7 დოკუმენტური ფილმი, რომელიც სხვანაირად დაგანახებთ სამყაროს

0
5347

დოკუმენტური ფილმები სხვა ყველა ფილმებს შორის ყველაზე დიდ და უნიკალურ ძალას ფლობენ. ისინი გვეხმარებიან  გავერკვეთ ამ რთულ და კომპლექსურ სამყაროში, იმ გაუგებრობაში, რომელშიც ვცხოვრობთ!. ჩვენ გთავაზობთ დოკუმენტური ფილმების სიას, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოს ყველა ადამიანმა, რომელსაც უფრო მეტის გაგება სურს სამყაროზე, რომელშიც მოხვდა:

7. დროთა სულები (Zeitgeist) – ტრილოგია

ეს ფილმი გლობალურ გამოღვიძებას ისახავს მიზნად. მასში უამრავი თეზისია, რომელიც შესაძლოა ერთდროულად ძალიან რეალურად და არარეალურად მოგეჩვენოთ. ბევრი ფაქტი დამტკიცებული არ არის, რამაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.  ეს არის დისკურსი თანამედროვე სამყაროს უდიდეს შეთქმულებებში: ბანკები, ფული, რელიგია და პოლიტიკა. გლობალური ტირანია, რომელზეც ფილმის შემქმნელებს სურთ თვალი აგიხილონ. ეს ფილმი არ არის ყველასთვის: მის სანახავად მზად უნდა იყოთ. რჩებით გაოგნებული და კიდევ უფრო მეტ ცოდნას მოწყურებული.

6. მე ვარ – I am

ტომ შედიაკი – შესანიშნავი იუმორის პატრონი და ავტორი ისეთი ფილმებისა, როგორებიცაა: ეის ვენტურა, ყოვლისშემძლე ბრიუსი, შეშლილი პროფესორი და ა.შ. 2007 წლის საგზაო შემთხვევის შემდეგ მუდმივი თავის ტკივილებით და სინათლისადმი მგრძნობელობით იტანჯება. ტომი იძულებული იყო 6 თვე სრულ სიბნელეში საწოლს მიჯაჭვულს გაეტარებინა.

გამოჯანმრთელებულმა ტომმა სულ სხვა თვალით დაინახა ცხოვრება და გადაწყვიტა დოკუმენტურ ჟანრშიც ეცადა ბედი. იმ შეკითხვებზე პასუხის გაცემას, რომელიც ცხოვრების შესახებ გაუჩნდა, იგი დოკუმენტური ფილმების სამყაროში თავისი დებიუტით შეეცადა. ,,რა სჭირს სამყაროს? ” ,,რით ვუშველოთ?’ აქ ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურების, ძალიან საინტერესო მოსაზრებებს მოისმენთ. ,,მე ვარ” ასე ქვია ფილმს, რომელიც საკმაოდ მსუყე და გემრიელ საკვებს წარმოადგენს ნებისმიერი განვითარებული ადამიანის ტვინისთვის.

 

5. სამსარა

ცხოვრების მარადიული  ციკლი: დაბადება, ზრდა, დაბერება, სიკვდილი და განახლება. ეს არ არის დოკუმენტური მისი ტრადიციული ფორმით – ეს რაღაც არავერბალური, სრულიად ახლებური ცხოვრებისეული გაკვეთილია. ერთგვარი მედიტაცია, ფილმი, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა ნახოს, თუ გვინდა რომ სამყარო ცოტა იმაზე უკეთესი გახდეს, ვიდრე ახლაა. იგი საოცარ ძვრებს იწვევს ადამიანის ფსიქიკაში, ახდენს მის სულიერ დონეზე გარდაქმნას. გენიალური კადრები და გენიალური მუსიკა – ენა, რომლისაც ერთნაირად ესმის ყველას.

 

4. დედამიწელები – Earthlings

გინდათ აზრი 20 წუთში შეიცვალოთ? ფილმი, რომლის ყურების შემდეგაც შეუძლებელია დარჩეთ ისეთივე, როგორიც იყავით. რეალობა, რომლისთვისაც თვალის გასწორება არ გვსურს, სისასტიკე, რომელზეც ვდილობთ არ ვიფიქროთ სანამ სრული დრამატულობით არ აგვაფარებენ ცხვირზე.

ვინ ვართ ჩვენ, ადამიანები და რა უფლება გვაქვს მოვითხოვოთ ჩვენზე ძლიერისგან შემწყნარებლობა და სიკეთე, როცა თავად ასეთი სასტიკები და შეიძლება ითქვას სადისტებიც კი ვართ, ჩვენზე სუსტების და ჩვენზე დამოკიდებულების მიმართ? გიფიქრიათ ამაზე? თუ არ გიფიქრიათ ნახეთ და მოემზადეთ ძვრებისთვის, თუ გიფიქრიათ და მაინც ნახეთ და გაუზიარეთ სხვებსაც.

3. Cowspiracy

თუკი არსებობს აუცილებლად სანახავი ფილმების სია, ეს ფილმი პირველ ადგილზე უნდა იყოს. გლობალური დათბობა – რა იწვევს მას და რა უნდა გავაკეთოთ, რომ რეალური კატასტროფის წინაშე არ დავდგეთ. ინფორმაცია, რომელიც ძალიან ცოტას აქვს. საშინელი სიმართლე, რომელიც შენ გეხება. ეს ფილმი ქართულად არ დევს ინტერნეტ სივრცეში, ამიტომ რუსულად გათავაზობთ.

2. ცხოვრება ერთ დღეში

ეს არის ძალიან ორიგინალური ფილმი. კონცეფცია: ერთი დღე პლანეტა დედამიწაზე – youtube-ზე ატვირთული ვიდეოების ბაზაზე დაყრდნობით. შენი გადაღებული ფილმი, რომლის პროდიუსერიც რიდლი სკოტია. იგი საოცარი ერთიანობის, კავშირის განცდას ტოვებს, სიყვარული, რწმენა და იმედი. რჩებით უკეთესი მომავლის განცდით აღვსილი.

1. რევოლუცია

ეკოლოგიური კოლაფსი, რომლის წინაშეც ვდგავართ შენი ბრალია, ჰო, შენი დაუფიქრებელი ქმედებების. შენ წყვეტ ამ სამყაროს ბედს, თითეული შენი მოქმედება. რა დაგიტოვეს შენ მემკვიდრეობით და რას უტოვებ შენ შენს შვილებს, მომავალ თაობას. ეს არის ფილმი, რომელიც უნდა გახდეს სავალდებულო სკოლებისა და უნივერსიტეტებში. ფილმი, რომელიც ყველამ უნდა ნახოს, რომელზეც ყველამ უნდა იმსჯელოს, რომელზე საუბარიც არ უნდა შეწყდეს, რომელმაც უნდა შესცვალოს ჩვენი ქმედებები და ამ გზით გადაარჩინოს სამყარო. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ გვინდა თუ არა გადარჩენა!