ზოდიაქოს ნიშნების შეთავსება – ლომი

1
11419

ვერძი და ლომი

 

ძალიან კარგი წვილია, ორივე დინამიური, აქტიური, დამოუკიდებელი, საკუთარ თავში დარმუნებული და თავდაჯერებული ტიპაჟი, თუმცა არის ერთ განსხვავებაც, ვერძს ხშირად ჰკიდია საზოგადოებრივი აზრი ფეხებზე, მაშინ როცა ლომისთვის ხალხის თვალში რა შთაბეჭდილებას ტოვებს – ყველაზე მნიშვნელოვანია.  პიროვნულ დონეზე ერთმანეთის გაგება მათ არ უჭირთ, ჰარმონიულ წყვილად მიიჩნევენ  ასტროლოგები.

ისინი პატივს სცემენ ერთმანეთს, აფასებენ ერთმანეთს, თუმცა არის ერთი პრობლემაც, ორივე ძალიან ამაყი, ჯიუტი და თავისნათქვამაა და უკან დახევა არ უყვარს, ამიტომ თუკი ერთმანეთს შეასკდნენ, აუცილებლად გაიხსნება ცეცხლი და თუ ცეცხლი გაიხსნა კონფლიქტი მძაფრსიუჟეტიანი დრამის გარეშე არ ჩაივლის, თუმცა ამ დრამის და ემოციების ფეიერვერკების საწინააღმდეგო არცერთს არაფერი აქვს. ასე რომ წარმატებები, მე რაც ა რუნდა გირჩიოთ, მაინც თქვენს ჭკუაზე იზამთ ყველაფერს….

 

კურო და ლომი

 

ეს ორი ფიქსირებული ნიშანი, ასტროლოგებს თუ დავუჯერებთ ერთად ვერ უნდა იყვნენ მთლად კარგად, რადგან ორივე ჯიუტი და ორივე პრინციპულია, თანაც ძალიან განსხვავებული პიროვნული ხასიათებიც აქვთ – ერთი მშვიდ ცხოვრებაზე ოცნებობს, მეორე დრამაზე და ფოერვერკებზე, ერთი დამგროვებელია, მეორე მფლანგველი და ა.შ

სხვადასხვანაირად ესმით სიყვარულიც: ერთს კომპლიმენტები და აღტაცება სჭირდება, რომ დარწმუნდეს სიყვარულში, მეორეს თავდადება და ერთგულება… ვერცერთი იღებს იმას რაც სურს. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, მათაც აქვთ ბედნიერი თანაცხოვრების შანსი, თუკი საკუთარ სიჯიუტეს რამენაირად დათმობენ და კომპრომისზე წასვლას ისწავლიან.

კუროც და ლომიც ორივე ძალიან სტაბილური და ერთგული ადამიანია, თუ მათ გადაწყვიტეს ერთმანეთს მიუძღვნან თავი, ამას მოახერხებენ კიდეც. მათ აქვთ ურთიერთობაში ყველაზე მთავარი – ნდობა. მათ ერთმანეთის სახით ძლიერი დასაყრდენი ჰყავთ და თუ ერთმანეთს დააფასებენ (დაფასება ორივეს უყვარს) ამ ურთიერთობის სიმყარე საკმაოდ ბევრ ქარტეხილს გაუძლებს.

 

ტყუპები და ლომი

 

,,- აა, აი ჩემი ქვეშევრდომიც! – წამოიძახა მეფემ პატარა უფლისწული დანახვისთანავე. – ნეტა ვინ ვგონივარ? – გაიფიქრა პატარა უფლისწულმა. – იგი ხომ პირველად მხედავს!” ასეთია ტყუპების და ლომის პირველი შეხვედრა. მეფე მას თაყვანისმცემლად მოიაზრებს, ტყუპებისთვის კი ლომი უბრალოდ გზად შემხვედრი საინტერესო ფენომენია, თუმცა უფლისწულისგან განსხვავებით იმდენად ინტრიგდება, მრჩევლის როლს მოირგებს და მის პლანეტაზე რჩება, ეგებ სამუდამოდაც.

