ჩვენ გვსურს კვარცხლბეგზე შეგვაყენონ და ამავდროულად თანასწორად აღგვიქვან, ანუ როგორია ნამდვილი მამაკაცი

0
2916

ერთხელ ჩემმა ბიჭმა შენიშვნა მომცა: ქალურად მოიქეციო. ეს საკმარისი მიზეზი იყო მასთან დასაშორებლად. დაქალებს ვუთხარი კიდეც როგორ გადავურჩი ჩამორჩენილი, უგრძნობი და სექსისტი კაცის შეყვარებულობას.

მერე დრო გავიდა, ბრაზმა გამიარა და დავფიქრდი, რეალურად ისიც იმას ითხოვდა ჩემგან, რა მოლოდინიც მე მისგან მქონდა: მინდოდა კაცურად მოქცეულიყო.

შეხვედრის დღიდან მოვარგე რაღაც ,,ნამდვილი მამაკაცის“ უტოპიურ სტანდარტს, რომლის რეალურობის გულუბრყვილოდ მჯეროდა.

ასეა, როგორც ჩვენ გვყავს ჩვენი იდეალები პრინცების თუ კრის ჰემსვორსის სახით, კაცებსაც რაღაც ,,ნამდვილი სილამაზის“ სტანდარტები აქვთ ქალების მიმართ, კიმ კარდაშიანის თუ სკარლეტ იოჰანსონის სახით. როგორც ჩვენ ვითხოვთ ნამდვილ მამაკაცობას მათგან, ისე ითხოვენ ნამდვილ ქალობას ისინი ჩვენგან, მაგრამ სამწუხაროდ ასეთი ფენომენი ბუნებაში შეუძლებელია არსებობდეს.

ჩვენც იმიტომ გვეუფლება იმედგაცრუება და იმიტომ გვივარდება ყბა გაოცებისგან, როცა ისინი ქალივით მოქცევას ითხოვენ ჩვენგან, რომ თავად ველოდებით მისგან კაცურ საქციელს.

ეს სტიგმაა. ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ საკუთარი მოლოდინებისგან და მივიღოთ და შევიყვაროთ ისინი ისეთები, როგორებიც არიან.

გოგოებო, მოვეშვათ იდეალებს, რადგან როგორც კი მის პროტოტიპს იპოვით, უკვე სხვანაირი მოგინდებათ.

ჩვენ გვინდა ძლიერი და ცოტა უხეში გარეგნობის მამაკაცი, არადა ვსაყვედურობთ რომ თანაგრძნობის უნარი და სხვა ქალური თვისებები აკლიათ.

ჩვენ ვამბობთ, რომ გვჭირდება კაცი, რომელიც დაგვიცავს და იზრუნებს ჩვენზე, მერე კი კუთვნილ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას ვთხოვთ.

ბავშვობიდან შთავაგონებთ, რომ კაცები არ ტირიან და მერე კი ვაკრიტიკებთ რომ გრძნობების ადეკვატური გამოხატვა და გაგება არ შეუძლიათ, როდესაც ცრემლებს ვაღვარღვარებთ.

ვასწავლით იყოს მებრძოლი და მეომარი და შემდეგ გვიკვირს მისი აგრესიულობა.

გვინდა რომ სადილის ფული გადაგვიხადონ და კარი გაგვიღონ, მერე კი სექსისტობაში ვადანაშაულებთ.

წარსული საუკუნეების რაინდობას მოველით მისგან და ამავე დროს, გვწყინს თუ პროგრესული არ არის.

გვინდა რომ სექსუალურად და მიმზიდველად  მიგვიჩნევდნენ,  თავად კი ვუმტკიცებთ რომ ჩვენ გარეგნობაზე მეტნი ვართ.

ნამდვილ მამაკაცს ვითხოვთ და მერე კი ვბრაზობთ რომ ფემინისტური იდეები არ აქვს.

გვინდა რომ პრინცი მძინარე მზეთუნახავიდან და ვერ წარმოგვიდგენია რომ ეს პრინცი სექსისტი იდიოტია.

გვინდა რომ ჩვენ გამო დორბლები ჰყარონ და მერე ფეხქვეშ რომ გვეგებიან აღარ მოგვწონს.

გვინდა რომ სიტუაციას აკონტროლებდნენ, მერე კი ნერვები გვეშლება რომ გვაკონტროლებენ.

მოვითხოვთ რომ მოგვიწყონ პაემანი, გადაწყვიტონ სად წავიდეთ და თუ ჩვენ გარეშე შეუკვეთა, ვამბობთ რომ ჩვენთვის უნდა ეკითხა და რომ თავად გადავწყვეტთ რა გვირჩევნია.

ჩვენ ვთხოვთ იყვნენ ჩვენი მფარველები და მერე ეს მფარველობა გვაღიზიანებს.

 

ვფიქრობთ, რომ მოგვწონს მამაკაცური, დომინანტი, ცოტა უხეში ტიპები, მერე კი დაქალობას ვთხოვთ, ,,სასოწარკვეთილი დიასახლისების ერთად ყურებას და იმის მიხვედრას რომ ,,კარგად“ სულაც არ ნიშნავს ,,კარგად“-ს.

ჩვენ გვსურს კვარცხლბეგზე შეგვაყენონ და ამავდროულად თანასწორად აღგვიქვან.

ჩვენ მისგან  ჯენლტმენობას ვითხოვთ და ვერ ვაცნობიერებთ რას ნიშნავს იყო ჯენლტმენი.

ჩვენ ვითხოვთ მათგან კაცურად მოქცევას და არ მოგვწონს რომ ქალურობა აკლიათ.

ჩვენ მეგობარ ბიჭს ვითხოვთ მეგობარი გოგოს თვისებებით.

ჩვენ არ გვსურს მარტოობა და გვინდა რომ გვიხსნან საკუთარი თავისგან, მერე კი ვამტკიცებთ რომ საკუთარი თავის მიხედვა თავადაც შეგვიძლია.

ჩვენ მას ვთხოვთ იყოს ნამდვილი მამაკაცი – ჩვენზე ძლიერი, ჭკვიანი, დომინანტი და ცოტათი უხეში, მამაკაცური თვისებებით, ჩვენ თავად ვთხოვთ მას შეგვიკრას ხელ-ფეხი და გვატაროს თავის ჭკუაზე, მერე კი სექსისტობაში ვადანაშაულებთ, ფემინისტობას ვთხოვთ, თავისუფლებას ვითხოვთ, ვამბობთ რომ ვიხრჩობით და ვიგუდებით მათ გვერდით.

ჩვენ ყველანი ვეძებთ ნამდვილ მამაკაცს, მაგრამ ვერ ვახერხებთ ჩამოვყალიბდეთ, როგორია იგი, იმიტომ რომ ყველა მამაკაცი ნამდვილია, თავისი რთული, განსაკუთრებული ხასიათებით.

თქვენც ნამდვილ მამაკაცს ეძებთ? თვალები გაახილეთ, გვერდით გიწევთ, ზუსტად ისეთი, როგორიც არის!