საინტერესოა, მაინც როგორ გვიყვარდება? ბიოლოგიური კანონები გვეუბნებიან, რომ ჩვენი გრძნობები მხოლოდ სწრაფადწარმავალი ქიმიური პროცესების შედეგია, რომლის ხანგრძლივობა მხოლოდ სამი წელია.
რთულად მისაღები და აღსაქმელია ფაქტი, რომ გენეტიკური დაპროგრამების შედეგია გრძნობები და მთელი მათი ლოგიკა, მაგრამ სასიყვარული ქცევები სწორედ მილიონობით წლის მანძილზე ევოლუციის შედეგად ჩამოყალიბდა.
,,ეს მართლაც ასეა — აცხადებს ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი სერგეი საველევი — რომანტიკისათვის ჩვენს შორეულ წინაპრებს არ ჰქონდათ დრო, მათი მთავარი მიზანი მტაცებლებისაგან გადარჩენა და გამრავლება იყო.”
სწორედ ამ საჭიროებებმა შექმნა მათი წყვილებად გაერთიანების აუცილებლობა — ერთდროულად ბავშვის მოვლა, მისთვის საკვების მოპოვება და მტაცებლებისაგან თავის დაცვა მხოლოდ ერთ ინდივიდს არ შეეძლო. თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, ქალსა და მამაკაცს ერთად ყოფნის მეტი მიზეზი უნდა ჰქონოდა და სწორედ ასე წარმოიქმნა სიყვარული. ეს ახალი შეგრძნება ერთმანეთით აღფრთოვანების ეიფორიას და ერთად ცხოვრების სურვილს ამძაფრებდა იმ ხარისხით, რომ დაშორების გამო ისინი იტანჯებოდნენ კიდეც.
,, ტვინში მიმდინარე ქიმიური პროცესები პირდაპირი მნიშვნელობით აბრმავებდა მათ, ვერ ამჩნევდნენ ერთმანეთის ნაკლოვანებებს, შეიგრძნობდნენ მთლიანობას და სისრულეს, სრულიად ხდებოდნენ დამოკიდებულნი პარტნიორზე.” — ფრანგი ნეირობიოლოგი ლუსი ვინსანი.
ამ შეგრძნების სიძლიერეს თავისი ვადა ჰქონდა – 3 წელი. ამ დროში ბავშვი წამოიზრდებოდა და აღარ იყო ისეთი უსური როგორც თავიდან. ,, ბავშვის გადარჩენისთვის უკვე ერთი მშობელიც საკმარისი იყო — აღნიშნავს სერგეი საველევი — რატომ უნდა დარჩენილიყვნენ ერთად, როცა გამრავლება-გადარჩენის ამოცანა უკვე შესრულებული იყო? ევოლუციური პროცესების თვალსაზრისით ასეთი კითხვა სრულიად ლოგიკურად ჟღერს.”
ჰორმონების ძალაუფლება
,, ისევე როგორც ძველ დროში, ადამიანის სასიყვარულო გრძნობებს მართავს მისი გონება.– ამბობს საველევი — ყველაფერი ეს ხდება საკუთარი გენის გადარჩენისათვის. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იგი, ამიტომ გონება გვაიძულებს მოვიქცეთ ისე, რომ ეს მიზანი მაქსიმალურად წარმატებულად განხორციელდეს.”
რატგერსის უნივერსიტეტის ანთროპოლოგი ჰელენ ფიშერი 30 წლის განმავლობაში იკვლევდა სასიყვარულო ქიმიის ბუნებას. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ სასიყვარულო პროცესის განსხვავებული ეტაპები ( რომანტიკული ემოციების ეტაპი, გაცილებით ხანგრძლივი მიჩვევა-სითბო, მიჯაჭვულობა.) ნევროლოგიური და ბიოქიმიური მახასიათებლებით განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ ყველა მათგანს თან ახლავს ჰორმონალური ფონის ზრდა. შეყვარებულობის გრძნობა დაკავშირებულია ანდროგენებსა და ესტროგენებთან. სტაბილური სასიყვარულო კავშირი — დოპამინთან, ნორადრენალინთან და სეროტონინთან. მიჯაჭვულობის გრძნობა — ოქსიტოცინთან და ვაზოპრესინთან.
როდესაც ტვინის მუშაობა ნორმალიზდება და უბრუნდება თავის ნორმალურ ცხოვრებისეულ რიტმს, ჰორმონები წყვეტენ პარტნიორზე ემოციური დამოკიდებულების სტიმულირებას. ამ მომენტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჰორმონი ოქსიტოცინი, ის თითქოს ეხმარება წყვილს ურთიერთობაში წარმოქმნილი კრიზისების დაძლევაში. მისი დონე სისხლში იზრდება, როცა წყვილი ეალერსება ერთმანთს, კოცნიან, კავდებიან სექსით ან სულაც მშვიდად საუბრობენ ვახშამის დროს. ოქსიტოცინი ახდენს იმუნური სისტემის სტიმულირებას, ანელებს გულის ფეთქვას, ამის წყალობით ჩვენი სხეული დუნდება და გვეუფლება სისრულისა და მთლიანობის ღრმა შეგრძნება. ,,შეყვარებულობა გვაიძულებს ფოკუსირებას ერთ კონკრეტულ ადამიანზე, ასე ვახდენთ დროისა და ენერგიის ეკონომიას, — ამბობს ჰელენ ფიშერი — ხოლო მიჩვეულობის შეგრძნება გვიბიძგებს ერთ პარტნიორთან ხანგრძლივი თანაცხოვრებისაკენ.”
ამიტომ ის წყვილი, რომელიც ინარჩუნებს სითბოსა და სინაზეს ურთიერთობაში, სამი წლის შემდეგაც განაგრძობს თანაცხოვრებას. ისინი ემოციური დამოკიდებულებებისაგან თავისუფლდებიან და უკვე აღარ აქვთ მოთხოვნილება ყველა წუთი ერთმანეთის გვერდით გაატარონ. მშვიდი ბედნიერების შეგრძნებაც მიღწეულია. შესაძლოა სწორედ ამ მომენტიდან იწყება ნამდვილი სიყვარული, რადგან გენეტიკური ფუნქცია უკვე შესრულებულია. ამ ეტაპზე პარტნიორებს უყვართ არა გამოგონილი, არამედ სწორედ ის ადამიანი, რომელიც მათ გვერდითაა, თავისი ნაკლით და ღირსებით — ჩვეულებრივი, რეალური პერსონები. ეს გრძნობა უკვე დაცლილია ქიმიური ეიფორიისაგან და ადამიანები დგანან ერთმანეთის პირისპირ. ამ შემთხვევაში ინდივიდების პიროვნული განვითარების ხარისხი წყვეტს ყველაფერს.
Comments are closed.