სიყვარულის ხუთი საფეხური, რა ეტაპების გადალახვა გვიწევს ურთიერთობაში

2
6879

როგორ ხდება, რომ ზოგიერთი წყვილი მთელი ცხოვრება ახერხებს ერთმანეთის მიმართ გრძნობების შენარჩუნებას, მაშინ როცა ირგვლივ პანტა-პუნტით იმსხვრევა გულები და ინგრევიან ოჯახები? ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ისინი სიყვარულში კარგად ერკვევიან და მისი განვითარების სხვადასხვა ეტაპებს უწყობენ ფეხს.   ფსიქოლოგები სიყვარულის ხუთ საფეხურს გამოყოფენ. მათი კვლევების შედეგების მიხედვით ყველაზე ხშირად ურთიერთობა მეორე ეტაპზევე იმსხვრევა. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანებს რატომღაც ჰგონიათ, სიყვარული ურთიერთობის მხოლოდ ის პირველი ფაზაა, რომელიც ჰოლივუდურ ფილმებშია გარომანტიკულებული და რომელსაც მეცნიერებმა დაავადება უწოდეს.

 

ამ დამკვიდრებული სტერეოტიპების გამო, წყვილები პანიკაში ვარდებიან ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადასვლისთანავე, ერთმანეს შორდებიან და ეძებენ სხვა, უფრო შესაფერის პარტნიორს, ისევ შორდებიან, ისევ ეძებენ და ასე, დაუსრულებლად… ისინი ცდებიან. სიყვარული არ არის მხოლოდ ეიფორიის მდგომარეობა, იგი გაცილებით უფრო რთული და კომპლექსური ფენომენია, ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც იცვლება, ვითარდება, გარდაიქმნება და ჩვენგანაც იმავეს ითხოვს. გამოიყოფა 5 ძირითადი სტადია:

 

  1. რომანტიული სიყვარულის ეტაპი იგივე ნარკოდამოკიდებულების ფაზა

 

ბუნებამ ეს ფაზა ერთმანეთის შესაყვარებლად მოიფიქრა. ბუნება გვაიძულებს გვიყვარდეს, თუმცა ყველა არა… ბუნებას სურს გადარჩინოს სახეობა და ადაპტაციას და ზრდას გვასწავლის. როგორ გვასწავლის? გვაყვარებს მთელს სამყაროში ყველაზე შეუფერებელ ადამიანს… ამ ადამიანს არავითარი შანსი არ აქვს დააკმაყოფილოს ჩვენი მოთხოვნები და ყველაზე კარგად რაც გამოსდის ჩვენი ყველა კოშმარის რეალობას ქცევაა. რაშია იდეალური? გვაიძულებს გავიდეთ კომფორტის ზონიდან, შევეგუოთ და გავიზარდოთ. ბუნება გვაბრმავებს. სიყვარულით თვალახვეულები ჩვენი პარტნიორის ნაკლს ვერ ვამჩნევთ. რომ ვამჩნევდეთ, უკანმოუხედავად გავიქცეოდით მისგან. აი, სწორედ ამიტომ ბუნება ნარკოდამოკიდებულს გვხდის ამ ადამიანზე.