ტყუპები, მოქნილობისა და გამჭრიახობის წყალობით, შესანიშნავი მომთვინიერებელია და ლომიც მასთან საყვარელი ფისუნიაა მხოლოდ. ეს ძალიან კარგი წყვილია, თუ სინასტრიაც ხელს უწყობთ, რა თქმა უნდა. ზოდიაქოს ნიშნების დონეზე შესანიშნავად უგებენ ერთმანეთს. ორივე ბავშვურია, გულღია, თავისუფალი, სოციალური. ორივეს უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და ადამიანები. მართალია, ლომს სურს რომ ტყუპის ცხოვრებაში მთავარ როლში იყოს და ტყუპისთვის კი ის, როგორც არ უნდა უყვარდეს, მაინც ერთერთი პერსონაჟია, ეს უკანასკნელი მოხერხებულობის წყალობით მისთვის მთავარი როლის ილუზიის შექმნას მაინც ახერხებს და ცხოვრობენ მერე დიდხანს და ბედნიერეად თავისივე გამოგონილ სპექტაკლში კულისებშიც და სცენაზეც.

 

კირჩხიბი და ლომი

 

ძველი ქართული უკუღმართი ლექსისგან განსხვავებით ასტროლოგიურად მზე მამრობითი სქესისაა, მთვარე კი მდედრობითის. ლომს მზე მართავს, კირჩხიბს მთვარე და ეს ორი უკიდურესობის შერწყმაა. ქალური და მამაკაცური საწყისის. ეს მარტივი კავშირი არ არის, მაგრამ როგორც წესი ძალიან ნაყოფიერია. მათ ერთმანეთისგან ბევრი აქვთ სასწავლი – ლომს ამბიციების მოთოკვა, კირჩხიბს კი ცოტა მეტი გულახდილობა.

მიუხედავად ამ განსხვავებებისა, მათ შეიძლება ძალიან კარგადაც იგრძნონ ერთად თავი: ლომს მოსწონს ყურადღება და ის, რომ მასზე ვიღაც ზრუნავს, კირჩხიბი კი ამას არ აკლებს, მაქსიმალურად მხარში უდგას მას. ლომიც ყველანაირად ცდილობს დაიცვას და უსაფრთხოდ ჰყავდეს თავისი გულისსწორი, რასაც კირჩხიბი ძალიან აფასებს. ასე, რომ თუკი კომპრომისზე წასვლას ისწავლიან და ერთმანეთის მიღებას ისეთების როგორებიც არიან, ძალიან ლამაზ მელოდრამას დაწერენ საკუთარი ცხოვრებისგან აქა იქ კომიკური და დრამატული სიუჟეტებით.

 

ლომი და ლომი

 

 

ერთი ასეთი ანეგდოტია: ხარი და ლომი ერთად უყურებენ ფეხბურთს, ლომს ცოლი დაურეკავს, სახლში მოდიო და წასასვლელად მზადებას დაიწყებს. ხარი დასცინებს, ცოლის დარეკილზე როგორ მიდიხარ ამხელა მეფე კაცი, მე არ ვაქცევ ყურადღებასო. იცით ლომი რას  პასუხობს? შენ არ მიაქცევ ყურადღებას, შენი ცოლი ძროხაა, ჩემი კიდევ ლომიო… გუდმენი წერდა – ლომების წყვილს თავისუფლად შეუძლიათ დაარსონ ურთიერთაღტაცების საზოგადოებაო. ეგ არის. ისინი იმდენად მოხიბლულები არიან ერთმანეთით, როგორც საკთარი თავით. არც კომლიმენტების იშურებენ ერთმანეთისთვის, არც ხოტბას, მხარშიც უდგანან და ყველანაირად ეხმარებიან განვითარებაში მეწყვილეებს. ისინი ერთმანეთით ამყობენ. ისინი ერთგულები და თავდადებულები არიან ერთმანეთისთვის, თუმცა მეგობრობის სტატუსით გაცილებით უკეთ არიან, ვიდრე ცოლ-ქმრის. მათ ორივეს საჭესთან სურს დგომა და ორივეს თანაბარი ძალები აქვთ, ამიტომ ხშირია შეტაკებებიც. თუმცა, თუკი ამ ორისგან ერთ-ერთი მაინც არატიპიური ლომი აღმოჩნდა და სინასტრიაც ხელს უწყობთ, შესანიშნავი ალიანსი გამოვა, წარმატებული და იღბლიანი კავშირი.

