ფროიდი vs იუნგი – რაზე შეთანხმდნენ და რაზე ვერ შეთანხმდნენ ფსიქოლოგიის მამები

0
5714

მასწავლებლის წინაშე ყველაზე ცუდი  ვალმოხდა მუდმივად მოსწავლედ დარჩენაა. თქვენ პატივს მცემთ, მაგრამ რა მოხდება თუ ერთ დღეს თქვენი პატივისცემა დაეცემა? გაფრთხილდით დაცემულმა ძეგლმა ქვეშ არ მოგიყოლოთ! თქვენ საკუთარი თავიც არ გყავდათ ნაძებნი, როცა მე მიპოვეთ! ასე ემართებათ მორწმუნეებს – ახლა მე გიბრძანებთ დამკარგოთ და საკუთარი თავი იპოვოთ; და  როცა მთლიანად უარმყოფთ მე, მხოლოდ მაშინ დავბრუნდები თქვენთან. – ფრიდრიხ ნიცშე; 1912

 

ფსიქოლოგიის სამყარო კარლ იუნგმა და ზიგმუნდ ფროიდმა შექმნეს. მათმა თეორიებმა, თუნდაც განსხვავებულებმა, უდიდესი გავლენა მოახდინა ჩვენს შეხედულებებზე ადამიანის შესახებ და მათი პრაქტიკული აღმოჩენები ბაზისად უდევს თანამედროვე ფსიქოლოგიას დღემდე.

მათი გზები თავიდანვე სხვადასხვა არ იყო. ყველაფერი ინტელექტუალური მეგობრობით დაიწყო. მათ საერთო ინტერესი ჰქონდათ – ადამიანის ფსიქიკის კვლევა. ისინი ერთად ჩაებნენ ფსიქოანალიტიკურ მოძრაობაში. თუმცა 31 წლის იუნგისთვის ფროიდი არამარტო პატივცემული კოლეგა, არამედ ერთგვარი მამის ფიგურაც კი გახლდათ, რომელთანაც თავისუფლად შეეძლო გულის და გონების გახსნა.  ფროიდი იუნგის მასწავლებლად იქცა, მაგრამ მალე მათი გზები გაიყო. ისინი რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ. რა იყო ამ დაპირისპირების მიზეზი და ვინ მოიგო? ამაზე ქვემოთ, მანამდე კი ორთაბრძოლის მონაწილეებს გავეცნოთ!

 

ზიგმუნდ ფროიდი – ორი სიტყვით!

 

20150408020620ზიგიზმუნდ (ეს არის მისი დაბადების სახელი) ფროიდი 1856 წლის 6 მაისს დაიბადა ამჟამად ჩეხეთის რესპუბლიკის ერთ პატარა ქალაქში. იგი ღარიბ, ებრაულ ოჯახში აღიზარდა. ჯერ იურისტობას აპირებდა, მაგრამ მერე აზრი შეიცვალა და გადაწყვიტა მედიცინას დაუფლებოდა. სწავლის დამთავრების შემდეგ ვენის ზოგადი ჰოსპიტალის ფსიქიატრიულ კლინიკაში დაიწყო მუშაობა. კლინიკა ნახევრად დანგრეულ შენობაში ფუნქციონირებდა, თუმცა საუკეთესო ექიმებით იყო დაკომპექტებული. ფსიქიატრია ამ დრო სულაც არ იყო მენტალური სიჯანსაღის ფსიქოლოგიური კომპონენტი, იგი უბრალოდ ტვინის ანატომიური სტრუქტურის ქცევას სწავლობდა.

პარიზის სალპეტრიერის კლინიკაში 4 თვის გატარების შემდეგ ფროიდი ისტერიით და ჰიპნოზით დაინტერესდა, მიატოვა ვენის საავადმყოფო და კერძო პრაქტიკა დაიწყო ნერვული და ტვინის დაავადებების სპეციალიზაციით. იგი თავის კოლეგასთან იოსეფ ბრეურერთან ერთად ისტერიით დაავდებული პაციენტების ტრავმული ისტორიების შესწავლას შეუდგა. 1895 წელს მათ საერთო ნაშრომი შექმნეს და განავითარეს იდეები, რომლებიც ფსიქოანალიზის ჩანასახად შეიძლება ჩაითვალოს.

