რატომ ვარ ქალიშვილი – ქართველი გოგონების არჩევანი

1
3343

“ქალიშვილობის ინსტიტუტი” – ეს უკვე მრავალჯერ გაცვეთილი, ყბადაღებული, ბანალური, საშაყირო და მაინც აქტუალური თემა არაერთ კომპლექსურ საკითხს მოიცავს. ერთხელ ერთმა ძალიან კარგმა ბიჭმა მითხრა – “ვერაფერს ვიტყვი იმ ქალებზე, რომლებსაც 35-40 წლის ასაკშიც კი სრულიად გააზრებულად სურთ ქალიშვილები გათხოვდნენ, ან იმ მამაკაცებზე, რომლებსაც აუცილებლად ქალიშვილები უნდათ ცოლად. მე მათ ვერც დავცინებ და ვერც ქვებით ჩავქოლავ. ყველას აქვს უფლება მიიღოს ის, რაც სურს და შეხვდეს მას, ვინც სჭირდება”. ასეთი გოგონები და ბიჭები, პირადად ჩემთვისაც, ერთ კატეგორიაში გადიან და დღეს მათზე არ მსურს გესაუბროთ. მსგავსი შეხედულებებისა და ინტელექტის შესახებ უკვე ისედაც ბევრი ითქვა და დაიწერა. მე იმ გოგონების შესახებ მინდა გესაუბროთ, აი, ყოველდღე რომ ხვდებით – შინ, სამსახურში, სანაცნობო-სამეგობრო წრეში – ქალიშვილებზე, რომლებსაც დიდ პატივს სცემთ, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებად მიიჩნევთ, გიყვართ…

მენტალურ ცვლილელებს დრო სჭირდება, ადამიანები კი ნამდვილად იცვლებიან… დღეს საქართველოში ძალიან ბევრი 25-დან 35 წლამდე ასაკის ქალიშვილი ცხოვრობს. ამ თაობის წარმომადგენელთა შეხედულებები უკვე მნიშვნელოვნად განსხვავდება, თუნდაც, 20-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდების შეხედულებებისა და მენტალიტეტისგან. ჩამორჩენილი განათლების, აღზრდისა და სოციალურ-ეკონომიკური სისტემის ქვეყნებში მენტალური ცვლილებების პროცესი შენელებულია, მაგრამ მაინც წინ მიდის. ახლა არც იმ ადამიანებს შევედავები, ვისაც ეჭვი ეპარებათ, ეს კაცობრიობის პროგრესია თუ რეგრესი, წინ მივდივართ, თუ უკან.

“რატომ აღელვებთ დღემდე საქართველოში ქალიშვილობის შენარჩუნება ქორწინებამდე? რეალურად რა უდევს საფუძვლად ამ გენეტიკური მეხსიერებას? ბიოლოგიით დავიწყოთ… ე.წ. საქალწულე აპკი – ქალის ორგანიზმის უნიკალური დეტალია. ის გააჩნია მხოლოდ ადამიანებს (ქალებს), მაიმუნების სახეობასა და ანტილოპების ზოგიერთ სახეობას. მისი დანიშნულება ზუსტად არ არის ცნობილი. ამასთან დაკავშირებით ორი მოსაზრება არსებობს, პირველი – ის ემსახურება შიდა სასქესო ორგანოების დაცვას, მეორე – ის ხელს უშლის ნაადრევი სექსუალური ცხოვრების დაწყებას” (ავტ.: ირი ლეკვეიშვილი).

back-birds-fashion-girl-Favim.com-601818
რელიგია

რელიგიურ-მორალურ მხარესაც შევეხოთ… ქალწულობის, როგორც უბიწოებისა და სიწმინდის გაგება, ყველაზე აქტუალური შუა საუკუნეებში იყო. “ქვეყანა იცვლებოდა, გოგონები კი რჩებოდნენ კონცეფციის ტყვეებად ”ქალიშვილი – კარგია, არაქალიშვილი – ცუდი”, უწმინდური, ბინძური, გარყვნილი… მასეთს ხომ ცოლად არავინ წაიყვანს. ვის ჭირდება ”დაბრაკული”?! ზოგიერთ მუსლიმანურ ქვეყანაში დღესაც კი თუ რძალი არაქალიშვილი აღმოჩნდება, შეუძლიათ ქვებით ჩაქოლონ”. ქალიშვილობის სიმბოლური საწყისი რელიგიაში ქალწულ მარიამს უკავშირდება. მაგრამ ადამიანებს ხშირად არ ესმით, რომ ვინაიდან ღმრთისმშობელი ქალწული იყო, ამიტომ სექსი და სექსუალური ცხოვრება გარყვნიელბა ან სიბინძურე არაა, არ ესმით, რომ უბიწოება მხოლოდ ქალიშვილობა არაა, ან არაქალიშვილობა უპირობო ბიწიერება. ღმრთისმშობლის ქალწულების მიზეზები და მნიშვნელობა ძალიან დიდი თემაა ღმრთისმეტყველებაში და ის ამ სტატიის თემა არაა.
რეალურად ხომ საქმე საქალწულე აპკის ქონა-არქონაში არ არის. ყველაფერი ცხოვრების წესის აღქმა და დამოკიდებულებებია. საქალწულე აპკის არქონის შემთხვევაში ჩნდება ალბათობა იმისა, რომ ქალს არაერთი სექსუალური პარტნიორი ჰყავს. შესაძლოა, ის საკუთარი სხეულით არ ვაჭრობს, მაგრამ სქესობრივი თვალსაზრისით ისე ცხოვრობს, როგორც მამაკაცი. ამ საკითხში ყველა დოგმატის, აკრძალვისა და ტრადიციის სათავე სინამდვილეში ამ თანასწორუფლებიანობის შიშია, აღიარებენ ამას თუ არა.

