10 საშუალება ტვინის გაზარმაცების და დეგრადაციის თავიდან ასარიდებლად

1
1818

ალბათ შეამჩნევდით, რაც უფრო გემატებათ ასაკი, მით უფრო ნაკლებად ცდილობთ დაძაბოთ ტვინი და ერიდებით საქმეს, რომელსაც მიუჩვეველი ხართ. თქვენ გირჩევნიათ იმ ენაზე კითხვა და მეტყველება, რომელსაც მიჩვეული ხართ, იმ ადამიანებთან ურთიერთობა, ვისაც თქვენი კარგად ესმით, გაქვთ ამოჩემებული რესტორანი,  გაზეთი, სერიალი, ვიწრო სპეციალობა და ა.შ. შეიძლება გეგონოთ, რომ ასე იმიტომ ხდება, წლები დაგეხმარათ რაღაც-რაღაცეების გადაფასებაში, მაგრამ ცდებით.

ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენი ტვინი დიდი ზარმაცი ვინმეა (თქვენსავით) და რაც უფრო ნაკლებს მოსთხოვთ, მით უფრო მეტად შეეცდება დაზოგოს ენერგია და ერთი შაბლონით განაგრძოს ფუნქციონირება. იმის კეთებას, რასაც მიჩვეული ხართ, არ სჭირდება ტვინის მუშაობა; თქვენ ინსტიქტურად დგებით, თავს იწესრიგებთ, გადიხართ სახლიდან, მიდიხართ ნაცნობი გზით, იძლევით ბანალურ პასუხებს და სამსახურში მისული აკეთებთ საქმეს, რომლის კეთებაც ასევე ინსტიქტურად შეგიძლიათ, არ ფიქრობთ რა მიირთვათ,  ზეპირად იცით თქვენი ნაცნობების კომუნიკაციის მანერა, არ ფიქრობთ იმაზე, რას ნიშნავდა ეს ღიმილი და ეს გამოხედვა…ამ დროს ტვინი არ მუშაობს.

ერთი მხრივ, ეს კომფორტულია. მართლაც, რატომ უნდა ავიტკიოთ აუტკივარი თავი? რატომ დავხარჯოთ ზედმეტი ენერგია?  იმიტომ რომ ასე ტვინი კიდევ უფრო მეტად ზარმაცდება და დეგრადაციის პროცესს იწყებს. წლები კი არა, რეალურად ეს არის სიბერე.

წარმოიდგინეთ, საერთოდ რომ აღარ იაროთ, არ დაკავდეთ ფიზიკური აქტივობით, ასე ენერგიას შეინახავთ, მაგრამ ისე დასუსტდებით მუდმივი უმოძრაობით, ფეხის გადადგმასაც ვეღარ მოახერხებთ. დასაპყრდებით. ასევეა ტვინი, სტაგნაციას ვერ იტანს –  მუდამ სჭირდება აქტივობა და  ვარჯიში.

როგორ შევუშალოთ ხელი მის დეგრადაციას? ქვემოთ 10 ყველაზე ეფექტურ მეთოდს გთავაზობთ:

  1. პირველ რიგში, დააკვირდით საკუთარ შეგრძნებებს. თუკი დისკომფორტს გრძნობთ იმის გამო, რომ თქვენს ამოჩემებულ საიტზე დიზაინი შეცვალეს, ან მაღაზიაში თქვენი საყვარელი იოგურტი აღარ დაგხვდათ, კუდში ჩაავლეთ ამ შეგრძნებას ხელი და ადგილზე მოგუდეთ. იყიდეთ სხვა იოგურტი, ან სულაც ნუ იყიდით იოგურტს, კიდევ ბევრი რამ იქნება მაღაზიაში, რაც არ გაგისინჯავთ და საერთოდაც, ეგებ თქვენით გაკეთება გეცადათ?
  2. არ წაიკითხოთ უკვე წაკითხული წიგნები და არ უყუროთ ნანახ ფილმებს. რა მყუდრო გარემოა, არა? ნაცნობი და საყვარელი პერსონაჟები, გარემო, არავითარი სიურპრიზი… თქვენ უკვე იცით ფინალი და იმ წვრილმანებით ტკბებით, პირველ ჯერზე რომ ვერ შენიშნეთ. სად არის ამდენი დრო? იცით რამდენი ფილმი გაქვთ სანახავი? რამდენი წიგნი წასაკითხი? გაანძრიეთ ტვინი.
  3. ახალი მარშრუტი აირჩიეთ. ჩვეული გზიდან გადაუხვიეთ, სხვა მაღაზიებში შედით, სხვა სალონში წადით თმების შესაჭრელად, სხვა საცურაო აუზზე… ისეთ უბნებში გაისეირნეთ, ჯერ რომ არ ყოფილხართ. ეს ჩვეულებრივზე ცოტა მეტ დროს წაგართმევთ, მაგრამ ბონუსებიც შეიძლება ჰქონდეს – მაგალითად, შედარებით დაბალი ფასები და რაც მთავარია ნავარჯიშევი ტვინი.
  4. ახალ მუსიკალურ ნაწარმოებებს მოუსმინეთ. თუნდაც მელომანი იყოთ და ათასობით კომპოზიცია გქონდეთ აიპოდში, აქედან მაქსიმუმ 50-100 ტრეკი გექნებათ ამოჩემებული, რადგან მათ ხართ მიჩვეული და მიჩვეული რომ ხართ ხომ იცით რასაც ნიშნავთ? თქვენს ტვინს ერთი ადგილის განძრევა არ სურს. მოუსმინეთ რადიოს, მოძებნეთ ახალი სიხშირეები, გაიცანით ახალი ჯგუფები, ეცადეთ ახალ ჟანრებს გაეცნოთ…
  5. გაიცანით ახალი ადამიანები. ძალიან მაგარია წლების მეგობრები რომ გყავთ, ვისთანაც თავს ძალიან კომფორტულად გრძნობთ. შეიკრიბებით ხოლმე და იმ თემებზე ისაუბრებთ, ასე რომ გიყვართ.: ფეხბურთზე, ან ბიიონსეს ახალ კაბაზე.. ეგებ უფრო ინტელექტუალურ საკითხებზეც, მაგრამ მაინც. თქვენ უკვე იცით, რას ფიქრობენ ისინი ამ საკითხზე. ეძებეთ თქვენგან განსხვავებული ადამიანები, ადამიანები, რომელთა აზრებიც გაიძულებთ იფიქროთ, რომლებსაც არ დაეთანხმებით.
  6. გააჩინეთ შვილები. ბავშვები ტვინის ცოცხალი ტრენაჟორებია. ისინი ნამდვილ ქაოსს ქმნიან თქვენს ცხოვრებაში, გიცვლიან მარშრუტებს, მუსიკებს, ნაცნობებს… გისვამენ შეკითხვებს, რომლებიც ახლებურად დაგაფიქრებთ ყველაფერზე. ატარებენ ექსპერიმენტებს და იმხელა გარდატეხას ახდენენ თქვენში, რომ თავადაც ვერ ამჩნევთ ისე იწყებთ სხვანაირად აზროვნებას. ბავშვები ყველა შაბლონს ამხობენ ძირს. თუ შვილებს ვერ აჩენთ ძაღლები შეგიძლიათ მოიყვანოთ, მათ გასეირნება სჭირდებათ (სუფთა ჰაერიც შესანიშნავია ტვინისთვის), ხშირად ხდებიან ახალი ნაცნობობების წყარო და ქაოსის შემოქმედებიც კი.