ფროიდი ამ დროს უკვე თვითანალიზს შეუდგა, იკვლევდა სიზმრებს, როგორც სამეფო  გზას არაცნობიერისკენ და მისი შემდგომი უმნიშვნელოვანესი ნაშრომი შექმნა – ,,სიზმრების ინტერპრეტაცია“ (1901). მას უკვე შემუშავებული ჰქონდა თავისუფალი ასოციაციის თავისეული თერაპიული ტექნიკა და ჰიპნოზს აღარ გამოიყენებდა. ამან შესაძლებლობა ქვეცნობიერი ფიქრის პროცესის ადამიანის ქცევაზე ზეგავლენის კვლევისა და მივიდა დასკვნამდე, რომ ყველაზე ძლიერი ფაქტორი ცნობიერის მიერ ბავშვობაში ჩახშული ქვეცნობიერი სექსუალური სურვილები და  მოთხოვნილებები იყო.

მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო სამყარო მის ბევრ თეორიას უარყოფდა, 1910 წელს ფროიდმა მისი მიმდევრების და მოსწავლეების ბაზაზე ფსიქოანალიტიკური ასოციაცია დაარსა, რომლის პრეზიდენტი კარლ იუნგი გახლდათ.

1923 წელს ფროიდმა გამოსცა ნაშრომი – ,,ეგო და იდი“ , რომელიც გონების სტრუქტურას სწავლობდა. 1938 წლისთვის, როცა ავსტრიაში ნაცისტები შემოვიდნენ, ფროიდი ცოლ-შვილთან ერთად ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. იგი უკვე სიმსივნით იყო დაავადებული, ატარებდა ხახის პროთეზს და მაინც არ წყვეტდა მოწევას. არ წყვეტდა არც მეცნიერულ-შემოქმედებით ცხოვრებას, თუმცა ბოლო 4 წლის განმავლობაში ლექციებს ვეღარ კითხულობდა, რადგან ხმა დაუზიანდა.  მან 33 ოპერაცია გაიკეთა და 1939 წლის 23 სექტემბერს, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამბობენ, რომ თავად სთხოვა ექიმს ზედმეტი მორფინის დოზა მიეცა, რადგან ტკივილების ატანა აღარც სურდა და აღარც აზრი ჰქონდა. ამ დროს იგი სრულიად შეგნებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

კარლ იუნგი – ორი სიტყვით!

carl-jung-efeკარლ გუსტავ იუნგი 1875 წლის 26 ივლისს დაიბადა შვეიცარიაში. იგი გახლავთ ანალიტიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი. ფროიდი 1907 წელს გაიცნო და ეს ნაცნობობა 5 წლიან გულმხურვალე მეგობრობაში გადაიზარდა. ფროიდი მას თანამოაზრედ და მიმდევრად მიიჩნევდა, თუმცა მალე აღმოაჩინა რომ მოსწავლე ბევრ რამეში არ ეთანხმებოდა. მაგალითად, იუნგი სულაც არ მოიაზრებდა სექსუალობას ქცევის მთავარ განმსაზღვრელ მოტივაციად და მიაჩნდა რომ ფროიდის შეხედულება არაცნობიერის შესახებ ძალიან შეზღუდული და ნეგატიური იყო.

1912 წელს იუნგმა გამოსცა ნაშრომი – ,,არაცნობიერის ფსიქოლოგია“, სადაც ხაზი გაუსვა მასსა და ფროიდს შორის განსხვავებას და ამით ანალიტიკური ფსიქოლოგიის ჩამოყალიბების საფუძველი შექმნა. იგი ფიქრობდა, რომ ადამიანის ფსიქიკა სამი ნაწილისგან შედგება : ეგო- ცნობიერი, პერსონალური არაცნობიერი და კოლექტიური არაცნობიერი (რომელშიც მისეული არქეტიპების თეორიაც შედიოდა).

