როგორია შენი მეორე ნახევარი? ზედმეტად მგრძნობიარე? ეჭვიანი? მშიშარა? აგრესიული? ზედმეტად დამოკიდებული? დრამატული? დაიმახსოვრეთ – ის თქვენი სარკეა და თქვენს იმ ნაწილს ამხელს, რომლისთვისაც თვალის გასწორება არ გსურთ.
ფსიქოლოგიურ ენაზე ამას პროექცია ქვია. ჩვენ ყველანი უარვყოფთ საკუთარ თავში რაღაც თვისებებს, რომელიც არ მოგვწონს, გვაღიზიანებს და მერე ამ ნაწილის გადასაფარად ისეთ პარტნიორებს ვიზიდავთ, რომელთაც აშკარად აქვთ გამოხატული ეს თვისებები. ყველაზე დიდი ფსიქოანალიტიკოსები ფსიქოანალიტიკოსებს შორის მიიჩნევდნენ, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც რაღაც ემოციას იწვევს ჩვენში ჩვენი ქვეცნობიერის ნაწილია და როცა ორ ადამიანს შორის ჩნდება რაღაც ქიმია, ეს ორივე ადამიანის ტრანსფორმაციას იწვევს.
ეზოთერიკოსები ნამდვილ მეორე ნახევრებს ტყუპისცალ სულებს უწოდებენ. მათ ისე ძალიან უყვართ ერთმანეთი, რომ ეს ენერგია საშუალებას აძლევს პარტნიორი აირეკლოს. ისინი გაძლევენ საშუალებას საკუთარ თავს გაუსწორო თვალი მათი მეშვეობით – ისეთს, როგორიც ახლა ხარ, როგორიც იყავი, ან როგორიც დაგავიწყდა, რომ იყავი, მაგრამ აუცილებლად უნდა გაიხსენო, იმიტომ რომ რაღაც გაქვს გამოსასწორებელი. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი ნამდვილი მეორე ნახევრები სარკეები არიან, რომელთა მეშვეობით უკეთესები ვხდებით, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარკეზე არ გავბრაზდებით მხოლოდ იმიტომ რომ რასაც ვხედავთ, არ მოგვწონს. ყურადღებით მოეკიდეთ რას ითხოვენ ისინი თქვენგან, რისი სჯერათ, რისი სწამთ, რაზე საუბრობენ. ეს თქვენ ხართ! ეს თქვენი მოთხოვნებია, თქვენი რწმენა და თქვენი აზრები, რომლებიც უკან გიბრუნდებათ.
მხოლოდ თქვენს სულიერ ტყუპისცალს შეუძლია გატაროთ იმ გზით, რომელზეც სხვა ვერავინ დაგაყენებთ. ის ირეკლავს ყველაფერს თქვენში, თქვენ გარშემო, თქვენ შესახებ. ის გაჩვენებთ საკუთარ ღირსებებს, ნაკლოვანებებს და თან ამ ყველაფერს აკეთებს სიყვარულის საშუალებით. მისი აზრები, ქმედებები თქვენი ტრანსფორმაციის წყარო უნდა გახდეს.
ზოგიერთი რამ ძალიან სიღრმეშია ჩამარხული და იმდენად მიცემული დავიწყებას, შეიძლება საერთოდ ვერ დააკავშიროთ საკუთარ თავთან, ამიტომ უფრო მეტად დაკვირვებული უნდა გავხდეთ. დააკვირდით მის აზრებს, შიშებს და ქცევებს. ეს საკუთარი თავის გაცნობიერებაში დაგეხმარებათ. უნდა მოძებნოთ ვაჟკაცობა საკუთარ თავში, რომ საკუთარი, თუნდაც მახინჯი მხარეებისთვის თვალის გასწორება შესძლოთ. თუკი ამას მოახერხებთ თქვენი ამ ქვეყნად მოსვლის და ერთმანეთთან შეხვედრის მისიაც გამართლებული იქნება. თქვენ ხომ დაბადებამდე შეჰფიცეთ ერთმანეთს ერთგულება და შეთანხმდით რომ სწორედ აქ და ახლა შეხვდებოდით ერთმანეთის ეგოების განსაკურნად?
