3 მწარე სიმართლე სიყვარულზე

0
4095

1) სიყვარული ყოველთვის ვერ იქნება წყვილს შორის ჰარმონიული შეთავსების გარანტი.

მხოლოდ ის ფაქტი, რომ ვიღაც შეგიყვარდათ არ მიანიშნებს თქვენი ურთიერთობის გამძლეობაზე. სიყვარული ემოციური პროცესია, შეთავსება – ლოგიკური. სულაც არ არის აუცილებელი მათ ერთმანეთი გადაკვეთონ. შესაძლოა შეგიყვარდეთ ადამიანი, რომელიც კარგად არ გექცევათ, გაიძულებთ იფიქროთ საკუთარ თავზე ცუდად, არ გცემთ პატივს და ითხოვს პატივისცემას, ან იმდენად მოუწესრიგებელი ცხოვრების წესი აქვს, რომ თქვენს რეალობაშიც ყველაფერს აყენებს თავდაყირა.
შესაძლოა შეგიყვარდეთ ისეთი ადამიანი, რომელსაც სულ სხვა ინტერესები და ამბიციები აქვს, ან მისი ფილოსოფიური წარმოდგენები და მსოფლმხედველობა წინააღმდეგობაში მოდის რეალობის თქვენეულ აღქმასთან. პარადოქსია, მაგრამ ასევე დიდი შანსია საყვარელი ადამიანი სასიცოცხლო ძალებს და ბედნიერების შეგრძნებას გაცლიდეთ.

არის შემთხვევები, როდესაც ურთიერთობები იწყება მიუხედავად ამ განსხვავებებისა, ემოციას ლოგიკაზე წინ აყენებენ, რადგან ეს ეჩვენებათ უფრო მართალ გადაწყვეტილებად. გადის ნახევარი წელი და თითქოს ხელახლა აღმოაჩენენ, რომ ერთი მხარე ქრისტიანული ცხოვრებით ცხოვრობს, მეორე მხარე კი ბისექსუალი და ნარკომანია. მერე უცებ უკან მოიხედავენ და დასვამენ კითხვას – ,, საიდან გაფუჭდა ურთიერთობა?” სინამდვილეში მოვლენების ამგვარი განვითარება სრულიად მოსალოდნელი იყო.
პარტნიორის ძებნისას მხოლოდ გულით არ იმოქმედოთ, ჩართეთ გონება. ყველას გვაქვს სურვილი ვიპოვნოთ ადამიანი, რომელიც მუცელში პეპლებს აგვიფრენს და გულს აგვიჩქარებს, მაგრამ ამასთან უნდა დააკვირდეთ როგორ ექცევა იგი ადამიანებს, როგორი ამბიციები და შეხედულებები აქვს, რადგან თუ ისეთი ადამიანი შეგიყვარდათ, რომელიც არ შეგეფერებათ, უსიამოვნო სიურპრიზები გელით.

2) სიყვარული ვერ მოაგვარებს პრობლემებს ურთიერთობაში.

შეყვარებულ ადამიანს ეჩვენება, რომ მის გრძნობებს ყველაფრის დაძლევა შეუძლია. სინამდვილეში პრობლემები თქვენი ამაღლებული შეგრძნებების ხათრით თავისით არ მოგვარდება. ამისათვის საჭიროა გონივრული ქმედება. მთელი ეს პროცესი მოიცავს დასაძლევი ამოცანის გააზრებას, სტაბილურ და თანმიმდევრულ მოქმედებას, რაც ლოგიკურად მიგიყვანთ მის გადაწყვეტამდე. ნებისმიერ წინააღმდეგობას სწორი ტაქტიკა და მიზანმიმართული მოქმედება სჭირდება, მხოლოდ ამას შეუძლია გაგრძნობინოთ ფეხქვეშ მყარი ნიადაგი. სიყვარულის ეიფორია როგორც შეგრძნება ამაღლებულია, მაგრამ მის გამო რეალობის აღქმა არ უნდა დაკარგოთ.