იუნგის მოსაზრების მიხედვით კოლექტიური არაცნობიერი იყო ერთგვარი რეზერვუარი, სადაც მთელი კაცობრიობის, როგორც სახეობის, ცოდნა და გამოცდილება ინახებოდა და ეს იყო ერთერთი ყველაზე ცხადი განსხვავება იუნგისეულ და ფროიდისეულ ქვეცნობიერს შორის. კოლექტიური არაცნობიერის არსებობის უმთავრესი არგუმენტი სინქრონულობის კონცეფცია გახლდათ, დაკავშირებულობის აუხსნელი გრძნობა, რომელსაც ყველა ვიზიარებთ.

იუნგს ჰქონდა მითოლოგიის, რელიგიის და ფილოსოფიის უმდიდრესი ცოდნა და ძალიან კარგად ერკვეოდა ალქიმიაში, კაბალაში, ინდუიზმში. აინტერესებდა ასტროლოგია და ჰქონდა მოსაზრება, რომ ფსიქოლოგიურ ფაქტორებს განაპირობებს სწორედ ვარსკვლავები და ვარსკვლავების სინქრონული ურთიერთობა ერთმანეთთან. სწორედ ამ უზარმაზარი ინფორმაციის გათვალისწინებით იგი მიიჩნევდა, რომ ყველაფერი ეს ზეგავლენას ახდენა პერსონალურ არაცნობიერზე.

იუნგსაც ძალიან ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა, თუმცა მის აღმოჩენები დღემდე გამოიყენება პრაქტიკულ ფსიქოლოგიაში. მან შემოიტანა ინტროვერტის და ექტროვერტის ცნებები. მისმა ნაშრომებმა გავლენა მოახდინა ფსიქიატრიასა და რელიგიურ სწავლებაზე, არქეოლოგიაზე, ფილოსოფიაზე, ანთროპოლოგიაზე, ლიტერატურაზე და სხვა მსგავს დარგებზე.იუნგის ნაშრომების უმეტესი ნაწილი მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა.

ახლა კი – იუნგი VS ფროიდი

Freud_Jung 10

უთანხმოება 1: არაცნობიერი

ფროიდის პოზიცია: ფროიდს მიაჩნდა რომ არაცნობიერი ჩახშული ფიქრების, ტრავმული მოგონებების, სექსუალური დრაივისა და აგრესიის ეპიცენტრი იყო. იგი მიიჩნევდა მას დაფარული სექსუალური სურვილების საწყობად, რომელიც იწვევდა ნევროზსა და მენტალურ დაავადებებს. ადამიანის გონებას სამ სტრუქტურად ჰყოფდა : იდი, ეგო და სუპერეგო. იდი აყალიბებდა არაცნობიერ დრაივს (ძირითად შემთხვევაში სექსუალურს) და იგი არად დაგიდევდათ მორალს, ერადერთი ინტერესი საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება გახლდათ. ეგო კი ჩვენი ცნობიერი შეხედულებებია, მოგონებები და ფიქრები, რომლებიც რეალობის აღქმაში გვეხმარება. სუპერ-ეგო ამ ორს შორის მედიატორის როლს ასრულებს და იდს აიძულებს სოციალურად მისაღებ ქცევებს.

იუნგის პოზიცია: იუნგიც სამ ნაწილად ჰყოფდა ადამიანის ფსიქიკას, თუმცა სხვანაირად: ეგო, პერსონალური არაცნობიერი და კოლექტიური არაცნობიერი. მისი თეორიის მიხედვით, ეგო ცნობიერია, პერსონალური არაცნობიერი – მოგონებები (ჩახშულიც და დამახსოვრებულიც) და  კოლექტიური არაცნობიერი – გამოცდილება და ცოდნა, რომლითაც ვიბადებით როგორც სახეობა. მას მისტიკოსის სახელიც კი დაუმკვიდრდა, რადგან აღმოსავლური სწავლებები შთაგონების წყაროდ იქცა.

