დღევანდელ პოსტში მინდა ერთგვარ ტაბუირებულ თემაზე გესაუბრო… რომელზე საუბრისასაც მსჯელობენ, კამათობენ, ჩხუბობენ, იცინიან, “ღადაობენ”, ბევრს უცებ ახსენდება, რომ ტაბუ ადევს თემას და გაურბის მასზე საუბარს და მომეტებული აგრესიით პასუხობს სტატიების ავტორებს, მეგობრებს, მეზობლებს, ნაცნობებს, იკეტება და იმალება, როცა ამ თემას ეხებიან, იმ ფარდის უკან, რომ ამაზე საუბარი ცუდია, ცოდვაა, პირადია, არ შეიძლება, დაგვღუპავს, გადაგვაჯიშებს და ა.შ. მაგრამ ფაქტი ერთია და მას ვერ გაექცევა ვერც ამ თემით დაინტერესებული და მასზე საუბრისადმი გახსნილი და ვერც ჩაკეტილი და დოგმებს ამოფარებული, საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილო ადამიანი – უამრავი ქალი დღეს ოჯახში სექსუალური შეუთავსებლობის “მსხვერპლია”…
მოდი, დავიწყებ ერთი რეალური ისტორიით…
ნინო ძალიან პატარა ასაკში გათხოვდა… ქმარი არ უყვარდა… მშობლებმა მოიწონეს სასიძოდ და მერე უჭამეს და უჭამეს ტვინი, როგორი პერსპექტიული ადამიანი იყო კოტე და როგორ არაფერი ჭირდა მისი დასაწუნი… იყო ბევრი მანიპულაცია, ხვეწნა, მუქარა და ბოლოს კი, ამ ყველაფრით დაღლილი ნინოს თანხმობა ქორწილზე…
ქორწილმა, ჩვეულებრივ, ქართულად ჩაიარა… ქართულად ჩაიარა პირველმა საქორწინო ღამემაც… სიძემ ძმაკაცებთან სმაში გაათენა… დადგა მეორე ღამეც… ნინომ, იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ ახალგაზრდა იყო და არც ოჯახისგან ინფორმირებული, გადაწყვიტა მთლიანად ქმარს მინდობოდა და ასე შეებიჯებინა მისთვის უდიდეს განუსაზღვრელობაში, რომელზეც მხოლოდ დაქალებისგან და ისიც, არასრულად თუ სმენოდა…
პირველმა გამოცდილებამ შეაშფოთა და შეაშინა… მაგრამ თავს იმშვიდებდა, რომ დრო გავიდოდა და რამე თავისით შეიცვლებოდა – აბა, ხალხი ხომ ამბობდა, რომ იყო სექსში რაღაც, რაც მას აუცილებლად უნდა მოსწონებოდა… მაგრამ ეს დღე არა და არ დადგა… და ნინომაც გააკეთა ორი საბედისწერო დასკვნა:
პირველი: რომ – სექსს ტანჯვის მეტი არაფერი მოაქვს და ნეტა რა აგიჟებს ამ ქალებს, ზოგი მეორედაც კი რომ თხოვდება და…
მეორე: რომ – თავად აქვს პრობლემა და არ არის საკმარისად კარგი იმისთვის, რომ თვითონაც კარგად იყოს და ქმარიც…
მერე სადღაც თვალი მოკრა, რომ არსებობენ ფრიგიდული ქალები და ვსიო, წრეც შეიკრა – ის ფრიგიდული ქალია, რომელსაც უბრალოდ, არ უნდა მამაკაცის სიახლოვე, მისთვის სექსს ტანჯვის მეტი არაფერი მოაქვს, მისი ქმარიც ბუნებრივია, სხვაგან უნდა ეძებდეს სითბოს, აბა თვითონ არ არის მისთვის კარგი და იდეალური და… ნინომ იმდენი ისაუბრა ოჯახში ამ თემაზე, რომ ქმარმაც დაიჯერა მისი ფრიგიდულობის ისტორია და მართლაც სხვაგან დაიწყო სითბოს მიღება… ნინომ კი იმ ფაქტის მიღება და მასთან ერთად ცხოვრება, რომ ასეა საჭირო…
დამეთანხმები, რომ ძალიან ძალიან დასანანია, რომ დღეს ბევრი “ნინო” დადის და სექსზე ნებისმიერ გადაცემასთან, პოსტთან თუ საუბართან შეხებას წყობიდან გამოჰყავს და ახსენებს მის “ნაკლს” და კიდევ უფრო უღრმავებს საკუთარი ძალისხმევით გაჩენილ არასრულფასოვნების კომპლექსს…
არადა, მისი “დანაშაული” აქ თითქმის არაა… და უდიდეს პასუხისმგებლობას მისი მამაკაცი უნდა იღებდეს… რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთ გადაცემაში, ერთ-ერთმა ცნობილმა ექიმმა თქვა, რომ ქალების ე.წ. “ფრიგიდულობის” მიზეზი 80% შემთხვევაში მამაკაცი და არასწორად დაწყებული სექსუალური ცხოვრებაა… იქიდან გამომდინარე, რომ მიუხედავად გარშემო არსებული უკვე უდიდესი მოცულობის ინფორმაციისა, ქალიშვილობის ინსტიტუტის არსებობა მაინც ქმნის “განუსაზღვრელობის სივრცეს” ქალებისთვის და მათი სექსუალური ცხოვრების “ბედს” სწორედ ქმრის გამოცდილება და მისი მიდგომა წარმოადგენს, რაც როგორც აღმოჩნდა, 80% შემთხვევაში, არც თუ ისე სახარბიელოა… რადგან მამაკაცების უმრავლესობა სექსუალურ გამოცდილებას იღებს ე.