3) სიყვარული ყოველთვის არ ღირს იმად, რომ ყველაფერი მსხვერპლად გაიღო.
სიყვარულის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია მეტი ფიქრი სასურველ ადამიანზე და მის საჭიროებებზე , ვიდრე საკუთარ თავზე. ურთიერთზრუნვა ნორმალურია, როდესაც პარტნიორის გამო უარს ამბობ ზოგიერთ საჭიროებასა და სურვილზე, დაუნანებლად ხარჯავ დროს მისთვის. ეს სრულიად ადეკვატურია და სწორედ ასეთი ურთიერთდამოკიდებულება ხდის ამ გრძნობას განსაკუთრებულს. მაგრამ აქ არის ერთი კითხვა, რომელსაც საკმაოდ იშვიათად სვამენ — რას იღებთ მსხვერპლად საყვარელი ადამიანის გამო და ღირს კი ეს ამდენად?

არ შეიძლება მსხვეპრლად გაიღოთ:

  • პიროვნულობა და ინდივიდუალიზმი.
  • საკუთარი თავის პატივისცემა და ღირსების შეგრძნება.
  • სასიცოცხლო რესურსი და ფიზიკური ჯანმრთელობა .
  • ცხოვრებისეული მისწრაფებები და მიზნები.

სასიყვარული ურთიერთობა ვერასოდეს ჩაანაცვლებს ადამიანის ინდივიდუალიზმს, ამიტომ უმჯობესია ავსებდეს მას და არ უქმნიდეს ხიფათს. თუ ჩვენ თავდაუზოგავად ყველაფერს გავიღებთ, საბოლოოდ დავკარგავთ საკუთარ პიროვნულობას და მხოლოდ აჩრდილიღა დავრჩებით იმ ადამიანის, რომელიც ოდესღაც ვიყავით.

დაბოლოს, დაიმახსოვრეთ შემდეგი — სიყვარულისაგან სრული სიამოვნების მისაღებად უნდა იპოვნოთ გაცილებით მნიშვნელოვანი რამ, ვიდრე სიყვარულია.
თქვენ შეიძლება შეგიყვარდეთ ბევრი განსხვავებული ადამიანი ცხოვრების მანძილზე. შესაძლოა გიყვარდეთ ისეთი ვინც შეგეფერებათ და ისეთიც ვინც არ არის თქვენთვის განკუთვნილი, თქვენ შესაძლოა გაეხვეთ მარტივ ან რთულ სასიყვარული თავგადასავლებში. შესაძლოა გიყვარდეთ ახალგაზრდასაც და მოხუცსაც.
სიყვარული არც უნიკალურია და არც იშვიათი. გაცილებით დეფიციტურია თვითპატივისცემა, ღირსების შეგრძნება და ნდობის უნარი. სიყვარული რამდენჯერმე მობრუნდება თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ დაკარგული თვითშეფასების, ღირსების და ნდობის უკან დაბრუნება ძალიან გაგიჭირდებათ.

სიყვარული საოცარი და ყველაზე შთამბეჭდავი ცხოვრებისეული გაკვეთილია, იგი ყველამ უნდა გამოსცადოს და დატკბეს, მაგრამ როგორც სხვა ნებისმიერი გამოცდილება, ის შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. არცერთ გამოცდილებას არ მისცეთ სტერეოტიპებისა და ცუდი მოლოდინების ჩამოყალიბების, იდენტობის დაკარგვისა და საკუთარ თავთან გაუცხოების უფლება, რადგან შედეგად დავკარგავთ პიროვნულობას. თუ არ ვარსებობთ როგორც პიროვნება, მაშინ რაღას წარმოადგენს ჩვენი სიყვარული? გახსოვდეთ, სრულფასოვნად ცხოვრება გვჭირდება მეტად, ვიდრე სიყვარული.
სიყვარული მშვენიერი, აუცილებელი და განსაკუთრებულია, მაგრამ მხოლოდ სიყვარული საკმარისი არ არის.