სიყვარულის კანონების მიხედვით ორი ადამიანის შეხვედრისას წარმოიქმენა გარკვეული ქიმია, ტვინში გამოიყოფა ისეთი ნივთიერებები, რომლებიც ,,კაიფის“ მდგომარეობას ახლავს, იგი გვიჩქარებს გულს, გვიჩენს ცეცხლს მუცელში და თავში პეპლებს. შეყვარებულ მდგომარეობაში ყოფნასა და ნარკოდამოკიდებულების მდგომარეობაში ყოფნას შორის ერთადერთი განსხვავებაა – სიყვარული ლეგალურია. თუკი წამალს ვერ შოულობს რა ემართება ნარკომანს? ასეა ხოლმე ცალმხრივად შეყვარებული ადამიანი. ეს აუტანელი ტანჯვაა… დაახლოებით ისეთი შიმშილისა და წყურვილის დროს რომ ვგრძნობთ..  სამაგიეროდ რა გვეუფლება, როცა სიყვარული ორმხრივია? საოცარი ეიფორია – სამყარო სხვანაირი გვეჩვენება, უფრო ფერადი, ლამაზი, ჩვენ კარგად ვართ, სხვა არაფერი გვინდა, სხვა არაფერი გვახსოვს. თქვენ მზად ხართ ყველაფერზე წახვიდეთ მისი გულისთვის, სანამ წამალი გყოფნით. წამალი კი დაახლოებით 2 თვიდან 3 წლამდე გვყოფნისო ასე დაასკვნეს მეცნიერება, ხარისხზეა დამოკიდებული. დაახლოებით ამ პერიოდის შემდეგ ტვინი იმ ნივთიერებების გამოყოფას წყვეტს, რომლითაც აქამდე სხვანაირად ხედავდით ყველაფერს. ერთ დილით სიყვარულის ნაბახუსევზე იღვიძებთ და აღმოაჩენთ რომ გვერდით თქვენთვის სრულიად შეუფერებელი ადამიანი გიწევთ. და-ნა-ნა-ნა… იწყება ახალი ფაზა

 

  1. ძალაუფლების გადანაწილების ეტაპი, იგივე სიყვარულის ნაბახუსევის ფაზა

 

სტატისტიკურად ყველაზე მეტი განქორწინება ამ ფაზაში ხდება – 3-4 წლისთავზე. ეს ყველაზე მტკივნეული პერიოდია.

წყვილების უმეტესობას სჯერა საკუთარი სიყვარულის განსაკუთრებულობის, იმის, რომ მის შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირად იქნება,  უცებ კი რომანტიკული სიყვარულის მარადიულობის ილუზია იმსხვრევა, ვფხიზლდებით და გვრჩება ნაბახუსევი – იმედგაცრუება და ბრაზი.

ამ დროს ჩვენ მეორე უკიდურესობაში ვვარდებით, აქამდე თუ მხოლოდ კარგ მხარეებს ამჩნევდით, ახლა უკვე ნაკლოვანებების შემჩნევას იწყებთ, თუ ადრე მსგავსებით ვიყავით აღფრთოვანებული, ახლა მარტო განსხვავებები გეჩხირებათ თვალში. ,,რა გჭირს, ვეღარ გცნობ“, ,,შეიცვალე“, ,,სხვანაირი გახდი“, ,,ადრე ყველაფერი სხვანაირად იყო“…  იწყება ერთმანეთის გადაკეთების მცდელობა – თქვენ გინდათ ის ისეთი გახდეს, როგორიც ადრე იყო. არადა, ის ადრეც ასეთი იყო, უბრალოდ ,,კაიფში“ სხვანაირი გეჩვენებოდათ.

შემდეგ გიჩნდებათ მისი დასჯის სურვილი იმიტომ, რომ სხვანაირად გაჩვენებდათ თავს და სხვანაირი ყოფილა… გაქვთ განცდა რომ მოგატყუათ, თავისი თავი შემოგატყუათ. ამ დროს ერთი პარტნიორი გაუცხოებას იწყებს და პირად სივრცეს ითხოვს, მეორე კიდევ  მის შენარჩუნებას ცდილობს. საჭიროა ყურადღება და სიფრთხილე – ავტონომიურობა უნდა მისცეთ ერთმანეთს და საკუთარ თავს, ოღონდაც ისე, რომ სასიყვარულო კავშირი არ გაწყდეს.

ეს ეტაპი შეიძლება რამდენიმე თვეს გაგრძელდეს, ან რამდენიმე წელიწადს, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მალე მოახერხებთ ერთმანეთთან ადაპტაციას და გაზრდას. საინტერესო ისაა, რომ თუკი ამ ეტაპის მართვას არ ისწავლით, იგი გამუდმებით დაბრუნდება პერიოდულად.