  7. შეწყვიტეთ კრიტიკა. ,,რა საშინელი დიზაინია. რა მოუხერხებელი სავარძელია. ეს ვითომ უკეთესია ახლა? ეს რა უქნიათ? რა საშინელებას აშენებენ? …“ დაკვირვებიხართ, ყველაფერს რომ აპროტესტებენ? ეს იმიტომ რომ ტვინს სიახლეებთან შეგუება არ სურს და დისკომფორტი ექმნება. მათ არ სურთ ცვლილებები. ნუ დამსგავსებით მათ. მიიღეთ ის, რაც არის. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა შეცვლა არ შეგიძლიათ. ან შეგიძლიათ, მაგრამ ამხელა ამბად არ ღირს. არსებობს იმაზე საინტერესო საქმიანობაც, ვიდრე რომელიმე თანამდებობის პირის მეუღლის უგემოვნო ჩაცმულობის განხილვაა. სჯობს, შეგუება ისწავლოთ. ახალი საოპერაციო სისტემა გაუშვეს სამსახურში? ვაა, რა მაგარია, უფრო მაგარი ფუნქციები ექნება. ეს გზა გადაკეტილია? არაუშავს, სხვა გზით წავალ, თან იქ მაღაზიაშიც შევივლი, ან ჩემს ახალ ნაცნობთან… რემონტი დაიწყეს? სუპერ! მალე რა მაგარი გარემო მექნება. ეცადეთ დაინახოთ კარგი მხარები.
  8. შეწყვიტეთ ადამიანებზე ირალიყების მიკერება. ქმარს უღალატა? ბოზი! რამდენჯერაც შეგხვდა გადაკრულში იყო? ლოთი! რა ადვილია არა? რატომ უნდა ვიმტვრიოთ თავი ადამიანის პიროვნების გასახსნელად, არ სჯობს უბრალოდ რომელიმე ფსიქოტიპს მოვარგოთ და იარლიყი მივარტყათ? ერთი სიტყვით ახსნით! აბა, წარმოიდგინეთ დოსტოევსკის გმირებს რა მარტივად აღწერდა თქვენი მეზობელი ლამარა ან გელა… ასე მარტივად ახასიათებდნენ რასკოლნიკოვსაც მეზობლები, სტავროგინი გინდა თუ თავადი მიშკინი… არადა დოსტოევსკი რა საინტერესოდ აღწერს. გენიალური შეიძლება იყოს…იდიოტიც…  შეიძლება გაუგო ისეთ საშინელ პერსონაჟსაც კი, როგორც უფროსი კარამაზოვია… ტვინის განძრევა აშკარად არ ეზარებოდა ამის დამწერს… თქვენ რომელს გინდათ ჰგავდეთ? თქვენს მეზობელ ლამარას/გელას თუ დოსტოევსკის?
  9. ექსპერიმენტები ჩაატარეთ არომატებზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ყნოსვის რეცეპტორების ფუნქციები ევოლუციამ უკანა პლანზე გადაიტანა, სუნები მაინც საოცრად მოქმედებენ ჩვენზე. ნუ ამოიჩემებთ ერთსა და იმავე სუნამოს, ტუალეტის წყალს, ჰაერის გამწმენდებს… არ არის საჭირო წლები ერთ სუნზე გადაკვდომა. არომატები პერიოდულად ცვალეთ.
  10. ისწავლეთ უცხო ენები. და ამისთვის სულაც არ არის საჭირო ჩინელი, ან კორეელი შეგიყვარდეთ. სხვა მოტივაცია უნდა მოძებნოთ, მაგალითად პროფესიულ ინტერესებთან დაკავშირებული, ან სულა ჰობთან. უცხო ენების შესწავლა საუკეთესო ვარჯიშია და ტვინს გაზარმაცებაზე ფიქრის საშუალებასაც კი არ აძლევს, განსაკუთრებით კი თუ ამას უცხო ენაზე მოსაუბრე ადამიანებთან ურთიერთობა და უცხო კულტურაშ ჩაღმავებაც ახლავს თან.

 

და ერთ მშვენიერ დღეს, ალბათ აქედან ბევრი წლის შემდეგ, როცა თქვენი შვილიშვილი რამე ახალ ნანო რობოტულ გაჯეტს მოიტანს სახლში, თქვენ იმის მაგივრად,  ,,ეს რა ჯანდაბაა, მოაცილეო“, შესძახოთ, იტყვით: ვაუ, რა მაგარია, როგორ მუშაობს და სად შეიძლება რომ ვიყიდო?“

 

ჩვენ ჯანმრთელობას გისურვებთ 🙂

psypractice.com-ის სტატიის მიხედვით

 

Comments are closed.