ანალიტიკური ფსიქოლოგიის დამფუძვნებლის, კარლ გუსტავ იუნგის ეს ინტერვიუ დაიბეჭდა შვეიცარულ გაზეთ Die Weltwoch- ში 1945 წლის 11 მაისს. მისი სათაური — მოიპოვებენ კი სულები სიმშვიდეს, აქტუალურია დღესაც.
როგორ ფიქრობთ, ომის დასრულება ევროპელებში რამდენად მოახდენს დიდ შინაგან გარდაქმნას, განსაკუთრებით გერმანელებში, რომლებიც თითქოს ახლახან გამოფხიზლდნენ გრძელი და საზარელი კოშმარისაგან?
რა თქმა უნდა მოახდენს. გერმანელების წინაშე კი ურთულესი პრობლემა დგას, რომლის მნიშვნელობის ბოლომდე გააზრება და წარმოდგენა ძალიან რთულია. ფართოდ არის გავრცელებული გულუბრყვილო დაყოფა ნაცისტებისა და ამ რეჟიმის მოწინააღმდეგეების. მე ვმკურნალობ ორ ანტინაცისტს და როგორც მათი სიზმრებიდან ჩანს, წესიერების უკან იმალება მკვეთრად გამოხატული ნაცისტური ფსიქოლოგია მთელი თავისი სისასტიკით და ძალადობით. როდესაც შვეიცარიელმა ჟურნალისტმა ჰკითხა ფალდმარშალ გეორგ ფონ კიუხლერს ( ხელმძღვანელობდა დასავლეთ პოლონეთის ინტერვენციას 1939 წლის სექტემბერში, იგი გასამართლადა ნიურნბერგის ტრიბუნალის მიერ და როგორც სამხედრო დამნაშავე ციხეში ჩასვეს.) პოლონეთში გერმანიის სიმხეცის შესახებ, მან აღშფოთებით წამოიძახა ,, უკაცრავად, ეს ვერმახტი არ იყო, ეს იყო პარტია” — აი ეს საუკეთესო მაგალიათია პატიოსანი და უპატიოსნო გერმანელების გულუბრყვილო დაყოფის. ისინი ყველა ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, აქტიურად თუ პასიურად, ჩართულნი არიან ამ საშინელებაში, მათ თან იცოდნენ და თან არ იცოდნენ ყველაფერი ის, რაც სინამდვილეში ხდებოდა. ყველაფერი კოლექტიური დანაშაულის საკითხია, რომელიც სიტუაციას ართულებს. ფსიქოლოგიისათვის ეს ფაქტია და არავითარ ეჭვებს არ იწვევს. განკურნებისათვის კი ურთულესი და უმთავრესი ამოცანაა დანაშაულის აღიარება აიძულო ამ ადამიანებს. ახლა უკვე ბევრი მათგანი მომმართავს მკურნალობის თხოვნით. თუ თხოვნა მოდის ე.წ. ,,პატიოსანი” გერმანელისაგან, რომელსაც მთელი საკუთარი დანაშაულის გესტაფოზე მიყრა სურს, ვთვლი, რომ ასეთი შემთხვევები უიმედოა. მე აღარაფერი მრჩება გარდა იმისა, რომ მივაწოდო მას ანკეტები არაორაზროვანი კითხვებით, როგორებიცაა — რას ფიქრობთ ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკზე? მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა პაციენტი აღიარებს თავის დანაშაულს, შესაძლოა რაიმე ტიპის მკურნალობაზე საუბარი.
შესაძლებელია თუ არა რომელიმე სხვა ერს გადახდენოდა იგივე?