 

ქალწული და ლომი

 

სინასტრიაში თუ ყველაფერი წესრიგშია, ეს წყვილი მშვენივრად გაუგებს ერთმანეთს. მეფე და მისი ხელქვეითი. ლომი მოწოდების სიმაღლეზე დგას, ქალწულს მისი სიყვარულის უფლებას აძლევს და ერთგულად მსახურებასაც უფასებს, თუმცა დროთა განმავლობაში აღმოაჩენს რომ თურმე ქალწულის მოთმინებასაც აქვს საზღვარი და თურმე ისეთ რაღაცეებს ხედავს, რასაც თავად გამადიდებელ სარკეშიც კი ვერ დაინახავდა. ქალწული ქვეშევრდომობას ყაბულს არის, თუმცა ლომურ პატივმოყვარეობას კომლიმენტებით ნაკლებად ედება სალბუნად. იგი უფრო იმ ქვეშევრდომს წააგავს ყოველთვის მწარე სიმართლეს რომ ეუბნებიან პირში ბოსს. ეს ბოსური ბუნებისთვის არც ისე სასიამოვნოა, თუმცა ნამდვილად სასარგებლო და თუკი ლომი მოახერხებს საკუთარ თავზე ცოტა უფრო მაღლა დადგეს და ქალწულიც ცოტა უფრო მეტ ტაქტს შეიძენს, მიხვდებიან როგორ გაუმართლათ ერთმანეთი  რომ აირჩიეს ცხოვრების თანამგზავრად.

 

 

სასწორი და ლომი

 

verZi Txis rqa

რა ეხმარება ცეცხლს რომ იმაზე მეტად იგიზგიზოს, ვიდრე გიზგიზებს? ჰაერი. ჰოდა სასწორი ჰაერია. მათი კამათი ერთი სანახაობაა. ლომი უკიდურესად სუბიექტურია, სასწორი უკიდურესად ობიექტური. ერთი კონფლიქტს იწყებს, მეორე ამ კონფლიქტის განეიტრალებას და თემა, რომელზეც კამათობენ ისევ და ისევ ღიად რჩება.

სიმართლე რომ ვთქვათ ისინი უფრო კარგი მეგობრები არიან, ვიდრე სასიყვარულო პარტნიორები, რადგან ორივე თაყვანისმცემელს ეძებს და არა თაყვანისცემის ობიექტს, თუმცა მიუხედავად ამისა, ამ ორ ნიშანს ძალიან კარგად ესმით ერთმანეთის. საერთო ინტერესებიც ბევრი აქვთ, ცხოვრებისეული რიტმიც, კარგად უწყობენ ფეხს ერთმანეთს და თუკი დანარჩენი პლანეტებიც ხელს შეუწყობენ, შესანიშნავ წყვილს შექმნიან ნებისმიერ სფეროში – საქმიანი ურთიერთობა იქნება ეს თუ ცოლ-ქმრობა.

დაბადებით დიპლომატი სასწორი ახერხებს ფაფარაშლილი ლომის კრუტუნა ფისუნიად გადაქცევას და თავის მხრივ მზის შვილისგან თავდაჯერებას და თვითგამოხატვას სწავლობს, რის სწავლაც ასე ძალიან სჭირდება. მერე კი.. მერე, როგორც ერთი ცნობილი ასტროლოგი იტყოდა, ბედნიერად ჩაჰკიდებენ ერთმანეთს ხელს და სიხარულით გასწევენ იქეთკენ, საითაც ლომს წასვლა სულაც არ სურდა.