მოდით, გოგონებო, გულწრფელები ვიყოთ საკუთარ თავთან – რა რეალური მოტივები გვამოძრავებს? რელიგია? რომელიც უბიწოებასა და სიწმინდეს ქალებისგან ზუსტად იმავე დოზით მოითხოვს, რა დოზითაც მამაკაცებისგან? უბიწოები და წმინდანები ხართ? მაშინ, როდესაც ფიქრში, სიზმარში, ოცნებაში და ა.შ. ათასზე არაა საუბარი, თუნდაც ერთხელ მაინც გქონია სექსი, რა სიწმინდეზე შეიძლება იყოს საუბარი? ვის ატყუებთ? საკუთარ თავს? თავშეკავებას რელიგიური თვალსაზრისით ძალიან ღრმა სულიერი საფუძვლები და მზაობა სჭირდება აზრისა და აზროვნების დონეზე.
შეიძლება ქალიშვილი ხარ ბიოლოგიური გაგებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალწული ხარ. ისევე როგორც შესაძლოა, არ ხარ ქალიშვილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეძავი ხარ ან გარყვნილი. ასე, რომ შეწყვიტეთ ამ კუთხით საკუთარი თავის დამშვიდება, ან პირიქით, ტანჯვა… ამგვარად თავის მოტყუება დამანგრეველია, ისევე როგორც მარხვის ყველა სხვა ყალბი გამოვლინება. რელიგიური თვალსაზრისით ქალიშვილობის შენარჩუნება მონაზვნებისა და იმ გოგონების საქმეა, რომლებიც ერში ქალწულობის აღთქმას დებენ. ნუ გამოიყენებთ რელიგიას შირმად!

5b2f4ff2d138a6edcf17893530c4fa69
“ბოზის” სახელი, ტრადიციები და ოჯახის დამოკიდებულება

ერთი ჩემი ნაცნობი ქალი ამბობს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც 27 წლამდე, ანუ ვიდრე გათხოვდებოდა, სექსუალური ცხოვრებისგან თავს იკავებდა, მისი მშობლების დამოკიდებულება იყო. “და რომ დავუფიქრდეთ, რა არის ამაში ცუდი, მათ იმხელა ამაგი აქვთ ჩვენზე, თუ ამ ფორმით მათი პატივისცემის გამოხატვა შემეძლო, რატომ უნდა მეთქვა უარი. მოუთმენლობა და თავშეუკავებლობა, გარკვეულწილად, ცხოველური დამოკიდებულება იქნებოდა ჩემი მხრიდან. თუმცა მოწიფულ ასაკში ამას სრულიად დასაშვებად მივიჩნევ”, – ამბობდა ეს ჩემი ნაცნობი და, დარწმუნებული ვარ, ამ შეხედულებას ძალიან ბევრი ქართველი გოგო იზიარებს. ძმები, ძმის ძმაკაცები, მამები, ბიძები, ბაბუები, დეიდაშვილ-მამიდაშვილ-ბიძაშვილი ბიჭები მათი ოჯახის წევრი გოგონების ქალიშვილობას პირად ღირსებად და სიწმინდედ მიიჩნევენ. პირადად მათთვის კი იმავე “სიწმინდით” ცხოვრება უცხო ხილი ან სამარცხვინოა. რამხელა პარადოქსული ცინიზმი, უსუსური “სიძლიერე” და ამაზრზენი სიყალბეა ამ ყველაფერში. “გაგიტყდება, როდესაც ქმრის გვერდით გაგახსენდება, რომ სხვას ეფერებოდი”, – ასეთი ფრაზებიც ბევრი ქართველი გოგოსთვის იქნება ნაცნობი.