ნება მომეცით აქ მცირედით გადავუხვიო თემას და მოკლედ მოვხაზო ჩემი თეორიის მახასიათებლები, რომელიც ეხება საერთო ფსიქოლოგიურ წარსულს, ნაციონალურ-სოციალუტურ ომამდე არსებულს. ათვლის წერტილად ავიღოთ ერთი მაგალითი ჩემი პრაქტიკიდან. ერთხელ ჩემთან მოვიდა ქალი და ქმარს ძალადობის ბრალდებები წაუყენა: ის ეშმაკია, ის სტანჯავს და ზეწოლას ახდენს. სინამდვილეში ეს ადამიანი აღმოჩნდა სრულიად წესიერი მოქალაქე, სულაც არ იყო დამნაშავე ასეთ დემონურ დამოკიდებულებებში ცოლის მიმართ. საიდან მოუვიდა ამ ქალს ეს გიჟური იდეა? ძალიან მარტივად — მის საკუთარ სულში ცხოვრობს ის დემონი, რომლის პროექცია გარეთ მოახდინა, საკუთარი სურვილები და რისხვა ქმარზე გადაიტანა. როცა მას ყველაფერი ავუხსენი, იგი დამეთანხმა და გადაიქცა ცხვრად. თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ სწორედ ამან შემაშფოთა, რადგან არ ვიცოდი სად გაქრა დემონი, რომელიც ადრე ქმრის ხატებისათვის ჰყავდა მიბარებული. სწორედ ასეთი რამ, ოღოდ გაცილებით დიდი მასშტაბის მოხდა ევროპის ისტორიაში. პრიმიტიული ადამიანებისათვის სამყარო სავსეა დემონებითა და საიდუმლო ძალებით. ისინი განიცდიან შიშს. მათთვის მთელი ეს ბუნება სავსეა ამ სულებით, რომელიც სინამდვილეში სხვა არფერია, თუ არა თავიანთივე შინაგანი ძალები, რომლის პროექციას ახდენენ გარე სამყაროზე. ქრისტიანობამაც და თანამედროვე მეცნიერებამაც მოახდინა ბუნების, გარესამყაროს დემონიზება. ევროპელები კი ამ დემონური ენერგიის შთანთქმით ტვირთავენ ქვეცნობიერს. მოგვიანებით ადამიანში ეს ძალები ჯანყდებიან ქრისტიანობის წინააღმდეგ სულიერი თავისუფლების შეზღუდვის ბრალდებით. იგი ამოხეთქავდა ხოლმე ბაროკოს ხელოვნებაში. ადამიანი ნელ-ნელა გადაიქცა ურობოროსად (დახვეული გველი, რომელიც თავის კუდს კბენს), იგი თვითგანადგურებით არის დაკავებული. ეს უძველესი დროიდანვე იყო დემონით შეპყრობილი ადამიანის სიმბოლო. პირველი სრულქმნილი მაგალითი ამისა გახდა ნაპოლეონი. გერმანელები ავლენენ განსაკუთრებულ სისუსტეს ემ დემონური ძალების წინააღმდეგ, რადგან მარტივად ექცევიან გავლენის ქვეშ. ამის მიზეზი კი ფსიქოლოგიური უმწიფრობა და არასრულფასოვნებაა. ესაა შედეგი მათი განუსაზღვრელი პოზიციისა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ისინი ევროპაში ყველაზე ხანგრძლივად დარჩნენ დედის საშოში, საბოლოოდ მაინც მოშორდნენ მას, მაგრამ დაგვიანებულად. საკუთარი მასკულანური საწყისის გაძლიერებისათვის არაფერი გაუკეთებიათ, როგორც კაცებს განთავისუფლებისათვის არასოდეს უბრძოლიათ. სწორედ ამიტომ სტანჯავთ გერმანელებს არასრულფასოვნების კომპლექსი, რომლის კომპენსირებას ცდილობენ განდიდების მანიით — ,,გერმანული სული გადაარჩენს სამყაროს” ეს მათი ლოზუნგია, ემანუელ გეიბელის(1815-1884) პოემიდან ,,გერმანიის აღიარება”. თუმცა კი ისინი ვერ გრძნობენ საკუთარ კანში თავს მაინცდამაინც კარგად. ეს ტიპური ახალგაზრდული ფსიქოლოგიაა, რომელიც წარმოჩინდა არა მხოლოდ ფართოდ გავრცელებული ჰომოსექსუალურ მიდრეკილებებში, არამედ გერმანულ ლიტერატურაში anima -ს სახის ნაკლებობითაც (გოეთე დიდი გამონაკლისი იყო), ეს ასევე იკვეთება გერმანულ სენტიმენტალურობაში, რომელიც სინამდვილეში სწორედ უგრძნობელობა და სისასტიკეა. ყველა ის ბრალდება, რომელსაც თუნდაც რუსეთს უყენებდნენ, თავად ჰქონდათ — გერმანული პროპაგანდა სწორედ უსულგულობას აბრალებდა მას. გებელის სიტყვა სხვა არაფერი იყო, თუ არა გერმანული ფსიქოლოგია, რომლის პროექცია მოხდა მტერზე. მოუმწიფებლობა განსაკუთრებით შემაძრწუნებელი სახით ჩანდა გენერალური შტაბის უუნარობაში, მოუქნელობა, რომელიც მოგაგონებთ მოლუსკს ნიჟარაში. გერმანია ყოველთვის იყო ფსიქიკური კატასტროფის ქვეყანა — რეფორმები, გლეხური და რელიგიური თემები. ეროვნული სოციალიზმის ზეწოლასთან ერთად დემონები იმდენად გაძლიერდა, რომ ადამიანური არსი მოექცა მათი გავლენის ქვეშ და მიეცა მას ზეადამიანობის ილუზია, პირველი ამით ჰიტლერი დაინფიცირდა, მოგვიანობით კი სხვებს გადასდო. ყველა ლიდერი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, შეპყრობილი იყო. დღევანდელი გერმანიის მოსახლეობის 10% უიმედო ფსიქოპათები არიან.