თქვენი პარტნორი ეჭვებით იტანჯება? ზუსტად იგივე გაწუხებთ თქვენც და როგორც კი მოახერხებთ ამ ეჭვებისგან გათავისუფლებას, ისიც გათავისუფლდება. დამოკიდებულელები აქვს? თქვენც იგივე პრობლემის წინაშე დგახართ ქვეცნობიერში და თუ მისი განკურნება გინდათ, ერთადერთი საშუალება ამ ყველაფრის ამოქექვა და მისგან გათავისუფლებაა. თქვენი განკურნება= მის განკურნებას და პირიქით და სხვა წამალი არ არსებობს.
როგორც კი შენიშნავთ რომ პარტნიორი დეპრესიით, ავადმყოფობით, დამოკიდებულებებით იტანჯება, ჩაიხედეთ საკუთარ სულში, გააცნობიერეთ ანარეკლი და საკუთარი თავის სიყვარულით და თქვენი პარტნიორის სიყვარულით თქვით: მე მინდა ამისგან გათავისუფლება, რათა გავთავისუფლდეთ ორივე!. ეს ორივეს გადაგარჩენთ.
ნურასოდეს გაემიჯნებით მას. თქვენ ერთად დიდი ძალა ხართ! სწორედ ამიტომ ამბობენ, რომ მეუღლეები ერთმანეთს აცხონებენო. სულიერი ტყუპისცალები, რომლებიც საკუთარ ერთობას აცნობიერებენ და პრობლემებსაც ,,შენად“ და ,,ჩემად“ არ ჰყოფენ ტრანსფორმაციის უმაღლეს დონეს აღწევენ. მთავარია, არ გაექცეთ პრობლემებს და ერთმანეთს ამ პრობლემების გამო.
მას რომ ზურგი შეაქციოთ ეს საკუთარი თავისთვის ზურგის შექცევა იქნება, ეს საკუთარ თავზე უარის თქმა იქნება. თქვენ უნდა მიიღოთ და შეიყვაროთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ. მხოლოდ ასე თუ მოახერხებთ ნაკლოვანებებისგან გათავისუფლებას. დედა ტერეზა წერდა- ადამიანს ვერასოდეს შეცვლით მისი შეცვლის მცდელობით, უნდა შეიყვაროთ. სიყვარული ყველაფერს ცვლის. იგივე პრინციპია საკუთარი თავის სიყვარულის შემთხვევაშიც. თუკი თქვენ არ გიყვართ საკუთარი თავი, თუკი ვერ იღებთ მას ისეთს, როგორიც არის, ვერ შეიცვლებით. საკუთარი თავის შეყვარებით, თქვენ შეიყვარებთ თქვენს პარტნიორს და ისინი უფრო მეტად შეგიყვარებენ თქვენ და საკუთარ თავს.
ხშირად ისე ხდება, რომ ასეთი წყვილებიც კი შორდებიან ერთმანეთს. ეს ადამიანები მერე გამუდმებით ეძებენ ვიღაცას და ვერავის პოულობენ. რადგან ეს ადამიანები რეალურად პარტნიორებს კი არ გაურბიან. გაურბიან საკუთარ თავს. დაიღალეთ იმით რომ არ იცის რა უნდა? ეს ნიშნავს რომ თქვენ თავადაც არ იცით რა გინდათ. ყელში ამოგივიდათ მისი სისუსტეები? თქვენ საკუთარ სისუსტეს არ უტყდებით! მას სწყინს რომ ყურადღებას არ აქცევთ? ესე იგი თქვენ საკუთარ თავს საკმარის ყურადღებას არ აქცევთ. მას ეჭვი ეპარება თქვენში? ესე იგი თქვენ ეჭვი გეპარებათ საკუთარ თავში. ეს სარკეა! მოეშვით იმის თამაშს, ვინც არ ხართ! მიიღეთ საკუთარი თავი! ნამდვილი საკუთარი თავი და არა თქვენი ეგო, რომელიც ათასგვარ როლს გიგონებთ.
პრობლემები გაქვთ ურთიერთობაში? ეს თქვენი პრობლემებია მთლიანად! ეს თქვენი ბარგია და სადაც არ უნდა წახვიდეთ, ამ ბარგს ყოველთვის თან დაათრევთ!
(c) Dare.ge