რა არის ჭეშმარიტება? – საუბარი ძენის ოსტატთან

0
1364

საუბარი ჯინენთან, ძენის ოსტატთან

რა არის ჭეშმარიტება?
ესაა ჭეშმარიტება ჭეშმარიტების გარეშე. როდესაც თქვენ საუბრობთ ჭეშმარიტების შესახებ, ეს უბრალოდ აზრები და იდეებია ჭეშმარიტებაზე. სინამდვილეში უდიდესი განსხვავებაა ჭეშმარიტებასა და მის შესახებ საუბარს და იდეებს შორის; ეს უნდა გავაცნობიეროთ უპირველეს ყოვლისა…

როგორ შეგვიძლია ჭეშმარიტების პოვნა?
მიმოიხედეთ გარშემო: ყველაფერი გვაჩვენებს, სადაა ჭეშმარიტება. ყველა საგანი ჩვენს ირგვლივ მიგვითითებს, ვინ ვართ და რაშია ჭეშმარიტება. პირდაპირ აქვე და ახლა, ყველაფერი მიგვითითებს ჭეშმარიტებაზე ჩვენს გარშემო. ეს სრულიად საკმარისია. არ არსებობს ჭეშმარიტების აღმოჩენის სხვა მეთოდი. მისი პოვნა იდეებსა და კონცეფციებში შეუძლებელია. ჩვენს გარშემო ყოველივე გვაჩვენებს ვინ ვართ, და ეს სრულიად საკმარისია.

ანუ, არ არსებობს არავითარი დაყოფა?

არავითარი. დაყოფა ჩვენსა და გარშემო მოვლენებს შორის მხოლოდ იდეებსა და კონცეფციებში არსებობს. რეალობაში მას ადგილი არა აქვს. და ამაში მდგომარეობს ჭეშმარიტება. თქვენ შეგიძლიათ სრულად შეიცნოთ თავი, როდესაც შეერწყმით გარემოს.

მაშ, რატომაა ასე ძნელი თვითრეალიზება, საკუთარი თავის პოვნა?
იმიტომ რომ ჩვენ არ შეგვიძლია ცხოვრება იდეებისა და კონცეფციების გარეშე. ეს უკვე ჩვევად გვექცა: ვიფიქროთ, თავი ვიმტვრიოთ ყველაფერზე. ვათავსებთ ყველაფერს რაღაც ჩარჩოებში და ეს გვაშორებს ჭეშმარიტებას. სწორედ აქაა პრობლემა. სინამდვილეში ჩვენ არ ვიცნობთ სამყაროს ჩვენი იდეებისა და კონცეფციების გარეშე. როდესაც გვინდა რაიმეს შემეცნება, ვცდილობთ იგი ამა თუ იმ თეორიაში მოვაქციოთ, ჩავატიოთ. ეს ძალიან დიდ სირთულეებს გვიქმნის.

როგორ უნდა გავთავისუფლდეთ ამ ჩვევისაგან? როგორ არ ვაქციოთ ყოველივე კონცეფციად, როგორ არ მივაკრათ ყველაფერს იარლიყები?

სწორედ ისე, როგორც ზემოთ აგიხსენით. ჩვენ უნდა ვიყოთ ღია და არ მოვარგოთ ყველაფერს ჩვენი აზრები. ჩვენ ძალგვიძს გავთავისუფლდეთ ყოველივეს ფიქრად ქცევისაგან, და მაშინ დავინახავთ საგნებს ისე, როგორც არის. დავინახავთ ჭეშმარიტ რეალობას.

მედიტაცია, ანუ ჩუმად ჯდომა თუ უწყობს ხელს ამ ყველაფერს?
დიახ, მედიტაცია შესანიშნავი საშუალებაა. მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მედიტაციის შესახებ, ადამიანები მას ძალიან თავისებურად იგებენ. ეს განსხვავდება იმისგან, რასაც ძაძენს ვუწოდებთ. როდესაც ვსაუბრობთ მედიტაციაზე, თავად ეს სიტყვა იწვევს კონცეფციებს თუ რა არის იგი და როგორ უნდა გავაკეთოთ, ხოლო ძაძენ – ესაა პრაქტიკა კონცეფციების გარეშე. მათ შორის არსებობს განსხვავება – სხვადასხვანაირად აღქმის გამო. ამავე დროს, მედიტაცია და ძაძენ ერთი და იმავე მიზნისაკენაა მიმართული, მაგრამ განსხვავდება შესრულების მეთოდი. ამის გაცნობიერება ძალიან დაგეხმარებათ. ძაძენ – სწორედ აზრების გარეშე მედიტაციაა.

წყარო