თქვენ საუბრობთ გერმანელების ფსიქოლოგიურ არასრულფასოვნებაზე, რამდენად გვეხება ეს ჩვენ, გერმანული წარმოშობის შვეიცარიელებს?
ჩვენ მცირერიცხოვნებით ვართ შეზღუდულნი, შვეიცარიის მოსახლეობა რომ ოთხმოცი მილიონი იყოს, შეიძლება იგივე დაგვმართნოდა, რადგან დემონებს სწორედ მასები იზიდავს. დიდ მასაში ადამიანი კარგავს ინდივიდუალურობის ფესვებს და ამიტომ მათი მართვა გაცილებით მარტივია. ნაცისტები პრაქტიკაში ახდენდნენ მასის და არა ინდივიდის ფორმირებას. ამის შედეგია, რომ დემონიზირებული ადამიანების სახეები დღეს ამდენად უსიცოცხლო, გაყინული და ცარიელია. შვეიცარილებს ფედერალიზმი და ინდივიდუალიზმი გვიცავს. ჩვენთან შეუძლებელი ასეთი მასობრივი აკუმულაცია. იზოლაცია და ინდივიდუალურობა დემონებთან საბრძოლველად საუკეთესო საშუალებაა.
და რად გადაიქცევა მკურნალობა ბომბებითა და პულიმიოტებით? დემონიზებული ნაციის სამხედრო ქმედებები გაზრდის არასრულფასოვნების კომპლექსს და გააუარესებს მათ ავადმყოფობას?
ახლა გერმანელები მთვრალ ადამიანს მოგაგონებენ, რომელსაც დილით უქეიფობა აწუხებს. მათ არ იციან რა ჩაიდინეს და არც სურთ ამის ცოდნა. მხოლოდ ერთი შეგრძნება აწუხებთ –უსაზღვრო უბედურება. ისინი კრუნჩხვამდე ეცდებიან თავის მართლებს დანარჩენი სამყაროს წინაშე, რომელიც მათ ვერ იტანს. როგორც უკვე აღვნიშნე, ამ ყველაფრისაგან თავის დაღწევა მხოლოდ აღიარებით შეიძლება. გულწრფელი სინანული ღვთის წყალობაზე გადის. ეს არა მხოლოდ რელიგიური, არამედ ფსიქოლოგიური კუთხიდანაც ასეა. მკურნალობის ამერიკული კურსი გულისხმობს ადამიანების მიყვანას დანაშაულის ადგილებზე — საკონცენტრაციო ბანაკებში, რათა გააცნობიერებინონ იქ ჩადენილი საშინელება და ეს სწორია. საქმე ისაა, რომ მხოლოდ მორალური სწავლება აქ ბევრს ვერაფერს შეცვლის, მთავარია სინანული თავად ამ ადამიანებში დაიბადოს. შესაძლოა ამ კატასტროფამ ხელი შეუწყოს დადებითი ძალების გამოვლენასაც და ისინი მათში ისევე ძლიერად გამოვლინდნენ, როგორც დემონები. ვინც ასე დაბლა ეცემა, სწორედ მას აქვს სიღრმე. ყველა ალბათობით კათოლიკური ეკლესია შემოიკრებს ადამიანებს, რამდენადაც პროტესტანტულ ეკლესიაში განხეთქილებაა. არის ცნობები, რომ საყოველთაო უბედურებამ გამოაღვიძა გერმანიის რელიგიური ცხოვრება, მთელი საზოგადოება ემხობა მუხლებზე და სთხოვს ღმერთს ანტიქრისტესაგან დაცვას.