 

მორიელი და ლომი

 

ჰილარი და ბილ კლინტონები ერთხელ კაფეში ისხდნენ. ოფიციანტი ჰილარის ნაცნობი აღმოჩნდა. უფრო მეტიც, მისი სტუდენტობის დროინდელი შეყვარებული. ბილმა უთხრა:  ხედავ როგორ გაგიმართლა მე რომ გამომყევი, ახლა პრეზიდენტის ცოლი ხარ და არა ოფიციანტისო. როგორც ამბობენ, ჰილარიმ ასე უპასუხა: მე კი არა ეს შენ გაგიმართლა მე რომ გამოგყევი, ახლა პრეზიდენტი ხარ და არა ოფიციანტიო. ჰილარი მორიელია, ბილი ლომი….

თუკი ლომი სხვა ნიშნებთან ახერხებს ბოსობას, მორიელთან ეს არ გამოდის და თუკი მორიელი სხვა ნიშნებთან ახერხებს თავისი ბოსობისკენ სწრაფვის დამალვას, ლომთან ეს არ გამოდის, რადგან ორივე ლიდერია ბუნებით, როგორი განსხვავებული გამოვლინებაც არ უნდა ჰქონდეს ამას. ორივე მათგანი ყოველთვის თავად არის მართალი და ორივესთვის უცხოა კომპრომისი. ორივე ჯიუტია და ორივე ერთგული, ორივეს უყვარს საკუთარი უპირატესობის ჩვენება, თუმცა ამ ყველაფერს ისინი სხვადასხვანაირად გამოხატავენ და რაც მთავარია, როგორი ომიც არ უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან,

მორიელი გარეგნულად თავდაჯერებული შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ გულის სიღმეში არავინ ისე არ იტანჯება კომპლექსებით, როგორც იგი, ამიტომ ლომის თავდაჯერებულობა ერთნაირად აღაგზნებს, ხიბლავს და აღიზიანებს კიდეც. მისტიური და ძლიერი მორიელიც, რომელიც ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს პუბლიკაზე, ძალიან მოსწონს ლომს. მორიელს ხიბლავს ლომის სიყვარულის გამოხატვის უნარი, რომელსაც თავად ასეა მოკლებული და ძალიან დიდ პატივს სცემს მას, რასაც ლომი აუცილებლად უფასებს.

მათ შორის ხშირია ჯახი, თუმცა ორივეს მოსწონს დრამა, სპეკტაკლები, ემოციების პანტაპუნტით ცვენა, განშორებები და შერიგებები, რადგან ლომისთვის ეს ყველაფერი რაღაცნაირად თეატრალურად ამაღელვებელია, მორიელისთვის კი ექსტრიმი და ასე ცხოვრობენ დიდხანს და ბედნიერად, თუკი ერთმანეთი არ შემოაკვდათ.

 

 

მშვილდოსანი და ლომი

 

ეს არის უსასრულობაში შეცურებული გემის ორკაციანი ეკიპაჟი, რომელშიც ორივე კაპიტნობისთვის იბრძვის, უფრო სწორად ერთი გემის კაპიტანია და მეორე კიდევ მუდმივად რევოლუციას აწყობს. ისინი მთელი ცხოვრება ცდილობენ გაარკვიონ, ვინ არის ოჯახში უფროსი, მაგრამ ვერაფრით არკვევენ. ისინი ორივენი ლიდერები არიან, მაგრამ რადგან ფიქსირებული ლომი გაცილებით უფრო ჯიუტი და ხისტია, მშვილდოსანს მოუწევს მოქნილობა და კონფლიქტის შემდეგ ურთიერთობების აღდგენა.

ეს არის ორი ბედის ნებიერა ნიშანი. იუპიტერის და მზის პირმშო. ორივე ქარიზმატულია, თბილი, კეთილი, ხელგაშლილი და იმპულსური. ხშირად ეტაკებიან ხოლმე ერთმანეთს, მაგრამ ორთქლს ამოუშვებენ და მერე ისევ ტკბილად აგრძელებენ ჩუქჩუქს. თანაც არცერთი რჩება დაზარალებული, რადგან არცერთი არ თმობს არაფერს. ეს კარგი წყვილია… თუ რუკებიც ხელს უწყობთ, შესანიშნავი. ამას მათ სახლში შესვლისთანავე იგრძნობთ, რაღაც საშინლად დადებითი აურა იქნება, ისეთი, მასპინძლების მიმართ პატივისცემით რომ განგაწყობთ. სტუმრობა კი ხშირად მოგიწევთ მათთან რადგან ორივე მათგანს მოსწონს მხიარულება, წვეულებები და დიდი თავგადასავლები. ჩვენც რა დაგვრჩენია, ზურგის ქარი ვუსურვოთ მათ!.

