან როგორღა იცხოვროს?
- თავის მოტყუება, რომ ყველაფერი თავისით გაივლის
როცა პატარა იყო და თითებს შტეფსელში ყოფდა იდექით და ფიქრობდით, ერთ დღესაც თავისით შეეშვებაო? როცა 40 ჰქონდა სიცხე, ელოდით როდის დაუწევდა თავისით? ბევრი არაფერი შეცვლილა. იგი ისევ ინფანტილურად დარჩა და ახლა ავადაა. თქვენ მის გამოჯანმრთელებაში დიდი როლი უნდა ითამაშოთ.
- უიმედობა
არასდროს დანებდეთ. გამოსავალი ყოველთვის არსებობს. თუკი მას სურს რომ გაუმკლავდეს დაავადებას, მხარში დაუდექით, თუ არ სურს თავად იმოქმედეთ. დაუკავშირდით შესაბამის ცენტრებს და გაიარეთ პროფესიონალური კონსულტაცია.
- გაუსწორეთ თვალი საკუთარ შეცდომებს
დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენ ჭკვიანი, მოსიყვარულე ადამიანი ხართ, რომელსაც მხოლოდ კარგი სურს საკუთარი ოჯახისთვის, თუმცა მიუხედავად ამის შეიძლება უშვებდეთ ამ შეცდომებს. გაითვალისწინეთ და ყველაფერი გამოგივათ!
წარმატებებს გისურვებთ!
Comments are closed.