წ. “გამოცდილ ქალებთან”, რომლებსაც სულაც არ სჭირდებათ მათი მხრიდან “ქალური შესაძლებლობების” გახსნა… მოკლედ რომ ვთქვათ, კაცების უმრავლესობა, რომელიც ახალგაზრდა ასაკში ქმნის ოჯახს, გაგებაშიც არაა, რითი შეიძლება დაეხმაროს საყვარელ ქალს, რომ მან პირველივე ჯერზე თუ არა, მალევე განიცადოს ნამდვილი ორგაზმი… და არ დაასკვნას, რომ სექსი ტანჯვის, მოვალეობისა და გამრავლების პირდაპირპროპორციულია, ან თავად “აკლია” რაღაც და არ არის საკმარისად კარგი…
რა ხდება ასეთ დროს ქალის ორგანიზმში? ნელ-ნელა ირღვევა ჰორმონალური ბალანსი, ნერვიულობისა და მუდმივი დაჭიმულობის ფონზე, მაღლა იწევს პროლაქტინი, ხშირად ასეთ ქალებს მომატებული ტესტოსტერონიც აწუხებთ და კარგავენ მთავარს ქალისთვის – ქალურ მომხიბვლელობასა და სინაზეს… და შედეგად ვიღებთ გაღიზიანებულ, მუდმივად მოჩხუბარ, არა-ქალურ ქალებს, რომლებიც ან ვეღარ უძლებენ ქმართან ამდენ “ტანჯვას” და შორდებიან, ან კიდევ სიკვდილმისჯილივით ეგუებიან რეალობას და ელოდებიან იმ სანატრელ დროს, როცა ქმარს აღარაფერი მოუნდება…
შეიძლება ცოტა უტრირებულია ეს ყველაფერი, მაგრამ გარშემო, სამწუხაროდ, უამრავი ფაქტია სექსუალურად შეუთავსებელი, დანგრეული თუ დაუნგრეველი ოჯახების, რომლებმაც არაერთი გასამაგრებელი სამუშაო ჩაატარეს ოჯახის გადასარჩენად, მაგრამ ჯერ კიდევ არ აცნობიერებენ, რომ ფუნდამენტია მისახედი…
არის მეორე უკიდურესობაც, როცა ქალი არ ეგუება ქმართან მიღებულ გამოცდილებას და ამ გამოცდილების მიღებას იწყებს სხვასთან… თუმცა ბევრი კონკრეტული შემთხვევაც მინახავს, რომ ასეთი ქალები ვერ იღებენ ოჯახის დანგრევის გადაწყვეტილებას, ბევრი სოციალური და შენთვის ნაცნობი ქართული მოტივის გამო და აგძრელებენ ორმაგ ცხოვრებას, ფიქრობენ რა, რომ თუკი მისმა მამაკაცმა არ “ივარგა”, მასაც აქვს ნორმალური სექსუალური ცხოვრებისა და “ქალური ბედნიერების” უფლება…
მოკლედ რომ შევაჯამოთ ზემოთ მოცემული ინფორმაცია, სექსუალური ცხოვრების გამართულობა პირდაპირპროპორციულად აისახება ქალის თვითშეფასებაზე, მის მიერ საკუთარი თავის აღქმაზე და ეს თემა იმაზე მეტად მოითხოვს მუშაობას, ვიდრე ჩვენ ამის აუცილებლობას ვხედავთ… არასწორი სექსუალური ცხოვრება და ქმართან შეუთავსებლობა მთელ რიგ შემთხვევებში წარმოქმნის ორი უკიდურესობის ქალებს:
ქალი – მსხვერპლი, რომელიც გაძლებაზე ცხოვრობს და საკუთარ შვილებსაც ამ გამოცდილებით ზრდის და “გამოსავალ-ნაპოვნი”ქალი, რომელიც ვერც ოჯახს ანგრევს და დანაშაულის გრძნობითა და აქედან გამომდინარე, ისევ და ისევ დაბალი თვითშეფასების წახალისებით ატარებს ცხოვრებას, რომელიც მიეცა იმისთვის, რომ ბედნიერი იყოს, ჯანმრთელი იყოს და ტკბებოდეს ყოველი წუთით, რომელაც საყვარელ ადამიანთან ატარებს…
შეუძლია თუ არა ქალს, გამოვიდეს ამ მოჯადოებული წრიდან? შეუძლია თუ არა, შეცვალოს დაბალი თვითშეფასება, გამოასწოროს ქმრის მიერ ერთ დროს დაშვებული შეცდომა და მასთან დაიწყოს ბედნიერი და სრულფასოვანი თანაცხოვრება? რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ საკუთარ თავზე მუშაობისა და სწორი ინფორმირებულობის გარდა, ამას საკუთარი ძალებით ვერ მოახერხებს, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საკუთარ თავთანაც კი არ აღიარებს ამ პრობლემის არსებობას და როგორც დასაწყისში ვთქვით, გამწარებული ებრძვის ამ თემაზე გამოჩენილ ყოველ პოსტს, გადაცემას, სტატიას და თუ უბრალოდ, საუბარს…
თუკი ამ პოსტში დაინახე ვინმე, ვინც მსგავს სიტუაციაშია, ან იქნებ, შენი თავიც [და თუ პოსტზე გაბრაზდი, ე.ი. დაინახე], იცოდე, რომ არასოდესაა გვიან, ყველაფერი თავიდან დაიწყო
ფოტო – დევიდ ბარტონი ,,იტალიური ქორწილი”
წყარო: inteleqtika.com