უთანხმოება 2 : სიზმრები

ფროიდის პოზიცია: ფროიდს მიაჩნდა, რომ ყველაზე მერის გაგება ადამიანზე მისი სიზმრების წყალობითაა შესაძლებელი, რადგან როცა გვღვიძავს, ჩვენი ფარული სურვილები დახშულია რეალობითა (ეგო) და მორალით (სუპერეგო). იდი ყველაზე მეტად სიზმრებში აქტიურდება, დამთრგუნველი ძალები სუსტდება და სიზმრებში ფრთებს შლის.

მისი აზრით, სიზმრებს აქვთ წვდომა ჩახშულ და გამღიზიანებლურ ფიქრებზეც (ძირითადად ჩახშულ სექსუალურ სურვილებზე), რომლებიც სირცხვილის და შიშის გამო ქვეცნობიერშია გატყორცნილი თავდაცვითი მექანიზმების წყალობით. სწორედ ეს თავდაცვითი მექანიზმები აძლევენ მას სიმბოლოების ფორმას ძილშიც.  მაგალითად, ჯოხი სიზმარში – პენისია. ანალიტიკოსის მოვალეობაც სწორედ ამ დაფარული მნიშვნელობების გაშიფრვა გახლდათ.

იუნგის პოზიცია: იუნგი ეთანხმებოდა მასწავლებელს იმაში, რომ სიზმრები ფანჯარა გახლდათ, საიდანაც არაცნობიერში შეხედვა შეიძლებოდა, თუმცა არ ფიქრობდა რომ ამ სიზმრების ბუნება მაინცდამაინც სექსუალური იყო, ან მაინცდამაინც დაშიფრული მნიშვნელობის. მას მიაჩნდა, რომ სიზმრებს ძალიან ბევრი სხვადასხვა მნიშვნელობა შეიძლებოდა ჰქონოდა იმის ასოციაციებიდან გამომდინარე, ვინც ეს სიზმარი ნახა.

იგი წინააღმდეგი იყო სიზმრების ლექსიკონის, სადაც სიმბოლოებს რაიმე ფიქსირებული, ერთმნიშვნელოვანი ახსნა ექნებოდათ. იუნგი ამტკიცებდა, რომ სიზმრები სხვადასხვა სიმბოლოების, გამოსახულებების და მეტაფორების ენაზე მეტყველებენ და აღწერენ როგორც გარეგან, ისე შინაგან სამყაროს.

ეთანხმებოდა აგრეთვე იმაშიც, რომ სიზმრები შეიძლება ყოფილიყო რეტროპერსპექტივაც და ბავშვებაში მომხდარი მოვლენების ანარეკლიც, მაგრამ მისგან განსხვავებით ფიქრობდა, რომ მათ მომავლის წინასწარმეტყველებაც შეეძლოთ და უდიდესი შემოქმედებითი წყაროც იყვნენ. იუნგი აკრიტიკებდა ფროიდს იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი კონკრეტული პიროვნების სიზმრის მხოლოდ ობიექტურ და გარეგან ასპექტებს აქცევდა ყურადღებას და არ ითვალისწინებდა სუბიექტურ კონტენტს.  ყველაზე დიდი განსხვავებაც საბოლოოდ ეს აღმოჩნდა: იუნგის თეორიის მიხედვით სიზმრებში ასახულია როგორც პერსონალური, აგრეთვე კოლექტიური არაცნობიერიც. ეს ყველაფერი ძალიან კარგად იხსნებოდა არქეტიპებში.

არქეტიპები უნივერსალური პროტოტიპები გახლავთ, რომელიც გვაიძულებს მოვიქცეთ ასე და არა სხვაგვარად. იუნგს მიაჩნდა, რომ შორეული წინაპრების შეხედულებები ჩვენზეც, მათ შთამომავლობაზე ახდენდნენ ზეგავლენას. ზეგავლენას ახდენდა ადგილიც და დროც კონკრეტული ინდივიდის ფსიქიკაზე. ეს ნიშნავს, რომ ერთი კულტურის პირმშოებისთვის კოლექტიური არაცნობიერი არის საერთო. არქეტიპებიც სიზმრების, ფანტაზიებისა და ჰალუცინაციების სახით ვლინდებიან.