 

თხის რქა და ლომი

 

txis rqa gogo

ერთადერთი ნიშანი, რომელმაც ლომი შეიძლება მოდრიკოს, თხის რქაა. მიუხედავად იმისა რომ ამ ურთიერთობაში თხის რქა უფრო მეტ პასუხისმგებლობას აიღებს, გაცილებით უფრო მეტს გააკეთებს ყოველთვის, ლიდერი მაინც თავად იქნება. ეს ურთიერთობა მამა შვილის ურთიერთობას ჰგავს. მამა, რა თქმა უნდა, თხის რქაა და ლომიც უნდა შეეგუოს სატურნისეული აღზრდის მკაცრ მეთოდებს. ისინი შესანიშნავად ავსებენ ერთმანეთს. თხის რქა მწვერვალს ყოველთვის აღწევს, თუმცა ეს ბევრი შრომის შედეგად ხდება, მაშინ როცა ლომი ბედის ნებიერაა და ყველაფერი ლანგარზე მისდის. ლომი თხის რქას აკვირვებს და მის მიმართ პატივისცემით მსჭვალავს. თხის რქები ხომ გიჟდებიან არისტოკრატებზე, ლომი კი რა ოჯახშიც არ უნდა იყოს დაბადებული, მაინც მეფეა.

გარდა ამისა თხის რქა დისტანციურია, ცივი, გულჩათხრობილი. მას არ სჩვევია ემოციების აფიშირება, თუმცა ლომს თავდაჯერება ჰყოფნის რომ მის სიყვარულში დარწმუნებული იყოს. მას მოსწონს თხის რქის ორგანიზებულობა და ერთგულება. აფასებს ყველაფერს, რასაც მისთვის აკეთებენ. თხის რქა კი თავის მხრივ აღტაცებულია მისი გულღიაობით, ხელგაშლილობით, თვალისმომჭრელი ეგოთი და ოპტიმიზმით. ისინი პატივს სცემენ ერთმანეთს და სწორედ ამის გამო ახერხებენ ერთმანეთის ასეთი წარმოუდგენელი განსხვავების მიღებას. ლომი ძალიან ჰგავს ზაფხულის ცხელ დღეს კაშკაშა მზით ლაჟვარდისფერ ცაზე, იგი ნამდვილი პაპანაქებაა,  მაშინ როცა თხის რქა ზამთრის ნაცრისფერი, ნისლიანი ამინდია, ცოტა უჟმური, ალაგ ალაგ რომ ცრის… საინტერესო ნაზავია, არა? ერთს ცოტა მეტი სინათლე სჭირდება, მეორეს კი დანიავება რომ არ დაგვწვას და მათი ერთობით შესანიშნავ კოკტეილს ვიღებთ!

 

მერწყული და ლომი

 

ეს ორი ოპოზიციური ნიშანი, რომელიც მუდმივად ექცევა ყურადღების ცენტრში იმდენად ჰგავს ერთმანეთს და ამავდროულად იმდენად განსხვავდება, ვერც წარმოიდგენთ და სწორედ ამის წყალობით ან ძალიან ,,ჰაიკლასის” წყვილებად გვხვდებიან, ან საერთოდ არ ეკარებიან ერთმანეთს. ეს არის ერთი მედლის ორი მხარე, როგორც სხვა დანარჩენი ოპოზიაცია.