ამდენად შესაძლოა იმედი გვქონდეს, რომ ახალი, უკეთესი ქვეყანა წარმოიქმნება ნანგრევებიდან და დემონები განიდევნება?
არა, დემონებისაგან გათავისუფლება ასე მარტივად არ ხდება, ახლა იგი ახალ მსხვერპლს დაუწყებს ძებნას და იპოვნის კიდეც. ყოველი ადამიანი, რომელიც ვერ აკონტროლებს თავის ჩრდილს, ყველა ნაცია, რომელსაც საკუთარი უცდომელობის სჯერა, გახდება მათი ნადავლი. ჩვენ ქვეცნობიერად გვიყვარს კიდეც დამნაშავეები და გვაინტერესებს ისინი მთელი არსებით, მხოლოდ იმიტომ, რომ ამით ეს ძალები საშუალებას გვაძლევენ დავივიწყოთ ჩვენივე ნაკლოვანებები. თითქოს ისინი ჩვენი გამართლების საშუალებაა. გერმანელები მოიპოვებენ სიმშვიდეს, როცა მიიღებენ და აღიარებენ თავიანთ დანაშაულს, მაგრამ სხვები გახდებიან შეპყრობილნი, თუნდაც მაშინ, როცა გერმანელების დანაშაულისადმი დიდი ზიზღის ნიადაგზე დაივიწყებენ საკუთარ არასრულფასოვნებას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გერმანელების ამ საბედისწერო მიდრეკილებებით შესაძლოა დაავადდნენ სხვა ერები, განსაკუთრებით ისინი, რომლებსაც გამარჯვებული ერის სინდრომი აქვთ. მასობრივი პროპაგანდა გამოკვეთილია დიდ ქვეყნებში, ისინი იბრძვიან დომინირებისათვის. ასეთი მიდრეკილებები შეინიშნება თანამედროვე ამერიკაშიც. რუსეთი უკვე მოჯადოვებულია ამ დემონური ძალაუფლებით, რაც ბოლოს განვითარებული მოვლენებიდან ნათლად ჩანს. ამ ხრივ გაცილებით ზომიერები არიან ინგლისელები –ინდივიდუალიზმი იცავს მათ ამ საყოველთაო ლოზუნგებისაგან და შვეიცარიელებიც იზიარებენ მათ გაუცხოვებას კოლექტიური სიგიჟისაგან.
და ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ასე მშვიდად უნდა ველოდოთ კიდევ როდის გამოავლენენ თავს დემონები?
მე უკვე ვთქვი, რომ ამ შემთხვევაში ერთადერთი სტრატეგია არა მასის, არამედ ცალკეულ პიროვნებებში ინდივიდუალიზმის აღზრდაა, ეს არც ისე უიმედოა, როგორც შეიძლება თავიდან მოგეჩვენოთ. თუმცა ეს ძალები საკმაოდ ძლიერია. ისინი იყენებენ თანამედროვე საშუალებებს — პრესა, რადიო, კინო. მიუხედავად ამისა ქრისტიანობას ჰქონდა ძალა დარჩენილიყო თავის პოზიციაზე დაუძლეველი მტრის წინაშეც და ეს არ იყო მასობრივი პროპაგანდის შედეგი, როგორც ეს მოგვიანებით მოხდა. ეს სარწმუნოება გადადიოდა ადამიანიდან ადამიანში. ეს ის გზაა რომლის გავლაც მოგვიწევს ამ ძალებისაგან თავის დასაღწევად. არ მშურს თქვენი ამოცანის, რომ უნდა ჩამოწეროთ ეს ჩემი აზრები, ისე, რომ ადამიანებს ისინი ბუნებრივად მოეჩვენოს და არა უცნაურად. საუბედუროდ, ეს ჩემი ბედია, ადამიანები, განსაკუთრებით შეპყრობილი ადამიანები მე გიჟად მიმიჩნევენ, იმიტომ, რომ მე მჯერა დემონების არსებობის. მაგრამ ასე ფიქრი მათი ნებაა, მე ვიცი, რომ ეს ძალები არსებობენ. ეს ისეთივე სიმართლეა როგორც ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკის არსებობა.