ახალს არაფერს ვამბობ – ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ქართველი გოგონები თავისუფალი სექსუალური ცხოვრებისგან თავს იკავებენ – ოჯახისა და საზოგადოებისგან, განსაკუთრებით, კი რჩეული მამაკაცისგან გარიყვისა და ბოზად აღქმის, ან ვერ გათხოვების შიშია. არ დავწვრილმანდები იმ მამაკაცების დახასიათებით, რომლებიც ქალს ნივთის კატეგორიაში, სახმარ ობიექტად განიხილავენ, რომლებიც ქალებს მხოლოდ უშვრებიან, ქალები კი მათ “აძლევენ”. ეს თემა შესანიშნავად აქვს გაშლილი ჩემს კოლეგასა და მეგობარს თავის სტატიაში “როდესაც კაცები ქალებს უშვრებიან”. ასეთ მამრებზე და მდედრებზე რა უნდა ვთქვა, უბრალოდ იმედს ვიტოვებ, რომ ეს გადაშენების პირას მყოფი ჯიშია… აქვე მინდა ვთქვა, რომ ქართველი მამაკაცების ასე აზროვნების გამო უკვე ბევრი ქართველი გოგო სექსუალურ პარტნიორად უცხოელ მამაკაცს არჩევს. ალბათ მათი უმრავლესობა ოჯახის შექმნასაც უცხოელ მამაკცთან ამჯობინებდა.

14779066985_4a27b267d2_b-810x540
შესაფერისი პირველი პარტნიორი

არიან ისეთი ქართველი გოგონებიც, რომლებიც არც ყალბი რელიგიური მარწუხების გამო იკავებენ თავისუფალი სექსუალური ცხოვრებისგან თავს და არც ტრადიციული სოციალური მიზეზების გამო. მიუხედავად იმისა, რომ მათ უკვე ბავშვები აღარ ეთქმით, არც კომუნიკაბელურობას უჩივიან და არც ბევრ სხვა ფაქტორს, რომელიც წარმატებულ ურთიერთობებს განაპირობებს, შესაფერისი მამაკაცის მოძებნა უჭირთ. საქმე ისაა, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ემოციები და გრძნობებია. ვითარებასაც სწორედ ეს ართულებს. რა თქმა უნდა, ყოველგვარი ემოციური კავშირის გარეშე მამაკაცებსაც უჭირთ სექსუარური კონტაქტის დამყარება, მაგრამ ფაქიზ გრძნობებზე დამოკიდებულობა უფრო ქალებს ახასიათებთ. მათ უბრალოდ უფრო მეტი სურთ, ვიდრე მხოლოდ სექსი ან ხორციელი კავშირი. და აქ ეროვნული ნიშანი არაფერ შუაშია – ეს უბრალოდ ქალური ბუნებაა. ქალს სურს, რომ პირველი სექსი მასთან ჰქონდეს, ვისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება, ვინც მის შიშსა და ტკივილს გაიზიარებს, ვინც საწოლში ყოველგვარი კომპლექსისგან გათავისუფლებაში დაეხმარება. ვინც გულწრფელი იქნება ყველა ემოციაში და არა მოჩვენებითად ან სტანდარტულად თავაზიანი. ვინც უბრალოდ ეყვარება და ვის გვერდითაც სტაბილურობის განცდა ექნება იმ დროს მაინც, როდესაც მასთან სექსს დათანხმდება. მათ უბრალოდ არ სურთ, რომ დღეს პირველად დაწვნენ იმ მამაკაცთან, რომელიც ზუსტად ეცოდინებათ, რომ მეორე დღეს ან რამდენიმე დღეში გაქრება მათი ცხოვრებიდან. ამ “სტაბილურობას” კი უამრავი ფაქტორი განაპირობებს, რაც ასევე სხვა სტატიის თემაა… არცერთი ჩამოყალიბებული, დამოუკიდებელი და განათლებული გოგონა, რომელსაც ქორწინების გარეშე აქვს სექსი საყვარელ მამაკცთან, თავს “ბოზად” არ მიიჩნევს და ეს ასეცაა. ადრე თუ გვიან ამის აღიარება მთელ ქართულ საზოგადოებას მოუწევს.

სოფია კრავჩენკო

ამ თემაზე რამდენიმე ადამიანთან ინტერვიუ ჩავწერე, რომელიც, ვფიქრობ, ჩემს სათქმელს უფრო შეავსებს:  რატომ არ აქვთ გოგონებს ქორწინებამდე სექსი – ქართველი ბიჭების პასუხები

იხილეთ ასევე:  ,,სოჩიკი დაგიწერთ“, ანუ რატომ არ უნდა გვქონდეს სექსი ყველასთან

ზოდიაქოს ნიშნების რეაქცია კითხვაზე – ქალიშვილი ხარ?

Comments are closed.