მერწყული ორიგინალურია და პუბლიკის ცენტრში იმის გამო რომ არავის არ ჰგავს, ლომი კი პირიქით საუკეთესოა იმათ შორის ვინც ერთმანეთს ჰგავს. ერთის თვის მთავარია იდეა, მეორესთვის მთავარია ამ იდეაზე დაკრული ტაში, ჰოდა, წარმოიდგინეთ რა ვარსკვლავური წყვილი გამოვა. იდეაც იქნება, ორგანიზებაც, პუბლიკაც და ტაშიც.

მერწყული ლომს ცოტა აბნევს, მაგრამ ამას არ იმჩნევს, ცდილობს ჩუმად და დამოუკიდებლად გაერკვიოს მის ექსტრავაგანტულობაში. იგი მას თავისუფლებას და საკმარის პირად სივრცეს აძლევს, რასაც მერწყული ძალიან აფასებს. ერთი ეს არის, რომ ლომი საკმაოდ ეჭვიანი და მესაკუთრე ნიშანია, თუმცა საბედნიეროდ ამას არ გამოხატავს, რადგან ამით თავმოყვარეობა ელახება თანაც მერწყული მიუხედავად თავისი არასტანდარტულობისა და არაორდინალურობისა, საკმაოდ ერთგულიც არის. ისინი საჩუქრებით და სიურპრიზებით ავსებენ ერთმანეთს, ძლაიან მოსწონთ ერთმანეთის კომპანიაში ყოფნა, უბრალოდ ცოტ-ცოტა კომპრომისი ორივეს მოუწევს, თორემ ისეთი ჯიუტები არიან, თუ შეასკდნენ, არცერთი დაიხევს უკან.

 

თევზები და ლომი

 

ლომს დიდი მისია ეკისრება – თევზები უნდა იხსნას საკუთარი თავისგან. თევზებს არ უყვართ პასუხისმგებლობის აღება, არ იბრზვიან, ვერც პრაქტიკულ ცხოვრებაში ერკვევიან დიდად,  იმიტომ კი არ  რომ არ შეუძლიათ, უბრალოდ არ აინტერესებთ ასეთი რამეები. ამიტომ სიამოვნებით მიანდობენ ხოლმე საჭეს ლომს. თევზები ხშირად არ ეთანხმებიან ხოლმე ასტროლოგების მიერ მათ მიმართ გამოთმულ მოსაზრებებს ამის თაობაზე, მაგრამ ასეთ თევზებს სავარაუდოდ ცეცხლის დიდი გავლენა აქვთ ხოლმე პირად რუკაში. მაგრამ თუნდაც სხვა ნიშნების გავლენა ჰქონდეს თევზებს, ლომთან მოგების შანსი მაინც არ აქვს, რადგან დიდად მოგება თავადაც არ სურს. თევზთა შორის ყველაზე ძლიერ თევზებსაც კი მოსწონს როცა თავად არის მზრუნველობის ობიექტი და სანაცვლოდ უსაზღვრო სიყვარულის შემოთავაზება შეუძლიათ, რასაც ლომი ასე ძალიან აფასებს.

ლომს მოსწონს თევზების გვერდით საკუთარი თავი და თევზებიც ძალიან ბედნიერია. ამიტომ მიუხედავად იმისა რომ ერთი ცხელი ჯუნგლების ბინადარია, მეორე კი ცივი ოკეანის, ასეთი კავშირი საკმაოდ ხშირად გვხვდება. ეს ორი ღირსეული ადამიანია, რომელიც არ სარგებლობს ბოროტად კეთილგანწყობით და სიკეთეზე სიკეთით გადახდას ცდილობს. ერთი ესაა, რომ ლომი იმპულსურია, თევზები კი ბუტია და ხშირად გული შეიძლება ეტკინოს ამ უკანასკნელს, მაგრამ რადგან მუტაბელური ბუნებისაა პატიებასაც მარტივად ახერხებს და როგორც კი ლომი საკუთარი საქციელის გამოსწორებას შეეცდება, მისთვის თავმოყვარეობისშემლახავი ბოდიშების გარეშეც გულში ჩაიკრავს და საკუთარ სიღმეში ჩაიტყუებს.

 

დოჩი გოგო

 

 

Comments are closed.