უთანხმოება 3: სექსი და სექსუალობა

ფროიდის პოზიცია: კონფლიქტის  ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზი იუნგსა და ფროიდს შორის სწორედ ეს იყო. მათ განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ ადამიანების მოტივაციაზე. ფროიდისთვის სექსუალობა, ჩახშულიც და გამოხატულიც,  იყო ყველაფერი. ლიბიდო (სექსუალურ დრაივს მოიაზრებდა მასში) გახლდათ მისთვის ადამიანის ქცევის (მათ შორის პათოლოგიურისაც)  განმსაზღვრელი ყველაზე დიდი ძალა.

ეს ყველაზე კარგად იკვეთება ადამიანის ფსიქო-სექსუალური განვითარების მისეულ თეორიაში,  ასე ცნობილ ოიდიპოსის თუ ელექტრას კომპლესებში, რომელთა მიხედვითაც პირველი სექსუალური ლტოლვა ქვეცნობიერ დონეზე ბავშვებს უჩნდებათ საკუთარი საწინააღმდეგო სქესის მშობლების მიმართ და მისივე სქესის მშობელს აღიქვამენ მეტოქედ. ამ თეორიების  შესახებ უფრო ვრცლად იხილეთ სტატია – ფროიდის 40 აღმოჩენა, რომელმაც თავდაყირა დააყენა სექსზე ჩვენი წარმოდგენები.

იუნგის პოზიცია – იუნგს მიაჩნდა, რომ ფროიდი ზედმეტად იყო ჩაციკლული სექსსა და ქცევაზე მის ზეგავლენაზე. იგი ფიქრობდა, რომ ქცევაზე ზეგავლენას ახდენდა სასიცოცხლო ენერგია და სექსუალობაც მისი მხოლოდ და მხოლოდ  ერთ-ერთი პოტენციური მანიფესტაცია იყო. იუნგი არ ეთანხმებოდა აგრეთვე არც ოიდიპოს იმპულსებს. მისთვის დედა-შვილს შორის ურთიერთობა დაფუძნებული იყო იმ სიყვარულზე და დაცვაზე, რომელსაც დედა აძლევდა შვილს. ამ ხედვაზე დაყრდნობით შექმნა შემდეგ ჯონ ბოულბიმ თავისი დამოკიდებულების თეორია.

უთანხმოება 4 : რელიგია

ფროიდის პოზიცია: მიუხედავად იმისა, რომ ფროიდი ებრაული წარმოშობის იყო, ხვდებოდა, რომ რელიგია ადამიანთა უმეტესობისთვის რეალობისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო მხოლოდ. მას მარქსივით მიაჩნდა, რომ ეს იყო მასობრივი ნარკოტიკი, რომლის პროპაგანდა არაფრით შეიძლებოდა. რელიგია ჰგავდა ნევროზს, ახასიათებდა აკვიატებები, შეპყრობილობა, მორჩილება… რელიგიურ ადამიანებს ახასიათებდა ისტერიულობა. ცნობილი ფაქტია, რომ მან ამ ამოცანის ამოხსნას ცხოვრების უმეტესი ნაწილი შეალია. აგროვებდა ანტიკვარებს, რომელთა შორისაც უმეტესობა რელიგიური ხასიათის იყო, სახლში ლეონარდოს მადონა ეკიდა.