ამ ფაზას წყვილები როგორც წესი ორნაირად უმკლავდებიან:

  1. მარტივ გამოსავალს პოულობენ და შორდებიან. ასეთ ადამიანები სულ ძიებაში არიან, ხან ერთს ხვდებიან, ხან მეორეს და ვერაფრით იწყობენ სტაბილურ ურთიერთობას – როგორც წესი სულ სიყვარულს ეძებენ, მაგრამ სულ იმედგაცრუება ხვდებათ ხოლმე.
  2. რჩებიან ერთად და ეგუებიან ტკივილს. ეს ის ხალხია მერე სხვებს რომ არიგებენ, არ გათხოვდეო და დანანებით ამბობენ – სიყვარული მსხვერპლს და კომპრომისს მოითხოვს. ხშირად ამაყობენ ხოლმე ამ ტკივილით შენარჩუნებულ ოჯახს, მაგრამ გულის სიღრმეში საშინლად ნანობენ. ისინი ამ ეტაპში იჭედებიან, ურთიერთობა განვითარებას წყვეტს, წყვილი აღარ იზრდება. ისინი არ არიან ბედნიერები. გრძნობები გაძარცვულია, სექსუალური ცხოვრება მკვდარი.

როგორ უნდა გადავლახოთ ეს ეტაპი?

 

  • ვიღებთ ერთმანეთს ისეთს, როგორებიც ვართ
  • არ ვცდილობთ ერთმანეთის გადაკეთებას
  • პატივს ვცემთ ერთმანეთს განსხვავებებს
  • ვსწავლობთ ძალაუფლების გადანაწილებას
  • ვაცნობიერებთ რომ სიყვარულში ძალით ვერასოდეს მივიღებთ იმას, რაც გვსურს
  • ვიწყებთ პრობლემაზე მუშაობას როგორც წყვილი
  • ვართ გულწრფელები და გულახდილები, ოღონდ ისე, რომ ერთმანეთის მტკივნეულ წერტილებს არ ვეხებით
  • ვეგუებით აზრს რომ იდეალური არავინ არის და ყოველთვის იდეალურად ვერ იქნება ყველაფერი
  • თავიდან ვიგდებთ აზრს, რომ შეიძლება ჰარმონია არსებობდეს მისთვის ბრძოლის გარეშე

 

რა მარტივად ჟღერს, თუმცა წყვილების უმეტესობას ეს ყველაზე მეტად უჭირს. საჭიროა გაიაზროთ, რომ გზა სულ ვარდებით მოფენილი ვერ იქნება, როდესაც წინ დაბრკოლება შეგხვდებათ, სჯობს პარტნიორს კარგად ჩასჭიდოთ ხელი და ერთად გადალახოთ, ერთმანეთისთვის ხელის დაქნევის და სხვა გზების ძიების ნაცვლად. თუ ამას მოახერხებთ მერე გადახვალთ შემდეგ ეტაპზე. ეს სტაბილურობის ეტაპია

 

  1. 3. სტაბილური ურთიერთობის ეტაპი, სიმშვიდის ფაზა

როცა ერთმანეთთან ბრძოლას მორჩებით და ტერიტორიებს გაინაწილებთ, მტრობა მთავრდება და იწყება ხელახლა შეყვარების ეტაპი. ეს სიყვარული რომანტიკულ სიყვარულზე უფრო ღრმა და მოწიფული სიყვარულია. ამ ეტაპზე წყვილს გაცნობიერებული აქვს, რომ აზრი არ აქვს ვინმეს შეცვლის მცდელობას და აღარც სურვილი აწუხებთ ამის. ისინი ბუნებრივად იღებენ ფაქტს, რომ პარტნიორი მისგან ძალიან განსხვავებულია. ამ ეტაპზე უნდა ისწავლოთ ამ განსხვავებების დაფასება და ერთმანეთის როგორც ორი დამოიკიდებელი ინდივიდის პატივისცემა, თუ არადა ისევ ძალაუფლების გადანაწილების ეტაპზე დაბრუნდებით.