იუნგის პოზიცია: იუნგისთვის რელიგია იყო ფსიქოლოგიური ინტეგრაციის პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილი და ადამიანებს შორის კომუნიკაციის მეთოდს გვთავაზობდა. იგი ადამიანის ფსიქიკას განიხილავდა როგორც რელიგიურ ბუნებას. ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს  აძლევდა ფაქტი, რომ სხვადასხვა რელიგიებში არსებული არქეტიპები და სიმბოლოები ერთნაირი მნიშვნელობით ითარგმნება. მიუხედავად ამისა, ის არ იყო ერთი რომელიმე რელიგიის მიმდევარი. მას აინტერესებდა ყველა რელიგია ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, განსაკუთრებით კი აღმოსავლური რელიგიები და ფილოსოფია. ერთერთი მორიგი შეკამათების დროს ფროიდმა იუნგი ანტისემიტად მოიხსენია.

უთანხმოება 5: პარაფსიქოლოგია

ფროიდის პოზიცია: ფროიდი სკეპტიკურად იყო განწყობილი ყოველივე პარანორმალურის მიმართ

იუნგის პოზიცია: იუნგი ძალიან იყო დაინტერესებული პარაფსიქოლოგიით, განსაკუთრებით ტელეპატიით და სინქრონულობით. იგი ახალგაზრდობის წლებში სეანსებშიც კი იღებდა მონაწილეობას და იკვლევდა კიდეც ოკულტური პენომენის ფსიქოლოგიასა და პათოლოგიას. ზემოთაც ვახსენეთ, რომ იგი უზარმაზარ აღმოსავლურ ცოდნას ფლობდა. ერთხელ თერაპიის დროს პაციენტს ოქროს ხოჭო დაესიზმრა, მეორე დღეს კი, ანუ შემდეგ სეანსზე სწორედ ოქროს ხოჭო მოასკდა ფანჯარას. ძალიან იშვიათი ,,დამთხვევა“ იყო. იუნგმა გადაწყვიტა, რომ არსებობს შინაგანსა და გარეგანს შორის კავშირი და რომ რეალურს მოვლენებს რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში, სწორედ ჩვენი შინაგანი მდგომარეობა განსაზღვრავს. ,,როცა ქვეცნობიერი მართავს ცნობიერს, ის მართავს ჩვენს ცხოვრებას და ჩვენს წინაშე დგება როგორც ბედისწერა“ – წერდა იუნგი.  მან ამ თემის სერიოზული კვლევა გადაწყვიტა.

1909 წელს იუნგი ფროიდს ეწვია ვენაში პარანორმალურ მოვლენებზე სასაუბროდ. აღმოჩნდა რომ ფროიდს ასეთი იდეებისთვის დრო არ ჰქონდა და იუნგსაც ურჩევდა თავი დაენებებინა მათთვის. ამ დროს კარლმა მუცლის ღრუს ყრუ ტკივილი იგრძნო და საუბარი წიგნების კარადის ხმაურმა გააწყვეტინათ. სტუმარმა განაცხადა, რომ ეს პარანორმალური მოვლენა იყო, მასპინძელი ძალიან გაბრაზდა. მაშინ იუნგმა თქვა,  რომ ეს ხმაური ისევ განმეორდებოდა და განმეორდა კიდეც. ისინი პირისპირ იდგნენ, თვალებში შეხედეს ერთმანეთს და კრინტი ვერ დაძრეს.  ასე უსიტყვოდ დაიშალნენ და ამ ინციდენტზეც აღარასოდეს უსაუბრიათ ერთმანეთთან.

დასკვნა

Freud_Jung 04

მათ შეეძლოთ დღეღამეში 13 საათი გაეტარებინათ ინტელექტუალურ საუბრებში. ისინი კამათობდნენ, თანხმდებოდნენ და ვერ თანხმდებოდნენ მთელ რიგ საკითხებზე, თუმცა უდავოა რომ ეს ურთიერთობა ორივესთვის ინტელექტუალური შთაგონების წყარო იყო. კარლ იუნგი vs ზიგმუნდ ფროიდი – ეს იყო ეპოქალური შერკინება….

და რაც შეეხება კითხვაზე პასუხს: ვინ მოიგო? მოიგო თანამედროვე ფსიქოთერაპიამ, რადგან ორივე მათგანის თეორიებით საზრდოობს დღემდე!