გაითვალისწინეთ: ზოგიერთი წყვილი ამ ფაზაშიც იჭედება. მოსწონს სტაბილურობა, სიმშვიდე, თუმცა არც ეს არის ბუნებრივი – საჭიროა კომფორტის ზონიდან გასვლა და  მუდმივი ევოლუცია.

 

  1. ერთმანეთისთვის თავის მიძღვნის ეტაპი, ერთგულების ფაზა

 

ამ ეტაპზე წყვილი აბსოლუტურად იღებს იმ რეალობას, რომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან ჩვეულებრივი ნაკლოვანებებით და რომ მათ ურთიერთობასაც აქვს ბევრი ნაკლი. თქვენ უკვე კარგად გაიცანით ერთმანეთი და მიუხედავად ამის მაინც გიყვართ ერთმანეთი. თქვენ ერთმანეთის სიყვარული ისწავლეთ, არ ბრმა და ილუზორული, არამედ ნამდვილი, გაცნობიერებული სიყვარული. ოდესღაც ბუნებამ აგარჩევინათ ერთმანეთი, ამ ეტაპზე კი წყვილი თავისივე ნებით აკეთებს არჩევანს – ისინი ირჩევენ ერთმანეთს, ზუსტად ისეთებ, როგორებიც არიან. ავდივარ სიყვარულის ყველაზე ულამაზეს საფეხურზე – სიყვარულის, ერთგულებისა და თავისუფლების საფეხურზე.

ამ ეტაპზე ბევრი ფიქრობს, რომ მორჩა, მშენებლობა დამთავრდა, ახლა შეუძლია დაისვენოს, მაგრამ ძალიან ცდებიან. ინდივიდუალურ დონეზე შეიძლება ასეც არის კიდეც, მაგრამ როგორც წყვილი ახლა იწყებთ ყველაფერს. რეალურად ეს არის ეტაპი, როცა წყვილი უნდა დაქორწინდეს. დაქორწინება არ არის ერთმანეთის თავის მიძღვნა. ბევრი რომანტიკული სიყვარულის ეტაპზე ქორწინდება, ,,არაფხიზელ მდგომარეობაში“ და მერე გაცილებით რთულია ნაბახუსევზე გამოსვლა.

 

  1. ნეტარების ეტაპი, კულმინაცია, თანაშემოქმედების ფაზა

 

ამ ეტაპზე წყვილი ამთავრებს ერთმანეთისკენ სიარულს, ხელს ჰკიდებს ერთმანეთს და იწყებს რაღაც მესამისკენ სწრაფვას.  წყვილი ხდება შემოქმედი. მათ უჩნდებათ საეთო მიზნები, იწყებენ საერთო პროექტების განხორციელებას, საერთო საქმე, ან აჩენენ შვილს. ამ ეტაპზე წყვილი ხდება კურთხეული სამყაროსგან. ამ ეტაპზე ერთადერთი საფრთხე არსებობს, ისე ნუ ჩაიციკლებით გარემომცველ სამყაროზე, რომ ურთიერთობა დაგავიწყდეთ! სხვა ყველაფერი გენიალურადაა!

 

და ბოლოს, გაითვალისწინეთ რომ ეს ეტაპები არ არის მაინცდამაინც სწორხაზოვნად თანმიმდევრული, ეს უფრო ციკლია. თქვენ გამუდმებით უბრუნდებით იმ გაკვეთილებს, რომლებიც რომელიმე ეტაპზე გამოგრჩათ. ყველაზე ხშირად კი წყვილები უბრუნდებიან ძალაუფლებისთვის ბრძოლის ეტაპს, მანამ სანამ ერთმანეთის განსხვავებების მიღებას არ ისწავლიან, რადგან სწორედ ეს განსხვავებები გვეხმარება განვვითარდეთ, განვიცადოთ ევოლუცია და გადავრჩეთ!.

 

 (с) Dare.ge

Comments are closed.